„მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერების ბერკეტები არ გაგვაჩნია“

„მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერების ბერკეტები არ გაგვაჩნია“

„თუ მტკვარი ჭოროხზე გადავა, ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გვექნება, რომ პროცესი შევაჩეროთ“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე.

ამის მიუხედავად, იგი დარწმუნებულია, რომ თურქულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწევს და ერთობლივ პროექტებსაც განახორციელებს, რომელიც მდინარე მტკვარზე პრობლემას აღარ გამოიწვევს. ამ მიზნით მომავალ კვირას კახი კალაძის მოადგილე თურქეთში მიემგზავრება.

ცოტა ხნის წინ ჰიდროსადგურების მშენებლობის შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ალაპარაკდა. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება კვლავაც აპირებს მტკვრის სათავეებში ჰიდროსადგურების მთელი კასკადის მშენებლობას, რის გამოც იმის საფრთხე არსებობს, რომ თურქეთიდან მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა.

კერძოდ, თურქეთი მდინარე მტკვრის სათავეზე, „ბეშიქ ჰაიას“ წყალსაცავების კასკადების მშენებლობას გეგმავს. თუ ეს პროექტი განხორციელდა, შესაძლოა, საქართველოში მტკვრის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის და ახალციხის რაიონში მტკვარში წყლის რაოდენობა დაახლოებით 60%-ით შემცირდება, ბორჯომში- 40%-ით, თბილისში - 16%-დან 20%-მდე.

ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge „მწვანეთა პარტიის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ კახი კალაძეს პირადად დაუსვა შეკითხვა და კალაძემ გულწრფელად უპასუხა, ეს მძიმე და ძნელი გადასაწყვეტი პრობლემააო, რასაც გიორგი გაჩეჩილაძე ეთანხმება, რადგან არავითარი საერთაშორისო ნორმატიული აქტი არ არსებობს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. თუმცა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი ერთ დოკუმენტს მაინც გამოარჩევს. ესაა მტკვრის გადარჩენის თეორიული შანსი. კერძოდ, საუბარია გაეროს ტრანსსასაზღვრო მდინარეების გამოყენების კონვენციაზე, რომელსაც არც საქართველო და არც თურქეთი არ არის მიერთებული. თუმცა კარგი იქნება, საქართველო თუ შეუერთდება ამ კონვენციას.

„თურქეთი არც შეუერთდება ამ კონვენციას, რადგან მარტო საქართველოსთან კი არა, სხვა ქვეყნებთანაც აქვს მდინარეების ირგვლივ პრობლემები, ლამის სამხედრო კონფლიქტი დაიწყონ თურქებმა მეზობელ ქვეყნებთან მდინარეებზე ჰიდროსადგურების მშენებლობის გამო. წყალი არის უმძიმესი პრობლემა და ბევრი კონფლიქტი მომხდარა სახელმწიფოებს შორის ამის გამო. სხვათა შორის, არდაგანში მცხოვრები თურქები შეწუხებულნი იყვნენ ამის გამო. იქაური ბიზნესმენები, ფერმერები ჩვენთან ჩამოვიდნენ და მასალები ჩამოგვიტანეს, რომელიც ადასტურებს, რომ თავიდან დაიწყო თურქეთმა ლაპარაკი იმაზე, რომ არდაგანის ოლქში, მტკვრის სათავეებში უნდა აშენდეს ჰიდროსადგურების კასკადი, თავისი წყალსაცავებით. პარალელურად კეთდება გვირაბი, რომლის საშუალებითაც გამომუშავებული წყალი გადავა ჭოროხის აუზში, ანუ მტკვარში კი არ დაბრუნდება, არამედ ჭოროხში გადავა, რადგან იქაც აშენებენ თურქები ჰიდროსადგურებს. მტკვრის წყლის გადასროლა შემაშფოთებელი ამბავია როგორც არდაგანის თურქული მოსახლეობისთვის (ისინიც უწყლოდ რჩებიან), ისე საქართველოსთვის. კატასტროფაა, რომ ჩვენთან მტკვარი აღარ შემოვა, მძიმე მდგომარეობა შეიქმნება თბილისში კანალიზაციის მხრივაც. ისედაც სუნი აქვს უკვე მტკვარს, არსებული წყალი ვერ ერევა ამ უბედურებას, ახლა წარმოიდგინეთ, წყალი რომ 20%-ით ნაკლები იქნება“,-აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

იგი განმარტავს, რომ პარალელურად, სერიოზული პრობლემები შეექმნება აზერბაიჯანსაც, რომლის წყლის ძირითადი არტერიაა მტკვარი, რომელიც მინგეჩაურის წყალსაცავს ავსებს.

„ერთ-ერთმა ტელევიზიამ ინტერვიუ აიღო ჩემგან ამ საკითხთან დაკავშირებით და ისე გააშუქა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ამ უბედურების უშუალო მონაწილედ ვასახელებდი. ამიტომაც ვკითხე კალაძეს, საქართველოს ხელისუფლება რაიმე ურთიერთობაში ხომ არ არის ამ უბედურებასთან? 2011 წელს სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ამ საკითხზე. არსებობს ეჭვი, რომ რაღაც დანაშაულის ტოლფას შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი. ესეც საკვლევი საკითხია. მე არ ვიცი, რას შესთავაზებს ქართული მხარე თურქებს, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ, ასეთი შეთავაზება იქნება, რომ საქართველომ და თურქეთმა ქვეყნის საზღვარზე ერთობლივად ააშენონ ჰიდროსადგური, ოღონდ ისე, რომ წყალი ისევ წამოვიდეს საქართველოს მიმართულებით. ეს არ იქნება ცუდი წინადადება, ეს კომპრომისული წინადადება იქნება, მაგრამ არ ვიცი, თურქები დათანხმდებიან თუ არა“, -ა ცხადებს დეპუტატი და საქმეში ევროკავშირის ჩართვასაც ითხოვს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მდინარე მტკვარი შეიძლება დაიცვას 1927 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, მტკვარსა და ჭოროხზე არ უნდა შემცირდეს ჩამონადენი და ჩამონადენის დაცვა უნდა მოხდეს. საერთაშორისო საზოგადოებას კი ვერანაირად ვერ ჩავრთავთ ამ საკითხში, რადგან თურქეთი არ არის ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და ტბების დაცვისა და გამოყენების კონვენციასთან შეერთებული.

ნინო ჩხობაძის თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ამ საკითხის მოგვარებაში, ევროკავშირია, რომლის ასოცირებული წევრიცაა თურქეთი. თუმცა რამდენად ქმედითი იქნება ევროკავშირი, უცნობია.

„ყოველ შემთხვევაში, წლების წინ, როცა თურქეთმა წყალი შეუწყვიტა სირიას და ლამის ომი ატყდა, საერთაშორისო საზოგადოება ჩაერია ამ საქმეში. დიპლომატიური პრობლემების გარდა, რაც შეიძლება მოგვიტანოს თურქული პროექტის განხორციელებამ, მეორე რეალური პრობლემა იქმნება - მტკვარში მნიშვნელოვანი ჩამონადენი შემოდის თურქეთის მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ მოცულობის წყალი დაგვაკლდება, რაც დარტყმას მიაყენებს საირიგაციო სისტემას და პრობლემას შეუქმნის ქვემო და შიდა ქართლს. ამიტომ ეს ყოვლად დაუშვებელია. 2011-12 წელსაც აქტუალური იყო ეს საკითხი. მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, თითქოს მისმა მთავრობამ თურქეთთან აღნიშნული პრობლემა მოაგვარა. რეალურად, თუ პრობლემა დღემდე არაა მოგვარებული, ეს ჩემთვის გაუგებარია“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და იხსენებს, რომ იმ დროს სამი მოლაპარაკება გაიმართა საქართველო-თურქეთს შორის და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა, აგრეთვე, აზერბაიჯანიც. მაშინ აზერბაჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ პირადად პრობლემა არ შეექმნებოდა, რადგან მინგეჩაურიდან იმავე რაოდენობის წყალს მიიღებდა, რასაც აქამდე იღებდა, უბრალოდ, პრობლემა შეექმნებოდა საქართველოს.