საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს წევრმა გულიკო ზუმბაძემ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. აღნიშნულმა მართვის ცენტრმა ქართული ცის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. პროექტი 2010 წლიდან არსებობს, მაგრამ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, მისი განხორციელება დაჩქარდა. ამასთან ერთად, მშენებლობის დაჩწარება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ჩვენი ქვეყანა 2014 წელს ევროკონტროლის წევრი გახდა. ევროკონტროლი ახლო მომავალში საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრალური გამანაწილებლების - ჰაბების შექმნას აპირებს, ხოლო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა ფრენკ ბრენერმა მოწოდებაც გააკეთა სახელმწიფოებისა და საჰაერო ნავიგაციების მისამართით, რომ დაანგრიონ მონოპოლიები და შექმნან საჰაერო მოძრაობის მართვის დამხმარე მომსახურების კონკურენტუნარიანი ბაზარი ევროპაში. ეს პროექტი კი საშაუალებას მიცსემს საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს გასცდნენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და გაუწიონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება ევროკონტროლის 40 წევრ სახელმწიფოს.
„საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი სრულად უზრუნველყოფს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში და საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებას. ახალი მართვის ცენტრს ექნება შესაძლებლობა ახალ აეროპორტსაც მოემსახუროს, თუკი სახელმწიფო ასეთის აშენებას გადაწყვეტს. მნიშვნელოვანია ის, რომ ტენდერი ქართლმა კომპანიამ მოიგო და მისი ღირებულება 7 მილიონი ევროა. მშენებლობაზე 200-მდე ჩვენი თანამემამულე დასაქმდება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უკრაინაშ მომხდარი სამწუხარო ტრაგედიის შემდეგ, ტრაფიკის დიდმა ნაწილმა საქართველოზე გადმოინაცვლა და ჩვენ უნდა მოვხერხოთ და უნდა შევძლოთ ამ ტრაფიკის უზრუნველყოფა და გადაზიდვების შეუფერხებლად გატარება. მეორე ფლიგელის მშენებლობა შესაძლებლობას მოგვცემს ფრენების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადავიდეთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მშენებლობის საფუძველში კაფსულის ჩაშვების შემდეგ, კომენტარი დავით ნარმანიამაც გააკეთა.
„ამ ცენტრის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის ფუნქციაში შევა ძირითადი სისტემის სარეზერვო მოწყობილობაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ავიამეთვალყურეებს რამდენიმე წამში მიეცემათ შესაძელბლობა გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე და სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა. საჰაერო მოძრაობის მართვის ახალიცენტრი და ზოგადად, კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა, რომლის შესაძენადაც სახელმწიფო სავარაუდოდ 9 მილიონ ევროიან ტენდერს გამოაცხადებს, ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისი შესთავაზოს ევროპას და სამომავლოდ რეგიონში მეზობელ ქვეყნებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ინფრასტრუქტურის მინისტრად მუშაობის პერიოდში „დაგი" ერთ-ერთი წარმატებული ფორმა გახლდათ. ის იგებდა პროექტებს და არცერთხელ არ ჰქონია ჩავარდნა, არ ჰქონია გადაცდენა ვადებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში საქართველოს საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის ახალი შენობა ექნება",-განაცხადა თბილისის მერმა.
„საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი არ მალავს, რომ პროექტის განხორციელებას თავადაც მოუთმენლად ელის.
„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ ორ წელიწადში საქართველოს ცა არამარტო ერთ-ერთი უსაფრთხო იქნება, არამედ რეგიონში ერთ-ერთი დიდი გამტარი. საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მეორე ფლიგელი სრულად უზრუნველყოფს ამ უსაფრთხოებას და მიმზიდველს გახდის ნებისმიერი ქვეყნისთვის. შენობა უახლოესი ტექნიკით აღიჭურვება, რომელზეც 9 მილიონი ევრო დაიხარჯება და ის ამბიცია, რომ რეგიონში ამ კუთხით ვიყოთ მოწინავენი, რეალობად იქცევა",-განაცხადა მეზვრიშვილმა.