პარლამენტი უვადო პატიმრების თაობაზე შემოდგომაზე იმსჯელებს

პარლამენტი უვადო პატიმრების თაობაზე შემოდგომაზე იმსჯელებს

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების საქმეების გადახედვის ვადები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის თაობაზეც კანონმდებლები საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებენ.

საკანონმდებლო პაკეტად წარდგენილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდა, რომლის ავტორი შვიდი დეპუტატია. მათ შორის არიან - ეკა ბესელია, გია ვოლსკი, გოგი თოფაძე, ვახტანგ ხმალაძე, ანი მიროტაძე, გიგა ბუკია და შალვა შავგულიძე.

კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი ნაცვლად, 25 წლისა და თუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

ამას გარდა, ცვლილებებით, მსჯვარდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებასთან სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 15 წელი, ნაცვლად 20 წლისა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.

პროექტის ავტორთა განმარტებით, ინიციატივის მომზადების მიზანია, ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კანონმდებლობასთან.

მათი ინფორმაციით, რიგ ქვეყნებში, უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადახედვის უფლება მსჯავრდებულს ენიჭება სასჯელის ფაქტობრივად მოხდის 15 წლის ან უფრო ნაკლები ვადის გასვლის შემდეგ. კერძოდ, დეპუტატთა ცნობით, ავტრიაში, ბელგიაში, ლიხტენშტენინში, მონაკოში, მაკედონიასა და შვეიცარიაში საქმეების გადახედვის ვადა 15 წლით განისაზღვრება, ხოლო დანიაში 12 წლით.

აღსანიშნაშვია, რომ ამ ცვლილებების ინიცირებას პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა უკვე მოჰყვა.

ბიუროს სხდომაზე, პროექტის ავტორებმა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოვიდა.

დეპუტატი დაინტერესდა, ამ სენსიტიურ საკითხზე კანონმდებლებმა რატომ უნდა იმსჯელონ დაჩქარებულ რეჟიმში, მაშინ, როცა ყველა მსჯავრდებულის საქმეს დაზარალებული ჰყავს.

„ამ საკითხზე თუ დაჩქარებული წესით უნდა ვიმსჯელოთ, კითხვა ჩნდება - ვისთვის კეთდება ეს? დარწმუნებული ვარ, კონკრეტულად არავისთვის კეთდება, მაგრამ ასეთ საკითხზე დაჩქარებული წესით საუბარი მიუღებელია“, - აღნიშნა საგანელიძემ, რომლის პოზიციაც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც გაიზიარა.

სპიკერის განცხადებით, უვადო პატიმრობამ სიკვდილით დასჯის წესი შეცვალა და ის უვადო პატიმრობის მომხრეც არ არის, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ყველა საქმეს ჰყავს დაზარალებული, საკითხზე მსჯელობისას სხვა ქვეყნების კანონმდებლობაც უნდა იყოს მოძიებული და გათვალისწინებული.

თანაგუნდელების შენიშვნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაითვალისწინა და საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა აღარ მოუთხოვია, თუმცა, განმარტა, რომ ცვლილების მომზადება ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

„მთავარია, კანონის ინიცირება მოხდა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება“, - დასძინა ბესელიამ.

როგორც ჩანს, აღნიშნულ ცვლილებებზე მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება, რომელიც 2 სექტემბერს გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ უვადო პატიმრობამისჯილი ადამიანების საქმეების გადახედვის მოთხოვნით, ცოტა ხნის წინ, მსჯავრდებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს, ხოლო მათი ოჯახის წევრებმა საპროტესქტო აქციები გამართეს. მათი განცხადებით, პატიმართა დიდ ნაწილს წინა ხელისუფლებამ სასჯელი მტკიცებულებების გარეშე, უკანონოდ მიუსაჯა.