ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა საქართველოში გაიმართება. ნატო-ს საპარტლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჰიუ ბეილის განცხადებით, ნატო-სთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. სხდომას ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიდან 600-მდე ადამიანი დაესწრება. ეს არის დიდი მსოფლიო ფორუმი, რომელსაც გარკვეული ღირებულება გააჩნია ნატო-ს შემდგომი განვითარებისთვის. თბილისში ვიზიტად მყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამარათეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. საუბარი იყო რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ჰიუ ბეილის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მხოლოდ სიტყვებითა და განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს და საჭიროა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს და დააახლოებს ნატოსთან. მისივე თქმით, ნატო-ს უელსის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონში რუსეთის მხრიდან შექმნილი საფრთხე იქნება. ჰიუ ბეილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების გამყარებაში. გულწრფელად მივესალმები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდაუვალია, რომ კითხვები ისმება ნატო-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით. რეგიონში რუსეთის აგრესია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც განიხილავენ იმის საპასუხოდ, თუ როგორი იქნება ნატო-ს რეაქცია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე და როგორ უნდა გააქტიუროს ნატო-მ თანამშრომლობა ქვეყნებთან, რათა მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება.
ნატო-ს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და მხოლოდ განცხადებები. უნდა გადაიდგას შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და დააახლოებს მას ნატოსთან. ნატოს სამიტზე მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე გააძლიერებს ნატოს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს“, - განაცხადა ჰიუ ბეილიმ.
ნატო-ს საპარტლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
„ცოტა ხნის წინ მიღებულ დეკლარაციაში მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ნატო ელოდება საქართველოს, როგორც მომავალ წევრს და რომ ეს პროცესი გრძელდება და მას ვერავითარი სხვა მოვლენა, ვერავითარი სხვა მოთამაშე სახელმწიფო თუ პოლიტიკური ძალა, ხელს ვერ შეუშლის. გვაქვს ურთიერთგაგება, რომ უელსის სამიტზე მიღებულ უნდა იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და გააძლიერებს ნატო-ს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გადაწყვეტილების შინაარსი უნდა იყოს სწორედ ეს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასათვის, რომ პროცესი გრძელდება და გრძელდება წარმატებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნატოს სამიტამდე დარჩენილი დრო შესაბამის სტრუქტურებთან სამუშაოდ უნდა გამოვიყენოთ. დავით ზალკანიანის განცხადებით, ჰიუ ბეილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა რეგიონში არსებულ სიტუაციას, უკრაინის მოვლენებს, მის გავლენას საქართველოზე, ასევე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ არსებულ გამოწვევებს.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და მისი პრეზიდენტი ევროატლანტიკური კურსის ძალიან სერიოზული მხარდამჭერია და ეს არაერთხელ დადასტურდა მიღებული დეკლარაციებით. ეს ვიზიტი ამ მხარდაჭერის დადასტურებაა. საქართველოს აქვს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში დიდი პროგრესი და გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის კუთხით და ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა შეფასდეს ნატოს სამიტზე. სამიტამდე დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ ყველა სტრუქტურასთან სათანამშრომლოდ, რათა საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნას შეფასებული“, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.