„კატასტროფა და აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რაც გააკეთეს ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მთავრობის წევრების მიერ საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერის საკითხს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მომავალ სასესიო კვირას აპირებს დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ცვლილება პრემიებთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს, რაც ამ ქვეყანაში ბევრი წლის განმავლობაში ხდებოდა.
„ეს ჩვენი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა, მაგრამ ეს არავის არ უხსნის პასუხისმგებლობას. საინტერესო ისაა, რაც აქამდე იყო და ცალსახად და მარტივად უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფა იყო, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, რაც გააკეთა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამას ცალსახა შეფასება აქვს და არ არის საჭირო განმარტებები, ასე იყო და ისე იყო.
პარლამენტმა ეს 2012 წლის დეკემბერში გააკეთა, მოსვლის დღიდან პარლამენტში ეს საკითხი გადაწყვეტილი და დარეგულირებულია. არც ერთი თეთრი როგორც პრემია არც ერთ დეპუტატს არ მიუღია. და ეს ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით პრემიებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაცია დაწესდა. მთავრობამ მიიღო დადგენილება „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმად, წლის განმავლობაში პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კვარტალში ერთხელ და ის არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის ოდენობას. ამასთან, საჯარო მოხელე პრემიას საკუთარ თავს ვეღარ გამოუწერს. თუმცა, ეს წესი მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე ვრცელდება.
ის რაც კატასტორფა და მიუღებელია ხიდაშელისთვის, ნორმალური და მისაღებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძისა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ერმაკოვის მიერ მიღებულ პრემიებს აქვეყნებს.
ანგარიში ხუთი თვის, 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით სამთავრობო უწყებებიდან მიღებულ მონაცემების მიხედვით იქნა წარმოდგენილი. კვლევის მიხედვით ხუთ თვეში არჩილ ხაბაძემ 8 650 ლარი პრემიის სახით აიღო, ავთანდილ ბერიძემ ხუთ თვეში 15 000 ლარი, ხოლო გიორგი ერმაკოვმა სამ თვეში 5 535 ლარი პრემიის სახით მიიღო. აღნიშნულ მონაკვეთში პრემიის სახით ბათუმის მერიის 471 თანამშრომელმა 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში პრემია ხუთივე თვეს იქნა გაცემული. რაც შეეხება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ერმაკოვს, მან 2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით 5 535 ლარი მიიღო, მისმა წინამორმედმა ჯემალ ანანიძემ კი 2014 წლის იანვარში 2 250 ლარი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ანგარიშის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა პრემიები აღნიშნული უწყებების თანამშრომლებმაც მიიღეს. აჭარის ა-რ უმაღლეს საბჭოში, პრემია ხუთჯერ, 2014 წლის ინავრიდან მაისის ჩათვლით ყოველ თვეს იქნა გაცემული, 98 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიის მოცულობამ 333 158 ლარი შეადგინა, სამინისტროებსა და ცალკეულ უწყებებში კი ოთხჯერ, იანვრიდან აპრილის ჩათვლით.
ყველაზე დიდი ოდენობით პრემია აჭარის ა-რ მთავრობაში გაიცა - 124 თანამშრომელზე 358 044 ლარი, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 8 650 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა თანაბარი ოდენობის პრემია 8160 - 8160 ლარი მიიღეს. აჭარის ა-რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტმა დავით ბალაძემ კი პრემიის სახით 7 140 ლარი მიიღო.
For.ge შეეცადა მთავრობის ხელმძღვანელისგან მიეღო განმარტება, რა დამსახურებისთვის გამოუწერს მათ ამ რაოდენობის პრემია, თუმცა მთავრობის მეთაურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სწორედ პრემიების საკითხი გახდა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის და უმცირესობის წევრების დაპირისპირების მიზეზი. უმცირესობის წევრებმა მინისტრისგან გასულ წელს სამინისტროებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს. უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მინისტრს მატყუარა უწოდა, რადგან ის პრემიებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
ფინანსთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია, რომ ხელფასებისა და პრემიების სახით გეგმით გათვალისწინებულზე 7 მილიონით მეტი აიღო მთავრობის წევრებმა. „როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში 10 ათას ლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?“, - მიმართა ხადურმა ნადირაშვილს და აქვე აღნიშნა, რომ წინა ფინანასთა მინისტრი თვეში 27 ათას ლარს იღებდა, დღევანდელი იღებს - 5 ათასს.