ნოტარიუსთა ნაწილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი ეჭვს იწვევს

ნოტარიუსთა ნაწილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი ეჭვს იწვევს

რამდენიმე ნოტარიუსის საქმიანობა, შესაძლოა, უკანონო აღმოჩნდეს. საუბარია როგორც მოქმედ ისე ყოფილ ნოტარიუსებზე, მათ შორისაა ნუნუ გინტურიც, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. იგი საზოგადოებას უამრავ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობით ახსოვს - საუბარია ქონებების საეჭვო ვითარებებში გადაფორმებასა და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების დარეგისტრირებაზე.

For.ge-ს „ნოტარიუსების საქმესთან“ დაკავშირებით ინფორმაცია ყოფილმა ნოტარიუსმა, ბონდო ამყოლაძემ მიაწოდა. იგი რედაქციაში გვესტუმრა და წლების განმავლობაში შეგროვილი დოკუმენტების ნუსხაც წარმოადგინა.

ბონდო ამყოლაძე, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ტყიბულის რაიონში მუშაობდა, ამტკიცებს, რომ ნოტარიუსების გარკვეულ ნაწილს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდა გავლილი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ წლების განმავლობაში გამოტანილი გადაწყვეტილებები უკანონოა.

„იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 26 მარტის ბრძანებით გამოვიდა დებულება, რომ ნოტარიუსობის მსურველ პირებს გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. 100 საკითხი იყო ჩამოთვლილი. საკონკურსო კომისიას უნდა გამოეტანა დასკვნა კანდიდატის ნოტარიუსობის შესაბამისობათან დაკავშირებით. მაქვს დოკუმენტები, სადაც მითითებულია, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე 1997 წლის 16 იანვარს გამოცდის საფუძველზე დაინიშნენ ელენე ყიზილაშვილი, ნუნუ გინტური და სხვები. ისინი ვერ ჩააბარებდნენ იმ დროს გამოცდებს, რადგან იმ დროისთვის არ იყო მინისტრის დებულება, თუ რა საკითხებზე უნდა მომზადებულიყვნენ. ამიტომაც ვერ მოიძებნა შესაბამისი საერთიფიკატები დღემდე მათ პირად საქმეებში. ასევე არ არსებობს დოკუმენტები, როდის ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსებმა ნანა ინწკირველმა, ანა ნაბახტეველმა, გიგა გაბარაშვილმა, დარეჯან ჯანიაშვილმა, ეკა ჩაჩანიძემ და სხვებმა“, - აცხადებს ბონდო ამყოლაძე.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელზე ბონდო ამყოლაძე საუბრობს, საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს. კერძოდ, 1996 წლის 3 მაისს გამოცემულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ სურმანიძე აწერს, აღნიშნულია, რომ „ნოტარიატის შესახებ კანონი“ 1996 წლის 1 აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, იუსტიციის სამინისტროს ევალებოდა, ნოტარიატის სისტემის რეორგანიზაცია 1997 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველეყო. ის პირები, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ნებართვით ასრულებდნენ სანოტარო მოქმედებას, ნოტარიუსებად ახალი კანონის თანახმად უნდა დანიშნულიყვნენ.

საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ დებულება 1997 წელს დამტკიცდა და პრესაშიც გამოქვეყნდა. დებულების თანახმად, იუსტიციის სამინისტროში შექმნილი კომისია იუსტიციის მინისტრის მიერ კომპლექტდება, მათ მიერ შემუშავებული საგამოცდო საკითხები კი პრესაში გამოცდამდე 2 კვირით ადრე ქვეყნდება.

რაც შეეხება თავად კონკურსის წესსა და პირობებს, შესაბამისი კონკურსის გამოცხადების შესახებ ცნობა იმ დროს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ უნდა გამოქვეყნებულიყო, ასევე ქვეყნდებოდა იუსტიციის სამინისტროს ბიულეტენში - კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე.

ბონდო ამყოლაძე ამტკიცებს, რომ რადგან არ არსებობდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ დებულება და არც პრესაში და არც იუსტიციის სამინისტროს ბიულეტენში არ ყოფილა გამოქვეყნებული საგამოცდო საკითხები, 1997 წლის 16 იანვრამდე ნოტარიუსები გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ.

For.ge-მ მოიპოვა 1997 წლის 16 იანვრის ბრძანება, რომელსაც ხელს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრი თედო ნინიძე აწერს - „დაინიშნოს ქ. თბილისის ნოტარიუსად ნუნუ გინტური - 4 იანვრიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ნოტარიუსის დანიშვნის საფუძვლად ბრძანებაში საგამოცდო და საკონკურსო კომისიის დასკვნა სახელდება.

იუსტიციის სამინისტროდან წლების განმავლობაში გაცემული ოფიციალური ინფორმაციებით კი მხოლოდ ის დასტურდება, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა 1997 წლის აპრილში ჩატარდა და კონკრეტულ ნოტარიუსებზე შესაბამისმა კომისიამ ოქმიც შეადგინა.

„1997 წლის 11 აპრილს გამოიცა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შვიდ ნოტარიუსზე. მათ შორის იყვნენ - მაია ბიგვავა, ნინო ჭიღლაძე, მაია ილაური და მალხაზ მახარაშვილი. შემდეგი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კი 1998 წლის 27 იანვრით თარიღდება.

იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა 2007 წლის ივლისში ოფიციალურად მომწერა, მონაცემები, თუ როდის ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსებმა ნათელა ჯომარჯიძემ, რუსუდან მინდიკაურმა, ნანა იორამაშვილმა, ნუნუ გინტურმა, ნინო გახოკიძემ, ნანა ბაკურაძემ, ლუიზა ცხადაძემ, ელენე ყიზილაშვილმა, დარეჯან ჯანიაშვილმა, ეკატერინე ჩაჩანიძემ და ევტიხი ბენდელიანმა, საკადრო საკითხთა დეპარტამენტში ვერ იქნა მოძიებულიო“, - აცხადებს ბონდო ამყოლაძე.

თუ ბონდო ამყოლაძის ინფორმაცია მართებულია, გამოდის, კონკრეტული ნოტარიუსები წლების განმავლობაში უკანონოდ ასრულებდნენ ნოტარიუსის მოვალეობას, რაც თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც უკანონო იყო.

„ნოტარიატის შესახებ კანონის“ თანახმად კი, თუ დადგინდა, რომ ნოტარიუსი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით არის დანიშნული, იგი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და უფლებამოსილება შეუჩერდეს. კანონი ამ საკითხზე ხანდაზმულობას არ ცნობს.

ნოტარიუსების დანიშვნის საკითხის გადამოწმება for.ge-მ ოფიციალურ უწყებებთან სცადა. „ნოტარიუსთა პალატიდან“ მოვითხოვეთ კონკრეტული ინფორმაცია: თუ როდის ჩატარდა საქართველოში პირველად ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. რამდენმა ნოტარიუსმა ჩააბარა მაშინ ეს გამოცდა და ვინ იყვნენ კომისიის წევრები და საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა განგვიმარტა, რომ შესაბამის ინფორმაცია მათ არ გაააჩნდათ და იუსტიციის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა.

ოფიციალური წერილით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროსაც. კერძოდ, მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე გაგზავნილი წერილით for.ge ითხოვდა საგამოცდო და საკონკურსო კომისიის დასკვნას, რომელიც საფუძვლად დაედო ნოტარიუსების - ლელა ინწკირველის, გიგა გაბარაშვილის, მაია წიკლაურის, ელენე ყიზილაშვილის და ნუნუ გინტურის დანიშვნას, აგრეთვე, ვითხოვდით, მიეთითებინათ გამოცდის ჩატარების ადგილი, დრო, კომისიის შემადგენლობა და გამოეგზავნათ გაცემული სერთიფიკატების ასლები.

იუსტიციის სამინისტროს მიერ for.ge-სთვის გამოგზავნილი ოფიციალური პასუხის თანახმად, ნოტარიუსები: ლელა ინწკირველი, მაია წიკლაური და ყოფილი ნოტარიუსი გიგა გაბარაშვილი თბილისის ნოტარიუსებად 1997 წლის 9 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაინიშნენ - საგამოცდო და საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე. ხოლო, ნოტარიუსი ელენე ყიზილაშვილი და ყოფილი ნოტარიუსი ნუნუ გინტური თბილისის ნოტარიუსად დაინიშნენ იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 16 იანვრის ბრძანების საფუძველზე.

იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ 1996 წლის 3 მაისის „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ნოტარიუსის თანამდებობაზე მიღების ერთ-ერთ პირობად ნოტარიუსის კვალიფიკაციის მისაღებად შესაბამისი კომისიისთვის გამოცდის ჩაბარებას მოითხოვდა. ასევე ადასტურებენ, რომ „საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესახებ“ დებულება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 26 მარტის ბრძანებით დამტკიცდა და ამ დებულების თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეთა ნამუშევრებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შენახვისთვის განსაზღვეულია ერთწლიანი ვადა.

„ნოტარიუსების ლელა ინწკირველის, მაია წიკლაურისა და ელენე ყიზილაშვილის, ასევე, ყოფილი ნოტარიუსების - გიგა გაბარაშვილისა და ნუნუ გინტურის, ნოტარიუსობის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები და საკვალიფიკაციო-საგამოცდო დასკვნები იუსტიცის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და არქივში დაცული არ არის“,- აღნიშნულია თეა წულუკიანის უწყების მიერ გამოგზავნილ წერილში.