ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მთავარმა პროკურატურამ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე დაკითხა. არეშიძემ ჟვანიას საქმის პარალელურად, ჩვენება ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზეც მისცა. დაკითხვის კონკრეტულ დეტალებზე არეშიძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.
For.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
მთავარ პროკურატურაში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხეთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა საქმეზე დაიკითხეთ?
- ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩემი გამონათქვამების გამო 3-ჯერ დავიკითხე და ასევე 2-ჯერ დავიკითხე ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით.
ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას?
- არის ასეთი ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა სხვა ადგილას და მე მყავს ამის მოწმე. ეს მოწმე თავისით მოვიდა ჩემთან და მითხრა, როგორ ნახა ეს მკვლელობა სხვა ადგილას. ამის თაობაზე ერთ-ერთ გაზეთთან ვისაუბრე და ბუნებრივია, რომ პროკურატურა დაინტერესდა ამ მოწმით. ვიყავი პროკურატუაში გასაუბრებაზე, პროკურატურას აინტერესებდა ამ მოწმის ვინაობა და აინტერესებდა, კონკრეტულად რა თემაზე იყო საუბარი. სხვათა შორის, დასამალი არაფერი იყო და მოწმეც არ იყო წინააღმდეგი, რომ ჩვენება მიეცა პროკურატურისათვის. მე რამდენადაც ვიცი მათი შეხვედრა შედგა.
მოწმე, რომელზე დაყრდნობით თქვენ აღნიშნეთ, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა სხვა ადგილას და არა იქ, სადაც მისი გვამი იქნა აღმოჩენილი, რამდენად არის სანდო ამ შემთხვევაში?
- ეს ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა სახელით და გვარით. ასე რომ, რამდენად რეალაურია მის მიერ მოყოლილი ინფორმაცია, მე ამის გადამოწმების საშუალება, ბუნებრივია, არ მაქვს.
თქვენი მოწმე, იქვე მცხოვრები ქალბატონია, რომელიც ამტკიცებს, რომ ნახა გვამი როგორ მიასვენეს იმ სახლში?
-არა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოწმე არის მამაკაცი, მისი სახელია ანზორი.
თქვენი და ასევე, ამ მოწმის ჩვენება, შეიძლება იყოს მთავარი წერტილი საქმის გამოძიების პროცესში?
- ის აბსოლუტურად განსხვავდება თუნდაც იმ ქალბატონის ჩვენებიდან, რომელზეც თქვენ საუბრობთ. სულ სხვა ტიპის ჩვენებაა, იქ ლაპარაკია, რომ ეს მკვლელობა მოხდა მცხეთის ტრასაზე. ადგილისა და ზოგიერთი გარემოების მიხედვით, რომელსაც მე ახლა ვერ ვიტყვი, ძალიან განსხვავდება იმ ცნობილი ვერსიებიდან, რომელიც ცნობილია საზოგადოებისთვის. ამიტომ, ამას დამუშავება და ცალკე შესწავლა სჭირდებოდა. პროკურატურამ გააგრძელა ამაზე მუშაობა. ის ადამიანები, ვინც ჩემთან საუბრობდნენ და შემდეგ ამ მოწმესთან ისაუბრეს, უაღრესად კვალიფიციური და უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ.
ეს იყო მკვლელობა?
- მკვლელობაა თუ არაა მკვლელობა, რთული სათქმელია, მაგრამ მე მკვლელობისკენ ვიხრები. მაგრამ, ერთ შანს მაინც ვტოვებ, რომ ეს არ იყო მკვლელობა და შემთხვევით მოხდა ყველაფერი.
ფიქრობთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება?
- მე მგონია, რომ უნდა გაიხსნას, იმიტომ, რომ გამოძიება როგორც მიდიოდა, პროფესიონალიზმი იგრძნობოდა ამ ადამიანებში. ამიტომ, მე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ არ გაიხსნება. თუ ეს არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემასთან, რა თქმა უნდა, გაიხსება - პოლიტიკური ნების გარეშე ასეთი საქმეები არ იხსნება, თუმცა რამდენადაც ვიცი, პოლიტიკური ნება არსებობს. კრებსითად უნდა ავიღოთ ყველა ეს საქმე და დავარქვათ - წინა ხელისუფლების მარცხის საფუძველი. ამიტომ ამ საქმეებს არ სჭირდება აქიდან და იქიდან შემოვლა, ეს არის ცალსახად გადასაწყვეტი თემა. სიმართლე უნდა იყოს დადებული საზოგადოების წინაშე და თვითონ საზოგადაოება გადაწყვეტს როგორი რეაქცია მისცეს ამ ყველაფერს.
რაც შეეხება ლაფნაყურის სპეცოპერაციას, რამდენადაც ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებითაც დაიკითხეთ. რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას?
- ამ საქმეზე ორჯერ დავიკითხე. ერთხელ კონტრდაზვერვაში, მეორედ პროკურატურაში მოხდა ჩემი დაბარება. ეს დაკავშირებული იყო იმ ინფორმაციასთან, რომელსაც მე ვფლობდი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მომავალ კვირას დასრულდება იმ კომისიის დასკვნაზე მუშაობა, რომელსაც მე წარმოვადგენ, მანამდე უფლება არ მაქვს დეტალებზე ვისაუბრო.