„კაზანტიპს - არა, ყველანი აქციაზე!“ - ამ შინაარსის მიმართვა ვრცელდება ინტერნეტში. მთავრობის კანცელარიასთან 26 ივლისს 19:30 საათზე კაზანტიპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიან აქციას წირვის დამთავრების შემდეგ სასულიერო პირებიც შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული ტრადიცია, სულიერება და ღირებულება, შეუერთდნენ აქციას.
თავდაპირველად აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ბიზნესმენი ლევან ვასაძე სახელდებოდა, თუმცა მოგვიანებით ვასაძემ უარყო აქციის ორგანიზატორობა და განმარტა, რომ „კაზანტიპის“ ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო, რომელსაც სურდა, მთელი საქართველო კაზანტიპად ექცია. ამიტომაც მოუწოდებდა ახალგაზრდებს კომკავშირული ტიპის ბანაკებში ბუჩქებში სიყვარულისკენ.
ლევან ვასაძე თავადაც არ მალავს, რომ „კაზანტიპის“ ფესტივალის საქართველოში ჩატარების სასტიკი წინააღმდეგია, რადგან „კაზანტიპი“ უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის. ის გაფორმებულია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას აქვს მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგია, იქ ხდება ნარკოტიკების მასიური მოხმარება და სექსუალური ვაკხანალია.
„იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ახალგაზრდებს ჩვენ ვუკრძალავთ როკ-მუსიკის, ჯაზის ან ნებისმიერი მიმდინარეობის მოსმენას. ჩვენმა საყვარელმა ახალგაზრდობამ არც იცის ზოგჯერ, რა არის „კაზანტიპი“ და მიდიან იქ, მოსწონთ, ლამაზი სლავი გოგონები ჩამოვლენ, გაერთობიან - ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ „კაზანტიპი“ არ არის მუსიკალური ფესტივალი. საქართველოში რომ ნარკოტიკების მოხმარება მიუღებელია, ვიცით, მაგრამ კიკეთში ყოველ ზაფხულს ტარდება „კიკეთი ოპენ აირ“, სადაც სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, გაჰყავთ ახალგაზრდები. ეს იცის ყველამ, მაგრამ ერთხელ არავინ დაუკავებიათ იქ ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარებაზე. კაზანტიპი მიმაჩნია სექტანტურ ორგანიზაციად... ნარკოტიკები ერთი პრობლემაა, გარყვნილება, ჯგუფური სექსუალური ვახკანალია - მეორე. ბატონი სიგუა რომ ადვოკატობს ახლა, საკუთარ მეგრულ გვარს მაინც სცეს პატივი. არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს ფულს შემოიტანს, არის უბადრუკი. საქართველოში მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის წელიწადში და 10 000 ტურისტის ჩამოსვლა, ელემენტარული არითმეტიკაა, 1 პროცენტია“,- აცხადებს ლევან ვასაძე.
ამ თემას რეჟისორი და მსახიობი დავით გიორგობიანიც ეხმიანება - „გადავრეკოთ ნახირივით მრუშ ქალთა ათასეულები, თორემ უფალი შემოგვისევს იარაღიან ურჯულოებს და ბევრი სისხლი დაიღვრება“.
ამის მიუხედავად, „კაზანტიპის“ მომხრე ანაკლიელი ბებიები აცხადებენ, რომ ცხოვრება წინ მიდის, უნდა იყოს წინსვლა და სულ ჩაკეტილები არ უნდა ვიყოთ.
For.ge „კაზანტიპის“ მოწინააღმდეგე საინიციატივო ჯგუფის წევრებს თბილისის საკრებულოს დეპუტატს - სოსო მანჯავიძეს და ზვიად ტომარაძეს ესაუბრა.
სოსო მანჯავიძის თქმით, „კაზანტიპის“ კონცეფციაში ჩადებულია ფსიქოდელიკური საშუალებების თავისუფალი გამოყენებისა და თავისუფალი სექსის პროპაგანდა. ნარკოტიკებითა და სხვა პრობლემებით ისედაც დამძიმებულ ქვეყანაში რამდენად მიზანშეწონილია ნარკოტიკების ახალი კერის შექმნა, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია.
„შევიკრიბებით და პეტიციას წავიკითხავთ, რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს ჩვენი პოზიცია და მომავალში მსგავსი ფესტივალები აღარ გაიმართოს. ჩვენი ხელისუფლება, ალბათ, უკან დახევას ვეღარ მოახერხებს, რადგან შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, მაგრამ იმას მაინც მივაღწევთ, რომ რეგულარული ხასიათი აღარ მიიღოს ასეთმა ფესტივალმა. მით უმეტეს, ყველა დაინახავს, რა იქნება ეს „კაზანტიპი“. ამავე პოზიციას იზიარებს ბატონი ლევანი, უბრალოდ, ის მოერიდა აჟიოტაჟს. „კაზანტიპის“ მომხრეებს ჰგონიათ, რომ ევროპა არის მაინცდამაინც „კაზანტიპი“, შიშველი სირბილი, ფსიქოდელიკები, ხოლო ვინც ამის წინააღმდეგია, ის რუსოფილია. არ შეიძლება ადამიანების ცემა-ტყეპა, მით უმეტეს, უცხოელების ცემა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები აგრესიით განწყობილ ადამიანებს, პროტესტი მშვიდად უნდა გამოვხატოთ, ამას გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე აგრესიულ მოქმედებებს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას და მიმართავს მათ, ვინც „კაზანტიპის“ კონტექსტში ტურიზმის განვითარებით აპელირებს - აქვთ კი ამ ადამიანებს შესაბამისი გათვლები გაკეთებული? იცნობენ კი „კაზანტიპის“ პრაქტიკას ან კონცეფციას? იმავე ყირიმს რაიმე ეკონომიკური აღმავლობა მოუტანა „კაზანტიპის“ ჩატარებამ?!
ამასთან, მიიჩნევს, რომ, მართალია, ახალგაზრდული ჰორმონები თავიანთ გავლენას ახდენს ადამიანზე, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა სხვაგვარად ფიქრობს. უბრალოდ, სოსო მანჯავიძის აზრით, სამწუხაროა, რომ სწორედ „კაზანტიპის“ მომხრეებისგან მოდის აგრესია, ლანძღვა და ეს ადამიანები თვლიან, რომ მათი საწინააღმდეგო აზრი უნდა ჩაახშონ.
აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი ზვიად ტომარაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „კაზანტიპის“ ჩატარება უამრავი მიზეზის გამო გაუმართლებელია. მათ შორის, იმის გამოც, რომ აქ არის მრავალი დაავადების გავრცელების რისკი. ქართველების ბუნებიდან გამომდინარე კი, აუცილებლად დაიწყება საქმის გარჩევები, აყალ-მაყალი და შფოთი. ამას ემატება ისიც, რომ „კაზანტიპის“ ფესტივალზე ქალბატონებს უფასოდ ეპატიჟებიან, განსხვავებით, მამაკაცებისგან, რაც გენდერული ნიშნით მამაკაცების პირდაპირი დისკრიმინაციაა.
„ამბობენ, „კაზანტიპზე“ ისეთი არაფერი ხდება, რაც ღამის კლუბებში, მაგრამ კლუბებთან შედარებით აქ მასშტაბებზეა საუბარი. კლუბი მაინც დახურულია, ეს კი არის ორგიები, 10-დღიანი ფესტივალი, რომელიც მომავალშიც ყოველწლიურად ჩატარდება ანაკლიის სამკილომეტრიან ზოლში. გარდა ამისა, ეს ფესტივალი რელიგიური კუთხითაც დაუშვებელია, რაზეც პროტესტი სასულიერო პირებმაც გამოხატეს. რამდენი ვიქნებით აქციაზე, არ ვიცი. ახლა ისეთი პერიოდია, რომ ბევრი ადამიანი ქალაქიდან გასულია. ჩვენ არ დავკავშირებივართ საპატრიარქოს, მაგრამ ვფიქრობ, სასულიერო პირები, ალბათ, მოვლენ. ჩვენ არ დავკავშირებივართ არც პოლიტიკოსებს, უბრალოდ, არ გვიაქტიურია. ეს იქნება სამოქალაქო აქცია და ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი ადამიანები, გამოვხატავთ მშვიდობიან პროტესტს“, - აცხადებს ზვიად ტომარაძე და განმარტავს, რომ ლევან ვასაძე აქციაზე არ იქნება, თუმცა იგი ხელს აწერს პეტიციას, რომ „კაზანტიპი“ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს.
„კი ბატონო, ამბობენ ტურიზმიო, მაგრამ ტურიზმის საპირწონე მრავალი რამ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „კაზანტიპზე“ არატრადიციული ორიენტაციის ხალხი მრავლად მოიყრის თავს და ეს ე.წ. ფესტივალი არატრადიციული ორიენტაციის წახალისებას უწყობს ხელს“.