„უნდა თუ არა კობახიძეს ან კალაძეს, სახელმწიფოში დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული“

„უნდა თუ არა კობახიძეს ან კალაძეს, სახელმწიფოში დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული“

„როდესაც ახალი ხელისუფლება ხელს აფარებს კრიმინალებს და აცხადებენ, რომ ჩვენ ვერ გამოვიძიებთ, ახალ პროკურორებს ვერ ავიყვანთო, ეს არის სწორედ დანაშაულში თანამონაწილეობა. უნდა თუ არა კობახიძეს ან კალაძეს, ეს მათი ნება არაა, სახელმწიფოში დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული“, - აცხადებს ბიზნესმენი მამია სანადირაძე, რომლის განცხადებით, „კავკასუს ონლაინის“ გადაფორმება „პროგრეს ბანკის“ საშუალებით ვიცე-პრემიერის ახლობელზე მიმდინარებს.

For.ge მამია სანადირაძეს ესაუბრა.

საქართველოს პროკურატურასა და მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს სამართლის სფეროში არსებულ მსოფლიო პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებსთქვენ თუ გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენი საქმე გახდება მათი დაინტერესების საგანი?

- მაღალკვალიფიციური ექსპეტრები დაკავებული არიან იმ ორგანიზებული დანაშაულის შესწავლით, რომელშიც ჩართული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ძარცვავდა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. იმედი მაქვს, რომ კვალიფიციური ექსპერტები ამ საკითხს სისტემურად გაივლიან და ყველაფერი ნათელი გახდება. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის სწორი. უმაღლესი დონის ექსპერტები ღრმად ჩასწვდნენ მაფიის მამამ მიხეილ სააკაშვილმა როგორ ააწყო ოსტატურად საქართველოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა და ეს მსოფლიომ უნდა ნახოს. მაგრამ, რაც შეეხება ხალხისთვის წართმეულ ქონებას, საქმე აქამდე არ მივა. ექსპერტები ვერ შეძლებენ ღრმად ამ საქმეში ჩაწვდომას, ისევე ახლადგამომცხვარი დიდი კაცების დამსახურებით, რომლებმაც პრაქტიკულად სადავეები აიღეს სახელმწიფოში. საქართველოში ასეთი პოლიტიკური კულტურაა, ხალხი იმისთვის მოდის ხელისუფლებაში, რომ დადგეს კანონზე მაღლა და წინა ხელისუფლების დროს ნაძარცვი ქონება გადაინაწილოს. ის მძარცველებიც იმიტომ ძარცავენ მშრომელ ხალხს, რომ იციან მოვა მთავრობა, რომელთანაც ისინი აუცილებლად მონახავენ საერთო ენას და გაიყოფენ იმ ნადავლს, რომელიც წინა ხელისუფლებამ ძარცვა.

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული მაგალითი, რომ წინა ხელისუფლების დროს ნაძარცვი ქონების ძარცვა დღესაც გრძელდება...

- ასეთი დიდი კაცის თვალსაჩინო მაგალითი არის კახი კალაძე. როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, იმ წუთიდან დააყენა საკუთარი თავი კანონზე მაღლა. ეს ახასიათებთ ახალ მოსულ ავანტიურისტებს, თვითკმაყოფილი, ყეყეჩი ადამიანები არიან. კახი კალაძე სწორედ ასეთი პიროვნებაა, რომელიც არ თაკილობს ნაძარცვი ქონების გადანაწილებას. ის არც მანამდე იყო შორს ამ საქმისგან, ის მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის კორუფციულ პრივატიზაციებში „კახა კაპიტალის“ მეშვეობით. მან სიმბოლურ ფასად შეიძინა ქობულეთის „ინტურისტი“, რომელშიც რამდენიმე მილიონი უნდა ჩაედო და აემუშავებინა, მაგრამ კაპიკი არ ჩადო, ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

შემიძლია მოვიყვანო მეორე ფაქტი - კალაძემ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად „საქენერგომშენის“ და „საქჰიდრომშენის“ პრივატიზაცია მოახდინეს. იქ იყო თავმოყრილი დიდი რაოდენობით ტექნიკა რაც გაანადგურეს რამდენიმე წელიწადში,ხელში ჩაუვარდათ ყველა ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რაც კი შესაძლებელია საქართველოში აიგოს. ზურაბ ნოღაიდელმა და კახი კალაძემ ეს ინტელექტუალური საკუთრება მიისაკუთრეს - 50 პროცენტი იყო ამ ბატონების, 50 პროცენტი კი მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც განაგებდნენ როგორც სხვა ბევრ მითვისებულ ფირმას მიშას ჯიბის ბიზნესმენები: ხვიჩა მაქაცარია, რეზო შარანგია და ლევან ყარამანიშვილი. იქედან მოყოლებული კალაძე ჩაბმულია ასეთ მაქინაციურ ურთიერთობებში ამ ხალხთან. ეს ადამიანი არის ისეთივე პრინციპების მატარებელი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, ხვიჩა მაქაცარია და შარანგიები. ეს არის თვითკმაყოფილი დიდი კაცი.

როდესაც ხვიჩა მაქაცარიას მფარველობაში დაადანაშაულეთ ვიცე-პრემიერი, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა და თქვა, რომ თქვენ ხართ თაღლითი. თუ გაქვთ ფაქტები, რომლითაც დასტურდება, რომ ხვიჩა მაქცარიას კახი კალაძე მფარველობს?

- „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომლები ღიად აცხადებენ, რომ „კავკასუს ონლაინის“ გადაფორმება ხდება კალაძის „პროგრეს ბანკზე“. ხვიჩა მაქაცარიასგან ქონება საკუთრებაში გადაეცემა კალაძის ახლობლებს. ამითი ისინი შეეცდებიან, რომ მაქაცარია ქონების გარეშე აღმოჩნდეს და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ლონდონის სასამართლო მოვიგეთ და მოვითხოვეთ ჩვენი საკუთრების დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, კალაძის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან „კეთილსინდისიერი შემსყიდველები“, რომლებსაც მე ვეღარ შევედავები.

ვაცხადებ, რომ ტყუილად ირჯებიან, ისინი ვერ ჩაითვლებიან ამ კომპანიის პატიოსან შემსყიდველად. თვითონ კახი კალაძე იქნება თუ მისი ცრუმაგიერი პირები, ყველამ იცის, რომ ეს კომპანია წარმოადგენს ნაძარცვ ქონებას, ამ კომპანიის გამოძალავის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება და შეიძლება 100 წელი გაგრძელდეს, სწორედ ამ მფარველების გამო.

ახლადგამომცხვარი დიდი კაცები ცდილობენ ნაძარცვი ქონების გადანაწილებას. სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, როდესაც კახი კალაძე ხვიჩა მაქაცარიასგან იფორმებს ნაძარცვ ქონებას. ახლა მიმდინარეობს ამ სისხლიანი ლუკმის გადანაწილების პროცესი. „კავკასუს ონლაინი“ არის თვალსაჩინო მაგალითი როგორ ხდება ახლადგამომცვარი დიდი კაცის ჩარევა ბიზნეს გადანაწილებაში.

თქვენი პირველი ხმაურიანი განცხადების შემდეგ, ამბობთ, რომ თქვენზე თვალთვალი დაიწყო. ამის დამამტკიცებელი მასალა თუ გაქვთ?

- დიახ. გაზეთ „რეზონანსში“ ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დამიკავშირდა „მაესტროს“ ჟურნალისტი და მთხოვა ინტერვიუ. ადგილზე შევთანხმდით, მაგრამ ბოლო მომენტში ტელეფონით შევცვალეთ ინტერვიუს ადგილი, 5 წუთით ადრე გადავურეკე ჟურნალისტს და ვუთხარი სად უნდა შევხვედროდით. ინტერვიუს პროცესში გამოჩნდა ნისანის  შავი ჯიპი, სახელმწიფო ნომრით ACH 330, მანქანიდან გადმოვიდნენ თანამშრომლები, გვიღებდნენ ვიდეოს, სურათებს და აფიქსირებდნენ ჩვენს გადაადგილებას. ამის შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ მანქანის ნომრები, შევეცადეთ დაგვედგინა ვისი იყო ეს მანქანა, მაგრამ გაირკვა, რომ ასეთი ნომრები საერთო ბაზაში არ აღირიცხება. ეს არის ოპერატიული სათვალთვალო მანქანები. მიმდინარეობს ჩემი თვალთვალი, ისმინება ჩემი ტელეფონი. მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერანაირი თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე ვერ იმოქმედებს. გავაგრძელებ ამ კრიმინალთა გამოაშკარავებას.

თქვენს შესახებ მომზადდა ფილმი, სადაც თქვენი ყოფილი პარტნიორები ღიად გადანაშაულებდნენ თაღლითობაში, რომ თქვენი არ ხართ კეთილსინდისიერი ბიზნესმენი და .. რას იტყვით ამ ბრალდებაზე?

- ინფორმაცია მაქვს, ეს ფილმი გაკეთდა ვიცე-პრემიერის შეკვეთით, ხოლო უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას, რა და როგორ,  შემდგომში მოგაწვდით. ეს არის ჩემს წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი. ფილმის მთავარი ხაზია თითქოს, შარიანი კაცი ვარ და ვთაღლითობ. მოიყვანეს ადამიანი, რომელმაც კალაძის და მაქაცარიას სახლში გააკეთა რემონტი. ის არის უბრალო ვაჭარი, რომელმაც თავის დროზე ჩემს საქმეში ჩადო ფული და, რომელიც შემდეგ ოთხმაგად გამოვისყიდე.

მტკიცებულება გაგაჩნიათ, რომ ამ ადამიანს გადაუხადეთ ფული?

- რა თქმა უნდა, ნოტარიულად დამტკიცებულია ეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოში ხომ მთავარი საბუთი არაა. საქართველოში მთავარია ვინ უფრო მეტად იყვირებს. ადამიანი ამბობს, რომ 13 წლის წინ გადავეცი ქონება, რომელიც 2010 წელს გაიყიდაო. ლაპარაკობს 2014 წელს, მანამდე სად იყო? ეს არის სიყალბე, რომელის უკან დგას კახი კალაძე და ხვიჩა მაქაცარია, ეს ადამიანი კი მათი მონაა. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს ცილისმწამებლური განცადებისთვის.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება წაართვეს ქონება, მაგრამ შემდეგ ის გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, შეიძინა მესამე პირმა, რომელიც ამუშავებს იმ საწარმოს. მისთვის ამ ბიზნესის წართმევა და ისევ ძველი მფლობელითვის დაუბრუნება, არ ჩაითვლება სამართლიანობის აღდგენად. მისი თქმით, ასეთი მიდგომით ბიუჯეტმა უნდა ზღოს ზარალი. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით, არის ეს საკითხისადმი სწორი მიდგომა?

- ამ გადანაწილებაში სადაც თვითონ არიან ჩართულები, ცდილობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალებში. ეს არის ძალიან იოლად დასადგენი. როდესაც ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, პირდაპირი წესით ხდებოდა ამ ქონების ზონდერებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე მიყიდვა. პატიოსანი მყიდველის დადგენაც ძალიან იოლად შეიძლება. ეს ყველაფერი არის გამოძიების საქმე.

როდესაც ახალი ხელისუფლება ხელს აფარებს კრიმინალებს და აცხადებენ, რომ ჩვენ ვერ გამოვიძიებთ, ახალ პროკურორებს ვერ ავიყვანთო, ეს არის სწორედ დანაშაულში თანამონაწილეობა. უნდა თუ არა კობახიძეს ან კალაძეს, ეს მათი ნება არაა, სახელმწიფოში დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და წართმეული ქონება უნდა მოიძებნოს. ამ ქვეყანაში თუ იქნება კანონიერება და გამოძიება, ხვიჩა მაქაცარაია თავს ვერასოდეს ვერ გაიმართლებს.