მოთმინება ამოწურული თბილისის „დინამოს“ მეპატრონე და გუნდიდან დათხოვნილი ფეხბურთელები. გიორგი მერებაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი, ოთარ მარცვალაძე - ეს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები „დინამოდან“ დაითხოვეს, გუნდს კი სათავეში ჩეხი მწვრთნელის - მიხეილ ბილეკის ნაცვლად, კახა გოგიჩაიშვილი ჩაუდგა. მიხეილ ბილეკის მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ყაზახურ „აქტობესთან“ 90-წუთიანი თამაშის დროს მან ქომაგის გახარება ვერ შეძლო.
დღეიდან „დინამო“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გახდება საქართველოში. როგორც გუნდის პრეზიდენტი რომან ფიფია ამბობს, თბილისის „დინამოს“ ახალი პრინციპი დაბალი ხელფასი და, მოგების შემთხვევაში, მაღალი პრემიებია.
გარდა ამისა, გუნდიდან რამდენიმე ლეგიონერი -რადეკ დოსოუდილი, რაფაელ გარსია, რაფა ჯორდა და პატრიკ ვუო გაუშვეს. გუნდში დარჩა ერთადერთი უცხოელი ფეხბურთელი- ჩისკო, ხოლო დანარჩენები იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც რომან ფიფიას თქმით, მეტს მოინდომებენ. კერძოდ, კლუბი 22-23 წლის ფეხბურთელებით გაძლიერდება და ახალგაზრდები 3-4 წელიწადში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან.
„ჩემი მოთმინება ამოიწურა და გუნდის გაახალგაზრდავება გადავწყვიტე. ზოგიერთს ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, რომ მე მრცხვენია პირდაპირ მათი გამოქვეყნებისაც კი. „დინამოს“ ფეხბურთელების ხელფასების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება და თქვენ შეგეძლებათ, ამის მიხედვით მოსთხოვოთ მათ. ხალხს 1000 ლარის საშუალება არ აქვს და ესენი ათიათასობით ლარს იღებდნენ და არაფერს აკეთებდნენ. მე არ მინდა ისინი განვსაჯო, რადგან მათ უკვე დატოვეს გუნდი“, - ასე შეაფასა რომან ფიფიამ გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები. ამასთან, განმარტა, რომ პირადად დაესწრო „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდის გამარჯვებას გერმანიაში და დარწმუნდა, როგორ იბრძოდნენ ბიჭები.
ქართულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ძვრები არახალია. სულ რამდენიმე თვის წინ ამას უძღოდა ენერგეტიკის მინისტრისა და ყოფილი ფეხბურთელის -კახა კალაძის განცხადება, რომ ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარებას უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომაც თემურ ქეცბაიას ხელფასი - წლიური 2,62 მილიონი ლარი გადაიხედებოდა. იმ დროს ფეხბურთის ქომაგები აცხადებდნენ, რომ თემურ ქეცბაიამ საფეხბურთო გუნდი მაშინ ჩაიბარა, როცა მთავარ მწვრთვნელებად გვყავდა ტოპ მიულერი და კუპერი და ამ ადამიანებზე დიდი ხელფასები იხარჯებოდა. ეს მაშინ, როცა მათი მუშაობა საქართველოს ნაკრებში ნულად შეფასდა.
ცნობილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე კი ფიქრობდა, რომ ქართულ ფეხბურთში, მთლიანად, ერთი მესის ხელფასიც არ იხარჯებოდა და აქ უფრო იბრაგიმოვიჩის ხელფასის ოდენობა გაიცემოდა.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ასანიძე მაშინ ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ფეხბურთის წარმატება ამ საქმეში დიდი ფულის ჩადებას ნიშნავდა. მისი თქმით, წლების წინ ქართულ ფეხბურთს სჭირდებოდა 50 მილიონზე მეტი ლარი, რათა იმჟამინდელი მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ეს თანხა უნდა ასულიყო ას მილიონ ლარამდე.
როგორც ჩანს, დღეს პრიორიტეტი უფრო თანხების ეკონომიკური ხარჯვაა. ამდენად, საინტერესოა, როგორ აფასებენ ვეტერანი ფეხბურთელები ძირითადი შემადგენლობიდან 11 ფეხბურთელის დათხოვნას?!
ცნობილი ფეხბურთელი, ამჟამად „ტორბედოს“ ხელმძღვანელი და უფროსი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთოდ, ფეხბურთში არსებობს კარგი, საშუალო და ძალიან კარგი კლუბები. თბილისის „დინამო“ კი ძალზე კარგი კლუბია და სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, რომ როცა გინდა, გაახალგაზრდავებ, როცა გინდა, დააბერებ, როცა გინდა, დაიბრალებ, რომ ჩამოგყავს უცხოელი მწვრთვნელი.
„გინდა გაახალგაზრდავე, გინდა დააბერე, ოღონდ ჩემპიონთა ლიგა მოიგე. როგორც ადრე იყო თბილისის „დინამო“, ჯერ ეს უნდა შექმნა, ეს გააკეთო და ის პიროვნებები დაიყენო გვერდში, ვისაც ეს საქმე შეუძლია. თუ ხელს ჰკიდებ დიდ არენას, რასაც თბილისის „დინამო“ ჰქვია, იმის მოვლაც უნდა შეგეძლოს. რომან ფიფიამ დიდი პრაქტიკა მიიღო ქუთაისის ქართულ ფეხბურთში, ის იყო რუსეთის ფეხბურთიდან ჩამოსული, ამიტომ ანალიზი უნდა გაუკეთოს თავის მუშაობას რუსულ და ქართულ ფეხბურთში და ამ გაერთიანებული პრაქტიკიდან ერთხელ და სამუდამოდ შექმნას თბილისის „დინამოს“ დიდი არენა. მას არავინ დაუფასებს, აკადემია შექმნა თუ საფეხბურთო ბაზას რემონტი გაუკეთა. ჩვენ გვინდა აკადემიაც, ბაზაც, მაგრამ გვინდა თბილისის დიდი „დინამო“. ვისაც არ შეუძლია ამ არენაზე გაყვანა, იმისი არც გაახალგაზრდავება და არც დაბერება არ გვინდა და ზღაპრები მოუყვნენ თავიანთ ბებიებს. რომელ ანაზღაურებაზეა ლაპარაკი, როცა ლორია, მერებაშვილი და სხვები უდიდესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ წლების მანძლზე არასდროს არ ჰყოლიათ ნორმალური პედაგოგი. ამის გაგონება არ უნდათ, რადგან პედაგოგები მაგათი მოყვანილია და, სადაც ვერ ურტყამენ, მერე აბრალებენ ფეხბურთელებს. ყველა ის პედაგოგი, ვისაც თბილისის „დინამოს“ შტაბი ჰქვია და, ვინც ვითომ თბილისის „დინამოს“ აღორძინებას ემსახურება, დასაშლელია. მის მერე ეძებონ დანაშაული ფეხბურთელებში. ერთი პერიოდი, საქმესაც ურჩევდნენ ფეხბურთელებს, ამ დროს კი თვითონ ტოტალიზატორში თამაშობდნენ და თანამონაწილეები ვინ იყო და ვინ არა, ვითომ არ იცოდნენ“, - აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.
აქვე განმარტავს, რომ მისი პლეადა ნაცმოძრაობამ მოიცილა, თავად კი ყოფილმა ხელისუფლებამ ქართული ფეხბურთი ვერ შექმნა. რევაზ ძოძუაშვილი აიმედებს გულშემატკივრებს, რომ სწორედ მისი თაობა თბილისის „დინამოსაც“ ააღორძინებს, ქუთაისის „ტორპედოსაც“ და ბათუმსაც, რადგან ახალი მთავრობა თუ არ დაეხმარება, არ გარიყავს მაინც.
„წამოვედით ქუთაისში და ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ჩამოვაყალიბეთ. პირველ რიგში, ადამიანს სელექციის ნიჭი უნდა ჰქონდეს. ბრაზილიის ნაკრებში 32 და 34-წლიან ხალხში 16 წლის პელე გამოჩნდა, მაგრამ მის გვერდში 24 წლის გარინჩა იდგა. რენტგენით უნდა გრძნობდე, ვინ მოიყვანო გუნდში - ახალგაზრდა თუ ვეტერანი, თორემ ნიჭიერი ადამიანები ორივეგან არიან. უნდა იცოდე, კარგი ფეხბურთელი ვის გვერდში ათამაშო. ძალიან ბევრი უყურებს ნიჭიერ ახალგაზრდას და მერე თვითონ ვარდება ეიფორიაში, აუ, რა მაგარი ნიჭიერი ახალგაზრდა მყავსო და ამ დროს ნიჭიერი ახალგაზრდაც და თვითონაც იკარგება, შედეგს ვერ დებს. რა მნიშვნელობა აქვს წლოვანებას. არასდროს ფეხბურთელის წონა და წლოვანება მიზანში არ აგვიღია“.
ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კაცი, რომელიც ენერგიას ხარჯავს და დღეში 10-15 კილომეტრს დარბის, სულ ცოტა, საჭმლით მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ ფეხბურთელების ხელფასები ვიღაცისთვის ძალზე ბევრია და ვიღაცისთვის - ძალზე ცოტა. რაც შეეხება გუნდის გაახალგაზრდავებას, არჩილ არველაძის თქმით, ყველა გუნდს აქვს თავისი სპეციფიკა და ყველა ხელმძღვანელს აქვს თავისი გეგმა.
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას სჭირდება გამოცდილი, ასაკოვანი ფეხბურთელი, ზოგი კი უფრო ახალგაზრდას ან შერეულ თაობას ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ ძალზე ძნელია სხვის საქმეში ჩარევა, ადვილია გადაბრუნებულ ურემზე ლაპარაკი, როცა შედეგი არ ჩანს. უცხოეთში სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ასაკის ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ბელგია და ჰოლანდია ამ მხრივ ძალიან გაახალგაზრდავდა. იტალია-ნაკლებად. ტენდენცია გაახალგაზრდავებისკენ მიდის და სადაც ნაკლებია ანაზღაურება, აქცენტი გადატანილია ახალგაზრდებზე“.