ორი დღეა „გალფი“ ცეცხლის ალშია გახვეული

ორი დღეა „გალფი“ ცეცხლის ალშია გახვეული

ზედიზედ უკვე ორი დღეა, ბენზინგასამართი სადგურის - „გალფის“ სახელი ხანძარს უკავშირდება. 30 ივლისს გლდანში, წყალსადენის ქუჩაზე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ამ აფეთქების შედეგად შესაძლოა, ნახევარი გლდანი აღარ ყოფილიყო.

მართალია, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ ერთი თანამშრომელი დაშავდა, მაგრამ ამ მასშტაბური ხასიათის მოვლენას 40-მდე სავსე რეზერვუარის აფეთქების საშიშროება ახლდა.

მეორე დღეს, 31 ივლისს ხანძარი უკვე გორში, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთანაც დაფიქსირდა. როგორც ამბობენ, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და პროფილაქტიკის შენობაზე გადავიდა. გორის სახანძრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ საშიშროება იყო, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზეც გადასულიყო, რომ არა ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების აქტიურობა.

რატომ გახშირდა ბენზინგასამართ სადგურ „გალფის“ სიახლოვეს ხანძრები და თბილისის მოსახლეობას ე.წ. ნაღმზე ხომ არ უწევს ცხოვრება? რამდენად იცავს კონკრეტული ბენზინგასამართ სადგური უსაფრთხოების ნორმებს და ვინ უნდა აგოს პასუხი მსგავს სიტუაციებში?

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ პირველადი ანალიზით, 30 ივლისს თბილისში მომხდარი საწვავის აალება არ უკავშირდება ნავთობბაზაში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს და შესაძლოა, გამოწვეული იყოს ავტოცისტერნის გამართვისას სტატიკური ელექტრული მუხტის ზემოქმედებით. სტატიკური ზემოქმედების გამო აალება კი მიანიშნებს იმას, რომ მანქანა ჩასხმისას წესების შესაბამისად დამიწებული არ ყოფილა.

შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ საერთაშორისო კომპანია „Gulf Oil International“-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამდენად, საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, ალბათ, სწორედ ამ კომპანიას უნდა დაეკისროს. თუ რამ გამოიწვია უდიდესი ხანძარი და აფეთქება, ამის შესახებ „გალფის“ წარმომადგენლობაში პირველ კომენტარს აკეთებენ - „გალფის“ კუთვნილ ობიექტზე ხანძარი საწვავის ჩასხმის პროცესში გაჩნდა“. „გალფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე აცხადებს, რომ ხანძარი ბენზომზიდს გაუჩნდა, თუმცა მიზეზები დადგენილი არ არის.

„კავკასიის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელი მანანა დევიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „გალფმა“ გლდანში არ დაიცვა უსაფრთხოების სტანდარტები, რადგან „გალფის“ კუთვნილ ობიექტზე საწვავის ჩასხმის პროცესში ხანძრები არ უნდა ხდებოდეს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ეს შუა ქალაქია, მჭიდროდ დასახლებული უბანი.

„ბენზინის ჩასხმისას ამხელა აფეთქება სად გაგონილა?! ხელაღებით თქმა, რამდენი უნდა იყოს „გალფის“ მიმართ ჯარიმა, რთულია. ჯერ ზარალი უნდა შეფასდეს, უნდა გაირკვეს, როგორი ზიანი მიადგა გარემოს, ჰაერს, ხე-მცენარეებს, ფრინველებს, მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს მედიკოსებმა, ბოტანიკოსებმა, ეკოლოგებმა ერთობლოვად უნდა განსაზღვრონ. თუმცა სამწუხაროა, რომ ქალაქს არ აქვს ასეთი შეფასებების გამოცდილება. ამდენი საწვავი დაიწვა, რასაც გამონაბოლქვი მოჰყვა, დაბინძურდა ქალაქი, მაგრამ წინა დღის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს როგორ შევადრით, როცა სულ რაღაც ერთი სადგური ზომავს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას? მართლია, ერთი აფეთქება განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენდა ქალაქის ეკოლოგიაზე, თუმცა იმ კონკრეტულ დღესა და კონკრეტულ უბანში უარყოფითი ზეგავლენა აუცილებლად იქნებოდა. ამიტომ ყველა ბენზინგასამართი სადგური და მათი ტექნიკური უსაფრთხოება უნდა გადამოწმდეს, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ აუდიტი უნდა შედგეს და დაიდოს დასკვნა, რამდენად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს ეს ბენზინგასამართი სადგურები. საერთოდაც, დაისვას საკითხი, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ბენზინგასამართი სადგურების აღებაზე“,- აცხადებს მანანა დევიძე.

ამასთან, მოითხოვს დაითვალონ, რამდენი მანქანა ავსებს ბენზინს ერთ საათში და რამდენი გამონაბოლქვი გროვდება იმ უბანში ავზის ავსებისას, რა რაოდენობის ნახშირორჟანგი და გამონაბოლქვი გამოიყოფა. მით უმეტეს, თბილისი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია მანქანების გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ბენზინსაგასამართი სადგურები კი ისეთ ადგილებშია დამონტაჟებული, სადაც არ უნდა იყოს. ამის მიზეზი ისაა, რომ წინა ხელისუფლება საერთოდ არ ითვალისწინებდა მოსახლეობის ინტერესებს და პიროვნებების ბიზნესზე მორგებულ ბენზინგასამართ სადგურებს სპონტანურად აშენებდა. ეს მაშინ, როცა ასეთი ბენზინგასამართი სადგურები ევროპის ქალაქების ხალხმრავალ ადგილებში არ არის.

„ურბანული ბიომრავალფეროვნება და ურბანული უსაფრთხოება იგნორირებული იყო, საცხოვრებელი სახლები აბსოლუტურად დაუგეგმავად შენდებოდა, ასე მჭიდრო დასახლებები არ უნდა გაკეთებულიყო, მით უმეტეს, ბენზინგასამართი სადგურები სახლების გვერდით არ უნდა ყოფილიყო. ამ ბენზინგასამართი სადგურების მეპატრონეების მიმართ მკაცრი სტანდარტები უნდა ჩამოყალიბდეს“.

სამეცნიერო -კვლევითი ფირმა „გამას“ პრეზიდენტი ვახტანგ გვახარია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს დაცული და თითოეულ ასეთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს, სადაც აფეთქების რისკი მაღალია, თავისი დაცვა უნდა ჰყავდეს. გარდა ამისა, აფეთქების მასშტაბებს გააჩნია, პირველი ქმედება ლოკალური საშუალებებით უნდა განხორციელდეს, ხოლო, თუ გაცილებით დიდი მასშტაბის ინციდენტია, უნდა გამოიძახონ სპეცსამსახურები.

„გააჩნია ობიექტს, როგორ არის განლაგებული, თუკი მოსახლეობასთან ახლოსაა, უფრო გამძაფრებული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, მით უმეტეს, გლდანში კომპაქტურ დასახლებასთან ახლოს არ უნდა იყოს ასეთი ობიექტები. საინტერესოა, რამდენად დაიცვა უსაფრთხოება „გალფმა“?! მე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ, ცხადია, რაღაც დარღვევა იყო, ან თვითონ მანქანა არ იყო ტექნიკურად გამართული, ან ჩასხმის პროცესში რაღაც დაირღვა. თუ ეს არის ჩვეულებრივი გასამართი სადგური, ცხადია, ქალაქში უნდა დარჩეს, მაგრამ ავზი მიწის ქვეშ უნდა იყოს დამარხული, უსაფრთხოების ტექნიკა უნდა დაიცვან. თუ ეს ყველაფერი დაცული იყო პროექტით, აფეთქება არ უნდა მომხდარიყო. ამიტომ გამოიკვლიონ, რა მოხდა სინამდვილეში“,- აცხადებს ვახტანგ გვახარია.

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროს თემურ გიორგაძეს იმ დროს დავუკავშირდით, როცა ის მორიგ გამოძახებაზე მიეშურებოდა. ამიტომ იგი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი მეტად რთული იყო და მეხანძრეებს რომ არ მიესწროთ, პროცესები მძიმედ განვითარდებოდა. მისი თქმით, ფაქტს იძიებს ნაძალადევის რაიონის სამსახური. თუმცა ამ ეტაპზე თემურ გიორგაძე მიიჩნევს, რომ ბენზინგასამართ სადგურებს უსაფრთხოების ზომების მეტი დაცვა მართებთ.

თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნოდარ ჭუმბაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მათი სამსახური ადგილობრივ სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ზრუნავს, თუმცა უფრო მასშტაბურ უსაფრთოებას შს სამინისტროს მართვის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს, ხოლო საგანგებო სიტუაციას - პრემიერ-მინისტრი და ზემდგომი ეშელონები.

„დედაქალაქის სამოქალაქო უსაფრთხოების გეგმაც არსებობს, თავშესაფრებიც არსებობს და სხვა, რაც შსს-ს მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა. რაც შეეხება უშუალოდ „გალფს“, არსებობს კანონი, ნორმები, პრევენციული ღონისძიებები, რომელიც უნდა დაიცვან. ყველა ბენზინგასამართ სადგურს, საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებს ევალებათ ამ ნორმების დაცვა. თუმცა „გალფის“ შემთხვევას გამოძიება დაადგენს. ჩვენი სამსახური ოპერატიულად მუშაობს, ქალაქში ისეა განლაგებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, რომ მაქსიმუმ, 5-6 წუთს უნდება თითო დანაყოფი შემთხვევის ადგილზე მისვლას. მაქსიმალურად ვცდილობთ, შესაბამისი ქრობა და ევაკუაცია ოპერატიულად უზრუნველვყოთ“,- აცხადებს ნოდარ ჭუმბაძე.