საზოგადოებრივმა საბჭომ ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დაასრულა

საზოგადოებრივმა საბჭომ ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დაასრულა

სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ, რომელიც ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებს სწავლობს, მუშაობა, თითქმის, დაასრულა, რომელსაც რეაგირებისთვის გამოძიებას გადასცემს. რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის, დაზარალებულთა ოჯახის წევრები, ვისაც, შესაძლოა, ჰქონოდა ინფორმაცია 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. პირველადი შესწავლილი შედეგების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში დასმული კითხვები კვლავ ლეგიტიმურია და გამოძიების მიერ პასუხი ამ დრომდე არაა გაცემული.

სპეცოპერაციის დროს დაზარალებული პირების ოჯახის წევრებს კვლავ აქვთ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები. ამ დრომდე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი, ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა და ლეგიტიმურობა. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ გაუცია.

შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში შსს–მ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. სპეცოპერაციის ოფიციალურ მიზეზად ლაფანყურიდან 5 ახალგაზრდის გატაცება დასახელდა. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა და მათ გასანთავისუფლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ლიკვიდრიებულია 11 პირი, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი რუსეთის მოქალაქეები. გარდაცვლილებს შორის იყვნენ შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი.

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიებას შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს. კითხვაზე, იკვეთება თუ არა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრალეულობა და რა ეტაპზეა გამოძიება, შსს-დან პასუხი ვერ მივიღეთ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც მძევლად ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიერ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფა, სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია გამოძიების ფარგლებში შეფასდეს სამართალდამცავი პირების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა, მართლზომიერება და პროპორციულობა.

სახალხო დამცველი ანგარიშით ირკვევა, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს, შსს-ს მაღალჩინოსნებს სანდრო ამირიძეს და ზურაბ მაისურაძეს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს პირდებოდნენ ე.წ. „კორიდორს“ ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას.

შესაბამისად, მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისიში, საბურთალოს რაიონში დაიქირავეს ბინები. შსს-ს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო.

სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩეჩნეთში საომრად გადასვლის იმედით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში დაახლოებით 120 ჩეჩენი ჩამოვიდა. ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და კონსპირაციულ ბინაში გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. ამ მებრძოლებს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა გაუფორმეს იარაღი, სხვა საჭირო დოკუმენტები და ნივთები. ამავე წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები დაყვეს ჯგუფებად და წვრთნას გადიოდნენ თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე.

როგორც ირკვევა, ე.წ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ე.წ. „პიკაპებით“ ლაფანყურში შევიდა ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი და თან შეიტანეს ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ჩეჩენი მებრძოლები ელოდებოდნენ ნებართვას ჩეჩნეთში გადასვლის შესახებ. პარალელურად, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. მიზანი ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა იყო.

შეპირებული „კორიდორის“ მიცემაზე შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს უარი უთხრეს და ჩეჩენ მებრძოლებს მოსთხოვეს იარაღის ჩაბარება. ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე, რასაც საპასუხოდ მოჰყვა ანტიტერორისტული ოპერაცია, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები.

ირკვევა, რომ ოპერაციისას გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გადასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ.

სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ჩეჩენი მებრძოლების ცხედრები აეროპორტის ტრასის სიახლოვეს მდებარე უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა მშობლებისა და მათი ნათესავების ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ მათ სთხოვა, რომ, თუკი გამოჩნდებოდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ცოცხლად გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები, ისინი დაკავშირებოდნენ მას, რომელიც იღებდა ვალდებულებას ამ მებრძოლების საზღვარზე უსაფრთხოდ გადაყვანის შესახებ. ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს ჯგუფი მოგვიანებით მართლაც შსს-მ გააცილა ვალეს სასაზღვრო პუნქტამდე.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა. ლორთქიფანიძე საქმის დეტაელბზე არ საუბრობს, თუმცა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს - ის იყო ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო.

ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ანგარიშში ასახული განცხადებები ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

„ამ თემაზე მეც დამკითხეს, ამირიძეც და მაისურაძეც. რა ინფორმაციაც გვქონდა, ყველაფერი ვუთხარით. საპიროსპიროდ ატრიალებენ ყველაფერს და ისე არ იძიებენ, რაც სინამდვილეში იყო. რადგან წინა ხელისუფლებაში ვმუშაობდით, ცდილობენ,  სხვა რაღაც გამოიყვანონ და არა ის, რაც სინამდვილეა. ჩემი, ამირიძისა და მაისურაძის დაკითხვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მოხდა, სადაც გვითხრეს, რომ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდათ ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით.

რომ დაგვკითხეს, გვითხრეს, კიდევ კარგი გავარკვიეთ, რადგან ჩვენ სხვანაირი ინფორმაცია გვქონდა და ახლა სხვანაირად იკვეთებაო. მე როგორ უნდა ჩამომეყვანა და დამეხოცა ჩეჩნები? მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც კონფლიქტი მოუვიდა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასთან, რომ ღონისძიება არ დაწყებულიყო. 5 წუთიდან 5 საათამდე გავწელე დრო - თვითონვე ჩეჩნები და ქისტები მივუყვანე, რომ გაერკვიათ სინამდვილეში, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ.

2013 წლის 22 ოქტომბერს სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო. საბჭოს მიზანი იყო, ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების სრულყოფილი შესწავლა და დოკუმენტირება. რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის, დაზარალებულთა ოჯახის წევრები, ვისაც შესაძლოა, ჰქონოდა ინფორმაცია 2012 წლის 28 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. პირველადი შესწავლილი შედეგების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში დასმული კითხვები კვლავ ლეგიტიმურია და გამოძიების მიერ პასუხი ამ დრომდე არაა გაცემული.

საბჭო თავის სრულყოფილ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს. For.ge-ს ინფორმაციით ანგარიშში დეტალურად არის მითითებული ის ხარვეზები, რომელთაც ადგილი აქვს ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალურ გამოძიებაში. გამოძიების პროცესში ამ დრომდე პრობლემური რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, საქმის სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და დაზარალებულთა პროცესუალური უფლებების დაცვა.

საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებული იქნა საინტერესო მასალები, რის საფუძველზე მომზადდა საბოლოო დასკვნა.

„ჩვენი კომისიის კომპეტენცია არის ფაქტების დადგენა და ამ ფაქტების დადგენა იმ გამოძიების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. როგორ გამოიყენებენ ამას და ვის წაუყენებენ ბრალს, ეს გამოძიების საქმეა. ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ასეთი ფაქტი არ მოხდებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

კომისიის კიდევ ერთი წევრი მექა ხანგოშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სპეცოპერაციის გაცემის ბრძანება ყოფილმა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გასცა.

„შს მინისტრის გარეშე სპეცოპერაციის დაწყების ბრძანებას ვერ გასცემდნენ. ძალიან კარგად ვიცი უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ბაჩოს აქვს ნათქვამი, რომ ძალიან განიცდის და არ უნდოდა, რომ ჩეჩნებთან ასეთი მარცხი მოსვლადა. ადამიანები, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ამ ბიჭებთან, რომ დაეყარათ იარაღი, უთხრეს, რომ დრო დამთავრდა, ბაჩო ახალიამ ბრძანება უკვე გასცა სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებითო.

დიახ, ბაჩო ახალაიას უშუალო ბრძანებით მოხდა სპეცოპრეცია, მისი უშუალო ბრძანებით მოხდა ამ ადამიანების ლიკვიდაცია. მაგარამ ამ ბრძანებას ახალაია ვერ გასცემდა, რომ არა ქვეყნის პირველი პირის ბრძანება. ამბობენ, რომ დათა ახალაიაც იქ იყოო. ველოდებით გამოძიების საბოლოო დასკვნას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, ვისთან მიდის კვალი და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. მისი თქმით, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, გამოძიება პირის მძევლად აყვანის მუხლით მიმდინარეობს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იკვეთება რამდენიმე დანაშაულის ნიშანი და შესაბამისად, საბჭოს მიერ მოპოვებული მასალები უახლეს დღეებში წარედგინება გამოძიებას, რომ დადონ შედეგი.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფრი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე მივა, თუმცა, მუშაობის დასრულებამდე გამიჭირდება კონკრეტული პირების გვარების დასახელება. როდესაც, უცებ ჩნდება ამდენი შეიარაღებული პირი, მათი დიდი ნაწილი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის რამდენიმე სამხედრო და არც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა, რომელიც სიკვდილის მიზეზებს დადგენდა.

არის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და რაც მთავარია, მიუხედავად პარლამენტის დადგენილებისა, რომ გამოძიება ეწარმოებინა პროკურატურას და ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ჩამოშორებულიყო საქმის გამოძიებას, არ შესრულდა. სამწუხაროდ, გამოძიებას ისევ, შსს-ს და ის პირები აწარმოებენ, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ საქმეში ჩართული, არ იქნენ ჩამოშორებული. ფაქტია, რომ გამოძიება არის გაჭიანურებული, შედეგები კვლავ უცნობია საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ლოგიკურ დასასრულამდე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა.