ქართველ გულშემატკივრებს წინა კვირას მოსაწყენად არ ეცალათ. ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ყველა შეხვედრა წააგო, ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. იმედი მაქვს რომ მომდევნო ასპარეზობებში, ასაკოვანი ლეგიონერების ადგილს ადგილობრივი ახალგაზრდა მოთამაშეები დაიკავებენ. მოწვეულმა წყალბურთელებმა საკუთარი მისია უკვე შეასრულეს, მაგრამ ალბათ მადლობა უნდა გადავუხადოთ და ნაკრები ქართველებით დავაკომპლექტოთ. იმედი მაქვს რომ უახლოეს წლებში ევროპის კონტინენტზე ქართული წყალბურთი ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
წყალბურთს დავემშვიდობოთ და ფეხბურთზე გადავინაცვლოთ. თბილისის „დინამო“ ჩაიძირა, კლუბი „ზესტაფონი“ უიმედოდ დამარცხდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თანამედროვე ფეხბურთში საერთო დონე გათანაბრდა და უბრძოლველად ვერცერთ მეტოქეს ვერ დაამარცხებ, თუ თქვენი მოწინააღმდეგე თბილისის „დინამო“ არ იქნება. ამ მოსაზრების გამო „დინამოს“ ხელმძღვანელობასა და ყველა გულშემატკივარს დიდ ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ამ კლუბის „ყაზახურმა ასპარეზობამ“ ამ გამონათქვამის უფლება მომცა.
ერთი შეკითხვა კი გამიჩნდა. ბატონ ფიფიას გადასაყრელი ფული ბევრი გააჩნია? მესამე სეზონია საქართველოს უპირველესი გუნდი უაზრო ექსპერიმენტების „ლაბორატორიად“ არის ქცეული და გამკითხავი არავინ არის. მალე საქართველოს მორიგი პირველობა დაიწყება და „დინამო“ ალბათ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს, სამაგიეროდ ევროპულ სარბიელზე ყაზახურ, სლოვაკურ, ბულგარულ და ა. შ. მეტოქეებთან უშანსოდ დამარცხდება.
არ გვინდა „დინამოზე“, (მითუმეტეს „ზესტაფონზე“) საუბარი და დადებით თემებზე გადავიდეთ.
არავის სჯეროდა რომ „ჩიხურა“ თურქულ „ბურსასფორს“ თანასწორ ბრძოლას გაუმართავდა და შენოლ გიუნეშის კლუბს ორი შეხვედრის ჯამში აჯობებდა.
დღეს ბევრია საუბარი, ფეხბურთელი მუმლაძე თურქი გულშემატკივრების ტრიბუნისაკენ უნდა გაქცეულიყო თუ არა. ამ ინციდენტმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაძაბა და კიდევ ერთი „ტაიმის“ მომსწრენი შევიქმენით: საქმეში ადგილობრივი და თურქი სპორტული ჟურნალისტები ჩაებნენ. ამ მოვლენების პერიპეტიების აღწერას ამჟამად არ შევუდგები, მაგრამ ერთს კი გეტყვით. თურქეთში ქართულ სპორტულ დელეგაციებსა და მას-მედიის წარმომადგენლებს ყოველთვის „აგდებულად“ ხვდებოდნენ და ხვდებიან. ფეხბურთელი მუმლაძე ათიოდე დღის წინ ქალაქ ბურსაში იმყოფებოდა და „თურქული სტუმართმოყვარეობა“ საკუთარ თავზე იწვნია. ნუ დავადანაშაულებთ ამ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელმაც (ჩემი აზრით) ნამდვილი პატრიოტიზმის გრძნობა გამოავლინა და „ამ თავაშვებულ თურქებს“ თავისი ადგილი მიუჩინა.
კომენტარს აღარ გავაგრძელებ და ერთ ციტატას მოგიყვანთ. 1996 წელს, თბილისის „ვითას“ კალათბურთელთა გუნდს თურქეთში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ მატჩის ჩატარება მოუწია. გთავაზობთ ბატონი ბესიკ ლიპარტელიანის მოგონებას:
„ათათურქის“ 5 000-იან დარბაზში 2-3 ათასამდე გულშემატკივარი ტრიბუნებზე ცეკვავდა, ხტუნავდა, მღეროდა, მოედნისკენ კი მხოლოდ მაშინ მოიხედავდა, როცა „ბოლტის“ ან „კოკა-კოლის“ სროლა მოეპრიანებოდათ. დავრწმუნდით კიდეც თურქი მსროლელების აქტივობაში, მათი მიზნის სიზუსტე ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ.
ან იმას რა დაგვავიწყებს, ქართველებს ეროვნული და „ვითას“ დროშები რომ არ გაგვაშლევინეს. „ვითას“ ქომაგთა მცირერიცხოვან ჯგუფს კი, რომელსაც ძირითადად ანკარაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები რომ შეადგენდნენ, ხმის ამოღების საშუალებაც არ მისცეს. სამაგიეროდ, დარბაზში ამაყად ფრიალებდა აფხაზეთის დროშა.
დაგვამახსოვრდნენ მსაჯებიც და ტაბლოც. ბუნებრივია, მათ მხარი მატჩის კომისარმაც აუბა. მატჩის არც ტექნიკური ოქმი მოგვცეს და არც პრეს-კონფერეცია ჩატარებულა“.
საჩხერის „ჩიხურას“ მომდევნო მეტოქე ბაქოს „ნეფთჩი“ იქნება. ეს გუნდი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის პირველობაზე ასპარეზობდა. ამ კლუბიდან მაშალა ახმედოვი, ისკანდერ ჯავადოვი და სსრკ-ის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე გუნდში მოასპარეზე იგორ პონომარიოვი მახსენდება. კიდევ იმასაც გავიხსენებდი, რომ ერთხელ „დინამო“ მოწინააღმდეგეს თბილისში პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით - 3:0 ამარცხებდა. სამწუხაროდ „აზერებმა“ მეორე ნახევარში სამი ბურთის გატანა მოახერხეს და საქართველოს დედაქალაქიდან ერთი საპატიო ქულის წაღება შეძლეს.
„ნეფთჩი“ თავის ქვეყანაში დაახლოებით იგივეა, რაც თბილისის „დინამო“ საქართველოში. წარსულითა თუ ტრადიციებით, ამ გუნდს აზერბაიჯანში ვერავინ შეედრება.
1937 წლიდან (დაარსებიდან) 1968 წლის გაზაფხულამდე, კლუბი „ნეფტიანიკის“ სახელწოდებით თამაშობდა და 1989 წლის ჩათვლით, საბჭოური ფეხბურთის უკლებლივ ყველა რანგის შეჯიბრებებში ღებულობდა მონაწილეობას. ეს იყო უმაღლესი ლიგის, მეორე ჯგუფის, „ბ“ კლასის, პირველი ლიგის ჩემპიონატები, საკავშირო თასის გათამაშებები, ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშებები, გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ პრიზის-„ენძელას” ტურნირი.
ბუნებრივია, ჩამოთვლილ ასპარეზობათა ფარგლებში, „ნეფთჩის“ ქართულ გუნდებთანაც უხდებოდა პაექრობა და საკმაოდ ხშირადაც. ბაქოელებმა 11 ჩვენებურ გუნდთან, ჯამურად 153 მატჩი გამართეს.
საინტერესოა,რომ „ნეფტიანიკს“ პირველად ბათუმის „დინამო“ ეთამაშა. ეს, 1937 წლის 30 მაისს, საკავშირო თასის გათამაშების 1/32 ფინალში მოხდა. ბათუმელებმა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სტადიონზე, 4 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით უშეღავათო ბრძოლაში 0:1 წააგეს. მასპინძელთა შემადგენლობა ამ შეხვედრაში ასეთი გახლდათ: ბეჟანიძე, ფეხლევანიდი, სოპინი, კაზანჯიდი, მაგდესიანი, კარიჩევი, ანიკინი, სიმოფორიდი, ჩოლოკიანი, მარუაშვილი, ელიავა(კაპიტანი). თამაშს ლენინგრადელი ვ.პისარევი სჯიდა.
ზუსტად ერთ კვირაში, „ნეფტიანიკს“ ისევ მოუხდა საქართველოში სტუმრობა. მომდევნო სათასო მატჩში, ბაქოელებს თბილისის „დინამოსთან“ მოუწიათ დაპირისპირება. თბილისელებმა, რომელთა რიგებში დოროხოვი, შავგულიძე, ნიკოლაიშვილი, გაგუა, მინაევი, ჯორბენაძე, გავაშელი, ასლამაზოვი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ბერძენიშვილი და სომოვი თამაშობდნენ, იოლად, 3:0 სძლიეს მეტოქეს. გოლები ასლამაზოვმა, ბერძენიშვილმა(პენალტიდან) და პაიჭაძემ მიითვალეს. რაც შეეხება აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანის ბოლო ოფიციალურ სტუმრობას საქართველოში, ეს 1989 წლის 17 ოქტომბერს იყო. პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატის მატჩში, „ნეფთჩი“ ლანჩხუთში „გურიას“ ეთამაშა და 0:2 დამარცხდა. სტუმართა კარი ფრიდონიშვილმა და მერაბ ჟორდანიამ(პენალტიდან) დალაშქრეს.
ქართული გუნდებიდან ბაქოს „ნეფთჩი“ ოფიციალურ შეხვედრებში უკანასკნელად კლუბ „ზესტაფონს“ დაუპირისპირდა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო სტადიის ეს ორრაუნდიანი ასპარეზობა აზერბაიჯანული გუნდის წარმატებით დასრულდა.
იმედია „ჩიხურას“ ფეხბურთელები გაითვალისწინებენ „ზესტაფონის“ შეცდომებს და ორი კვირის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთ სიხარულს მიანიჭებენ.
დღევანდელი წერილის დასასრულს კი შესანიშნავი პიროვნება, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ბატონი ანატოლი მილჩენკო მინდა გავიხსენო.
ერთხელ მილჩენკოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ქალაქ ბაქოში ჩასვლა მოუწია.
“ბაქოში ვმსაჯობდი “ნეფთჩის” და მოსკოვის “სპარტაკის” მატჩს. ჩვევა მაქვს ასეთი, რომ ყოველ დილით ვიპარსავ საპარიკმახეროში.
ბაქოშიც, მატჩის დღეს, დილით ქალაქის ერთ საპარიკმახეროში დავუჯექი დალაქს. გვარიანად გამსაპნა და აუჩქარებლად მპარსავს. მერე და მერე რბილად და შემპარავად დაიწყო.
- ვი ტოვარიშ სუდია, და?
- და... ვპასუხობ.
- ვი, პო ფამილიუ - მილჩენკოვ?
- ნეტ, მილჩენკო...
- ეტო ადინ ჩორტ.
ამის შემდეგ ალაპლაპებული სამართებელი ნიკაპის ქვეშ შემიცურა და საყლაპავ მილთან გამიჩერა.
- ა ნუ კა სქაჟი, ქაქოი სევოდნია ბუდეთ შჩოთ?
- ნი მაგუ სკაზაც, - ვთქვი ალალად და სამართებელი უფრო მომაწვა ყანყრატოზე.
- სქაჟი, ქთო პაბედით? ბაქუ და?
- კონეშნა! - ვთქვი ხმის კანკალით, ან სხვა რა გზა მქონდა.
- ვოთ ეთა ფანიმაიუ, პომნი სუდია, მი 3:0 ხათიმ...
წააგეს იმ დღეს აზერბაიჯანელებმა. გიკვირთ, რომ ცოცხალი გადავრჩი? თურმე თვითონ ის პარიკმახერი წაუყვანიათ საავადმყოფოში ინფარქტით პირდაპირ სტადიონიდან. თუმცა ისიც გადარჩენილა.