იყავით გულმოწყალენი და დაეხმარეთ 6 წლის ნიკოლოზს!

იყავით გულმოწყალენი და დაეხმარეთ 6 წლის ნიკოლოზს!

[ნინო მიქიაშვილი]

პატარა, დაახლოებით 15 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახის კედლებზე პატარ-    პატარა სისხლის ლაქებია - ”ჭიები დაცოცავდნენ და ბავშვებისთვის რომ არ ეკბინათ, პირდაპირ კედელზე ვკლავდითო”, - გვითხრეს; ჭერიდან წყალი ჩამოდის; ოთახში დგას: ერთი ძველი კარადა, ტელევიზორი, მაგიდა და ძალიან დაბალი, გასაშლელი დივნის მსგავსი რამ; იქაურობა პატარა, კუსტარული გამათბობლით თბება და ისიც მაშინ, თუ დენის გადასახადის შეტანას შეძლებენ; არის შემთხვევები და არც თუ იშვიათად, როცა მშობლები სამი მცირეწლოვანი ბავშვისთვის პურის ყიდვას ვერ ახერხებენ;

იმერლიშვილების ხუთსულიანი ოჯახის ასეთ მძიმე პირობებში ყოფნას თან ახლავს კიდევ ერთი, ძალიან დიდი და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა - სამი ბავშვიდან ერთ-ერთს, 6 წლის ნიკოლოზ იმერლიშვილს ცერებრალური დამბლა აქვს. მშობლების განმარტებით, თუ ბავშვის მკურნალობას დროულად შეძლებენ, ნიკოლოზი ინვალიდის ეტლიდან წამოდგომას და სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებს, მაგრამ მაშინ, როცა ელემენტარული პურის ფულია მათთვის პრობლემა, სამკურნალო თანხის შეგროვება, კეთილი ადამიანების გარეშე, დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია.

ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ გოჩა იმერლიშვილისგან შევიტყვეთ - იგი რედაქციაში გვესტუმრა, მისი ოჯახის ისტორია მოკლედ გვიამბო და თვალცრემლიანმა გვთხოვა - ”იქნებ გვესტუმროთ და ყველაფერი თავად ნახოთო”.

ამის შემდეგ წავედით და მოვინახულეთ როგორ ცხოვრობენ ისინი. იმერლიშვილებთან უმძიმეს პირობებში მყოფი სამი ულამაზესი ბავშვი დაგვხვდა.

ისინი ისანი-სამგორის რაიონში, მეტალოკონსტრუქციის დასახლებაში, ორსართულიანი ბარაკის მსგავს შენობაში, მეორე სართულზე, ქირით ცხოვრობენ. ოჯახის უფროსს, გოჩა იმერლიშვილს მუდმივი სამსახური არა აქვს; მისი მეუღლე, ლეილა გელაშვილი ოჯახს ვერც ერთი წუთით ვერ ტოვებს, რადგან ინვალიდის ეტლში მჯდომ პატარა ნიკოლოზს მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდება. იმერლიშვილების შუათანა შვილი, მარიამი ოთხნაწევარი წლისაა, ხოლო ელენე - სამის.

ოჯახის ერთადერთი მუდმივი შემოსავალი 126 ლარია, რომელიც მერვე თვეა არ აუღიათ, რადგან პატარა ნიკოლოზს მდგომარეობა დაუმძიმდა და ამის გამო მისმა მშობლებმა თანხა წინასწარ, კრედიტის სახით გამოიტანეს. ამასთან, 6 წლის ნიკოლოზს 90-ლარიან პენსიას აძლევდნენ, მაგრამ მისმა მშობლებმა გვითხრეს, რომ მეხუთე თვეა ამ პენსიასაც ვერ იღებენ, რადგან ფორმა 100-ის აღება ვერ შეძლეს, რასაც ასევე გარკვეული თანხა სჭირდება.

”ღვთის წყალობაზე ვართ დამოკიდებული. ბავშვებს ათასში ერთხელ ახლო ნათესავი ან მეზობელი თუ დაეხმარება. ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს პროდუქტებთან დაკავშირებით - ხანდიხან 2-3 დღე ისე გავა, რომ ბავშვებს შეიძლება პური და ცხიმი არ ჰქონდეთ. მე სადაც შემიძლია ვმუშაობ, ხან რას ვაკეთებ და ხან რას, მაგრამ მუდმივი სამსახური არ მაქვს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ სამადაშვილი დამპირდა სამსახურის პოვნაში დაგეხმარებიო და იმედია არ დამაღალატებს”, - გვითხრა გოჩა იმერლიშვილმა.

თვითმართველობის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმ უბანში, სადაც იმერლიშვილები ცხოვრობენ გიგი უგულავა და ზაალ სამადაშვილი იყვნენ მისულები. მაშინ მათ თავად ნახეს 6 წლის ნიკოლოზის მდგომარეობა; დახმარებასაც დაჰპირდნენ და გარკვეულწილად დაეხმარნენ კიდეც. მაშინ ნიკოლოზი ჩვეულებრივი საბავშვო ეტლით დაჰყავდათ და ახლა ინვალიდის ეტლში ზის, რისთვისაც მშობლები ზაალ სამადაშვილს ემადლიერებიან. მოგვიანებით სამადაშვილი იმერლიშვილებს მცირედი თანხითაც დაეხმარა, იმისთვის, რომ ნიკოლოზი იაშვილის კლინიკაში მიეყვანათ და ფორმა 100 აეღოთ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს და აი, რატომ:

”სახლში რომ მოვედით, ბავშვებს ელემენტარული პური არ ჰქონდათ, მშივრები იყვნენ და იმ ფულით ისევ პროდუქტების ყიდვა ვარჩიეთ, შიმშილისგან, რომ არაფერი დამართნოდათ. იმ პირობებზე აღარაფერს ვამბობ, რომელშიც ვცხოვრობთ. მეზობლად დევნილი გვყავს. მისგან შევიტყვეთ, რომ თბილისში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახებისთვის ბინებს აშენებენ. მერიაში მამუკა ქაცარავასთან შეხვედრა ვერც ერთხელ შევძელით. მის ერთ-ერთ მოადგილეს შევხვდით, გვარს ვერ ვიხსენებ, სამწუხაროდ. განცხადება გადავეცით და სიტყვიერადაც ვუამბეთ ჩვენი მდოგმარეობის შესახებ. დაგვპირდნენ 2011 წლის ბოლომდე დაგეხმარებითო და ვნახოთ, ველოდებით”.

როგორც ნიკოლოზის მშობლებმა გვიამბეს, თბილისის მერს, გიგი უგულავას ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხჯერვე მიიღეს დაპირება, რომ იმერლიშვილებს გადაცემა ”ოცი ათასში” მოხვედრაში დაეხმარებოდა, რაც 6 წლის ნიკოლოზს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ჯერჯერობით დაპირება დაპირებადაა დარჩენილი, მაგრამ პატარა ნიკოლოზის მშობლებს დანაპირების შესრულების იმედი კიდევ აქვთ.

ნიკოლოზ იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ბოლო ცნობა 2008 წლის 27 ოქტომბრითაა დათარიღებული. ცნობა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ გასცა, რომელშიც მითითებულია, რომ ბავშვი დაავადებულია დაბადებიდან. ახალშობილი სამშობიაროდან გადაიყვანეს ბავშვთა მეორე საავადმყოფოში, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ კლინიკიდან ერთი თვის შემდეგ გაწერეს.

პუნქტში ”დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ან სრული დიაგნოზი”, მითითებულია - ცერებრალური დამბლა. ... ფსიქომოტორული განვითარების ღრმა ჩამორჩენა.

ამონარიდი ავადმყოფობის ისტორიიდან - ”ბავშვი არ მეტყველებს, ვერ ჯდება, ვერ დგება, ვერ დადის, ხელი სათამაშოსკენ არ მიაქვს... მდგომარეობა ფასდება, როგორც ცერებრალური დამბლა. ესაჭიროება ფიზიკური რეაბილიტაცია, ნევროლოგის მეთვალყურეობა, ინვალიდის ეტლი”.

იმერლიშვილების ოჯახს ერთხელ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსუდან კერვალიშვილიც დახმარებია - ”აღმაშენებლის გამზირზე, კლინიკა ”ჰარმონიაში” ნიკოლოზს მასაჟებს ვუკეთებდით. თითო კურსი 700 ლარი ღირდა. სამი კურსი სჭირდებოდა და ქალბატონმა რუსუდანმა სამივეს თანხა გადაურიცხა. ეს ნიკოლოზისთვის დიდი შეღავათი და დახმარება იყო. ბავშვს ეს ვარჯიშები ძალიან წაადგა”.

როგორც იმერლიშვილებმა გვიამბეს, გასული წლის სექტემბერში მათ ოჯახში გადაცემა ”ოცი ათასიდან” მივიდნენ, წინასწარი სიუჟეტის მოსამზადებლად. მოგვიანებით დაუკავშირდნენ, ექიმის ვინაობა და კოორდინატები ჰკითხეს, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა - ”ბოლოს გვითხრეს, რომ გადაცემისთვის საჭირო კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებდით. ვერ გეტყვით ეს გაუგებრობა რისი ბრალია, მაგრამ ჩვენ ”ოცი ათასში” მოხვედრის იმედს არ ვკარგავთ”.

როგორც 6 წლის ნიკოლოზის დედამ, ლეილა გელაშვილმა გვითხრა, საერთოდ, ასეთი ბავშვები აგრესიულები არიან, მაგრამ ნიკოლოზი ძალიან კეთილი, თბილი და ბუნებით რბილი ბავშვიაო:

”ძირითადად სულ ზის. ვარჯიშები სჭირდება, მაგრამ იაშვილის კლინიკაში ვერ დავდივართ - ძალიან შორია და ორი ტრანსპორტის გამოცვლა გვიწევს. ფული არ გვაქვს და ამის გამო ბავშვს ვერაფერს ვუკეთებთ. არადა, მისი დახმარება თუ დავაგვიანეთ, მერე მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში გატარება მოუწევს. ძალიან განვიცდი როდესაც ჩემს შვილს ამ მდგომარეობაში ვუყურებ და ვერაფრით ვეხმარები. ღმერთის და იმ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, რომლებმაც ერთი ლარი შეიძლება გაუნაწილონ ჩემს შვილს, რომ ოპერაციის ფული შეკოკწიწდეს.

ამ ოპერაციაზეა დამოკიდებული ნიკოლოზის მომავალი და სიცოცხლე. ოპერაციის შემდეგ შეიძლება გაიაროს და თავის თავს დამოუკიდებლად მიხედოს. ამ ბავშვს მერე აღარაფერი ეშველება და ამიტომ ვჩქარობ, მაგრამ მეტი რა უნდა გავაკეთო, ეგ აღარ ვიცი”, - ამბობს ნიკოლოზ იმერლიშვილის დედა, ლეილა გელაშვილი.

როგორც ნიკოლოზის მშობლებმა განგვიმარტეს, კლინიკა, სადაც ნიკოლოზი შეიძლება განიკურნოს, მოსკოვიდან დაახლოებით 150 კილომეტრში,  ტულაშია და იქ ჩასვლის, კვების და სამეტაპიანი ოპერაციის ხარჯები 15 000 დოლარამდე ჯდება.

ვინც იმერლიშვილებზე ოდნავ უკეთეს პირობებში ცხოვრობთ და მათი ოჯახისთვის 1 ლარით დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ჯეოსელში 700377-ზე დარეკოთ და დაეხმაროთ. ვისაც ლარზე მეტის გადარიცხვის სურვილი და საშუალება გექნებათ, შეგიძლიათ თანხა ”პროკრედიტ ბანკში”, ნიკოლოზ იმერლიშვილის სახელზე, აი, ამ ანგარიშზე გადარიცხოთ - 365103125200037. ყოველი შემთხვევისთვის, დამატებით მონაცემებსაც ვწერთ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად - ბანკის დასახელება MOSC; ”პროკრედიტ ბანკის” მოსკოვის გამზირის განყოფილება; ბანკის კოდი - 220101922.