რა განასხვავებს ქართულ ტელესივრცეს დანარჩენი მსოფლიოსაგან? აღნიშნულ კითხვაზე და მასზე გასაცემ პასუხზე საქართველოში ნაკლებად დაფიქრებულან. განსხვავება თვალშისაცემია, რამეთუ ყოველდღე და ყოველწუთს ჩვენი თვალთახედვის არეშია. ამასთან თითოეული ჩვენგანის მიერ თითქმის იგნორირებულია.
ეს საბავშვო სატელევიზიო დროა - იგივე დღის ეთერი, რომელიც მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ დროის ამ მონაკვეთში არასრულწლოვანები უხამსობისა და ძალადობის შემცველი სცენებისგან დაცულებული უნდა იყვნენ. თავად განსაჯეთ: ზრდასრულებისთვის განკუთვნილ გადაცემებს, ფილმებს, სერიალებს, უხამს რეკლამებს კანონდარღვევით დღის საათებში გადასცემენ. ჩვენ ბავშვებსა და მოზარდებს იძულებულს ხდიან, ყოველდღიურად უყურონ ძალადობის ამსახველ და ეროტიკულ კადრებს, უსმინონ უცენზურო და უხამს გამონათქვამებს.
ამგვარი პროდუქციის ეკრანზე მოზღვავება კი ბიო-ფსიქო-სოციალურად ჩამოუყალიბებელ საბავშვო ფსიქიკაზე აუცილებლად აისახება. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ცივილიზებულ ქვეყნებში და მათ შორის უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც რეალურად ზრუნავენ მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანების დაცვაზე, მეეჭვება დღის ეთერში მოხვდეს ის ტელეპროდუქცია, რაც ჩვენს ტელეეკრანზე გადის.
მედიაექსპერტობას ვერ დავიჩემებ. ჩემი გააქტიურების მოტივია: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს არასრულწლოვანთა ფსიქიკის დაცვის აუცილებლობა.
როდესაც პრობლემა წინ წამოიწია, აქ უწინარესად მხედველობაში მაქვს დღის სატელევიზიო ეთერი, რომელსაც ქართული კანონმდებლობაც აღიარებს. მართალია არ ახსოვთ, მაგრამ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მეხუთე მუხლი შეიცავს ტერმინს - საბავშვო დრო. ის შემდეგნაირად იშიფრება: დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, არასრულწლოვანები ოჯახის ზრდასრული წევრებისგან დამოუკიდებლად უყურებენ ტელეპროგრამებს. ამ გარემოებამ წარმოშვა ტერმინი “წყალგამყოფი” - საეთერო ტელესამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფი ზღვარი, რომელიც იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე და რომელიც გასუფთავებულია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან. მოტივი: წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში ყველაზე მეტი ალბათობაა, რომ ტელევიზია ხელმისაწვდომია მშობლის მეთვალყურეობის გარეშე არასრულწლოვანისთვის.
ზოგადი საუბარი არაფრის მომტანია. ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითებით თავად განსაჯეთ დაირღვა თუ არა კანონის მიხედვით გათვალისწინებული დრო, როცა ამა თუ იმ ფილმის, გადაცემის გაშვება ტელევიზიით არ შეიძლება.
მე არ ვლახავ ტელემაყურებელთა იმ კატეგორიის უფლებებს, რომლებსაც მოსწონთ სერიალები, მხოლოდ და მხოლოდ ვსვამ კითხვას: შეესაბამება თუ არა ესა თუ ის კინოპროდუქცია, მისთვის დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას და ტელედემონსტრირების დროს?
2013 წლის 27 ნოემბერი. საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” - ფრანგული სერიალი “სიყვარულის საიდუმლოებები”. ჩვენების დრო - 17.00 საათი.
ფილმი გადიოდა შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნით. მოგეხსენებათ ფილმი, რომლის ჩვენება არ იზღუდება, ეკრანის მარცხენა, ქვედა კუთხეში ახლავს ცნობილი ლათინური ასო “U” წრეწირში. ანოტაციაში ვკითხულობთ: სერიალი რამდენიმე წყვილის და მათი მეგობრების ცხოვრებას ასახავს. სინამდვილეში, ტელეპროდუქცია გაჯერებულია უხამსი სცენებით თუ შინაარსის დიალოგებით, უცენზურო სიტყვებით. რამდენად დასაშვებია, ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის, ვგულისხმობ არასრულწლოვანისთვის, შესაბამისად შემოსილი ქალების მეირ ბოძთან ცეკვისას შესრულებული უხამსი მოძრაობების ყურება.
ოდნავ გადავუხვევ სათქმელს და უცხოური პრაქტიკიდან ერთ მაგალითს გავიხსენებ: უცხოურ საიტზე წავაწყდი ინფორმაციას სათაურით “თექვსმეტ წლამდე აიკრძალოს ბიონსე”. საუბარია ამერიკელ მეგავარსკვლავზე, რომელიც “გრემის” ცერემონიალზე, სცენაზე სექსუალურ, შავ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა. კრიტიკოსებმა კი დაასკვნეს, რომ “გრემის” ცერემონიალის ყურება 16 წლამდე მოზარდებს უნდა აეკრძალოს. ქართულ სინამდვილეში კი, ბოძთან ცეკვის სცენა ამ არხის ანონსში იყო დატრიალებული.
იმავე პირველ სერიალში, ქალბატონი მეგობარს გამუდმებით უზიარებს შთაბეჭდილებებს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, მის მეგობარ მამაკაცს, როგორი გასაგიჟებელი სხეულის ერთ-ერთი ნაწილი აქვს. ორიგინალში ისმის უცენზურო სიტყვა, რომლის გამეორებასაც მოვერიდები. საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებს, სადაც აღნიშნული ფრანგული სერიალი გავიდა, კითხვით მივმართავ: ფილმის ამ მონაკვეთში, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი სათანადო თარგმანი? რატომ ითარგმნა ამ სიტყვის ყველაზე ვულგარული ფორმა, რომელიც სატელევიზიო სივრცეში იხშობა. ამის შემდეგ ტელეპროდუქცია შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნით “Y” უნდა გასულიყო ეკრანზე? სანამ ფილმს მაყურებელი იხილავდა, ვინმემ ნახა და შეაფასა, თუნდაც თარგმანი?
პრობლემას ნურავინ აღიქვამს მარტივად. როცა აღნიშნულ სფეროში ქაოსია, ის ყოველდღიურობაზე აისახება. სწორედ ამ სპეციალური მინიშნებით (U) ყოველგვარი რეგულირების გარეშე დღის საათებში გადაიცემა სექსის, ეროტიკული, პორნოგრაფიული სცენებით გაჯერებული ფილმები.
2013 წლის 25 ნოემბერი. “კომედი არხი” - მხ. ფილმი “წარმატებას გისურვებ, ჩაკ”. ჩვენების დრო - დილის 11 საათი.
ეს ფილმიც შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ლოგოთი გავიდა. ფილმის ხანგრძლივობაა საათი და 45 წუთი. ამ ხნის მანძილზე გაგიჭირდებათ დაგამახსოვრდეთ სცენა თუ დიალოგი, რომელშიც უხამსობა არ არის. ფილმში 4-წუთიანი მონაკვეთია, სადაც სექსუალური ურთიერთობების ამსახველი სცენები ნატურალისტურადაა წარმოჩენილი. ახლო ხედით ნაჩვენები შიშველი სხეულით და თანდართული უხამსი გახმოვანებით - ფილმის სიუჟეტის ზეუხამსობისა და არაესთეტურობის გამო, მეტ დაკონკრეტებას მოვერიდები, რადგან ზოგიერთი სცენის გადმოცემა შეუძლებელია. მხოლოდ დავძენ, რომ ყოველი ასეთი სცენის დროს, ტელეეკრანის კუთხეში, უტიფრად ჩბდებოდა შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი. აღნიშნული ფილმი, აღნიშნულ არხზე გამონაკლისი არ არის და რაც მთავარია, როგორც მე მითხრეს, ამ არხის ყველაზე მრავალრიცხოვან აუდიტორიას, სწორედ არასრულწლოვანები შეადგენენ.
ამ ასაკობრივი კატეგორიის მაყურებლისათვის ამგვარი კინოპროდუქციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით არარეკომენდებულია. როგორც გსიქოლოგები განმარტავენ, ეროტიკულ ფილმებს მოსდევს არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანების აღგზნება, არამედ შესაბამის რეაქციას მოზარდებიც ავლენენ. ამ დროს მოზარდები იკლავენ ჟინს, ინტერეს და ცდილობენ, ეროტიკული ფილმებიდან რაღაც-რაღაცეები ისწავლონ. ბევრ ფილმში შეხვდებით არაადეკვატურ ფაქტებს, უკანონობას, რაც ასევე ილექება ადამიანის, განსაკუთრებით კი, მოზარდის გონებაზე.
2014 წლის 25 თებერვალი - 28 მაისი. აჭარის ტელევიზია - მხ. ფილმი “უცნაური წყვილი”. ჩვენების დრო - 15 საათი.
ფილმიდან ერთ მონაკვეთს გამოვყოფ: კომპიუტერში კრეფენ გეი პორნო ვებ-გვერდს, რომელზეც გამოტანილი მასალა და გვერდის მისამართი მსხვილი ასოებით, მთელს ეკრანზეა ნაჩვენები. ეს იყო უკიდურესი უხამსობა.
შეგახსენებთ ჩვენების დროს - 15 საათი. დრო, როდესაც ბავშვები სკოლიდან შინ ბრუნდებიან, სადილობენ და ტელევიზორს მიუსხდებიან.
მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკისრება.
გვსმენია რაიმე ამ დარღვევათა განხილვისა და მათზე რეაგირების შესახებ?
დააკვირდით ფილმის ჩვენების ორ თარიღს (2014 წლის 25 თებერვალი - 28 მაისი). ინფორმაციისთვის: კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 30 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტელეკომპანიებს სხვა სახის დარღვევებისთვის სანქციები დააკისრა. ერთი საგულისხმო მომენტი: კომისიამ არხების მონიტორინგი მიმდინარე წლის თებერვალი - მარტის პერიოდში ჩაატარა. ზემოთნახსენებმა ტელევიზიამ დღის ეთერისთვის შეუფერებელი ფილმი 25 თებერვალს გაუშვა. 3 თვის შემდეგ კი იმავე დროს გაიმეორა.
ფილმებისთვის დადგენილი კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება “ქცევის კოდექსით”. რეალობა სულ სხვაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული. გაუგებარია, რა მოსაზრებით ანიჭებენ ფილმებს კატეგორიებს და მათ აღმნიშვნელ ნიშნებს. ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითები, ამ ქაოტური სიტუაციის და განუკითხაობის მხოლოდ ნაწილია.
აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა აზრი აქვს ღამის ჩვენების ფილმებისთვის 12, 15, 18 წლიანი ასაკობრივი შეზღუდვის მინიჭებას, როცა საბავშვო სატელევიზიო დროს შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნითYუხამსი, ეროტიკული სცენების შემცველი ფილმები, სერიალები გადის.
არა მარტო დასავლეთის, არამედ, პოსტაბჭოთა ქვეყნების სივრცეშიც, არასრულწოვანთა შეუფერებელი მასალის გაშვებაზე უმკაცრესი კონტროლია დაწესებული. ჩვენი ტელეკომპანიები კი არ ერიდებიან დღის საათებში სწორედ ამგვარი მასალის გაშვებას. ეს ხდება გამიზნულად, მაყურებელთა მოზიდვის მიზნით, რასაც ქართული კანონიც კრძალავს.
მაგალითად აჭარის ტელევიზიაში 15 საათი სრულდებოდა, როცა ღამის ჩვენების ფილმის (ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის ფილმი) რეკლამა გავიდა, რომელიც უხამს სცენებს შეიცავდა.
გაიკითხეთ უცხოეთში, მათ შორის უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტელევიზიაში, პედრო ალმადოვარის ფილმიდან უხამს სცენებს შუადღის ეთერში განათავსებენ. შემთხვევით არ მიხსენებია აკრძალული მასალა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 47-ე მუხლი, რომელიც არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს შეიცავს, მაუწყებელს მოუწოდებს იმ პროგრამების ანონსები, რომლის ჩვენება უნდა მოხდეს წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვნების წახალისებისთვის, უყურონ პროგრამას.
ხშირად გადაცემის ეთერში გასვლამდე ტრიალებს ანონსი, რომელიც მაყურებლის მოზიდვის მიზნით უგულებელყოფს კანონდებლობას. ანონსს რეკლამის ეფექტი აქვს და ის მაყურებლის ცნობიერებაში ილექება, მაშინაც კი, თუ არ უნახავთ გადაცემა.
კანონის ენაზე
ხშირია უხამსი სცენების ტრანსლირება, რადგან გაუქმდა სანქციები ასეთი სცენების ჩვენებისთვის. ევროპული რეგულირების მოდელმა, რაც გულისხმობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებელთა დაჯარიმებას უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის დღის საათებში ჩვენებისთვის მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. მასმედიის თავისუფლების დაცვის საბაბით ჯარიმების უგულებელყოფამ გარკვეულწილად წარმოშვა დაუსჯელობის სინდრომი. მანამდე გააუქმეს ცენტრი ახალგაზრდობის დეპარტამენტში, რომელიც მხატვრული ფილმების ასაკობრივ კლასიფიკაციას ახდენდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში ტელეკომპანიათა კომერციულმა ინტერესებმა გარკვეულწილად დაჯაბნა საზოგადოებრივი.
დღეს უპირატესი თემაა სექსი, რადგან იზიდავს მაყურებელს და ამიტომ მოგების მიზნით, სწორედ ასეთი სცენები დომინირებს ეკრანზე. შესაბამისად, საკუთარ რეიტინგებსა და ინტერესებს კანონზე მაღლა აყენებენ.
თავის დროზე კი “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტზე საექსპერტო ჯგუფის ფსიქოლოგიურ დასკვნა-ანალიზში განმარტებული იყო, რომ შემოღებული დროითი შეზღუდვების უპირველესი მიზანთაგანია, მშობლებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დაპირება, რომ წყალგამყოფის პერიოდში, სამაუწყებლო ბადე მაუწყებელთა მხრიდან სავალდებულო წესით იქნება გასუფთავებული.
როგორ შესრულდა დაპირება?
დღის საათებში იმეორებენ გადაცემას, რომლის ჩვენებაც, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის გამო, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აკრძალულია 23-24 საათამდე.
“რუსთავი 2” - “ნანუკას შოუ”. ჩვენების დრო - ოთხშაბათის განმეორებითი ჩვენება შაბათი - სხვადასხვა დროს - 15.30 და დილის 10 სთ.
აღნიშნულ კომერციულ არხს შაბათის სამაუწყებლო ბადეში განმეორებით აქვს ჩასმული გადაცემა, რაც აშკარაა, რომ მიზნად ისახავს არხისა და კონკრეტული გადაცემისთვის რეიტინგის ამაღლებას.
აღნიშნული გადაცემის შინაარსობრივ განხილვას გამოვტოვებ და არასრულწლოვანებზე მსგავსი გადაცემის ხელმისაწვდომობის დაუშვებლობაზე საუბრისას აქცენტს ვიზუალურ მხარეზე გადავიტან. მოგეხსენებათ ტელევიზია ვიზუალურ კომპონენტს შეიცავს: ჩვენ ერთდროულად ვხედავთ და ვისმენთ ამბავს. ერთ-ერთი გადაცემის ეპატაჟურმა სტუმარმა გადაცემის ავტორის შეთავაზება მიიღო, პირდაპირ ეთერში პერფომანსი წარმოედგინა და წელს ზევით გაშიშვლდა. იმავე გადაცემას ფონად გასდევდა სხვა მსახიობი ქალის მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალის “Playboy”-ში მისი მონაწილეობით გადაღებული ფოტოები.
სწორედ ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი, რაც ქართულ ტელესივრცეს სხვებისგან გამოარჩევს - სიშიშვლეა. მოჭარბებული, დაუფარავი სიშიშვლე, რომლის ანალოგს ცივილიზებული ქვეყნის ტელევიზიაში ვერ მოძებნით. ქალის თუ მამაკაცის ინტიმური ადგილები ამ ტელევიზიებში ტრანსლაციის დროს, ყოველ მიზეზგარეშე იშტრიხება. მაგალითად, ცნობილი უკრაინელი აქტივისტების - “ფემინას” გამოსვლა ყველგან იშტრიხება და პირვანდელი სახით მხოლოდ ქართულ ტელევიზიებში გადის. ამ შემთხვევაში კანონის დარღვევასთან არ გვაქვს საქმე. “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიხედვით, შიშველ სხეულად ადამიანის სხეული მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, თუ სასქესო ორგანოები და ქალის მკერდი სექსუალურ კონტექსტშია.
საქართველოსგან განსხვავებით მსოფლიო შიშველი სხეულის ამგვარ განმარტებას არ სცნობს.
დაატრიალეთ უცხოური, უკრაინული, რუსული არხები, თუ სადმე დღის ნებისმიერ მონაკვეთში “Playboy”-ს დაუშტრიხავ ფოტოებს წააწყდებით.
ქართული არხები კი 24 საათის მანძილზე მოშიშვლებულია ამგვარი ფოტოებით.
2014 წლის 6 მაისი. ტელეკომპანია “იმედი”. - “იმედის დილა”. ეთერშია ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. ჩვენების დრო - 07.30 საათი.
ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის - ნიკას მიერ 6 მაისს 09.23 საათზე გაშუქდა ნიუ-იორკში გამართული აქცია “გახადე კითხვა სექსუალური”. ყოველწლიურად გაზაფხულზე გოგონათა ჯგუფი გამოდიან ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ტოპლესის ფორმაში (წელზევით შიშველი).
დილის გადაცემაში მთელ ეკრანზე, გადიდებული ფორმატითა და ახლო ხედით, რამდენიმე გოგოს ფოტო აჩვენეს ტოპლესის ფორმაში. წამყვანი ნიკას კომენტარი: “ნახავთ ფოტოებს და მიხვდებით, ზედმეტი საუბარი საჭირო არ არის. ამერიკელი გოგოები ინტელექტზე აქცენტს სხვა სანახაობით აკეთებენ. როგორც ჩანს, არც ნიკას სიახლეების ამგვარი აქცენტირებაა გამონაკლისი.
ნურავინ ჩათვლის, რომ მოზღვავებული სიშიშვლე სრულიად უსაფრთხოა. სპეციალისტთა დასკვნით, შიშველი სხეულის არარედაქტირებული დემონსტრირებაც, მავნე ზეგავლენის მომხდენია ბავშვისა და მოზარდის ჯერ კიდევ ფორმირებაში მყოფ ფსიქიკაზე.
დარწმუნებული ვარ, რეალურად რომ ზრუნავდნენ ჩვენს მომავალ თაობაზე, “მაუწყებლობის შესახებ” კანონისა და “ქცევის კოდექსის” ჩემი აზრით, მთელი რიგი მუხლების დარღვევას არ ექნებოდა ადგილი.
განვმარტავ: “ნანუკას შოუ”-ს ავტორთა სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ვიჭრები, მხოლოდ და მხოლოდ ვსვამ კითხვას: მაშინ, როცა მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლი, რომელიც პროგრამულ შეზღუდვებს ეხება, გვამცნობს, რომ იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვისა და მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს, “რუსთავი 2”-ის შაბათის სამაუწყებლო ბადე (“ნანუკას შოუს” ოთხშაბათის განმეორებითი ჩვენება. შაბათს სხვადასხვა დროს. 15.30 საათზე. ან დილის 10.00 საათზე) არღვევს თუ არა აღნიშნულ კანონს?
ანალოგიურად “ქცევის კოდექსიც” მაუწყებელს ავალდებულებს სამაუწყებლო ბადე ისე დაგეგმონ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მოხდენის ალბათობა.
აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის შაბათ-კვირის სამაუწყებლო ბადე გადატვირთულია ღამის ჩვენების ტელეპროდუქციის განმეორებითი ჩვენებით. თითქმის ყოველ მეორე გადაცემაზე მიწერილი გ/ჩ ხომ არ არღვევს კანონმდებლობას? ეს ოდესმე მსჯელობის საგანი გამხდარა?
ქართულ რეალობაში არასრულწლოვანი, როგორც მაყურებელი მთლიანად წაშლილია უშუალოდ დღის ეთერში დაგეგმილი გადაცემის ავტორთა მეხსიერებიდანაც. შესაბამისად, არ ახსოვთ კოდექსის XI თავის მუხლები, რომელიც არასრულწლოვანთა დაცვას ეხება. ამის გაფიქრების საფუძველს მაძლევს ა.წ. 1 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის შოუსთვის” შერჩეული თემა. აგრეთვე როგორც წამყვანების, ისე მოწვეული სტუმრების მიერ გამოთქმული ფრაზები, მათი შეფასებები. თავად დარწმუნდით რამდენად დასაშვებია მსგავსი თემების “დღის შოუში” განხილვა.
2014 წლის I აპრილი. ტელეკომპანია “იმედი” - “დღის შოუ”. ჩვენების დრო - 12.30 საათი. გადაცემის თემა: “გენდერული საკითხების განხილვა დღის შოუში”.
შალვა რამიშვილის გადაცემაში მონაწილეობის მოტივი, მისივე სიტყვებით: “დავარღვიო სტერეოტიპი, რომ აქ ამ გადაცემაში რეიტინგი არ იშოვება”.
წამყვანები: სოფიკო ნარჩემაშვილი, ნანიკო ხაზარაძე.
მოწვეული სტუმრები: ბასა ჯანიკაშვილი, ნინა წკრიალაშვილი.
შალვა რამიშვილი: საუბარი ნამდვილ მამრულ თემებზე. ქალების გარჩევა. როგორ მოვხიბლოთ ქალები.
წამყვანი: როგორ?
შ. რამიშვილი: მე მაქვს რამდენიმე თეორია.
წამყვანი: გაგვანდე.
შ. რამიშვილი: ქალთან თუ გაქვს სექსი, მეორე დილა არის ცალკე აღწერის საგანი.
წამყვანი (ნ. ხაზარაძე): აღგვიწერე!!! ქალები ბევრი უყურებს. იქნებ ბავშვები მოაშოროთ. (გადაცემის დაწყებიდან ზუსტად მე-10 წუთზე).
შ. რამიშვილი: “როდესაც სექსი გაქვს ქალთან. მანამ ეს სექსი მოხდა, უცებ, როცა ამ ურთიერთობამდე მიდიხარ ელვისებურად, არ გაქვს თუნდაც რამდენიმედღიანი ურთიერთობა. საქართველოში ეს იშვიათია. ამ გადაცემით მინდა აუხსნა მამაკაცებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეტაპების უმტკივნეულოდ გავლა.
მეორე დილა - სექსის შემდეგი დილა არის ცალკე აღწერის საგანი. რომ გამოფხიზლდები, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, ვნება გადაივლის, ვერ გაიგებ შენ მოგწონს ქალი თუ...
წამყვანმა (ნ. ხაზარაძე) შეაშველა: შენს გენიტალიებს.
შ. რამიშვილი: შენს ტესტოსტერონს. ჰორმონები ბუყბუყებს შენში.
წამყვანი (ს. ნარჩემაშვილი): “იმდენი იწერება გაზეთში, რომ ეს სიტყვები არაფერი არის (ამაზე ოდნავ ქვემოთ).
შ. რამიშვილი: ხვდები ის, რაც მოხდა წინა ღამეს იყო არა ვნების კარნავალი, არამედ იმ გოგოსთვის რაღაცა ზღვრის დასაწყისი.
შალვა რამიშვილს მისივე სიტყვებით უნდა მარტივი რაღაც გააშიშვლოს პრობლემა. გადაცემისთვის მზად არის ითამაშოს ვირიშვილი მაჩო. და ა.შ.
კოდექსით დისკუსიები სქესობრივ ურთიერთობაზე 23 საათის შემდეგ უნდა გადიოდეს. კოდექსის 39-ე მუხლი გვამცნობს, რომ სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20.00 საათიდან 23.00 საათამდე, გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით. 40-ე მუხლი კი კრძალავს წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას.
საბავშვო სატელევიზიო დროს განთავსებულ გადაცემაში გაისმა სიტყვები: “ექსჰიბიციონიზმი”, გენიტალიები, ტესტოსტერონი, “უცაბედი სექსი”, “ვირიშვილი მაჩო”, “ეროტიკული ღამე”.
წამყვანის რეპლიკაზე - იმდენი იწერება გაზეთში, რომ ეს სიტყვები არაფერი არის, ამის შესახებ ფსიქიატრები სხვა აზრის არიან.
ბავშვთა ფსიქიატრის აზრით, მსგავსი სიტყვები აუცილებლად მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისთვის სიახლეა.
შევნიშნავ: გადაცემაში რამდენჯერმე გაისმა: “ქალები ბევრი უყურებს”, “მამაკაცები, რომლებიც გვიყურებენ”, “ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს”. არ გახსენებიათ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი - არასრულწლოვანები.
ამ ქვეყანაში არასრულწლოვანს იშვიათად, თითქმის არ ახსენებენ.
ყოველდღიურად ვარღვევთ მათ უფლებებს და მშვიდად რომ ვიგრძნოთ თავი, ამიტომ გავაქრეთ სიტყვა “არასრულწლოვანი” ჩვენი ლექსიკონიდან. მსგავსი გადაცემის ჩვენებით კი მათ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე არასასურველ გავლენას ვახდენთ.
ჩემს მიერ სათაურში გამოტანილი შეკითხვა სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.
მიკვირს, როცა საუბრობენ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმასა და ისტორიაზე და ამ დროს, არ ახსენდებათ ტელევიზია - ადამიანის და მითუმეტეს, არასრულწლოვანის ცნობიერებაზე მოქმედი ეს უმძლავრესი იარაღი.
თითქმის ტრადიციად იქცა დღის მანძილზე საინფორმაციო გამოშვებებში ნებისმიერი დანაშაულის ანატომიის ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოცემა. აგრეთვე ინტერნეტ-სივრცეში თუ შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებული ცხედრების უმძიმესი ფოტომასალის დილიდან საღამომდე ეკრანზე ტრიალი. სულ ცოტა ხნის წინათ, ვიხილეთ ერთ-ერთი სპეცოპერაციის სურათის აღსადგენად წარმოდგენილი 12-წუთიანი კომპიუტერული გრაფიკა. საინფორმაციო გამოშვებებში “მეტი თვალსაჩინოებისთვის და რეალური სურათის დასახატად” წარმოდგენილი მასალის ზუსტად ის მონაკვეთი ვიხილეთ, როცა მიწაზე დაგდებულ პიროვნებაზე თავში დამიზნებით გასროლა განხორციელდა, რის შემდეგაც სისხლის გუბე დადგა. კანონის თანახმად, ასეთი მასალები ჯეროვნად უნდა რედაქტირდეს.
ცნობილია, რომ ადამიანები იმახსოვრებენ წაკითხულის 10%-ს, მოსმენილის 20%-ს, ნანახის 30%-ს და 50% იმისა, რასაც ხედავენ და უსმენენ ერთდროულად. ანუ წაკითხულზე და მოსმენილზე მეტად, ადამიანები ვიზუალს იმახსოვრებენ.
ჩემი თვალთახედვით, ბავშვზე ძალადობის რისკ-ფაქტორებს შორისაა სოციალური ფაქტორები: ქვეყანაში არსებული სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც დასაშვებს ხდიან ძალადობას. ვგულისხმობ ძალადობრივი სცენებით გადატვირთულ სერიალებს, გადაცემებს, სატელევიზიო სიუჟეტებს.
მაგალითად, ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ ნაჩვენებ თურქულ ტელესერიალს “მდუმარენი”, რომელიც ძალადობის უმძიმეს სცენებს შეიცავდა, თორმეტ წლამდე ასაკობრივი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ფილმში ნაჩვენები იყო ბავშვების ცხოვრება ციხის კედლებში და მის ფარგლებს გარეთ. ცივი იარაღით ადამიანის ფიზიკური დასახიჩრების სცენები, მკვლელობები და ათასგვარი ბოროტება. მისი ყურება ზრდასრულ ადამიანებს გაუჭირდათ.
სხვათა შორის აღნიშნულ პროექტში მონაწილე თურქმა მსახიობმა, რომელიც სულ ახლახანს სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას, თავის ქართველ თაყვანისცემლებს უამბო, რომ სერიალის მძიმე შინაარსიდან გამომდინარე, მასში მონაწილე მსახიობებს, ემოციური სტრესის გადატანა მოუხდათ. მაინტერესებს, რა მოსაზრებით მიანიჭეს სერიალს “მდუმარენი” 12-წლიანი ასაკობრივი შეზღუდვა და რატომ არის დასაშვები მისი ნახვა 13 წლის მოზარდისთვის? რაც მთავარია აღნიშნული სერიალი გადიოდა ყოველდღე, 19 საათზე. დროის ამ მონაკვეთს, მაუწყებლობის შესახებ კანონმა მოუძებნა ტერმინი - საუკეთესო დრო, როცა მაუწყებლის ტელეპროგრამას, მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკური რაოდენობა უყურებს. შაბათ-კვირას კი მთელი კვირის მასალა, მთელი დღის მანძილზე გადიოდა განმეორებით.
აღნიშნული არხის ხელმძღვანელი მეზობელი ქვეყნის ტელესერიალებს განიხილავს, როგორც კომერციულ პროექტს, რომლის მიზანიცაა არხის ფინანსურად წელში გამართვა. მერწმუნეთ, ამის წინააღმდეგი არავინაა, ოღონდ არა ჩვენი ბავშვების ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე.
დღესდღეობით მომხმარებელთან შედარებით მაუწყებლის გამოკვეთილმა პრიორიტეტმა, მტვერსასრუტივით შეისრუტა საბავშვო დრო და მოზრდილებს არასრულწლოვანების მიმართ, რიდი დაგვაკარგვინა.
მივიჩნევ, რომ შექმნილმა ვითარებამ ფიქციად აქცია მაუწყებლობის შესახებ და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს მოუწოდებს დაიცვას არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან.
იქნებ დროულია კანონმდებლები, მედიამკვლევარები, მედიაანალიტიკოსები არასრულწლოვანთა ფსიქიკის დასაცავად დამატებითი მექანიზმების შექმნაზე ჩაფიქრდნენ.
ვინც მაუწყებლის რეგულირების საკითხის წინ წამოწევის აუცილებლობას ვერ ხედავს, ვურჩევ მოიძიონ სამაუწყებლო კომპანიების თვითრეგულირების მექანიზმში შესული საჩივრები კომპანიის მიერ კანონის დარღვევის შესახებ. თუ სმენიათ რაიმე ამ დარღვევათა განხილვისა და მათზე რეაგირების შესახებ. მეეჭვება ქართულ რეალობაში მსგავსი პრეცედენტი მოძებნოთ.
მედიაექსპერტებს წინადადებით მივმართავ: ერთი კვირის მანძილზე ჩაატარონ მონიტორინგი ნებისმიერი რუსული, უკრაინული თუ ბალტიის ქვეყნების ტელევიზიაში გაშვებულ გადაცემებზე. იქ ტელეპროგრამა სწორადაა დაგეგმილი და დღის მანძილზე იოტისოდენა უხამსობასა და ძალადობას ვერ ნახავთ. გამორჩეულია შაბათ-კვირის სამაუწყებლო ბადე, რომელიც საგანგებოდ უქმე დღეებისთვისაა შექმნილი. იქ ბავშვის ეკრანთან დასმა მშობელს საშიშროებას არ უქმნის. ჩვენთან კი განუკითხაობაა.
მსურს საგანგებოდ ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით საშურია ქართველი მშობლებისთვის თავის დროზე მიცემული დაპირების შესრულება, რაც გავიმეორებ წყალგამყოფის პერიოდში სამაუწყებლო ბადის სავალდებულო წესით გასუფთავებაში მდგომარეობს. მხედველობაში მაქვს საქართველოში განვითარებული ტენდენცია. კერძოდ: დღეს ოჯახების უმრავლესობაში ბავშვებისთვის ტელევიზია ელექტრონულ ძიძად გადაიქცა. ბავშვები, რომლებიც სკოლის შემდეგ მარტო არიან, რადგან მშობლები მუშაობენ, ქცევას თავიანთი მშობლებისგან კი არა, ტელევიზიით სწავლობენ.
ტელევიზიიდან კი სექსის მიზანმიმართულმა და საყოველთაო პროპაგანდამ ქართულ რეალობაში უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო. მშობლებისთვის განკუთვნილ საიტს mshobeli.ge-ს თბილისის გარეუბანში მცხოვრებმა რესპოდენტმა მორიგი საგანგაშო შემთხვევა ამცნო. კერძოდ: საკუთარი კორპუსის მაღალი სართულის ფანჯრიდან, ქალბატონმა კარგად დაიხანა, რომ ეზოს ავტოფარეხში 10 და 12 წლის ბიჭები სექსუალურ სცენებს ასახიერებდნენ. როგორც ჩანს, ნანახი ჰქონდათ მსგავსი სცენები (ჩემს მიერ ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი მხ. ფილმში “წარმატებას გისურვებ, ჩაკ” - სწორედ იმ 4-წუთიან მონაკვეთში თავბრუდამხვევი რაოდენობის სხვადასხვა სექსუალური სცენა, ნატურალისტურად იყო ნაჩვენები. ს.რ.).
აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტი ასკვნის: “იოლი მისახვედრია, ბავშვებს ნანახი აქვთ სცენები, რომელიც მათი ასაკისთვის აშკარად შეუფერებელია”. სექსის მიზანიმართული და საყოველთაო პროპაგანდა ბავშვების ფსიქიკას მკვეთრად აზიანებს, ასკვნის ჟურნალისტი.
მშობლებისთვის განკუთვნილი მედიასაშუალების მიერვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამგვარი ფაქტები ბოლო დროს ძალიან გახშირდა.
დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმები თუ არ გამკაცრდება, მაშინ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის შოუს” წამყვანის ფრაზას: “ბავშვები მოაშორეთ ეკრანს” შემსრულებელი არ ეყოლება, რადგან ამ დროს, ერთადერთი მაყურებელი სწორედ ბავშვია.