დაპირისპირება ეთნიკური ნიშნით თუ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე - ეს კითხვა აქტუალური იქნება მანამდე, სანამ თბილისში არარატის ქუჩაზე მომხდარ 20 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომპეტენტურ დასკვნას არ დადებენ. მანამდე კონფლიქტის უშუალო მონაწილეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ასახელებენ.
სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქია ეთნიკური ნიშნით მოწყობილ ორგანიზებულ თავდასხმაზე საუბრობს, რაშიც თითქოსდა, ქართველების 50-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა.
მეორე ნაწილი კი, რომელთა შორის, ასევე, ეთნიკური სომხები არიან, ინციდენტს პარკირების ადგილთან დაკავშირებული უთანხმოებით ხსნის. კონფლიქტის წინაპირობა სომხური ეკლესიის წინ გაჩერებული მანქანა გახდა. კერძოდ, ეროვნებით სომეხი სერჟ გრიგორიანი იხსენებს, რომ სომეხმა სასულიერო პირმა პარკინგის გამო გოგონას ლანძღვა დაუწყო და მას შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონამ კი უთხრა, არ გინდა ასეთი ლაპარაკიო. ამ დროს სომხურ ეკლესიაში მყოფნი გარეთ გამოვიდნენ და დაიწყეს ჩხუბი.
ერთ-ერთი თვითმხილველი მარიკა ხაჩატუროვა იხსენებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვარდა ეკლესიიდან, დაიწყეს სროლა, ექვსი გასროლა მოახდინეს. თუმცა სომხები ირწმუნებიან, რომ სიტუაციის განსამუხტად ჰაერში გაზის იარაღი გაისროლეს.
ფაქტის მეორე თვითმხილველი დოდო მათიაშვილი მტკნარ სიცრუედ მიიჩნევს ცალკეულ სომეხ პირთა ნათქვამს, თითქოს ჩხუბი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა. არარატის ქუჩის მოსახლეობა იმ ფაქტის გამოძიებასაც ითხოვს, რატომ ისროლა სურბ ეჩმიაძინის მრევლმა ჰაერში იარაღი. ამ ეტაპზე შსს-მ გამოძიება ჩხუბისა და ცემის ფაქტზე დაიწყო. თუ ძიებაში ეთნიკური ნიშნები გამოიკვეთება, მაშინ საქმე გადაკვალიფიცირდება.
ავლაბარში მომხდარი ყოფითი კონფლიქტის შემდეგ ცალკეულ პირებს მცდელობა ჰქონდათ, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტისთვის რელიგიურ-ეთნიკური შუღლის კლასიფიკაცია მიეცათ. ეს მაშინ, როცა თავად კონფლიქტში მონაწილე სომხები არ მალავდნენ, რომ მსგავსი გაუგებრობა შესაძლოა, უშუალოდ სომხებს შორისაც მომხდარიყო და ამისგან არცერთი ეროვნება დაზღვეული არ იყო, რადგან საუბარი იყო მანდილოსნის შეურაცხყოფაზე სასულიერო პირის მხრიდან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვნული საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩხუბი მოხდა არა თვით ეკლესიაში, არამედ მის გარეთ, ეზოში, სპორტულ მოედანზე და იქ იყო არა 50, არამედ 13 ადამიანი და თითქმის ყველა სომეხი... მისი თქმით, საერთოდ, კონფლიქტი სამ ადამიანთან არის დაკავშირებული- სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროს ლევონ ისახანიანთან, მის ძმასთან და ეკლესიის სულიერ მწყემსთან ტერ მანუკთან. სწორედ იგი აღმოჩნდა ნაცემი, რადგან ძალიან იგინებოდა. ამასთან, არნოლდ სტეპანიანმა აღნიშნა, რომ ეპარქიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჰაერში გაისროლა და ეს გასროლა მოხდა არა ერთჯერ, როგორც ამტკიცებენ, არამედ შვიდჯერ.
როგორც სომხური გამოცემა წერს, ლევონ ისახანიანს უშუალო კონსულტაციასა და მხრადაჭერას უწევს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ვან ბაიბურთი. წყაროს თქმით, გუშინ საღამოს და დღეს ლევონ ისახანიანს ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ეწვია.
თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია სომხური ეკლესიის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტს გმობს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ ან ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელიც იზიარებს.
„თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა“,- განმარტავენ საპატრიარქოში.
სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააქტიურდნენ ცალკეული არასამთავრობოები და, რასაკვირველია, ამ ყოფითი კონფლიქტის მიღმა „ღრმა და ყოვლისმომცველი“ სიძულვილის კონტექსტი დაინახეს. უფრო მეტიც, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და საზოგადოებაში არმენოფობიური განწყობებიც „შენიშნეს“. პარალელურად, „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკაზეც“ ალაპარაკდნენ.
ჩვენ დავინტერესდით, ცალკეული არასამთავრობოები ხომ არ არიან ჩაჭიდებულნი მსგავს დელიკატურ თემებს და ხომ არ ელიან, რომ სულზე მიუსწროს ასეთმა სენსიტიურმა საკითხებმა?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ხანია, ნამდვილი ანალიტიკური მუშაობა ჩანაცვლებულია წერა-კითხვის უცოდინარი არასამთავრობოებით. ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების უმრავლესობას ასეთი თემების წამოწევა გრანტების მისაზიდად სჭირდებათ. მათ აწყობთ მეტი ინტრიგა, პრობლემა, ეს მათი თვითრეკლამაა და ამის შედეგად ეს ახალგაზრდა გოგონები ძვირფასი ჯიპებით დაქრიან.
პოლიტოლოგის თქმით, თავიანთი უვიცობის გამო არასამთავრობოები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ვიღაცამ რომ ჰაერში იარაღი ისროლა, ამას მსხვერპლი რომ მოჰყოლოდა, ნახევარი თბილისი მივარდებოდა ავლაბარში და ტერტერას გაუსწორდებოდა. ამაზე გადაერთობოდა რუსეთი, ყველა დაივიწყებდა უკრაინას, თვითმფრინავის კატასტროფას და რუსული პრესა სომხების გენოციდად წარმოაჩენდა ერთი ადამიანის დაღუპვასაც კი. ამიტომ სოსო ცინცაძის აზრით, ამ არასამთავრობოებმა გონებას უნდა მოუხმონ.
„მომხდარში მთავარი დამნაშავე სომეხი ტერტერაა, რომელიც გამოვიდა და უხეშად მიმართა გოგონას. თუ იქ მანქანის დგომა აკრძალული არ არის, არავის აქვს უფლება, შეზღუდოს ავტომანქანის გაჩერება. რა, ის ტერიტორია ტერტერას საკუთრებაა? არავინ იცის, რა იარაღი გაისროლეს და ვინც ისროლა, ჰქონდა კი იარაღის ტარების ან სროლის უფლება? არავითარი ეთნიკური, ეს ყოფითი ხულიგნობა იყო. იმ გოგონამ შეიძლება ცოტა ითავხედა, მაგრამ ტერტერას მეტი მოეთხოვება, როგორც სასულიერო პირს. არა მგონია, მერაბიშვილის პოლიციის დროს სომხებს გაებედათ და თბილისში იარაღი ესროლათ. ტოლერანტობა მესმის, მაგრამ ჩახალიანის და სხვების გამოშვებით მათ ჰგონიათ, კარტ-ბლანში აქვთ მიღებული. 90-იანი წლების დასაწყისში ახალქალაქში ჩვენი თავდაცვის მინისტრი ვერ ჩაფრინდა, რადგან იქიდან უთხრეს, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხოებასო. შემდეგ, როცა რუსის ჯარი გადიოდა ახალქალაქიდან, კინაღამ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა სომხებსა და ქართველებს შორის, თივის ზვინში, სომეხის ეზოში პატარა ქვემეხიც კი ნახეს. სიმართლე ვთქვათ, ის დაპირისპირებაც ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რადგან ახალქალაქის სომხები სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. ეს რუსული პოლიტიკა იყო, რომ მხოლოდ სომხებს იღებდნენ ამ ბაზაზე.
ახალქალაქში ღვივის სეპარატიზმი, ამას ფერფლი აყრია და ჩვენს პოლიტიკოსებს სირაქლემის პოზიცია უჭირავთ. იგივე ჩახალიანი, ის გამოუშვეს და უცებ გახდა ცოტნე დადიანი, საქართველოს პატრიოტი? მას არ სურს, საქართველო იყოს თურქეთთან მეგობრული. სააკაშვილი რომ ჩავიდა ახალქალაქში, ჩახალიანი ეძახდა, მიშა, წადი თურქეთშიო, რატომ არ ეძახდა, მიშა, წადი რუსეთში ან ამერიკაში?
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი რომ ვიყავი, არნოლდ სტეფანიანმა წარმოადგინა კონსტიტუციის საკუთარი პროექტი, რომელიც კომისიამ არ მიიღო, რადგან ეს იყო სეპარატისტული პროექტი. რამდენადაც ვიცი, სტეფანიანი „რესპუბლიკური პარტიასთან“ ძალიან ახლოა. 1915-18 წლებში, როცა თურქეთში გენოციდი მოუწყეს სომხებს, ერთი მილიონი სომხიდან 300 ათასი თბილისში გამოიქცა, მანამდე პასკევიჩმა ჩამოასახლა 30 ათასი სომეხი. ახლა სომხურ თემში არის ჩუმი უკმაყოფილება და პროტესტი თურქ-მესხებთან დაკავშირებით“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.
„გლობალური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობოთა ნაწილი რატომღაც მაშინ აკეთებს მკვეთრ განცხადებებს, როდესაც შეიძლება, გაამწვავონ და დაამძიმონ ვითარება.
„ერთი შემახსენეთ, დიმიტრი ობოლაძემ რომ ღორები უძახა მთელ რუსებს, არავინ იქ ნორმალური არ არისო, ეს არ იყო ეთნიკური შუღლის გაღვივება? რატომ ამაზე არ გააკეთეს არასამთავრობოებმა განცხადებები? მე მგონი, მარტო მედიაორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს დაუშვებელი იყო. ეს შემთხვევა რით განსხვავდება ავლაბარში მომხდარი ფაქტისგან? მით უმეტეს, ორივე მხარეს სომეხი ეროვნების მონაწილეები იყვნენ. მე მახსოვს, ქაშუეთის ეკლესიასთან რა საზიზღრობა ჩაიდინეს, როცა წმინდა ნინოს კარიკატურები მიახატეს, რატომ მაშინ არ ატეხეს არასამთავრობოებმა ერთი ამბავი? ვერ გავიგე, ამ ქვეყანაში ყველაზე დაბალი ღობე ქართველი და მართლმადიდებელია? ზოგადად, ქვეყანაში ყველას უფლება უნდა იყოს დაცული. საქართველოში ეს ცოდნა და კულტურა რომ არ ჰქონოდათ, დღემდე ეს ქვეყანა ვერ მოაღწევდა. თუ მოაღწევდა, იქნებოდა მონოეთნიკური. ასეთი მეზობელი ქვეყანაც მეგულება, სადაც ერთი ეროვნების ხალხის გარდა, სხვა არავინ ცხოვრობს. ჩვენ კი ვართ მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყანა. ჩვენში თანაარსებობის კულტურა იმთავითვე არსებობდა, ახლა თითო სულელი და გიჟი ოჯახშიც არ გამოილევა და მთელ ქვეყანაშიც მოიძებნება. ამიტომ რაღაც სურათის შექმნა, განზოგადება და შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება, სულ ცოტა, არასწორია“, - აცხადებს ნანა დევდარიანი და ფიქრობს, რომ არასამთავრობოები ვალდებულნი არიან, დამფინანსებელს აჩვენონ, რა „აქტივობები“ ჩაატარეს.
მისი თქმით, დაახლოებით ეს იმ სიტუაციის ანალოგიურია, ჟურნალისტი რომ ხედავს, ერთი კაცი მეორეს კლავს და ვერ გადაუწყვეტია, ჩაერიოს, პატრული გამოიძახოს, თუ გადაიღოს და მერე ერთი ამბავი ატეხოს. ნანა დევდარიანის აზრით, ეს ელემენტარული ეთიკისა და მორალის საკითხია. ამიტომ არასამთავრობოები ჩასაფრებულნი არ უნდა იყვნენ ასეთ თემებზე. მით უმეტეს, ჩვენთან, თბილისში და, მთლიანად, საქართველოში, სადაც არ უნდა გაიარონ, ყველგან წმინდა ადგილები და სალოცავია. თუ ასეთი სენსიტიურები არიან ამ საკითხების მიმართ, არასამთავრობოებს რატომ არ გაახსენდათ ხმნის ამოღება მაშინ, როცა ქაშუეთის წინ დაგეგმილი იყო ლგბტ პირების აქცია?!
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხშირად კონფლიქტების წინაპირობას არასამთავრობოების დაუფიქრებელი განცხადებები უფრო ქმნის, ვიდრე თავად კონფლიქტის მაპროვოცირებელი მიზეზები. თავისთავად, თანამედროვე საზოგადოება ჯერ შეუმდგარია საქართველოში, ეს ეხება როგორც ძირითად, ისე არაძირითად მოსახლეობას, ასევე, ძირითადი რელიგიური ნიშნის მქონე და არაძირითადი რელიგიური ნიშნის მქონე პირებს. ამიტომ, მისი თქმით, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორის ვალდებულებაა, კონფლიქტების კერების შემცირება და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა და არა საზოგადოებრივი კონფლიქტების გამძაფრება შეძახილებით, რომლითაც ისინი სიძულვილის ენისა და ძალადობის ტერმინოლოგიით აპელირებენ.
„არასამთავრობოების ამგვარ დაუფიქრებელ განცხადებებს ხშირად მეტი ზიანი მოაქვს. არასამთავრობო სექტორი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, თავისი თავის ძიების რეჟიმშია. მით უმეტეს, ჩვენთან საკმაოდ ფართოა არასამთავრობო სექტორი, მათ სჭირდებათ დაფინანსება. ამ მხრივაც არასამთავრობო სექტორი ძიების რეჟიმშია და ზოგჯერ ზედმეტი მოწადინებით უფრო აფუჭებს საქმეს. სასურველია, ყველა ჩვენგანი ადეკვატური და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამოვიდეს. ვერ გამოვრიცხავთ არასამთავრობოების დაინტერესებას გრანტებით, რადგან გრანტი არასამთავრობო სექტორის სუნთქვის საშუალებაა. თეორიულად, გამოსარიცხი არც ისაა, რომ რუსეთმა გამოიყენოს ყოფითი დაპირისპირების ფაქტები, მაგრამ ახლა მაინც არ არის კონფლიქტის სერიოზული წინაპირობა. ცოტა ხნის წინაც, რამდენიმე დღის განმავლობაში, იყო გამწვავების პერიოდი, მაგრამ შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა. როგორც წესი, იყო ფსევდო რელიგიური და ფსევდო ეთნიკური კონფლიქტები და მაშინ საზოგადოება ბევრად უფრო შეგნებული აღმოჩნდა ამ ფსევდო კონფლიქტების პირისპირ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ. ზოგან ძირითადმა მოსახლეობამ დათმო, ზოგან კი - უმცირესობებმა დათმეს. ეს კარგი მოვლენაა. ზოგჯერ საზოგადოება თავად ახდენს საკუთარი პრობლემების მართვას“,- აცხადებს არჩილ გამზარდია.
ამასთან, ფიქრობს, რომ ადამიანმა ნებისმიერი სასულიერო პირის რჩევა უნდა გაითვალისწინოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის წარმომადგენელია იგი. მეორე მხრივ, თუ სასულიერო პირი გადააჭარბებს უფლებამოსილებას და რჩევის ნაცვლად, იმპერატიული და არაადეკვატური გახდება, მაშინ საზოგადებამ ამ სასულიერო პირს შენიშვნა უნდა მისცეს.