საინჟინრო მესანგრეების დღე (ვიდეო)

საინჟინრო მესანგრეების დღე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ცერემონია ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. 23  ივლისი ქართველი საინჟინრო მესანგრეების დღეა. საქართველოს სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა.

 თავდაცვის მინისტრმა  პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა: „დღეს ჩვენი ინჟინერ-მესანგრეთა პროფესიული დღეა. მე, როგორც მინისტრს, მინდა განსაკუთრებულად გამოვყო მათი წვლილი ქვეყნის თავდაცვის საქმეში. დღეს, ავღანეთშიც ჩვენი მებრძოლები ერთ-ერთი მიმართულებით სწორედ ამ პროფესიულ თვისებებს ავითარებენ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის. ამიტომ, მივულოცავ მათ პროფესიულ დღეს და პროფესიული საქმიანობის განვითარებაში, ასევე მატერიალურ-ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით მხარდაჭერას ვპირდები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემაც მიულოცა და საინჟინრო ბრიგადის დაარსების ისტორია გაიხსენა.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საინჟინრო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა  მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ  საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.

იუბილესთან დაკავშირებით, საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე   სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.  ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.