იმის მიუხედავად, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ცდილობს და ეკონომიკურ საკითხებში გარკვეული წინსვლაც არსებობს, საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში მუდმივად საუბარია, რომ განსაკუთრებით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, საქართველო მუდმივად ყურადღებით უნდა იყოს, რათა არ დაუშვას და რაიმე პროვოკაციას არ წამოეგოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება. დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრეი ბონდარევის განცხადებით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„ეს გახლავთ დაღესტნის მეთაურის ინიციატივა. ამ ეტაპზე შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და მოსამზადებელი გეოლოგიური სამუშაოები. ეს სამუშაოები აგვისტოში დასრულდება. შემდეგ დაიწყება პროექტის დოკუმენტაციის მომზადება და შემდეგ უკვე გადაეგზავნება მოსკოვს განსახილველად“, - განაცხადა ბონდარევმა.
დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება. გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იქნება საჭირო. აღნიშნული მაგისტრალი იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით იქნება მოპირკეთებული. მშენებლობაზე რელიეფის სირთულის გამო, პროექტზე 30 მილიონი დაიხარჯება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით კი აღნიშნული ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები რუსულ და დაღესტნის მხარესთან არ ყოფილა. მისი განმარტებით, გზა არ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად ამ პროექტში ქართული მხარე ჩართული არ არის.
„ჩვენთან ამ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, არანაირი შეთანხმება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თვითონ თავიანთ ტერიტორიაზე რაღაც გზის მშენებლობას თუ გეგმავენ, ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. მათ ტერიტორიაზე სრული უფლება აქვთ გზის მშენებლობები განახორციელონ“, - ხოკრიშვილმა.
„ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში აღნიშნული საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. ვკითხე ჩემს კოლეგებს და არც ისინი არიან საქმის კურსში. რუსეთს ნებართვა არ სჭირდება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე რაღაც ააშენოს. ორმხრივ ფორმატში, რომ ეს ერთობლივი პროექტი და ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი გზა ყოფილიყო, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.
თავისთავად, ახალი გზის მშენებლობა, ინფრასტრუქტურის შექმნა მხოლოდ პროგრესს უკავშირდება, თუმცა როდესაც პროექტში რუსეთია ჩართული, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები და ეჭვები, ხომ არ შეეცდება ჩვენი მეზობელი ახალი მაგისტრალის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ეს თემა საქართველოში ჯერჯერობით აქტიურად არ განიხილება, თუმცა ეს ალბათ მოგვიანებით მოხდება, მას შემდეგ, რაც რუსეთი პროექტს „მწვანე შუქს“ აუნთებს.
და მაინც, რა მნიშვნელობა ექნება ამ გზას საქართველოსთვის და არის თუ არა გარკვეული საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინება საქართველოსთვის აუცილებელი, უშიშროების მდივნის მრჩეველი თეონა აქუბარდია თვლის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ რუსეთის ჯარი იმყოფება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
„ამ გადასახედიდან, ეს მაგისტრალი არ იქნება დამატებითი საფრთხე. შესაძლოა, რუსეთის მხრიდან გარკვეული მიზნებისთვისაც იყოს გამოყენებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთისგან სამხედრო საფრთხის რეალობა სხვა მიმართულებიდან, თბილისიდან 40 კილომეტრის მანძილზეა, ეს უფრო მეტი რისკების შემცველია, ვიდრე ახალი გზა“,- აცხადებს თეონა აქუბარდია.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, თვლის, რომ თუკი პროექტი დამტკიცდა, საქართველოსთვის საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.
„ეს გზა გრიგოლ ორბელიანმა ააშენა შამილის წინააღმდეგობის დროს. თუ ეს გზა მართლაც აშენდა ეს იქნება ჩვენთვის ძალიან ცუდი და დამღუპველი. ეს არ იქნება კონტროლირებადი გზა, გახდება ნარკოტიკებისა თუ ტრეფიკინგის წყარო. დაღესტანი ძალიან მძიმე ქვეყანაა, მძიმე ფსიქოლოგიის მატარებელი ხალხი ცხოვრობს, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა არაფერს ნიშნავს. ასე რომ, ქურდობებისთვის, ნარკოტიკებისთვის გზა ხსნილი იქნება“, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
რაც შეეხება ნარკოტრაფიკს, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები ამ კუთხით ყველაზე პრობლემურია და ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებშიც არის ასახული.
„ვნახოთ მომავალში რა იქნება, მაგრამ მთავარია, რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რამდენად იქნება დაცული საზღვრები და როგორ გაკონტროლდება ის“, - აცხადებს აქუბარდია.
სანდრო თვალჭრელიძე თვლის, რომ ამან შესაძლოა, კრიმინოგენული ვითარებაც გააუარესოს.
„ერთხელ ერთმა დაღესტნლმა მითხრა, დაღსტნელები არ იპარავენ, თუ აიღო, გამოდის, რომ სჭირდებოდაო. წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოში“, - შიშობს თვალჭრელიძე.
ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, თუ ნორმალური ურთიერთობებია, ქვეყნებს შორის უფრო პოზიტივს ხედავს-ხოლმე ვიდრე ნეგატივს.
„რაც შეეხება კონტრაბანდასა და დივერსიას, დივერსიები კარგი გზებით არ ხდება. ძირითადად ხდება ჩუმად და ბნელ ღამეში. ზოგადად, ნებისმიერი გზა ჩემთვის ასოცირდება პოზიტივთან. არ მგონია ეს აგრესიისთვის ხდებოდეს, რუსული აგრესია არსებულ გზებსაც მშვენივრად იყენებს და ეს ვნახეთ არაერთხელ“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.
მისივე შეფასებით საფრთხეებზე საუბარი ამ შემთხვევში გადაჭარბებულია.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებში საფრთხეს ვერ ვხედავ. სხვა საკითხია, რამდენად გვჭირდება. სხვა საკითხია მისი ეფექტურობა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაციები არის რაიმე საფრთხის შემცველი. თუ ვინმეს აგრესია უნდა, ამის გარეშეც მშვენივრად ახერხებს და ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ გზაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდება. შეიძლება, პირიქით, მოწესრიგდეს ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, საფრთხეებზე საუბარი გადაჭარბებული მგონია“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ეკონომიკურ სტიმულირებას სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტიც კარგად ერევა თავის საქმეს.
„იქ ხეობაა ძალიან ვიწრო, გზა მთაზე გადადის და ძალიან ადვილი იქნება საგუშაგოებისთვის გვერდის ავლა. კარგად ვიცნობ იმ გზის რელიეფს, მიმუშავია გეოლოგად ახალგაზრდობაში, ვთვლი, რომ ჩვენთვის ცუდი პროექტია. საქართველოს შეუძლია, ნეიტრალური ზონიდან არ გააკეთოს გადმოსასვლელი და ჩვენს ტერიტორიაზე გზა ააფეთქოს - ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ“, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ მონაკვეთზე საზღვარი 1992 წლიდან ჩაკეტილია, თუმცა ყვარლის რაიონის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ საგუშაგოს მეორე მხარეს, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოები დაწყებულია. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში ადასტურებენ, რომ რეაბილიტაცია დაიწყო და გზა ჯერჯერობით საზღვრამდე მივა.
დაღესტნის მხარე ხაზს უსვამს, რომ ავარეთ-კახეთის გზა უზრუნველყოფს უმოკლეს მიმართულებას საქართველოსკენ და შავი ზღვის კურორტებისკენ, მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ამ გზის ამოქმედება ხელს შეუწყობს დაღესტნის მთის რაიონების განვითარებას, აგრეთვე აქ დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ნაწილების კავშირის გაუმჯობესებას ცენტრთან.
დაღესტნის ხელმძღვანელობამ არაერთგზის განაცხადა, რომ მხარს უჭერს გზის ამოქმედებას და მასში რესპუბლიკის პროგრესსა და პერსპექტივას ხედავს.
ასევე ცნობილია, რომ 2008 წლის ომამდე ვლადიმერ პუტინი ბოთლიხის ბაზაზე ყოფნისას საჯაროდ დაინტერესდა აღნიშნული გზის გამტარიანობით, ეს გზა რუსეთის მხარეს 2007 წელს პუტინმა უკვე მოახრეშინა და გვერდით კი ბოტლიხის სამთო ბრიგადა განალაგა.