თბილისის მერიის სტრუქტურებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირების მიერ ივლისის თვეში 100-დან 300 პროცენტის პრემიის აიღების შესახებ, კომენტარს არ აკეთებს თბილისის ახლად არჩეული მერი, რომელიც მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2 აგვისტოს შეუდგება. მიზეზად კი დავით ნარმანია აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლობას ასახელებს.
ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები. For.ge-ს მცდელობის მიუხედავად საკრებულოს უმრავლესობის წევრები სატელეფონო ზარს არ პასუხობდნენ.
თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებში და გამგეობებში თანამდებობის პირებზე 300 პროცენტიანაი პრემიები გაიცა.
პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია მას ოფიციალურად შეუძლია დაადასტუროს. მისი თქმით, მერიაში პრემიები, მათ შორის მაღალი თანამდებობების პირებზეც და თანამშრომლებზეც, ყოველთვის დამსახურების მიხედვით გაიცემოდა.
„არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ეს არის მორიგი ტყუილი. მერიაში ამ თვეში 300 პროცენტიანი პრემიები არ გაცემულა, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, მიკვირს. მერიაში მიმდინარე თვეს დარიგდა დანამატები, როგორც ეს რიგდებოდა წინა თვეებში. 300 პროცენტიანი პრემია არ ყოფილა და მითუმეტეს ყველა თანამშრომელზე. მერიის ზოგიერთი თანამშრომელი ჩემზე ნაწყენიც კი დარჩა იმის გამო, რომ თუ საკრებულოს წევრებმა დაირიგეს 300 პროცენტიანი პრემიები, ჩვენ რითი ვართ მათზე ნაკლებიო. თხოვნაც კი იყო, რომ დაგვერიგებინა, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პეტრიაშვილმა.
კითხვაზე, რამდენ თანამშრომელზე და რა რაოდენობის პრემია გაიცა, პეტრიაშვილი ამბობს, რომ ივლისის თვეში პრემია ისევე გაიცა, როგორც გაიცემოდა სხვა თვეებში. მისი თქმით, საქალაქო სამსახურებს და გამგეობებს აქვთ შრომის ანაზღაურების ფონდის 15 პროცენტიანი ლიმიტები და შესაბამისად, თავად წყვეტენ სამსახურის უფროსები და გამგებლები, ვის ეკუთვნის პრემია და ვის არა.
„ასეთი პრინციპით მოხდა ივლისის თვეში პრემიების გაცემა და არაფერი განსხვავებული არ ყოფილა. როგორც ჩანს, მოლოდინი იყო იმისა, რომ რადგან ძველი გუნდი მიდის დაირიგებდნენ ამ რაოდენობის პრემიებს, ალბათ, ამიტომ გავრცელდა ეს ინფორმაცია. თანამშორომლების ნაწილმა პრემიები მიიღეს იმიტომ, რომ სხვებზე მეტი იმუშავეს, სხვებზე მეტი დაიმსახურეს, მაგრამ ეს არ ყოფილა 300 პროცენტი და მითუმეტეს ყველა თანამშრომელზე. პირადად მე ივლისის თვეში პრემია არ ამიღია“, - აღნიშნა პაპუნა პეტრიაშვილმა.
მიუხედავად პეტრიაშვილის მტკიცებისა, გამგეობის თანმშრომლები ამბობენ, რომ მერთან და გამგებლებთან დაახლოებულმა პირება ნამდვილად აიღეს 300 პროცენტიანი პრემია.
საკრებულოს უმცირესობის წევრი თამარ ცინცაბაძე თვლის, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით კვდებიან, არ შეიძლება სახელმწიფო მოხელემ პრემიებზე იფიქროს.
„ხშირად ვისმენ, რომ თურმე კარგი მუშაობისთვის იღებენ პრემიას, კარგი მუშაობისთვის არის ხელფასი, ეს არის უსუსური განმარტემა. ჩვენს ფრაქციას გვინდოდა, რომ საკრებულოს რეგლამენტში ასახულიყო, რომ ჩვენ არასდროს არ ავიღებთ პრემიას. შენ აგირჩია ხალხმა და კარგი მუშაობისთვის გიხდიან ხელფასს. მერიის თანამშრომლბემა განსაკუთრებული რამე თუ გააკეთეს, ეს ხალხზე უნდა ასახულიყო, აისახა რამე ჩვენს მაცხოვრებლებზე? - არა. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი განმარატება, რომელიც პირადად ჩემთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ცინცაბაძემ.