ხუხაშვილის კონტრვერსია - ვინ და რატომ სარგებლობს კიწმარიშვილის გარდაცვალებით

ხუხაშვილის კონტრვერსია - ვინ და რატომ სარგებლობს კიწმარიშვილის გარდაცვალებით

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი „რუსთავი2-ის“ ყოფილი მფლობელი და ქალაქ რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ შენობიდან გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი, სწორედ, ტელევიზიის შენობაში გაიმართა. თუმცა, საზოგადოებას უახლოესი წარსულიდან ახსოვს პერიოდები, როცა კიწმარიშვილი „რუსთავი2“-ისთვის სასურველი რესპონდენტიც კი არ ყოფილა. საზოგადოებას ასევე ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და კიწმარიშვილის დაძაბული ურთიერთობები. დღეს კი „რუსთავი2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმავე საზოგადოებას ერთხმად სთავაზობენ ვერსიას, რომლის თანახმადაც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება „რუსთავი2“-ის საქმეს უკავშირდება.

„ეროსის სიცოცხლის პირობებში „რუსთავი2“-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა“, - განაცხადა „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას სტუმარმა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანიის მიმართ საფრთხე ავტომატურად იზრდება.

„ეროსი კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“ გაყიდა, გაყიდა და დიდი ფული აიღო ამაში. რამდენადაც მესმის, სინდისი ეყო, რომ არც უარყოფდა ამ ფაქტს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა იმ მფლობელებთან, ვისთანაც არის... მთავარი არ არის ვისია და რა არის, მთავარია თქვენი ტელევიზია არის თავისუფალი ტელევიზია“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიასთან საუბრისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის „რუსთავი2“-თან დაკავშირებულ ვერსიებზე კონტრვერსია აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს. For.ge ხუხაშვილს სწორედ ამ ვერსიის შესახებ ესაუბრა.

ბატონო გია, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიებას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ინტერესით. თუმცა, პარალელურად ვრცელდება ვერსიები, რომლის თანახმადაც კიწმარიშვილი მოკლულია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მკვლელობის ვერსიაზე მიზანმიმართულად ამახვილებს ყურადღებას. როგორ ფიქრობთ, ვის აძლევდა ხელს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, ან ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ სიტუაციით?

- ძალიან გამიჭირდება თვითმკვლელობის ვერსიის დაჯერება. ფაქტია, დიდი ტრაგედია მოხდა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩემი აზრით, ეს უდიდესი ალბათობით არის მკვლელობა. სხვა თემაა, რა იყო მკვლელობის მოტივი.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი2“ ავითარებენ მკვლელობის გარკვეულ ვერსიას. გასაგებია, რატომ სჭირდებათ ეს - სურთ, გარკვეულწილად შექმნან გარანტიები, რათა დაიბლოკოს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ინიცირებულია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების მიერ მათთვის ტელევიზიის წართმევასთან დაკავშირებით. ეს არის მათი მიზანი.

ჯერჯერობით, როცა კონკრეტული არაფერია ცნობილი, ნებისმიერ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. პრინციპში, შეიძლება განვიხილოთ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების „რუსთავი2-ის“ საქმესთან კავშირის ვერსიაც.

საერთოდ, როდესაც ხდება მკვლელობა, გამოძიების მხრიდან პირველ რიგში უნდა დაისვას კითხვა - ვინ ისარგებლა ამ მკვლელობით? ან - ვის შეეძლო ესარგებლა? ფაქტია და თუნდაც ამ აღვირახსნილი კამპანიიდან ჩანს, რომ სარგებელს აქედან ნახულობს „ნაციონალური მოძრაობა“. ხელისუფლება შეზღუდულია კომენტარებში და ამის გამო კიდევ მეტად სარგებლობს ამ სიტუაციით „ნაციონალური მოძრაობა“.

ბოლო კვირების განმავლობაში ეროსი კიწმარიშვილსა დანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებს შორის ურთიერთობები ერთგვარად დათბა. პარალელურად განიხილებოდა კიწმარიშვილისრუსთავი2-შირაღაც ფორმით დაბრუნების საკითხიც. შესაძლოა, ეს ფაქტორებიც უწყობდეს ხელს სასამართლოში წარმოებულრუსთავი2-ისსაქმესთან კიწმარიშვილის გარდაცვალების დაკავშირებას.

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებში, ეროსის ძალიან რთული ურთიერთობები ჰქონდა ამ ჯგუფთან. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი იყო უხერხული მოწმე „რუსთავი2-თან“ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. რეალურად, ის უხერხული მოწმე იყო, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არა მოქმედი ხელისუფლებისთვის.

ერთადერთი რამის თქმა შეეძლო ეროსი კიწმარიშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით - როდესაც ტელევიზიის ე.წ. გაყიდვა, სინამდვილეში კი გადაფორმება მოხდა, ის გადაუფორმეს არა ნომინალურ მფლობელ ქიბარ ხალვაშს, არამედ, ხელისუფლებას - უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს. ქიბარ ხალვაშს მხოლოდ ფორმალურად მისცეს აქციების პაკეტი. შემდეგ ეს პაკეტი სხვაზე გადააფორმეს. რეალურად კი, „რუსთავი2-ის“ პატრონი არ შეცვლილა, ყოველთვის ფლობდნენ მას მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ძალა. ამის დადასტურება შეეძლო ეროსი კიწმარიშვილს. ინტერვიუებშიც არაერთხელ განუცხადებია, რომ ხელისუფლებამ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა მას, დაეთმო ტელევიზია და მან დათმო კიდეც. რაც შეეხება თანხის აღება-აუღებლობის თემას, ვინ აიღო, ვინ არა და რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა ეს პროცესი, ეს არის ძიების საგანი, თორემ, ის რომ ტელევიზიის მფლობელი მიხეილ სააკაშვილი გახდა, ამაზე ორი აზრი არ არის. ბუნებრივია, ეროსი კიწმარიშვილი, როგორც მოქალაქე, ვალდებული იქნებოდა ეთქვა, რომ „რუსთავი2“ მან მიჰყიდა მიხეილ სააკაშვილს და არა სხვა ვინმეს. ეს კი არ შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში. საქმე უკვე ფინალში გადიოდა და ეროსი კიწმარიშვილის დაკითხვის შემდეგ ეს სკანდალური ინფორმაცია გამჟღავნდებოდა.

ეს არ არის ჩემი ეჭვი. უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსიის კონტრვესრიაზე ვსაუბრობ. თუ მათ მაინცდამაინც უნდათ ამ ვერსიის განვითარება, საქმე აქეთ უფრო მიდის. ლიკვიდაცია ხელს აძლევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა არ გამჟღავნებულიყო, ვინ გახდა „რუსთავი2-ის“ რეალური მფლობელი. ამიტომ, საინტერესო იქნებოდა მოწმის სახით ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა. რის ფასად გაურიგდნენ ახლახან ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც მიუღებელი პიროვნება იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და თუნდაც ნიკა გვარამიასთვის. ანუ, რა იყო გარიგების საგანი, რას სთავაზობდა სანაცვლოდ ეროსი კიწმარიშვილი.

თუ გამოძიებამ შეძლო გარკვევა, რა ხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ეროსი კიწმარიშვილს შორის პოლიტიკურ და მედიაგარიგებებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, საქმის გამოძიებამ წინ წაიწიოს. ასე რომ, გამოძიებამ უარი არ უნდა თქვას „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსიის განხილვაზე. სხვა საკითხია, რამდენად დადასტურდება, ან არ დადასტურდება იგი.

თუ დავუშვებთ, თეორიულად, რომ ეროსი კიწმარიშვილინაციონალური მოძრაობისინტერესის გათვალისწინებით მოკლეს. რამდენად სწორად იქნა შერჩეული საამისოდ დრო? ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ მოცემულ ვითარებაში ერთგვარად დამთბარი იყო ეროსი კიწმარიშვილის ურთიერთობანაციონალურ მოძრაობასთანდარუსთავი2-თან“ .

- ერთი მხრივ, მათ შორის მიმდინარეობდა გარიგება, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“, ალბათ, მშვენივრად ესმოდა, რომ ეს გარიგება ვერ იქნებოდა გრძელვადიანი. იმიტომ, რომ ეროსი კიწმარიშვილს იმ საქმესთან დაკავშირებით მაინც მოუწევდა ჩვენებების მიცემა.

ანუ, ეს იქნებოდა ერთგვარი ტაქტიკური გარიგება დროის მოსაგებად?

- დიახ, საუბარი შეიძლება იყოს, სწორედ ტაქტიკურ გარიგებაზე. რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად უფრო აძლევდა ხელს მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა. როცა დადგება „რუსთავი2“-ის კეთილსინდისიერი მფლობელებისთვის ტელევიზიის დაბრუნების საკითხი, შეეცდებიან, კიწმარიშვილის მკვლელობა დაუკავშირონ ხელისუფლებას.

ძალიან უცნაურად ვითარდება მოვლენები. ძალიან კოორდინირებულად, ყველა ერთხმად საუბრობს ერთსა და იმავეზე. ასეთი რაღაცები შემთხვევითი არ არის. ამ ვერსიაზე სასაუბროდ ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომელსაც დიდი ხანია, ხმა არ ამოუღია. მაგალითად, კომენტარებს აკეთებენ ლევან რამიშვილი, კახა ბენდუქიძე. ყველაფერი კეთდება ამ ტრაგედიის „რუსთავი2“-ის თემისთვის გამოსაყენებლად. ეს, ალბათ, უკვე არის ძიების საგანი. ან საქმე გვაქვს ცრუ დასმენასთან და საზოგადოებისთვის მცდარი ინტერპრეტაციების მიწოდებასთან, ან - გაცილებით მძიმე დანაშაულთან.