პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა ბექაური კოდუების ოჯახს ტერმინალ „ოპიზას“ ზეწოლით ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„როცა მე წამოვედი პარლამენტიდან, საკუთარი ბიზნესი მქონდა. ახლა ვის აქვს ეს ბიზნესი? ვის უნდოდა ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება, ეს ცნობილია. ისიც ცნობილია, თუ ვინ ზის ახლა იმ ტერიტორიაზე. ის ტერიტორია ლაურა ღაჭავამ იყიდა და ახლა იმ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკაა გახსნილი. მაშინ პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ ლაურას უნდოდა ამ ტერიტორიის ყიდვა. მე დამიკავშირდნენ კოდუები. ძალით შეიძინეს ეს ყველაფერი და შემდეგ ეს ტერმინალი გაუქმდა. დღეს ეს ტერიტორია ლაურას საკუთრებაა“, - განაცხადა ბექაურმა.
ბრალდებებს ლაურა ღაჭავა გამოეხმაურა და ბექაურის განცახადებებს აბსურდული უწოდა. როგორც ღაჭავა აცხადებს, ტერმინალ „ოპიზას“ „თიბისი ბანკთან“ და ბიუჯეტთან ვალი ჰქონდა. ლაურა ღაჭავამ აღნიშნული ტერმინალი 2009 წლის 30 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა.
„მე სხვა მონაწილეებზე მეტი თანხა გადავიხადე და გავიმარჯვე. ბანკთან მე უნდა დამედო კონტრაქტი, ავიღე სესხი, რომელსაც დღესაც ვიხდი. ამ ორგანიზაციას ყადაღა ჰქონდა დადებული და ხუთი წელი დაკეტილი იყო. ვიდრე ვალი არ დავფარე, მანამდე აუქციონზე არ გავიდა. ჩემმა არც ერთმა შვილმა არ იცოდა, რომ ამ აუქციონში ვმონაწილეობდი. ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია და არც არავისთვის წამირთმევია რამე. მე არცერთ დამფუძნებელთან და არც ბექაურთან რაიმე შეხება არ მქონია“.
„ოპიზას“ ყოფილი დირექტორი, ზურაბ ლორია აცხადებს, რომ თავის დროზე კომპანია კალისტრატე სიჭინავას წაართვეს, რომელიც პრივატიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ კომპანიის მსხვილი აქციონერი იყო.
როგორც ყოფილი დეპუტატი, კობა ბექაური აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, მალე ის წართმეული ქონების დასაბრუნებლად დაიწყებს ბრძოლას, თუმცა „ოპიზას“ თავდაპირველი მფლობელები მიიჩნევენ, რომ თავის დროზე ბექაურმაც „შანტაჟითა და მუქარით მიისაკუთრა „ოპიზა“.
ბატონო კობა, დავიწყოთ ლაურა ღაჭავას განცხადებით, რომ მან აუქციონზე იყიდა „ოპიზა“, თუმცა მანამდე ტელეეთერით თქვენ განაცხადეთ, რომ გაიძულეს მისი დათმობა, რეალურად რა ხდებოდა იმ პერიოდში?
- არავითარ აუქციონზე არ ყოფილა გამოტანილი, „ოპიზა“ ეკუთვნოდა რამდენიმე ადამიანს. დაანებოს თავი ფურცლების ფრიალს. ჯობია ის გაიხსენოს, როგორ ეწყობოდა ფინანსურ პოლიციაში თათბირები, რომ ლაურა ღაჭავას მიეღო ტერმინალი. განიხილავდნენ, ვისგან და როგორ უნდა შეესყიდა წილები.
ღაჭავა ამბობს, თითქოს „ოპიზა“ გაჩერებული იყო, ასე ნამდვილად არ ყოფილა, კომპანია მუშაობდა, უბრალოდ, მას ყველაფრის ყიდვა, ხელში ჩაგდება და გაკონტროლება უნდოდა. მანამდე მას ტერმინალთან შეხება არ ჰქონია, როგორც ჩანს, ეს ბიზნესიც მოუნდა და ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მას შემდეგ რაც ხელში ჩაიგდო, თვითონ გააკოტრა „ოპიზა“ და შემდეგ უკვე ბანკის მეშვეობით შეიძინა ხელახლა. მან ეს ისტორია ძალიან კარგად იცის.
ვიდრე ფინანსური პოლიცია ჩაერეოდა, მანამდე პირადად ლაურა ღაჭავა მოვიდა თქვენთან და გთხოვათ, რომ წილი დაგეთმოთ?
- ყველაფერი იყო. მხვდებოდა ეგეც, მისი შვილიც და წილის მიყიდვას მთხოვდნენ.
„ოპიზას“ ამბები დაიწყო ჟურნალისტური გამოძიებით, შედეგად მაშინდელი ტელეკომპანია „202“-ის წამყვანი შალვა რამიშვილი დააპატიმრეს, თქვენ კი დეპუტატის მანდატს დაემშვიდობეთ. „ოპიზას“ დათმობაც მაშინ მოგთხოვეს?
- მე „ოპიზაში“ არ ვყოფილვარ, არც ერთი დოკუმენტით ეს არ დასტურდება.
რა მნიშვნელობა აქვს, თქვენს მეუღლეზე იყო წილი გაფორმებული...
- იმ პერიოდში ლაურას ყველა ბიზნესი უნდოდა, არც მის შექმნაში მიუღია მონაწილეობა, არც მშენებლობაში და ახლა ეს კომპანია მისია. დღეს „ოპიზას“ ტერიტორიაზე სამკერვალო აქვს გახსნილი. დეპუტატობაც ისე დავტოვე, განცხადებაც კი არ დამიწერია. დღეს ლაურა, ლაურასნაირი და გოგორიშვილისნაირი ადამიანები დემოკრატიასა და სუფთა ბიზნესზე ელაპარაკებიან ხალხს.
განცხადებაც კი არ დამიწერია და გოგორიშვილმა, რომელიც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სხდომაზე ერთხელაც კი არ მიმწვია. დეპუტატს იცავს კანონი რეგლამენტის შესახებ. გოგორიშვილი კი, რომელიც ყველანაირი სიბინძურის შემსრულებელი იყო, ვალდებული იყო, ეკითხა მაინც, მქონდა თუ არა სურვილი, დეპუტატის მანდატი დამეტოვებინა. არაფერი მსგავსი არ ყოფილა, საკითხი პლენარულ სხდომაზე ისე გაიტანეს.
თქვენი მეუღლე იყო „ოპიზას“ მეწილე, როგორ მოხდა წილის დათმობა? ფინანსური პოლიცია შემოვიდა, საგადასახადომ დიდი ოდენობით ჯარიმა დააწერა, როგორც ხდებოდა-ხოლმე ასეთ შემთხვევებში, თუ პირდაპირ წილი გადაგაფორმებინეს?
- გვითხრეს, რომ ერთ მფლობელს უნდა გადაეფორმებინა მეორე მფლობელზე, მეორეს - ლაურაზე. მოხდა ისე, რომ შემდეგ ის მეორე მყიდველი გაიქცა, კომპანია დარჩა ქალბატონ ლაურას. ამის შემდეგ გაკოტრდა კომპანია.
ქალბატონი ლაურა აბობს, რომ თქვენ გააკოტრეთ და ვიდრე ვალები არ გადაიხადა, კომპანია 5 წელი გაჩერებული იყო...
- ნუ მათქმევინებთ მაგ ქალბატონზე ყველაფერს. მე რომ წილები გადავაფორმე, - მითხრეს გადააფორმეო და გადავაფორმე. ვისაც ფული უნდა მოეცა, ის ამ ქვეყნიდან გააქციეს... ლაურა და მისი შვილი მკარნახობდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო წილის გადაფორმება. ყველაფერს აქვს საზღვარი. მერე თითქოს უარი თქვა და კომპანიას თმობდა, ამაშიც ფული მიიღო იმ პიროვნებისგან, ვისაც ფული უნდა მოეცა ჩემთვისაც. მისცა თუ არა ფული ლაურას, ისეთ დღეში ჩააგდეს, ყველაფერი გააყიდინეს და იძულებული გახადეს გაქცეულიყო ქვეყნიდან. გავლენა ჰქონდა და მერე ისევ გადაწყვიტა „ოპიზას“ დაბრუნება და გაკოტრებული კომპანია კაპიკებად ჩაიგდო ხელში. მარტო ეს კი არა, ლილოდან დაწყებული ჭავჭავაძის პროსპექტის ბოლომდე ხელში ჩაიგდო ყველაფერი.
აპირებთ, რომ სარჩელი შეიტანოთ წართმეული ქონების დასაბრუნებლად?
- მე რას ვაპირებ ლაურა, გოგორიშვილი და ა.შ. კარგად ნახავენ.
თქვენ იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაურა ღაჭავაც მმართველი ძალის მხარდაჭერით სარგებლობდა, როგორ მოხდა, რომ ერთს წაართვეს და მეორეს მისცეს? იყო რამე სხვა მიზეზი? გოგორიშვილი აქ რა როლს ასრულებდა? მაშინვე არ გიცდიათ გაგერკვიათ რატომ დაიგეგმა თქვენი საწინააღმდეგო კამპანია?
- ხმა რომ ამომეღო, გამანადგურებდნენ. როგორ გავბედავდი და როგორ ვიტყოდი რამეს. გოგორიშვილს ხომ მაინც კარგად ახსოვს როგორ მოხდა ეს ყველაფერი, დღეს რომ გამოდის და დემოკრატიაზე ლაპარაკობს.
გოგორიშვილი დამოუკიდებლად თქვენს საკითხს ვერ გადაწყვეტდა, დეპუტატის მანდატს ვგულისხმობ, ინიციატივა ვისი იყო?
- რა თქმა უნდა, ის მხოლოდ შემსრულებელი იყო. ყველაფერი ვიცი, ვინ გასცა დავალება და ვინ შეასრულა. ჯერ არ არის ამისი დრო, მაგრამ მერე ყველაფერს ვიტყვი, იმასაც, ვინ შემხვდა და მითხრა, რა ვქნათ, ასე მოხდაო.
პრეზიდენტსა და მის გარემოცვას გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ახსენეთ ადეიშვილი, ახალაია და უგულავა - ვისთანაც ასეთი საქმეები წყდებოდა... ვანო მერაბიშვილიც იყო ჩართული?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ ეს ყველაფერი წინ აქვთ. დღეს თურმე ლაურა ღაჭავა გამოვიდა დიდი ბიზნესმენი. დოკუმენტებს რომ აფრიალებს, რა თქმა უნდა, ექნება ეს დოკუმენტები, იმიტომ, რომ გადაიფორმა თავის დროზე, ხოლო ეს როგორ გააკეთა, მაგას როცა საჭირო იქნება, ვიტყვი.
მისი შვილის გავლენით მოხდა ეს ყველაფერი?
- აბა ვისი გავლენით მოხდებოდა?!
თუ თქვენ აპირებთ დაიბრუნოთ წართმეული ქონება. გამორიცხავთ რომ მის დასაბრუნებლად შესაძლოა, იბრძოლოს მისმა თავდაპირველმა მფლობელმაც? „ოპიზას“ ყოფილი დირექტორი ზურაბ ლორია აცხადებს, რომ კალისტრატე სიჭინავას წაართვით კომპანია...
- ეგ ტყუილია. იბრძოლონ, შეიტანონ სარჩელი, კი ბატონო. მათ თავის დროზე 300 ათასი აშშ დოლარი მიიღეს. გადახდის დოკუმენტებიც არსებობს და ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბრებ, როცა ამისი დრო მოვა.