სიგუა „პლაჟზე სექსს“ შეეწირა

სიგუა „პლაჟზე სექსს“ შეეწირა

საქართველოში ბოლო დროს ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა - თანამდებობის პირთა პოსტიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას ჯერ ჟურნალისტები იგებენ, შემდეგ უშუალოდ გათავისუფლებული ადამიანები. ასე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის შემთხვევაში, ასეა მოხდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოხნის დროსაც. არადა, გიორგის სიგუა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მუხლჩაუხრელად აგრძელებდა შრომას ტურიზმის განსავითარებლად.

სიგუას გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ უკვე 30 აგვისტოს ჩააბარეს. ცნობილია ისიც, რომ თანამდებობას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 4 აგვისტოდან დატოვებს. ვინ იქნება მისი შემცვლელი ამ დროისთვის უცნობია.

გუშინ დილიდან სხვადასხა სააგენტოებზე ვცელდებოდა ინფორმაცია სიგუას გათავისუფლების შესახებ, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებდა და აცხადებდა, რომ ის სამსახურში იმყოფებოდა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი სიგუას გათავისუფლება მის მიერ გაკეთებული სკანდალურ განცხადებას უკავშირდება. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მისი საქციელის გამო, საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა და სიგუას რეპლიკას არაეთიკური საქციელი უწოდა.

„მან მოქალაქეს აბსოლუტურად უმსგავსოდ მიმართა და ეს არის ჩემი გულწრფელი ბოდიში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქმე ისაა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ „კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით ზუგდიდის სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზოგადოების ნაწილის ნეგატიურ მოლოდინს იმაზე, რაც „ქართულ ნორმაში არ ჯდება“, მაგალითად, სექსს პლაჟზე. აღნიშნულ შეხვედრაზე გიორგი სიგუამ მოქალაქეს ჰკითხა, ჰქონია თუ არა მას სექსი პლაჟზე.

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რეაქციამაც არ დაახანა:

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გაცნობებთ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გიორგი სიგუას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სამინისტროს მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, გიორგი სიგუას გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. კერძოდ, 4 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ გიორგი სიგუას მიერ 30 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თითქოსდა არ იყო ინფორმირებული თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო და ასევე, სამინისტროს მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე გიორგი სიგუასთვის იყო ცნობილი“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ამ დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავგამოდებით უარყოფდა.

„ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ არის გადაჭარბებული, ისევე, როგორც ხმები ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ“, - აცხადებდა სიგუა და დასძენდა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„არსად არ მივდივარ, ბევრი საქმე მაქვს. ვაგრძელებ ჩეულებრივ რეჟიმში მუშაობას“, - აღნიშნა გიორგი სიგუამ მაშინ, როცა მისი გადაყენების საკითხი უკვე გადაწვეტილი იყო.

ეს ამბავიც ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა: „არ შეესაბამება სინამდვილეს გიორგი სიგუას განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აგვისტოს თვეში არ აპირებს თანამდებობის დატოვებას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. ამ კომენტარის გაკეთების მომენტისთვის მას მინისტრის სახელზე უკვე დაწერილი ჰქონდა განცხადება 4 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 29 ივლისს დარეგისტრირდა“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.