მუნდირის საქმე პროკურატურისთვის

მუნდირის საქმე პროკურატურისთვის

საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებებია გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც წესი, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ საქართველოს პროკურატურამ უცხოელი სპეციალისტები სწორედ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე სამართლებრივი დევნის დასაწყებად მოიწვია. ხელისუფლება ზოგადად არ მალავს, რომ უცხოელ ექსპერტთა კონსულტაციები მათ მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის პროცესშიც დაეხმარება, თუმცა ეს პროკურატურის რეფორმისათვის არის საჭირო.

რა პრობლემებია რეალურად პროკურატურაში და რამდენად დაეხმარება უცხოელი სპეციალისტების საქართველოში ყოფნა მას იმ კითხვებზე პასუხის გაცემაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გაჩნდება, ამ თემაზე ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ლევან, ნაციონალები გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მუდამ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ. როდესაც პროკურატურის მუშაობა მოწვეული სპეციალისტების მიერ კონტროლდება, რამდენად საფუძვლიანია კვლავ პოლიტიკურ დევნაზე აქცენტირება?

- ადვილად ასახსნელია, რას გულისხმობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები პოლიტიკურ დევნაში, მითუმეტეს, საქართველოს პროკურატურის მუშაობაში უცხოელ სპეციალისტთა მონაწილეობის ფონზე.

თუკი ვამბობთ, რომ კანონის წინაშე თანასწორობა არის მნიშვნელოვანი, მხოლოდ გამოძიება არაფერს ნიშნავს, რადგან საქმეების განხილვა მოხდება სასამართლოში და წინასწარ განცხადებების კეთება, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არ არის სწორი.

გასათვალისწინებელია, ისიც, რომ მათი ლიდერის მიმართ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ინტერესია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით, პოლიტიკური შეფერილობის მქონე არაფერი მომხდარა. მათ შორის იმ საქმეებზე, რომელიც სასამართლოშია წასული, დადგა გამამართლებელი განაჩენი ან შემსუბუქდა.

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის უცხოელი სპეციალისტების მოწვევა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვფიქრობ, პროკურატურა მიხვდა, მართლაც, რეალურად სჭირდება გამოძიების ხარისხის ამაღლება.

არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ ნებისმიერ მის მიერ გამოძიებულ საქმეზე - გახმაურებულ საქმეებს ვგულისხმობ - ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი დადგა. ეს იმ პირობებში, როდესაც ორი მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო საკანონმდებლო ორგანომ. პირველი, ეს გახლავთ, მოწმეთა დაკითხვის გადავადება ორი წლით (პრეზიდენტიც კი აპირებდა ამაზე ვეტოს დადებას) და მეორე - კანონპროექტი, რომლითაც დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება, გამოძიებასთან მიახლოებულიყო უფლებრივად - ჩხრეკის გარდა, ამოღებისა და მტკიცებულებების დამაგრების უფლება ამ საკანონმდებლო ინიციატივით გადაიდო. ასეთ პირობებშიც კი, როდესაც კვლავ გამამართლებელი განაჩენი დგება, ეს ნიშნავს, რომ გარდა საკადრო პრობლემებისა, პროკურატურას გამოძიების ხარისხის პრობლემაც აქვს.

თუკი ეს ხალხი ხარისხის კონტროლისთვის არის მოწვეული ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ამავე დროს ვურჩევ პროკურატურას, რომ გამოძიების ხარისხის ახალი სტანდარტი დაგეგმოს, რადგან ადრე თუ გვიან, მაინც, მოუწევს თუნდაც იმ გადავადებული საქმეების გამოძიება.

ასეთი სიტუაციის მიუხედავად, გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება „თეთრი ძაფით შეკერილი“ საქმეების შესახებ მაინც პოლიტიკური მგონია, რადგან საქმე საბოლოოდ სასამართლომ უნდა განიხილოს - გამოძიება ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა და საბოლოო სიტყვას ამბობს სასამართლო.

პროკურორების მოწვევა მართლაც იმისთვის ხომ არ მოხდა, რომ ისეთმა გახმაურებულმა გამოძიებებმა, რომლისთვისაც ემზადებიან ქართველი სამართალდამცველები არ გამოიწვიოს უცხოეთში აჟიოტაჟი?

- უცხოეთში აჟიოტაჟის გასანეიტრალებლად მოწვევის იდეის ნაკლებად მჯერა, რადგან ეს ხალხი სხვადასხვა სისტემიდან არის მოწვეული. გარდა ამისა, ეს ხალხი ვერაფერს ვერ გამოიძიებს - ერთადერთი, რაც შეუძლიათ, პროკურატურას შემატონ, ეს არის გამოცდილების გაზიარება - პირველ რიგში, ეს არის ყველა სავარაუდო მტკიცებულების მოძიება, სათანადოდ დამაგრება და სასამართლოში საქმის ისე გადაგზავნა.

პროკურატურას რომ ეთქვა, ეს ხალხი იმიტომ მოვიწვიე, კონკრეტულ საქმეებზე მიმეღო დახმარებაო, რა თქმა უნდა, კრიტიკული ვიქნებოდი. მოლოდინი მაქვს, რომ პროკურატურა გამოძიების ხარისხის სისტემის დანერგვას გეგმავს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, იგივე, შეჯიბრებითობაზე დამყარებული მართლმსაჯულების დასამკვდრებლად.

საზოგადოება ძალზე ბევრ გახმაურებულ საქმესნაციონალურ მოძრაობასუკავშირებს. თავად ნაციონალები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ასეთი განცხადებები რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სამომავლო საქმებზე პრევენციად?

- პოლიტიკაში ვერაფერს გამოვრიცხავ, ნებისმიერ განცხადებას ბუნებრივია, აქვს თავისი მიზანი - გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად ეფექტური იქნება პრევენციის თვლსაზრისით, ვერაფერს გეტყვით, რადგან, როდესაც კანონის წინაშე თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, აქ პრევენციაზე ლაპარაკი ზედმეტია - პოლიტიკური ნიშნით დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ მესმის, როგორ უნდა წარიმართოს, თუკი კონკრეტული საქმეების გამო დაიწყო სისხლის სამართლებრივ დევნა?!

თუ მომავალში, თუნდაც უცხოელი სპეციალისტების გამო, გამოძიების მიმართ კითხვები ნაკლებად გაჩნდება, გამოდის რომ ეს სიტუაცია პოლიტიკურად ხელს აძლევს ხელისუფლებას?

- ხელისუფლების ნებისმიერი წარმატება საზოგადოების თვალში მის ავტორიტეტს ზრდის, მხარდაჭერასა და ნდობის ხარისხსაც ზრდის. როდესაც გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ პროკურატურა სუსტ საქმეებს თავადვე აღარ წარმართავს სასამართლოში. თუკი მოხდება სრულყოფა და გამოძიების ხარისხი ამაღლდება, ის სკეფსისი, რაც საზოგადოებაშია გამოძიების მიმართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, საბოლოოდ გაქრება.

საზოგადოება რასაც საყვედურობს ხელისუფლებას ეს არის ერთი მხრივ, გახმაურებული საქმეების გამოძიება, რომელშიც საზოგადოების შეფასებით ხელისუფლება წარუმატებელია, მეორეა - წართმეული და ჩამორთმეული ქონების საკითხი. ამ კუთხით წინსვლას თუ ელოდებით?

- იმ მწირი კომენტარებიდანაც კი, რაც საჯაროდ გავრცელდა უცხოელი სპეციალისტების მოწვევასთან დაკავშირებით, არ იკითხება, რომ ამ კუთხით რამის შეცვლას უნდა ველოდეთ. რაც განცხადებებიდან, ჩანს, ეს არის ის, რომ პროკურატურას ეს ხალხი მოწვეული ჰყავს გამოძიების მიერ წარმოებული გახმაურებული საქმეების ხარისხის კონტროლის კონტექსტში.

არ მგონია, რომ წართმეული ქონების დაბრუნების თემა ამ კონტექსტში განსახილველი საკითხია. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოძიების ხარისხის ამაღლება ყველა მიმართულებით შეცვლის სიტუაციას.

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ვფიქრობ, მაინც პოლიტიკური თემაა, რადგან ის იყო წინასაარჩევნო დაპირება, საკმაოდ ეფექტური, ამისთვის ხალხის მხარდაჭერა მიიღო კოალიციამ და ახლა ხალხი სამართლიანად ითხოვს მის შესრულებას.

თუმცა, ბოლო პერიოდის განცხადებებს თუ გადავხედავთ, ეს თემა პოლიტიკოსთა რიტორიკიდან ნელ-ნელა ქრება. ხელისუფლება ცდილობს, ეს თემები საზოგადოებისთვის სხვა თემებით ჩანაცვლდეს, რაც, ვფიქრობ, კარგი არ იქნება. უკეთესია, თვითონ ხელისუფლებამ თქვას, როგორ აპირებს, კანონიერების ყველასთვის თანაბრად დამკვიდრებას და წარსულში დარღვეული უფლებების აღდგენას, თუკი ასეთი მართლაც იყო.

თუკი რომელიმე კონკრეტულ თემაზე საზოგადოება ხმამაღლა არ მსჯელობს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება არ წუხს ამაზე. სწორედ საპარლამნტო არჩევნების წინ ეს თემა შესაძლოა, ნეგატიურად შემოუბრუნდეს ხელისუფლებას, თუკი დღეს ჯეროვანი რეაგირება არ მოახდინა.

დასავლეთის მხრიდან გახმაურებული დაკავებების შემთხვევაში ყოველთვის კეთდებოდა კრიტიკული განცხადებები. თუ თქვენ ამბობთ, რომ არც ერთი საქმე არ ტოვებდა პოლიტიკური საქმის შთაბეჭდილებას, რამდენად სამართლიანი იყო ეს განცხადებები?

- ეს საქმეები ჯერ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიაშია. როდესაც დასრულდება, დასკვნის გაკეთება, ხარვეზებზე საუბარი, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი. იყო თუ არა პოლიტიკური მოტივები, ამაზე მხოლოდ განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეიძლება საუბარი.

რაც შეეხება დასავლეთის განცხადებებს, ოფიციალურ განცხადებებზე მაქვს საუბარი, ყველა იყო მოზომილი, იგრძნობოდა სიფრთხილე და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან სისტემური ცვლილებები სასამართლოს, მითუმეტს, გამოძიების თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ მომხდარა. თანაც, წინასაარჩევნოდ საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და პოლიტიკური კონფრონტაციაც იყო, ამიტომაც ისმოდა მათგან წუხილის განცხადებები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა შეფასებული პოლიტიკურ დევნად.

მიხეილ სააკაშვილის საქმის შემთხვევაში რამდენად აამაღლებს უცხოელი სპეციალისტების საქართველოში ყოფნა პროკურატურის მიმართ ნდობას ერთი მხრივ ქართული საზოგადოების, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთის თვალში?

- გამოძიებას იმდენ საქმეზე აქვს მიღებული გამამართლებელი განაჩენი, ეს უახლოესი წარსული საზოგადოებაში მის მიმართ ჯერ კიდევ მაღალ სკეფსისს იწვევს. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ საქმით ნდობის ამაღლება მუნდირის საქმე იქნება პროკურატურისთვისაც. მაგრამ, როგორ შეძლებს ამას, სასამართლოზეა დამოკიდებული და ეს არ უნდა დაავიწყდეს პროკურატურას. ერთია, ბრალი წაუყენო ადამიანს და მეორეა - ეს ბრალი დაუდასტურო, მტკიცებულებების საფუძველზე სრულად გაამყარო.

პოლიტიკური თამაშებისთვის თუ რიტორიკისთვის პირის დაბარება ბრალდებულის სახით, რა თქმა უნდა, შეფასებებს, წუხილებს თუ გამარჯვების ემოციებს აღძრავს პოლიტიკოსისა თუ არაპოლიტიკოსისთვის, მაგრამ რეალურად, ამას გაგრძელება მოსდევს.

გამოძიებამ საზოგადოებასთან ერთად სასამართლო და არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საზოგადოებაც უნდა დაარწმუნოს.

თუ რეალურად გავითვალისწინებთ პროკურატურის ქმედებებს - ჯერ თავისუფლების აღკვეთა უნდა მოითხოვოს ჩვენს სასამართლოში, ხოლო თუკი შემდგომ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება და დააკავებენ სააკაშვილს, ექსტრადიციის პროცესი უნდა გაიმართოს იმ ქვეყანაში, სადაც დააკავებენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი.

უახლოესი წარსული გავიხსენოთ, იგივე კეზერაშვილის საქმე და სხვებიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული პირის ექსტრადიცია არ მომხდარა.

საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე წუხილები ბუნებრივია, არსებობს. უახლოეს მომავალში უელსის სამიტია, რომელსაც მოსდევს გაეროს გენერალური ასამბლეა. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეჭვებსა და კითხვებზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხების მოსამზადებლად ჩვენს ხელისუფლებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა მართებს.

ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, ამ საქმით, რაც პროკურატურამ წამოიწყო, შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ - ბევრი გადაწყვეტილების მისაღებად საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლოა, სწორედ პასუხგაუცემელმა კითხვებმა შეუშალოს ხელი - არ ვამბობ, ეს კითხვა სწორი იქნება თუ არა. დავუშვათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკოსს, რომელიც საერთაშორისო სტრუქტურებშია წარმოდგენილი, გაუჩნდეს კითხვა და ვერ მიიღოს მასზე დამაჯერებელი პასუხი, ეს ხომ მისთვის იქცევა მოტივაციად რომ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი?!

ამიტომ არა მხოლოდ პროკურატურამ, არამედ ჩვენმა ხელისუფლებამაც ძალიან უნდა იფრთხილოს. პროკურატურამ კი უნდა გააათმაგოს მუშაობა, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს არც სასამართლოში, არც საზოგადოებაში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.