ფინანსების არარსებობის გამო თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება 2017 წლიდან დაიწყება

ფინანსების არარსებობის გამო თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება 2017 წლიდან დაიწყება

სასამართლოები სასჯელის სახით, თავისუფლების შეზღუდვის გამოყენებას 2015 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყებენ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „არასაპატიმრო სასჯელთა წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. ცვლილებების ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

უწყების ცნობით, ვადების გადაწევის მიზეზი ფინანსებია.

მათი განმარტებით, აუცილებელია ქალთა, არასრულწლოვანთა და სრულწლოვანთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების შექმნა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დაწესებულების მოწყობას დიდი თანხები სჭირდება, ამ ეტაპზე, პროექტის გადადება გახდა საჭირო.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად, საპილოტე რეჟიმში მუშაობს ერთი სრულწლოვან მსჯავდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც 100 მსჯავრდებულზეა გათვლილი. მისი აშენება და მოწყობა კი საბოლოო ჯამში, 2 037 000 ლარი დაჯდა.

„დღის წესრიგში სამი დაწესებულების შექმნა დგას. ყველაზე ოპტიმალური გათვლებით, ერთი ასეთი დაწესებულების აშენება-მოწყობასა და ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 3 615 400 ლარი, ანუ, ჯამში სამი დაწესებულებისთვის 11 მლნ ლარამადე უნდა დაიხარჯოს. ჯერჯერობით, შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა არ არსებობს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ დაწესებულების გამართვა 2015 წლის პირველ იანვრამდე შეუძლებელია“, - განმარტავს უწყება.

სამინისტრო აცხადებს, რომ 2017 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოძიებული იქნება ფინანსები ახალი დაწესებულებების ასაშენებლად, სპეციფიკური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და შემდეგ ამ დაწესებულების უწყვეტი ფუნქციონირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების შეზღუდვა არის სასჯელის სახე, რაც ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისთვის თექვსმეტ წელს მიღწეული მსჯავრდადებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით. რაც შეეხება ამ ნორმის ქართულ კანონმდებლობაში არსებობას, თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის ფორმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ 2000 წლიდან არსებობს, მაგრამ სასამართლოებს შესაბამისი სასჯელის გამოყენების უფლება არ აქვთ, რაც გამოწვეულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით.

იქედან გამომდინარე, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, აღნიშნულ ცვლილებებზე დეპუტატები სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებენ.