„შეაგინეს ჩვენს დირექტორს, შეუარცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ გოგონას, ხელით შეეხნენ ერთ-ერთ ოპერატორს...“

„შეაგინეს ჩვენს დირექტორს, შეუარცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ გოგონას, ხელით შეეხნენ ერთ-ერთ ოპერატორს...“

საჩხერის „ჩიხურამ“ თურქულ გუნდ „ბურსას“ პენალტების სერიაში 4:1 მოუგო. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. 24 ივლისს გამართული თამაში საზოგადოებას უსიამოვნო ინციდენტებითაც დაამახსოვრდება. ჯერ სტადიონზე, მოგვიანებით კი პრესკონფერენციის დარბაზში ვითარების დასარეგულირებლად  სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თორნიკე შალამბერიძემ  for.ge-ს ინციდენტების დეტალები და მისი  წინმსწრები ამბები დაწვრილებით მოუყვა. საუბარი საჩხერის „ჩიხურას“ გამარჯვების მნიშვნელობის თემით დავიწყეთ.

თორნიკე შალამბერიძე: გუნდი შეკრული რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, ასეთი შედეგი არ იქნებოდა. ფინანსურად ჩვენზე 100-ჯერ უკეთ უზრუნველყოფილია თურქული კლუბი. ეს არის თურქეთის იმ ქალაქის გუნდი, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს არის გუნდი, რომელიც 3 წლის წინ გახდა თურქეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა. ჩვენს ბიჭებს ეს თავიდანვე კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული.

„ჩიხურას“ ფეხბურთელებმა ამ მატჩით დაამტკიცეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. და რომ მთავარი ფინანსები კი არა, ღირსებაა. გუნდი იყო ძალიან შეკრული - მწვრთნელი, ფეხბურთელი, მასაჟისტი, ექიმი თუ პრესსამსახური - ყველა გაერთიანებული იყო. ეს თამაში არ იყო მხოლოდ თითოეული ფეხბურთელების ღირსების დაცვა, ეს იყო საქართველოს და საჩხერის ღირსების საკითხი. თამაშის შედეგი განაპირობა „ჩიხურას“ მწვრთნელის სოსო ფრუიძის მართებულმა გადაწყვეტილებებმა და  მაღალმა პროფესიონალიზმმა. მას მოწინააღმდეგედ  მსოფლიო დონის მწვრთნელი შენოლ გიუნეში ჰყავდა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო ჩემიპონატზე თურქეთს მესამე ადგილი მოაპოვებინა. იგი საკუთარი ტაქტიკით, ჭკუით და კარიერით გამორჩეული მწვრთნელია მსოფლიოში.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გულშემატკივრობასაც. ალბათ, გაირკვევა ზუსტად, რამდენი კაცი იყო სტადიონზე. „ჩიხურა“-„ბურსას“ თამაშზე, ჩემი ვარაუდით, 12 ათასამდე მაყურებელი იყო.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთიდან საგულშემატკივროდ 3 ათასზე მეტი ადამიანი აპირებდა ჩამოსვლას. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, ჰყავდათ ამდენი გულშემატკივარი თბილისში?

- თურქეთში გვითხრეს, რომ ბევრი აპირებდა ჩამოსვლას, საქართველო მეზობელი ქვეყანაა და 3 ათას კაცამდე მაინც ჩამოვალთო. ამდენი არ ყოფილან. 70 და 50-კაციანი დელეგაციების გარდა 800-მდე გულშემატკივარი იქნებოდა. დაახლოებით ამდენი ბილეთი იყიდეს.

„ჩიხურა“- „ბურსას“ თამაში საზოგადოებას ინციდენტებითაც დაამახსოვრდება. „ჩიხურას“ ფეხბურთელის, თორნიკე მუმლაძის უცენზურო ემოციური ჟესტი ზალიან ბევრმა უარყოფითად შეაფასა. შემდეგ იყო დაპირისპირება პრესკონფერენციაზეც.

- თორნიკე მუმლაძე არის უნიჭიერესი ფეხბურთელი, საჩხერის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო მიწვეული. ყველა დადებითად ახასიათებს. ვერ შეიკავა ემოცია, რომელიც მას ჰქონდა მომგებიანი თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ. ბავშვია, და ვერ გაითავისა, რომ უნდა დაევიწყებინა, რაც ჩვენ და ჩვენს ფეხბურთელებს გაუკეთეს თურქეთში მაყურებელმა. თურქეთში თამაშის დროს „ჩიხურას“ ფეხბურთელებს გულშემატკივრები ხურდა ფულს, სანთებელებს და ყველაფერს ესროდნენ, რაც ხელთ ჰქონდათ. გაივსო სტადიონი. იყო უცენზურო ჟესტები ფეხბურთლების მიმართ. არაკორექტულად იქცეოდნენ. მანამდე კი, მთელი 10 დღის განმავლობაში, ვიდრე გაირკვეოდა, რომ ჩვენი მეტოქე „ბურსა“ იყო,  ყველა საკომუნიკაციო საშუალებით იყო მუქარები, გინება.

მართლა ბავშვურად მოუვიდა თორნიკეს, ვერ შეიკავა თავი და ნიშნისმოგებით მოიქცა ამგვარად - „ბურსას“ გულშემატკივრების თვალწინ ასე აღნიშნა გამარჯვების გოლის გატანა. შეცდომას მალევე თავადაც მიხვდა. „ბურსასპორის“ გასახდელში შევიდა, ბოდიში მოუხადა ფეხბურთელებს, მსაჯებს, დელეგატს და  ჩვენს კლუბს.  ჩვენი კლუბიც მიიღებს ზომებს და მერწმუნეთ, თორნიკე ამას აღარ გაიმეორებს. ეს უკვე იყო გაკვეთილი მისთვის.

პრესკონფერენციაზე რა მოხდა, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ქართველი და თურქი ჟურნალისტები?

- პრესკონფერენციის ინციდენტსაც გარკვეული ამბები უძღვოდა წინ. თურქეთში რომ ჩავედით სათამაშოდ  წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დაგვიბარეს 18:00 საათისთვის. მივედით დათქმულ დროს.თუმცა, პრესკონფერენცია ვერ გავმართეთ. დაახლოებით 50 წუთის შემდეგ გვითხრეს, რომ მოვიდა თარჯიმანი და შესაძლებელი იყო პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა. რადგან 19:00 საათზე სოსო ფრუიძეს უკვე ვარჯიში ჰქონდა დანიშნული, ვეღარ ვასწრებდით და ვარჯიშზე შევედით. ვარჯიშის შემდეგ გავმართეთ პრესკონფერენცია. ანუ, მანამდე ლოდინი მოგვიხდა 50 წუთის განმავლობაში. მეორე დღეს თამაში რომ დასრულდა (ჩვენი სასურველი შედეგით 0:0), თითქმის ნახევარი საათი ვისხედით გასახდელში და ველოდებოდით პრესკონფერენციაზე მიწვევას. ეს  ფეხბურთში დაწერილი და დაუწერელი კანონია. „ფეარ პლეის“ პრინციპია, რომ თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია უნდა ჩატარდეს, მწვრთნელს  ჟურნალისტებმა კითხვები უნდა დაუსვან. თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მიგვიწვიეს პრესკონფერენციაზე. არ გამოგვითქვამს პრეტენზია და წამოვედით. იყო კიდევ ერთი ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტი. იგივე „ფეარ პლეის“ პრინციპია, რომ როცა გუნდი ჩამოდის, წინა დღეს  სავარჯიშოდ ვაძლევთ ბურთებს, რომლითაც მეორე დღეს ვთამაშობთ. თურქეთში კი სხვა ბურთებით გვავარჯიშეს. ეს არასპორტული ხრიკია, ცუდი ჟესტია. არც ამაზე გაგვიღია ხმა.

ახლა გეტყვით, რა მოხდა საქართველოში. წინასამატჩო პრესკონფერენცია სოსო ფრუიძესთან, ჟურნალისტების დიდი ინტერესის გამო, 5 წუთით გვიან დასრულდა. შესაბამისად, გიუნეშის პრესკონფერენცია 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო.  გიუნეშმა ამ ფაქტის გამო გუშინდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქართველი ხალხი არ არის სტუმართმოყვარე. მე გიუნეში ვარ და 5 წუთი დამაგვიანესო - განაცხადა მან. ითქვა ბევრი სალანძღავი სიტყვა. პრეტენზია გამოთქვეს იმის გამოც, რომ ჩვენ ინგლისურად ვთარგმნიდით ამ ყველაფერს. ინგლისური საერთაშორისო ენაა და ეს წესი მოქმედებს ფეხბურთიც. გიუნეშმა არცერთ კითხვას არ უპასუხა, მხოლოდ გალანძღა ჟურნალისტები, მთელი საქართველო და გავიდა პრესკონფერენციის დარბაზიდან. „ჩიხურას“ ადმინისტრაციამ ქართველ და თურქ ჟურნალისტებს ავუხსენით, რომ გიუნეშის პრესკონფერენცია დავაგვიანეთ 5 წუთით, მაგრამ მანამდე მათ თურქეთში 50 წუთი დაგვაგვიანეს; საერთოდ არ მიგვიპატიჟეს პრესკონფერენციაზე თამაშის დღეს, და ხმაც არ ამოგვიღია. 5 წუთის დაგვიანებისთვის კი ბოდიშს ვიხდიდით. ამას მოჰყვა აგრესია თურქი ჟურნალისტებისგან. შეაგინეს ჩვენს დირექტორს, შეუარცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ გოგონას, ხელით შეეხნენ ერთ-ერთ ოპერატორს. „ჩიხურას“ წარმომადგენლები ჟურნალისტების კონფლიქტის დროს შუაში ჩავდექით და ერთი მომენტი დავაშოშმინეთ კიდეც. მაგრამ ჩხუბი ხელმეორედ დაიწყეს თურქებმა და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რაც სამწუხაროა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თურქეთში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ჩიხურას“ ფეხბურთელებს „ბურსას“ სასარგებლოდ წაგების სანაცვლოდ 8ათას-8ათასი  დოლარიც შესთავაზეს. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამის შესახებ?

- ვერ დაგიდასტურებთ. არ შემიძლია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

შემდეგი მატჩი 31 ივლისს გაიმართება და  „ჩიხურას“  აზერბაიჯანული გუნდი - „ნეფთჩი“ დაუპირისპირდება. რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგეა ეს გუნდი საჩხერელებისთვის და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?

- „ნეფთჩის“ შესახებ კარგად მოეხსენება ქართველ გულშემატკივარს. ამ გუნდმა რამდენიმე წლის წინ „ზესტაფონს“ ევროპალიგის გათამაშება დაატოვებინა. ფინანსურად ძლიერი გუნდია, კარგად დაკომპლექტებული. გუნდს კარგად ვიცნობთ, ორი ამხანაგური თამაში გავმართეთ თურქულ შეკრებაზე, ერთი მოვიგეთ 3:2, ხოლო, მეორე ფრედ დასრულდა - 1:1. მაგრამ ეს ამხანაგური შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ამ ბარიერის გადალახვას იოლად შევძლებთ. ძლიერი გუნდია. მახსოვს, იქ ერთ-ერთი აფრიკული გუნდის კაპიტანი თამაშობდა - თავდამსხმელი იყო, აზერბაიჯანის ნაკრების 5 წევრი, ასევე, სლოვაკეთის ნაკრების კანდიდატი. მოკლედ, კარგად დაკომპლექტებული გუნდია, აზერბაიჯანში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი - როგორც საქართველოში „დინამოა“. მაღალი ბიუჯეტის გამო აქვთ ფუფუნება, ჰყავდეთ ძვირადღირებული ფეხბურთელები.

„ჩიხურას“ ბიჭებმა დიდი ენერგია დახარჯეს ორი ეტაპის გადალახვაზე. დამღლელი იყო მგზავრობებიც. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ჩარტერული რეისებით ვიფრინოთ, ეკონომკლასით ვმგზავრობთ. მაგრამ, მაქვს იმედი ჩვენი სამედიცინო პერსონალის, ფიზმომზადების მწვრთნელის, რა თქმა უნდა,  მთავარი მწვრთნელის. ვიმედოვნებთ, ხარისხიანად აღვიდგენთ ძალებს და გუნდი მობილიზებული იქნება ბაქოში სათამაშოდ.

რამდენად აქვს „ჩიხურას“  შანსი და ამბიცია, გახდეს ჩემპიონი?

- რამდენიმე დღეში გადაწყდება სახელმწიფო პროგრამის საკითხი, რომელიც დაფინანსებას ითვალისწინებს. გაირკვევა, რა ფინანსები ექნება გუნდს ამ სეზონზე - 2014-2015 წლების ჩემპიონატზე. თანხებია საჭირო ფეხბურთელების მოწვევისა და შენახვისთვის. ბიუჯეტის შესაბამისად დაიგეგმება ჩემპიონობისთვის, ევროპის საგზურისთვის, თუ ექვსეულში მოხვედრისთვის ბრძოლაც. ისე კი, დაამტკიცეს უკვე ჩვენმა ბიჭებმა, რომ ყველაფერი შეუძლიათ, ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვა.

რამდენჯერმე ახსენეთ ფინანსები. ფინანსური პრობლემა აქვს დღეს „ჩიხურას“?

- ფინანსური პრობლემა არ დგას, მაგრამ, უბრალოდ, გაურკვეველია, როგორი იქნება ხვალ „ჩიხურას“ ბიუჯეტი. არ ვიცით, რა იქნება ხვალ. ველოდებით სახელმწიფო პროგრამის ამუშავებას. ყველა სხვა გუნდის მსგავსად „ჩიხურასაც“ შეხვდება თანხები, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს. ეს თანხები ივანიშვილის ფონდიდან, „ქართუდან“ გამოიყოფა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და სამინისტროს მეშვეობით განაწილდება.