ორგანიზაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ახალკაცი მიიჩნევს, რომ დღეს ციხეებში ე.წ. მაყურებელთა ინსტიტუტი არ მოქმედებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკეული ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურის მიერ ძიების დაწყებაც მიზანშეუწონელია. ახალკაცი ფიქრობს, რომ საკითხი თავდაპირველად უწყების გენერალურმა ინსპექციამ უნდა შეისწავლოს.
„სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულების პატიმრებთან მაქვს კონტაქტი და მსგავსი რამ რომ ხდებოდეს, ინფორმაცია მეც მექნებოდა“,- ამბობს იგი.
ალექსანდრე ახალკაცი ახალგაზრდა უფლებადამცველია. პატიმრების უფლებებზე ის საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებითაც საუბრობს. საპატიმროში წლების წინ უნივერსიტეტიდან მოხვდა. 19 წლის სტუდენტს ბარალად ყაჩაღობა წაუყენეს - მობილური ტელეფონის მოპარვისა და გაყიდვისთვის 6-წლიანი საპატიმრო სასჯელი დააკისრეს. ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით დასაჯეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც მუდმივად არღვევდნენ მის უფლებებს. პატიმრობის პირობებში წიგნი დაწერა. „გამოცდა ხელბორკილით“,- ასე ჰქვია მის რომანს, რომელიც ავტორის თვალით დანახულ ციხის ცხოვრებას და პოლიტიკურ ასპექტებს მოიცავს. წიგნის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება.
ალექსანდრე ახალკაცი for.ge-ს საკუთარი წიგნის შესახებ ესაუბრა. თუმცა, საზოგადოებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება იმის შეხსენებაც, თუ როგორ მოხვდა იგი უნივერსიტეტიდან საპატიმროში.
ალექსანდრე ახალკაცი: 5 წელი და რამდენიმე თვე მომიწია პატიმრობამ. 6 წელი მქონდა მისჯილი და ცოტა ადრე გამოვედი, ხელისუფლების შეცვლის და ამნისტიის გამოცხადების გამო. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, კიდევ გამიგრძელებდნენ პატიმრობას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გაგა მკურნალიძე ხშირად მემუქრებოდა, რომ ასე გააკეთებდა.
მკურნალიძეს რა ინტერესი ჰქონდათ თქვენს წინააღმდეგ?
- ჩემს დაპატიმრებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ავალიანს დავუპირისპირდი. შემდეგ ეს დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონფრონტაციაში გადაიზარდა. ავალიანი დავით კირკიტაძის ახლობელი იყო და უნივერსიტეტში, უშუალოდ, პარტიის დავალებებს ასრულებდა. რასაც უნივერსიტეტის თვითმმართველობა ერქვა, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერბრიგადა იყო. სტუდენტების დაშინება- დაშანტაჟებას ეწეოდნენ. ნაციონალების ღონისძიებებზე სიარულს, დროშების ფრიალსა და „მიშა-მიშას“ ძახილს ავალებდნენ სტუდენტებს. იმ პერიოდში ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე ისეთი ფაქტი გავახმაურე, რაც მიუღებელი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად დავუპირისპირდი.
მალევე დამაპატიმრეს. ოფიციალური ბრალი ყაჩაღობის მუხლით წამიყენეს, თითქოს, მობილური ტელეფონი მოვიპარე და გავყიდე. „დაზარალებული“, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ცოტა ხანში ჩემი საქმის გამომძიებლის ცოლი გახდა. ბრალს მდებდნენ ტელეფონის გაყიდვაში. სინამდვილეში იმ დღეს, როცა ხსენებული ტელეფონი გაიყიდა, მე, რეალურად, მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი და მაშინდელი განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ საუკთესო მოთხრობებისთვის საკუთარი ხელით გადმომცა პრიზები. გამოძიების პროცესში ჩემთან ერთად დაიკითხა ე.წ. მობილურის გაყიდვის საქმეში ჩემი ერთ-ერთი თანამონაწილე, თუმცა, რატომღაც, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, მეტიც, რამდენიმე კვირაში ის პატრულის თანამშრომლიც კი გახდა.
ციხეში რომანის დაწერა რატომ გადაწყვიტეთ?
-დაპატიმრებამდე სტუდენტი ვიყავი. მაგრამ, 2010 წელს კიდევ ერთხელ ჩავაბარე მისაღები გამოცდები. 2009 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, თუ მსჯავრდებული აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს წარმატებით გაივლიდა, გათავისუფლდებოდა. ჩავაბარე და 100%-იანი გრანტიც დავიმსახურე, მაგრამ მე და გიორგი ზერეკიძეს მაინც არ მოგვცეს უფლება, ციხე დაგვეტოვებინა. სწორედ, მაშინ გადავწყვიტე წიგნი დამეწერა. სათაურიც სიტუაციის შესაბამისი შევურჩიე - „გამოცდა ხელბორკილით“.
რა არის წიგნის მთავარი სათქმელი?
- რომანის პირველი ნაწილში საუბარია ბორკილიან აბიტურიენტზე. ფაქტობრივად, ეს არის დოკუმენტური პროზა. აღწერილია ციხის ცხოვრება და იქ მიმდინარე ამბები. თითქმის ორი წლის განმავლობაში ვწერდი, იმიტომ გამიგრძელდა ასე, რომ წერის დროს ძალიან შეზღუდული ვიყავი, სისტემის დანაშაულებებზე ვწერდი და რომ ენახათ, დამსჯიდნენ. ისე მოხდა, რომ ჩემი ნაწერების გარკვეული ნაწილი მაინც ჩაუვარდათ ხელში. გაჟონა ინფორმაციამ, რომ რაღაცას ვწერდი და რისი გარეთ გამოგზავნაც ვერ მოვასწარი, წამართვეს და გაანადგურეს. შემდეგ მაქსიმალურად მზღუდავდნენ, წერის საშუალება აღარ მქონდა. ფურცლებიც კი წამართვეს.
ჩემი ნაწერები რომ წაიღეს, ციხის დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს. მკითხეს, რა არის ეს? მოთხრობა-მეთქი. პერსონაჟები ვინ არიანო? - იმ ფურცლებზე, რომლებიც მათ ჩაუვარათ ხელში სახელ-გვარები არ მქონდა ნახსენები. დირექტორი პარალელურად მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ესაუბრებოდა ტელეფონით, მან უთხრა, საკადრისი პასუხი გაეცითო და უშუალოდ, მისი ბრძანებით, ჩემს თვალწინ გაანადგურეს ის ნაწერები.
რომანის ძირითადი სათქმელი ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაადამიანურ პირობებშიც არიან თავისუფლები და სიცოცხლეზე შეყვარებულები და ისინი არაფრის გულისთვის იხევენ უკან - არ ყიდიან სინდისს და ნამუსს. იციან, რომ მათი სიცოცხლის წამზომი ჩართულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად აკეთებენ ყველაფერს. რომანშიც და ჩემთვის ცხოვრებაშიც ადამიანი არის დაუმარცხებელი. შეიძლება ფიზიკურად გაანადგურო, მაგრამ, იდეურად ვერ დაამარცხებ. აუცილებლად მიაღწევს მიზანს, თუ ის იბრძოლებს და იშრომებს ბევრს.
რაც შეეხება წიგნის პერსონაჟებს, ვის ასახიერებენ ისინი ?
- თითქმის ყველა პერსონაჟი არის რეალური. ბევრი მათგანისთვის სახელიც კი არ შემიცვლია. ყველამ ყველა იცის, ვინ ვინაა. ერთ-ერთი პერსონაჟი - „ბატონი“ მიხეილ სააკაშვილს ჰგავს, მაგრამ მე მას ღიად არ ვამბობ, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ არის „ბატონი“, ან „ქალბატონი ვეზირები“ . მე ვამბობ, რომ „ბატონი“ არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ის არის ყველა ტოტალიტარული რეჟიმის სახე, განზოგადებულია. დანარჩენი პერსონაჟები მისი იდეების „შნირები“ არიან.
ქილერა, ნინძა, მუხაძე და სხვები კი პირდაპირ მყავს მოხსენიებული - სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები არიან. ასევე ეძახდნენ მათ ციხეში. ასრულებდნენ დაკვეთას და პატიმრებს აწამებდნენ. ეს ადამიანები დღეს აღარ არიან თანამდებობებზე.
როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა საპატიმრო დაწესებულებებში და რა არის შესაცვლელი დღეს?
- შეიცვალა ის, რომ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ქმედებები აღარ არის. ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი საქმის გასაჩივრების უფლება. ადვოკატებს აღარ აყენებენ შეურაცხყოფას, ადრე სცემდენენ კიდეც პატიმრის უფლებების დარღვევის გაპროტესტებისთვის. საპატიმრო დაწესებულებები გაცილებით ლიბერალური გახდა და იმის შიში არ აქვთ ადამიანებს, რომ იქ ცემით მოკლავენ და ხელოვნურად დააავადმყოფებენ.
რამდენიმე დაწესებულებაში მომიწია ყოფნამ, მათ შორის ტუბდისპანსერშიც ვიყავი. საკუთარი თავლით მაქვს ნანახი ტუბდისპანსერში მედპერსონალი დიდ ტაშტში როგორ რეცხავდა შპრიცებს. მერე ამ ნემსებს სხვებს უკეთებდნენ. სპეციალურად აკეთებდნენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ დაავადმყოფებულიყო. ექიმები ყურადღებას არ აქცევდნენ ავადმყოფ პატიმრებს. ახლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის შესაცვლელი - სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმის დროს პატიმრებს შეურაცხყოფდა. თუ ვინმე არის ასეთი დარჩენილი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული თუნდაც ერთი პატიმრის ცემაში, ის ადამიანი უნდა დაითხოვონ. უნდა მომზადდეს კადრები, რომლებიც უფრო ჰუმანურები იქნებიან და კანონს დაიცავენ. მინისტრის ინიციატივით უნდა შეიქმნას ასეთი სასწავლო კურსები და გადამზადებულმა ადამიანებმა უნდა ჩაანცვლონ დანაშაულის თანამონაწილეები. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა პრემიების საკითხიც.