სურსათის ეტიკეტზე ტერმინების - „ორგანული“ „ეკო“, „ბიო“ არასწორი გამოყენება იკრძალება. 1-ლი აგვისტოდან ბიზნესოპერატორები, რომლებიც სათანადო სერთიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, სურსათის ეტიკეტზე გამოიყენებენ ტერმინებს „ორგანული“, „ეკო“ და „ბიო“ 400 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1200 ლარით დაჯარიმდებიან.
სანქციები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის N 198-ე დადგენილებით „ბიოწარმოების შესახებ“, რომლის თანახმად, დაუშვებელია ტერმინების „ბიო“, „ეკო“, „ორგანული“ გამოყენება იმ სურსათის ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც მიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან და, რომლის წარმოებაც არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად.
„სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლია თოდუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ - ამ დასახელებების გამოყენებით ძალიან ბევრი მომხმარებელი ტყუვდებოდა. მათ ეგონათ, რომ „ეკოფუდი“ ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტს ყიდდა. მომხმარებელს ისიც სწამდა, რომ „ეკო“ ეკოლოგიურს ნიშნავდა, ან კიდევ „ბიო“ ეკოლოგიურად სუფთა იყო. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ პროდუქციის ეტიკეტზე იყო წარწერა „ეკოფუდი“.
გარდა ამისა, ლია თოდუას თქმით, ვისაც არ ეზარებოდა, უბრალოდ მიაწერდა ხოლმე პროდუქციას „ეკოლოგიურად სუფთა და ბიოლოგიურად უვნებელი“, რაც სინამდვილეში, ასე არ იყო. თუმცა იმ პირობებში, როცა არ არსებობს რეგულირება და მომხმარებელს დადებითი რეაქცია აქვს ტერმინ „ბიო“-ს და „ეკო“-ს გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი იყო.
„ამიერიდან ამ კომპანიებს მოუწევთ დასახელებების შეცვლა, რადგან ყველაზე ცუდი ის არის, რომ, ერთი მხრივ, ტყუვდება მომხმარებელი, მეორე მხრივ, ეს შეუძლებელს ხდის ორგანული წარმოების განვითარებას. ცხადია, ორგანული პროდუქტი უფრო ძვირი ღირს, მაგრამ როცა მომხმარებელს მისი იდენტიფიცირება არ შეუძლია, ფაქტობრივად, ბაზარი აღარ აქვს ამ ორგანულ პროდუქტს“, - განმარტავს ლია თოდუა, რომლის თქმითაც, ყოფილ ხელისუფლებაში ლიბერტარიანული იდეოლოგია იყო გამეფებული. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იდეოლოგია შეიმჩნეოდა ეკონომიკურ სფეროში და ნაციონალებს ნებისმიერი რეგულაცია ბაზრისთვის დამაზიანებლად მიაჩნდათ.
სინამდვილეში კი, ბაზრისთვის მნიშვნელოვანია წესების დადგენა და ეს წესები ყველა პროდუქციაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს. სწორედ ეს წესები იცავს მომხმარებელს მოტყუებისგან და პრობლემას უქმნის ეკონომიკას.
„რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, ჩვენ შევამოწმეთ ხუთი სახეობის სოიოს პროდუქცია, ეს არ იყო სოიოს მარცვალი, ეს იყო გადამუშავებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, რასაც სოიოს ტექსტურას, ანუ ფარშს და ფხვნილს ეძახიან. ეს პროდუქცია შემოსული იყო აშშ-დან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და მხოლოდ აშშ-დან შემოსული აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული. იმის გამო, რომ რუსული, ჩინური, ინდური სოიოს პროდუქცია უფრო იაფი ღირდა, ვვარაუდობთ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია გაცილებით მეტი გაიყიდებოდა, თანაც ეს ქვეყნები უფრო ახლოსაა ჩვენთან. შესაბამისად, იმის ვარაუდი, რომ ყველა მწარმოებელი თავის ე.წ. ხორცპროდუქტებში ან თუნდაც სამარხვო პროდუქტებში იყენებს მაინცდამაინც აშშ-დან შემოტანილ უფრო ძვირიან სოიოს, არადამაჯერებელია. სადღაც 20-30% თუ იქნება ამ გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენება“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დადგენილება, რომელიც სურსათის ეტიკეტზე ტერმინების - „ორგანული“ „ეკო“, „ბიო“ არასწორ გამოყენებას კრძალავს, ჯერ კიდევ გასული წლის 30 ივლისს დამტკიცდა. ასე რომ, ერთი წლის ვადაში ქართველ ბიზნესმენებს შეეძლოთ, თავიანთი წარმოება, მათ მიერ დამზადებული სურსათის ეტიკეტირება ამ მოთხოვნებისთვის შეესაბამებინათ. უფრო ზუსტად, ინდივიდუალურად ყველა მეწარმე გაფრთხილდა ამ მოთხოვნების შესრულების შესახებ და, სავარაუდოდ, მათ უნდა შეეცვალათ კიდეც ძველებური მიდგომა.
„ყოველ შემთხვევაში, თუ ეს მიდგომა არ შეცვალეს, მაშინ 1-ლი აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონტროლს დაიწყებენ. დარღვევების შემთხვევაში, „ორგანული“-ს „ეკო“-ს, „ბიო“-ს არასწორი გამოყენება ეტიკეტირების დარღვევად განიხილება და ისინი დაექვემდებარებიან კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ეს წესი არეგულირებს კეთილსინდისიერ მეწარმეობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ეკოსისტემას, ბიომრავალფეროვნებას“,- აცხადებს კახა სოხაძე.
მოასწავებს თუ არა ეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის გაძვირებას, ამის თაობაზე კახა სოხაძე განმარტავს, რომ, სავარაუდოდ, ეს არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებას და, ყველა შემთხვევაში, ფასებს ბაზარი დაარეგულირებს. ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გამოცდილებაა. პროდუქციისთვის, რომელიც იყიდება „ბიო“-ს, „ეკო“-ს ნიშანდებით, გამოყოფილია ცალკე დახლები. ზოგ შემთხვევაში, ცალკე მაღაზიებშიც ხდება მათი რეალიზაცია.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ბიოწარმოების შესახებ“ წესების მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ასევე, იმ მეწარმეების დაცვა, რომლებიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს, რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.
წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად. ესენია - სურსათად განკუთვნილი პირველადი წარმოების პროდუქტი, ცხოველის საკვები და პირველადი პროდუქტის გადამუშავებით ან დამზადებით მიღებული სურსათი, მათ შორის, ღვინო, ცხოველის საკვები, საფუარი, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში.
ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე.