გახმაურებული საქმეების გამოძიებისას მთავარ პროკურატურას კონსულტაციას უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გაუწევს, რომლებიც საქართველოში მთავარი პროკურატურის მოწვევით ჩამოვიდნენ. საყოველთაოდ აღიარებულ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედის ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორიც, რომელმაც ისრაელის ყოფილი პრემიერის ეჰმუდ ოლმერტის საქმე გამოიძია. ასევე - ჯეფრი ნაისი, რომელიც მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა.
უფრო კონკრეტულად, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სამართლის დოქტორი პოლ კოფი შეერთებულ შტატებში ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა და კრიმინალური დაჯგუფებების, მათ შორის, „კოზა ნოსტრას“, აზიური და რუსული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ფედერალურ საქმეებს ზედამხედველობდა. ამასთან, უძღვებოდა კორუფციულ საქმეებს ფედერალურ და სახელმწიფო თანამდებობის პირების წინააღმდეგაც.
შეერთებული შტატების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სი-აი-ეის ყოფილი დირექტორის ჯონ დოიჩის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ის სპეციალური წარმომადგენელი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა გაეროს მისიაში კოსოვოში, ჩართული იყო ომის დანაშაულების გამოძიებაში.
მოშე ლადორი - იერუსალიმის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი, წლების განმავლობაში პოლიციის მიერ მთავრობის წევრებისა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეების კორუფციული საქმეების გამოძიებას ზედამხედველობდა. სწორედ ლადორი ხელმძღვანელობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის-ეჰუდ ოლმერტის წინააღმდეგ საქმეს. ეს იყო პირველი შემთხვევა და პირველი საქმე ასეთი რანგის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ.
სერ ჯეფრი ნაისი – ინგლისისა და უელსის მთავარი სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე. იგი გახლდათ დიდი ბრიტანეთის დედოფლის მრჩეველი. 1998-2006 წლებში ჯეფრი ნაისი ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში მუშაობდა და იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ მისი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება, ესენია სუდანის, კენიისა და ლიბიის საქმეები. ნაისს მინიჭებული აქვს რაინდის წოდება.
როგორც მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე აცხადებს, აღნიშნულ ექსპერტთა გამოცდილება შესაძლოა „პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების გამოძიებაში“ იქნას გამოყენებული, რადგან ყველა მათგანი თავიანთ ქვეყნებში მთავარ პროკურორად მუშაობდა.
კონკრეტულად, მთავარი პროკურატურა გეგმავს, მოწვეულ სპეციალისტთაგან დააკომპლექტოს კონსულტანტთა ჯგუფი, რათა მაქსიმალურად იქნას გაზიარებული მათი გამოცდილება და რეკომენდაციები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. უწყებაში განმარტავენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.
ჩვენ დავინტერესდით, უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა გულისხმობს თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენის აქტიურ ფაზაში გადასვლას?! რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ აღნიშნული სპეციალისტები ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში?! მით უფრო, ყველასთვის ცნობილია, სერბეთისა და იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის საქმე, რომელიც იუგოსლავიის ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადასცა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს. იმ პერიოდში მილოშევიჩს ბრალს სდებდნენ 90-იან წლებში იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში, რიგი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში. თუმცა მილოშევიჩი ციხეში გულის შეტევით ისე დაიღუპა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო.
რაც შეეხება ისრაელის ყოფილ პრემიერს - ეჰუდ ოლმერტს, რომლის საქმესაც საქართელოში ჩამოსული უცხოელი პროკურორი იკვლევდა, მას ბრალს სცდებდნენ, რომ უცხოეთში მოგზაურობის ხარჯებისთვის არაკანონიერი გზებით მიღებულ ფონდის თანხებს იყენებდა.
ევროპის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე საყოველთაოდ აღიარებულ უცხოელ სპეციალისტთა ჩამოყვანას მიესალმება და For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი პირუთვნელი და მიუკერძოებელი ადამიანები სამსახურს გაუწევენ ჩვენს ქვეყანას და მართლმსაჯულებას, ამას არაფერი სჯობს, მაგრამ ერთი პირობით, აუცილებლად დაცული უნდა იყოს მიუკერძოებლობა. მისი თქმით, თუ ევროპის სახალხო პარტიამ უცხოეთიდან გამოგზავნა ეს ხალხი, ან მზაკვარი მტერი მათ იყენებს იმისთვის, რომ თავის სასარგებლო დასკვნები დაადებინოს, რა თქმა უნდა, ეს ცუდი იქნება. არც ის ივარგებს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უცხოელი ექსპერტები თავის სასარგებლოდ ამუშაოს.
„როდესაც ვლაპარაკობთ, თითქოს დასავლეთი ხელს გვიშლიდა მართლმსაჯულების აღსრულებაში, ეს ბლეფი იყო. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - არც გაერო, არც ეუთო, არც ევროპის საბჭო და ევროპის კავშირი, რომელიც გაბედავდა და უხეშად ჩაერეოდა ამ ამბებში. გამორიცხული არ არის, მათი რომელიმე მოხელე მიჰქარავდეს, რადგან ყველგან არიან გაყიდული სულები, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მართლმსაჯულებისა და სამართლის ძირითად პრინციპებს - ქვეყანა რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება მაინც უნდა აღსრულდეს, დამნაშავეებს სათანადო უნდა მიეზღოთ, რადგან „არა არს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოგვიწოდებს, სისხლის სამართლის დანაშაულები გამოვიძიოთ. სად წერია კოაბიტაცია? უბრალოდ, რეგვენი ქართველები აყვნენ ამ კოაბიტაციას, რადგან იურიდიულად არ არიან მომზადებულნი და მათ აბითურებენ ხოლმე.ზოგჯერ მართლმსაჯულების გააქტიურება არჩევნების შემდეგ უფრო მომგებიანია, ესაა პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. თუკი დანაშაულია ჩადენილი, საბოლოოდ ის მაინც გამჟღავნდება და რაც არ უნდა მალონ, ვულკანივით მაინც ამოიფრქვევა“, - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ და განმარტა, რომ სააკაშვილმა გააუქმა პროკურატურა, ამიტომაც შემცირდა გამომძიებელთა რაოდენობა, მოხდა მათი დისკვალიფიკაცია. ამჯერად კი ახალი კადრებია საჭირო. ამ მხრივ 80-იანი წლების კადრები უფრო სანდოა, მაგრამ ყველანი მეტ-ნაკლებად მაინც უკავშირდებიან პოლიტიკას.
მინდია უგრეხელიძე იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით მიმართა საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორს ჰააგაში, ოფიციალურად აღეძრა საკითხი საგამოძიებო პალატის წინაშე აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ხომ არ მოხდა დანაშაული. სამ წელზე მეტია, ამ საქმეს იძიებენ, არ ჩქარობენ, გადასცენ საქმე სასამართლოს, რადგან საერთაშორისო ტრიბუნალი მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ეროვნულ მართლმსაჯულებას არ შეუძლია, ან არ სურს ეს გამოიკვლიოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სასამართლო, პროკურატურა, შს სამინისტრო ერთი ადამიანის სურვილს ემსახურებოდა, კერძოდ, ადეიშვილის ვერტიკალს, ასევე, მერაბიშვილ-სააკაშვილის ნებას, ამიტომ სამართლიან გამოძიებასთან ამას არანაირი შეხება არ ჰქონდა. კერძოდ, სააკაშვილის დროს გარკვეულ საქმეთა მიმართ პოლიტიკური ინტერესი იყო, ხორციელდებოდა ბიზნესმენთა დევნა, ადამიანების მიმართ უსამართლობა.
„ეს მახინჯი სისტემა იყო. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ათასობით საჩივარი შევიდა პროკურატურაში, მათი უმეტესობა ყოფილ მაღალჩინოსანთა დანაშაულების ამსახველი იყო, ამ საჩივრების განხილვისას აქტიალური ხდება კვალიფიციური კადრების საკითხი, ეფექტური, სწრაფი გამოძიების დაწყება შეცდომების გარეშე. ამიტომ საჭიროა, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები, პროკურორები, დავატრენინგოთ ჩვენი გამომძიებლები, რადგან ხალხი უკმაყოფილოა, ერთი წელია, პროკურატურაში საჩივრები დევს და პასუხი არ გაცემულაო. ამიტომ უცხოელ პროკურორთა ჩამოსვლა დროულია, დასავლური სტანდარტების მქონე პროკურორები დაეხმარებიან ამ სისტემას“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
ამასთან, განმარტავს, რომ მილოშევიჩისა და მსოფლიოს სხვა ცნობილ საქმეებს ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსანთა სისხლის სამართლის საქმეებს პირდაპირ ვერ შეადარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმეები ინდივიდუალურად გამოსაკვლევია.
„უცხოელ პროკურორთა ჩამოყვანა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის გადაწყდა და არა - დასავლეთის დასანახად. პოლიტიკური დევნა უნდა გამოირიცხოს. ყველა საქმე კვალიფიციურად უნდა წარიმართოს. ამ მასშტაბის საქმეები ბოლო წლების განმავლობაში ისტორიას არ ახსოვს. პროკურატურაში არასდროს წარმოებულა მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ამ რაოდენობის საქმეები. ეს არ უხარია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ უკეთესი მრჩევლები ძნელად წარმოუდგენია ვინმეს“,
ადვოკატი ლილიკო გელაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყვანა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, პირადად მას, როგორც ადვოკატს, ყოფილი ხელისუფლების მიმართ ჰქონდეს სუბიექტური აზრი, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დაარღვევს და ვერ იტყვის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულების გამო ისინი საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცნენ.
„ის დანაშაულები, რაც წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, უფლებადამცველების, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობოების თვალსაწიერს მიღმა არ დარჩენილა. ეს საქმეები გამოსაძიებელია. ამიტომ ასეთი დონის სპეციალისტებზე, პროფესიონალებზე აქცენტის გადატანა მისასალმებელია“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვინ არიან ეს უცხოელი პროკურორები და რომელ გახმაურებულ საქმეებში ჩასართავად გამოიყენებენ მათ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ზოგადად კი, ნავთობისა და გაზის ფული ძალზე დიდია და მალე გამოჩნდება მათი პროფესიონალიზმიც.
„ერთმანეთსგან უნდა გაიმიჯნოს კანონის უზენაესობა და პოლიტიკური ანგარიშსწორება, რაც საქართველოში მიმდინარეობს. შეგნებულად ვრცელდება აზრი ვიღაცების მიერ, თითქოს დასავლეთი აბრკოლებს საქმეების გამოძიებას. გამოდის, დასავლეთი აბრკოლებს და რუსეთი ახალისებს? ჯერ ერთი, დასავლეთი არაფერს არ აბრკოლებს. თუ ეს უცხოელი პროკურორები აგვისტოს ომის გამოსაძიებლად სჭირდებათ და ამ კონტექსტში ახსენებენ მილოშევიჩის საქმეს, მაშინ აშკარაა, რომ ამ ექსპერტთა ჩამოყვანა რუსეთის მიერ წახალისებული ორკესტრირებული ამბავია. თუ ესენი მართლაც სპეციალისტები არიან და არა რუსეთის ფულით ჩამოსული ადამიანები, ამასაც დრო გამოაჩენს“.