ტალახიანი წყალი ონკანიდან და მოციმციმე ნათურები - პრობლემები სურამში

ტალახიანი წყალი ონკანიდან და მოციმციმე ნათურები - პრობლემები სურამში

გაუსაძლისი სიცხეების გამო დედაქალაქი ნელ-ნელა იცლება. ვისაც დრო და საჭირო ფინანსები აქვს, დასასვენებლად უკვე წავიდა ან მიდის. საქართველოში საკურორტო ზონები არცთუ მცირეა და, ამ მხრივ, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, ქვეყანაში, სადაც ტურიზმის განვითარება პრიორიტეტად არის გამოცხადებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვლავ ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი ჩუმათელეთი სურამის ერთ-ერთი უბანია. სამთო-კლიმატურ კურორტს დამსვენებელი წელსაც უხვად ჰყავს. ტურისტები ამბობენ, რომ მოსწონთ ჩუმათელეთის ბუნება და კლიმატი, მაგრამ არ მოსწონთ ის, რომ საკურორტო ზონაში მინიმალური კომფორტისთვის საჭირო პირობები არ არის.

„შუქი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშება. არის შემთხვევა, რომ დღეში 4-5-ჯერ რთავენ. ვერ ვიგებთ, როდის მიდის და როდის მოდის. ონკანში კი წყლის ნაცვლად ტალახი მოდის და ესეც თავისებური გრაფიკითაა. ხან არის, ხან - არა. სასმელი წყალი რომ მოიტანო, მოშორებით, წყაროზე გიწევს ჩასვლა. აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურა მეტად გამართული უნდა იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეკა ჩხარტიშვილი, რომელიც ჩუმათელეთში წელს ოჯახით ისვენებს.

ჩუმათელეთის მცხოვრებლები კი გვიყვებიან, რომ სპეციფიკური კლიმატის გამო სურამში სასოფლო-სამეურნეო კულტურა დიდად ვერ ხარობს, რის გამოც, მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ტურისტებზე ბინების გაქირავებაა. დამსვენებლები კი არაკომფორტულ პირობებში მაღალ ფასს არასდროს იხდიან.

„წყლის პრობლემა მხოლოდ ზაფხულში კი არა, მუდმივად გვაქვს. ახალი წყალგაყვანილობა მხოლოდ სურამში გაკეთდა, ჩვენ არ შეგვეხო ეს პროექტი, ისევ ძველი მილები გვაქვს. მაშინ ვიღაცეებმა მიიჩნიეს, რომ ჩვენ პრობლემა არ გვქონდა და სუფთა წყალი არ გვჭირდებოდა. წყალი მხოლოდ იქ გააკეთეს, სადაც საერთოდ არ იყო მანამდე. ჩვენთან ძველია ყველაფერი და წყალიც დაბინძურებული მოდის“,- ამბობს for.ge-სთან საუბრისას ჩუმათელეთის მცხოვრები მაია გაჩეჩილაძე და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შუქის სტაბილურად მიწოდების პრობლემაც ექმნებათ.

„რა თქმა უნდა, ტურისტები ნაკლებია ამის გამო. ბევრი უარს ამბობს, რომ ნახულობს ასეთი მდგომარეობაა. ბინების ფასიც, შესაბამისად, ნაკლებია. სათანადო ფასში ვერ ვაქირავებთ. დაბინძურებულია ტყეც. ერთი ბუნკერი რომ მაინც დადგან ტყესთან, კარგი იქნება - ტურისტებმა ტყეში რომ არ დაყარონ ნაგავი. ადგილობრივები ვცდილობთ, საკუთარი ძალებით დავასუფთავოთ ხოლმე, მაგრამ ვერ ავუდივართ“,- ამბობს მაია გაჩეჩილაძე.

რამდენად მნიშვნელოვანია სახელისუფლებო უწყებებისთვის ქვეყნის ტურისტულ ზონებში არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემები და რა პოზიცია აქვთ მათ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით? - ამ კითხვებზე პასუხისთვის For.ge საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა. თუმცა, გიორგი სიგუამ ჩვენი მოსმენაც არ ისურვა და განგვიცხადა, რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მხოლოდ წერილობითი ფორმით გასცემდა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მას საკუთარი პრესსამსახური მიაწვდიდა. დღის განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ სიგუას პრესსამსახურთან მობილურზე დაკავშირება, თუმცა, უშედეგოდ - ეკა სოსელიას მობილური გამორთული ჰქონდა. ხოლო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ტელეფონის ნომრებზე სამუშაო სათებში ერთხელაც კი არავინ გვიპასუხა. ალბათ, სააგენტოში ასე ესმით მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული ტურიზმის სფეროს განვითარება.

რაც შეეხება, კონკრეტულად ჩუმათელეთში ელქტროენერგიის მიწოდების კუთხით შექმნილ პრობლემას - ამ საკითხზე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განგვიმარტეს, რომ გადამცემ ხაზებზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების გამო ჩუმათელეთში შუქი რამდენჯერმე ნამდვილად გამოირთო, მაგრამ ეს პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

„წინა ათი დღის განმავლობაში 5-5 წუთის განმავლობაში წყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოებული სამუშაოებია. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი უკვე ჩვენი კომპანიის სამუშაოები მიმდინარეობდა - 110-კილოვოლტიან ხაზზე ვაწარმოებთ სამუშაოებს და ამის გამო დღეში ორჯერ - ასევე 5-5 წუთით გამოირთო ელექტროენერგია. ხვალიდან მიწოდება უკვე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“,- განუცხადა for.ge-ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა გიორგი ბალახაშვილმა.

გაცილებით უფრო რთულია წყალმომარაგების საკითხის გადაჭრა. ონკანიდან ტალახიანი წყლის ნაცვლად სუფთა და გაფილტრულ წყალს ჩუმათელეთელები უახლოეს დღეებში ნამდვილად ვერ მიიღებენ.

For.ge-ს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს, რომ ჩუმათელეთის წყალმომარაგება მათ არ ეხებათ, მხოლოდ სურამზე ჰქონდათ ვალდებულება და იქ ეს პრობლემა უკვე მოაგვარეს.

„ჩუმათელეთის წყალმომარაგებასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენი კომპანია არასდროს ემსახურებოდა. მართალია ეს სოფელი სურამზეა მიბმული, მაგრამ, ცალკე უბნად მიიჩნევა და ჩვენს ექსპლოატაციაში არ არის. შესაბამისად, ჩვენ არც იმას ვწყვეტთ, ვინ უნდა მიაწოდოს ადგილობრივ მცხოვრებლებს წყალი. ამ საკითხის ინიციატორი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უნდა იყოს. მუნიციპალიტეტმა უნდა მიმართოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ გადაწყდა იქ წყალმომარაგების საკითხის მოწესრიგება, ამის შემდეგ გადმოგვეცემა ეს ტერიტორია ექსპლოატაციაში“, - განმარტა ჩვენთან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო რამიშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ ჩუმათელეთის მცხოვრებთა ყველა პრობლემა კარგად იციან და მათ მოგვარებას ეტაპობრივად აპირებენ.

„სულ ხუთიოდე დღის მოსული ვარ სამსახურში, ძალიან ბევრი პრობლემა დამხვდა, წინასაარჩევნო პერიოდიდან ვიცი, რომ ჩუმათელეთის მცხოვრებთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ, წყალმომარაგებაა. უყურადღებოდ არ დავტოვებთ ამ ამბავს. უახლოეს დღეებში დავიწყებთ მუშაობას და თუ კოლოსალური თანხები არ იყო საჭირო, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში მოვაგვარებთ“, - განუცხადა for.ge-ს ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.

თუ ახალი გამგებელი დაპირებებს არ დაივიწყებს და მუნიციპალიტეტი სათანადო თანხების მობილიზებას მოახერხებს, ჩუმათელეთის მცხოვრებლებს სასმელად ვარგისი წყალი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულში მაინც ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში გაცილებით კომფორტულად იგძნობენ თავს სურამის ერთ-ერთ უბანში ჩასული დამსვენებლებიც.