ერთი კვირის წინ პედაგოგთათვის ხელფასის გაზრდის თხოვნით მოგმართათ სოციალურ ქსელებში სახელდახელოდ შექმნილმა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა. სანამ მიმართვას კანცელარიაში შემოვიტანდით, მანამდე მას ათასობით მასწავლებელი გაეცნო. ალბათ, თქვენც ხვდებით, რომ ხელფასის გაზრდა იმ ათი ათასობით პედაგოგის სურვილიცაა, ვინც რეგიონში ცხოვრობს და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება და ამ მიზეზით ვინც ვერ მოახერხა მიმართვის ტექსტის გაცნობა. მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტი არსებობს და რამდენიმე პედაგოგი, ამით მაინც ვუკავშირდებით ერთმანეთს, თორემ უსახსრობით ხელ-ფეხ შებორკილებს, სხვა რა კონტაქტის საშუალება გვაქვს!
ახლა ამ წერილს გწერთ, როგორც რიგითი პედაგოგი. არ ვამბობ, რომ კოლეგების სახელით გწერთ-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი უდიდესი უმრავლესობის სათქმელს და წუხილს გეუბნებით. ნუ გადადებთ წერილს გვერდით, ნურც ცნობილ ბიუროკრატიულ კლიშეს „გაეცანით“ „შეისწავლეთ“ და მსგავსს დაადებთ მას. განა, რამდენი ადამიანიღა დარჩა ამ ჩვენ დაჯიჯგნილ ქვეყანაში, რომ ვერ შეძლოთ მისი მცხოვრების, განსაკუთრებით კი პედაგოგის მოსმენა (თან, ვიმედოვნებ, რომ მასწავლებლის მოსმენა მოსწავლეობის დროიდან ძვალსა და რბილში უნდა გქონდეთ გამჯდარი!). ესეც რომ არ იყოს, თქვენი სახელისუფლებო გუნდის ყველაზე გავრცელებული და ხშირად ნათქვამი - თითოეულ ადამიანს მოვუსმენთ, თითოეულის ტკივილს გავითავისებთო - გავალდებულებთ მოსმენას.
მაპატიეთ, დითირამბებს რომ ვერ გიძღვნით, ეს გულით რომ მინდოდეს, მაინც არ გამომივა. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ სიძულვილი და ზიზღიც არ მამოძრავებს. პირიქით... თქვენ. ქრისტიან კაცს (და, როგორც ამბობენ, ღვთისმოსავიც), კარგად გეცოდინებათ, რომ თანამდებობა ვალია. თქვენ ხალხის მსახური ხართ და ამ მსახურებიდან თუ რამ არ მოგვწონს, ჩვენ, დანარჩენები ვალდებულნი ვართ გითხრათ. თქვენ კი მოსმენასთან ერთად კეთებაც გევალებათ. ამიტომ, ქებას ნუ ელოდებით, სჯობს, კონსტრუქციული და საქმიანი კრიტიკა მოისმინოთ.
განა ასეთ დემოკრატიას არ შეგვპირდით?..
და, რომ იცოდეთ, ბატონო პრემიერო, როგორი დიდია პედაგოგის სატკივარი და, რომ იცოდეთ, როგორ არაა ჩვენი ჭირი სხვისი ჭირი, ანუ ღობეს ჩხირი. ეს ყველას, სრულიად საქართველოს ჭირის დედაა და მალე, უკვე ძალიან მალე მოედება მთელ ქვეყანას.
რატომ?
იმიტომ, რომ 20 წელზე მეტია ნახევრად მშიერი, ნახევრად ჩაუცმელი, ნახევრად ავადმყოფი და ა.შ პედაგოგები აშენებენ განათლების სიტემას, მაგრამ აღარ გამოდის ეს შენება, ვეღარ ვზიდავთ ამ მძიმე ტვირთს და ნაშენებიც უხარისხოა.
აბა, როგორ? უხარისხო მასალით კარგი შენობა როგორ უნდა აიგოს? თუ მშენებელს პურის საყიდ საფასურს არ მისცემ, ის როგორ იმუშავებს სათანადოდ? ან იმუშავებს კი?
ასეა ჩვენთანაც, თუ განათლებაში ფულის საჭირო რაოდენობით ჩადება დაგენანებათ, ისე არ ეშველება ამ სისტემას, ისე ვერ მივიღებთ დღეს მოდური ტერმინით სახელდებულ ხარისხიან განათლებას და თუ ასეთს ვერ მივიღებთ, მაშინ ქვეყანას რაღა ეშველება?
არა, არ გედავებით იმაზე, რომ „განათლების დაფინასება“ გაზრდილია, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რა მინიმალურია პედაგოგთა სახელფასო ანაზღაურების წილი ამ გაზრდილი დაფინანსებიდან. სამაგიეროდ, ფული სულ ტყუილად, სულ უშედეგეოდ და სულ ამაოდ, სხვაგან იფლანგება.
ნუთუ არ იცით, ბატონო პრემიერო, რომ უამრავი ბიუროკრატიული „ხორცმეტი“ სტრუქტურა. (საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ა.შ.) საკმაო თანხას „გაპრავებულად ტეხავს“. კანონთან შეუსაბამობაში ვერ შეედავები, მაგრამ ფული ხომ იხარჯება? თან, მათ ფუნქცია-მოვალეობებში უამრავი პარალელიზმებია. ნუთუ არ შეიძლებოდა ეს ფუნქციები სანამ ქვეყანა „გამდიდრებოდა“, მანამ მაინც დარჩენოდა მხოლოდ განათლების სამინისტროს?
ავიღოთ რამდენიმე მათგანი, მაგ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი... ღმერთო ჩემო, რამდენი ლარი იხარჯება ჯერ მისი ხელძღვანელი სტრუქტურის შენახვაზე და მერე თითქმის არაფრისმომცემი ტრენინგების ჩატარებაზე. თუ არ მეთანხმებით, რომ აქ ფული ტყუილად იყრება, აბა, რატომღა გვიკიჟინებს ხელისუფლება, პედაგოგთა არაკვალიფიციურობას? გასული წლების სასერთიფიკაციო გამოცდებმა, რატომ მოგვცა მასწავლებელთა პროფესიული მზაობის ასეთი დაბალი მაჩვენებლები? 2008 წლიდან ცენტრი ორიენტირებულია მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარებასზე, კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე, მათ მომზადებასა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობაზე. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს შედეგი არ დამდგარა, მაშინ რა გამართლება აქვს ამ ცენტრის არსებობას და გაფლანგულ თანხებს?
ახლა გამოცდების ეროვნული ცენტრი ავიღოთ. მისი არსებობა უდავოდ ბევრის მომცემია. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ორგანიზებულმა ხასიათმა შედარებით მოტივირებული გახადა მოსწავლე, უფრო მეტიც, რეპეტიტორობის ინსტიტუტის არალეგიტიმურ დამკვიდრებასაც შეუწყო ხელი, რამაც უამრავ პედაგოგს არსებობა შეუნარჩუნა, მაგრამ, გადაგიხედავთ ამ ცენტრის თანამშრომელთა ხელფასებისთვის და სხვა ხარჯებისთვის? შეიძლება ამხელა განსხვავება პედაგოგის ხელფასსა და მათ ხელფასებს შორის? „გადაყრილი ფულის“ „შესაგროვებელ“ საშუალებას წარმოადგენს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. წელს, წინა გამოცდებთან შედარებით, იყო უამრავი ტექნიკური ხარვეზი, შინაარსობრივი შეცდომები და სხვა ლაფსუსები. არადა, წესით, სისტემა უფრო უნდა დახვეწილიყო. თითქმის ყველა სკოლაში შედეგები იყო გამაოგნებელი - ყველა მოსწავლე, მათი აკადემიური მოსწრების მიუხედავად შეფასდა დაბალი ქულებით. ამის გარდა, კიდევ სხვა უამრავ არამიზნობრიობასთან ერთად გამოსაშვები გამოცდების შედეგები არ აისახება მოსწავლის ატესტატში, ჰოდა, ბატონო პრემიერო, იქნებ დასვათ შეკითხვა, მაშინ, რატომღა ტარდება ეს გამოცდები, რატომღა იხარჯება მის ორგანიზებაში ამხელა თანხა?
ერთხელაც დავადასტურებ: გამოცდების ეროვნული ცენტრის არსებობაში უამრავი პოზიტიურია, მაგრამ საკმაოდაა საზოგადოებისთვის უხილავი „ფინანსური სადინარებიც“, ისევე როგორც სხვა ზემონახსენებ „ხორცმეტ“ სტრუქტურებში, რომლებზეც სიტყვის გაგრძელება აღარ ღირს.
და, ამ დროს, პედაგოგებს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებენ, სახელს უტეხენ. თუ გამოსაშვებ ან მისაღებ გამოცდებზე დაბალი შედეგები იქნება, პედაგოგს ბრალდება. რატომ? იმიტომ, რომ ის ანაზღაურებაც დაგვაყვედრონ, რაც გვაქვს. მითხრა კიდეც, ერთ-ერთ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქ-ნ სანიკიძემ: ჯერ პროფესიონალიზმი აიმაღლეთ და ხელფასის გაზრდაზე მერე ვიფიქროთო. ხედავთ, ბატონო პრემიერო - განათლების სფეროს მთავარ პირს, რომელიც, ალბათ, სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს, პედაგოგები ხომ არაპროფესიონალად მიაჩნია, მაგრამ, თუ პროფესიონალები „გავხდებით“, ხელფასის ზრდაზე, თურმე, შემდეგშიც მხოლოდ ფიქრი შეგვრჩება .
რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის უარს პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თანამედროვეობის შესატყვის გადამზადებაზე? მაგრამ, რა ვქნათ, თუკი ყველ ხელისუფლებას თავისებურად ესმის ეს „ამაღლება“? „ნაცებთან“ პროფესიონალიზმის ამაღლება სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებასთან იყო გაიგივებული და ასეთი პროფესიონალიზმი მხოლოდ 60 ლარამდე ყოველთვიური დამატებითი ანაზღაურებით შეფასდა (ამაზეც ისეთი დავიდარაბა და ჭიდილ-ძიძგილაობა გადავიტანეთ, გახსენებაც აღარ მინდა).
მაგრამ, ახალმა ხელისუფლებამ პროფესიონალიზმის საზომ „მეტრად“ მხოლოდ სერთიფიცირება არ აღიარა, სხვა პირობები წამოაყენა და „ნაცების“ დროს საფუძველჩაყრილი პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა დაგვავალდებულა. ცხადია, არავინ ამბობს, რა ეღირება „სქემათავგართმეული“ „პროფესიაამღლებული“ პედაგოგის შრომა, რადგან, ქალბატონი მინისტრისეულად თუ დავასკვნით, „ამაზე მერე ვიფიქრებთ“.
და მაინც, როგორ გვესმის პროფესიონალიზმი და რაში ვლინდება ჩვენი არაპროფესიონალზიმი?
სასაცილოა ბატონო პრემიერო! სასაცილოა!.. ევროპისკენ მივიწევთ და საბჭოური ბიუროკრატია და ქაღალდომანია კი არ დამთავრდა, ახლა უფრო პროგრესშია. თუ საბჭოურ პერიოდში პედაგოგის საქმიანობა მხოლოდ დოკუმენტაციის წესრიგში ყოფნით ფასდებოდა, ამჟამად ეს ხომ დარჩა და დარჩა, ამას დაემატა დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიის წარმოების აუცილებლობა.
და ვინ ითვლება პროფესიონალ და კარგ პედაგოგად, იცით?
არა მგონია, რომ იცოდეთ, და გაგიმხელთ: კარგია ის პედაგოგი, ვისაც საკლასო ჟურნალში უშეცდომოდ აქვს „ჩაწიკწიკებული“ მოსწავლეთა შეფასებები, გაცდენების აღრიცხვა; შეფასებები და გაცდენები უშეცდომოდ აქვს დაჯამებული; ვისაც „პორტფოლიო“ აქვს გამართული და ა. შ. მთავარი ის კი არ არის, რამდენად ასახავს რეალობას „ქაღალდების გროვა“, მთავარია, მათი მოწესრიგებულობა(!)
ასეთი პედანტობა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. და პროფესიონალი პედაგოგისთვის შეუძლებელიც კია. ზოგადი სურათი უჩვენებს, რომ სკოლებს დოკუმენტაციის წარმოებაში არცთუ სახარბიელოდ ჰქონიათ საქმე და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების შესაბამის დონეზე ასკვნიან, რომ პედაგოგების პროფესიონალიზმის დონე დაბალია(!)
სირცხვილია ეს, ბატონო პრემიერო!
სირცხვილია, როდესაც მონიტორინგის წარმომადგენლები, გამადიდებელი შუშით (ჩემი თვალით რომ არ მენახა, ალეგორია მეგონებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, გამადიდებელი შუშის ამბავი) უკირკიტებენ სასკოლო დოკუმენტაციას და აღუნსხავენ ნიუანსურ წვრილმანსაც კი. მერე კი „არასასურველთა“ წინააღმდეგ ასეთ „ფაქტებს“ მსვლელობას აძლევენ (რომ შეიძლებოდეს, რამდენ „Smile“-ს დავუმატებდი ამ წერილს!).
და სამომავლოდაც რომ არ არის დაგეგმილი ცვლილება! ზემოხსენებული სქემაც ხომ გარეგნულ შეფუთვა-ეფექტებზეა ორიენტირებული და არა რეალურ პროფესიონალურ წინსვლაზე (ამას ადრე სტატია მივუძღვენი და აქ აღარ შევჩერდები).
არ იფიქროთ, რომ პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლების წინააღმდეგ გამოვდივარ, რომ 70 ათასამდე პედაგოგში ყველა ნამდვილი და აუცილებელი კადრია. მაგრამ, რაცაა მოცემულობა, იმას გავექცევით? დავუშვათ, ერთ მშვენიერ დღეს, ყველა თუ არა, პედაგოგთა თუნდაც 20-25 პროცენტი დაემშვიდობა სკოლას (ეს საფრთხე შეიძლება მართლაც იქცეს რეალობად), ვინ ჩაანაცვლებს მათ? სურს კი ამ რაოდენობის ადამიანს სკოლაში მასწავლებლად მუშაობა?
ზედა ეშელონებიდან, საიდანაც თქვენ და სხვა მაღალჩინოსნები გვიყურებთ ჩვენ, პედაგოგებს, ალბათ, გაუგებარია ჩვენი სატკივარი, ჩვენი მდგომარეობა. ამიტომ გირჩევთ, სულ ერთი წუთით, ყოველგვარი გონებადაძაბულობის გარეშე წარმოიდგინოთ, რამდენი დღე კი არა, რამდენი საათი გყოფნით იმ ოდენობის თანხა, რაც მასწავლებელის ყოველთვიურ საშუალო ხელფასს შეადგენს? იგივეს გკითხავთ იმ ოდენობის თანხაზეც, რასაც ჩვენ მოკრძალებით გთხოვთ ოფიციალურ მიმართვაში. ხო სასაცილოა? და მაინც. არსებული ანაზღაურებაც არ ემეტება მავან და მავან პროფესიონალიზმის დამწუნებელ მთავრობის წევრს ჩვენთვის, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სკოლასთან მოსწავლეობის დროსაც კი ძლივს ჰქონდა შეხება. უარესს გეტყვით: შვებულების ხანგრძლივობასაც გვაყვედრიან, ბევრი დასვენება გიწევთო.
იცით, ბატონო პრემიერო, ხმას არ ამოვიღებთ, არც იმ ხელფასს ავიღებთ, რაც გვაქვს (მაინც გინდ გვქონია გინდ - არა), ვიმუშავებთ ენთუზიაზმზე, ოღონდ, ჯერ, თქვენ, და ჩვენი თუ თქვენი მთავრობის წევრებმა და სხვა მოხელეებმა გვიჩვენეთ უხელფასო შრომის მაგალითი. კარგი, ჯანდაბას, მთლად უხელფასოდაც ნუ გაიმეტებთ თავს, იმუშავეთ მხოლოდ იმ ანაზღაურებით, რაც პედაგოგებს აქვს. ოღონდ არა მოჩვენებითად და სხვა ფარული ფინანსების დახმარებით, არამედ - რეალურად. ზოგიერთს შეუძლია სხვა ექსპერიმენტიც ჩაატაროს, მაგალითად, ერთი სემესტრი იმუშავოს სკოლის პედაგოგად. თუნდაც ნახევარი წელიწადი თუ გაძლებთ ასეთ რეჟიმში, როგორც იტყვიან, ხელებს ავწევთ.
ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ?
აბა, რაღა პედაგოგებისგან ითხოვთ ამას?
მშიერი მინისტრები ქვეყანას ვერ ააშენებენ?
შენება გაგახსენეთ და აგაშენათ ღმერთმა, მეც მაგით დავიწყე ეს წერილი, სწორედაც რომ მთავარი მშენებლები არიან მასწავლებლები და თუ საძირკველი ასე მყიფე იქნება, როგორც ახლაა, თქვენ, ზემომყოფები ვერც მშივრები ვერას გახდებით და ვერც მაძღრები.
მაგრამ, მოდი, ამ „შენების“ პროცესს სხვა კუთხიდან, უფრო სწორად, იმ ცენტრიდან შევხედოთ, რომლის გარშემოც უნდა ტრიალებდეს მთელი საგანმანათლებლო სისტემა. ვგულისხმობ მოსწავლეს. მოდი, ვანახოთ, რას აძლევს მოსწავლეს სახელმწიფო, რა ოდენობის გრძელვადიან ინვესტიციას დებს ხელისუფლება მის განათლებაში, ანუ მომავალში:
კანონმდებლობით საქართველოში განათლება ფინანსდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ვაუჩერით, რომლის საშუალო (მეტ-ნაკლები) მოცულობა შეადგენს ყოველწლიურად 400 ლარს(!) აქედან და არსებული სასწავლო დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ, ყოველდღიურად მოსწავლეს სახელმწიფო უხდის საშუალოდ: 1.50-2.50 ლარს, შესაბამისად, თითო გაკვეთილის ღირებულება საშუალოდ 30-40 თეთრი(!) გამოდის.
სირცხვილია! ევროპაში შევდიოდეთ, ბატონო პრემიერო და სახელმწიფო განათლებაში ამ თანხას იხდიდეს! ალბათ, ასე იაფად ვეღაფერს ვეღარ შეხვდებით ჩვენ ქვეყანაში.
ამ დროს კი, რა ღირს განათლების მიცემა ე.წ. სარეპეტიტორო ანუ „შავ საგანმანათლებლო ბაზარზე“, კერძო მომზადების დროს? თუ არ გაქვთ ინფორმაცია, გეტყვით: მხოლოდ ერთი გაკვეთილის ფასი მოსწავლეს საშუალოდ 4-დან 15-მდე ლარი უჯდება. შეიძლება საგანმანათლებლო პოლიტიკის რეალობასთან ასე დაშორება?!
დიახ, არის კავშირი პედაგოგის შრომის რეალურ ანაზღაურებასა და განათლების დონის ამაღლებას შორის. გვინდა თუ არა, ფინანსური „ქიმერა“ თავისას შვრება. პედაგოგი ზოგავს ენერგიას 30 თეთრიან მოსწავლესთან და „დანაზოგს“ ახმარს 4 ლარიან მოსწავლეს. ამიტომაც, ვინც ძვირი გადაიხადა, შედეგიც მეტი და უკეთესი მიიღო. საქმეს თუ უფრო გლობალურად მივუდგებით, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ძუნწად მთესავი ძუნწად მოიმკის. ეს სახარებისეული ჭეშმარიტება ათათურქმა რომ გაიაზრა და განახორციელა, ქვეყნის განათლებაში რომ ფინანსები არ დაინანა, სულ უმოკლეს ხანში აქცია კიდეც თურქეთი ყოვლემხრივ ჩამორჩენილობიდან ევროპულ და მზარდ განვითარებულ ქვეყნად.
მაგრამ, თუ არც პედაგოგთა სოციალური მდგომარეობა გიჩუყებთ გულს და არ აღძრავს ემოციებს, თუ არც ჩვენი მეზობელი თურქეთის გამოცდილება და არც პედაგოგის „დანაზოგი“ ენერგიის მაგალითი კმარა პრობლემის სიღრმისეულ არაემოციურ გააზრებაში, მაშინ საერთაშორისო კვლევებს თუ გამოცდილებებს მაინც დაუჯერეთ.
რამდენადაც ვიცი, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-იც კი არ ხმარდება ზოგადი განათლების დაფინასებას, არადა, ყველა ქვეყანამ და მათ შორის პოსტსაბჭოურმა ქვენებმაც, სადაც ეს მაჩვენებელი 3-4%-მდე მაინც გაზარდეს, სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს. სომხეთშიც კი (რომელიც არცთუ მდიდარია ბუნებრივი სხვა რესურსებით), ხელისუფლება სათანადოდ აფასებს განათლების მზარდი დაფინანსების აუცილებლობას. იქ, მიმდინარე წელს, თუ არ ვცდები, 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ხდება მასწავლებლის საშუალო ხელფასი.
ამ გამოცდილებათა გაანალიზებითაც უნდა მივხვდეთ, რომ განათლებაში ინვესტიციის დანანებით ჩვენ გვემუქრება: დროის მოთხოვნათა შეუსაბამო სამუშაო ძალის, ანუ დაუმუშავებელი ადამიანური კაპიტალის მომრავლება და უმუშევრობის ზრდა, უმუშევრობა აისახება პროდუქციის (ყველა სახეობის) ნაკლებობაზე, ნაკლები პროდუქცია ეკონომიკის რეგრესისკენ წაგვიყვანს.
თუ ისევ კვლევებს დავეყრდნობით, განათლების მაჩვენებლით, საქართველოს, თურმე, 74-ე ადგილი უკავია 122 ქვეყანას შორის. ყველა დაწინაურებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია სასკოლო განათლების დაფინასებასთან, ანუ, რაც უფრო ფინანსდება ეს სფერო, რაც უფრო დაფასებულია მასწავლებლის შრომა, მით უკეთესია ეკონომიკა.
ბატონო პრემიერო, თუ ამ ყველაფერს ეთანხმებით და იზიარებთ, მაშინ გვიპასუხეთ, პედაგოგთა არსებული ანაზღაურებით აპირებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შენებას? თუ არ მეთანხმებით არც მე და არც კვლევებს, მაშინ, იქნებ თქვენ გვითხრათ, აბა, რაღას ეყრდნობა და დაეყრდნობა ეკონომიკა?
ალბათ, მიხვდით, წერილის ბოლო აბზაცებში კვლევები იმიტომ მოვიხმე, რომ არ გეფიქრათ, მარტო პირადი სახელფასო ანაზღაურების ზრდა გვაინტერესებდა და მეტი არაფერი, თუმცა, როგორც სახარება გვეუბნება, მუშაკიც ღირსია თავისი საზღაურისა.
ეეჰ, კიდევ რამდენი რამ დამრჩა სათქმელი, ბატონო პრემიერო, მაგრამ, მეტს აღარ შეგაწყენთ. მგონია, რომ მთავარი გითხარით. რეზიუმეს მიმსგავსებულად დავძენ მხოლოდ: თუ ჩვენს სახელმწიფოს მართლაც აქვს ნება განვითარების, ევროპულ რელსებზე რეალურად დაბრუნებისა, მაშინ რეალურად შეასრულეთ თქვენი სახელისუფლებო გუნდის დანაპირები, გაიმეტეთ ეს „ოხერი ფული“ ქვეყნის მთავარი „მშენებლებისთვის“!