სომეხი მძღოლის მიერ ნათამაშები ჟორა შავგულიძე

სომეხი მძღოლის მიერ ნათამაშები ჟორა შავგულიძე

დღეს კვირაა  და ქართველი ხელოვანების შესახებ მორიგ მოგონებებს წარმოგიდგენთ. სამწუხაროდ ცხელი ზაფხულის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა განუსაზღვრელად მაღალია. დღევანდელ წერილში შევეცდები პოლიტიკისგან რამდენიმე წუთის განმავლობაში დაგასვენოთ.

მოგონებების პირველი სტუმარი ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი შავგულიძე იქნება და ამ პიროვნების შესახებ ერთ საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ.

საწყალი ჟორა შავგულიძე რომ გარდაიცვალა ცნობილი ავარიის დროს, ფილმი იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა.

რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც ჟორას ემგვანებოდა. ბევრი ეძებეს და მართლა მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს. დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას.

ერთ დღესაც, ერთი კაცი მისულა გიგასთან და უთქვამს, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. ბატონი გიგა ყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახვეს - გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართვია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო.

გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია. წადი ახლა და თქვი, ვინ უფრო ქართველია და ძმა!

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ავთო ვარაზი იქნება.

ერთ დღეს ხელოვანი სახლისკენ მიდიოდა, მიჰქონდა ორი-სამი ბოთლი ღვინო და რამდენიმე კვერცხი - ერბოკვერცხის შესაწვავად.

მოულოდნელად სადარბაზოსთან ვიღაც უცნობი დაინახა.  აი, ისეთი, 80 პროცენტი ინტელიგენტი რომ არის და 20 პროცენტი - უკვე ლოთი. მოეწონა ეს კაცი ავთოს და სახლში შეიპატიჟა. რომ შევიდნენ, ის კაცი შეყოვნებულა შესასვლელ კართან, რომელიც ავთოს საკუთარი ხელით, საღებავებით ჰქონდა მოხატული. ეს მასპინძელს არ გამოჰპარვია, თუმცა არც შეუმჩნევია. მოკლედ, შევიდნენ, ავთომ ერბოკვერცხი შეწვა, ღვინო გახსნა, დაასხა და დაიწყეს სმა. ბოლოს დაიშალნენ. ავთომ სახლამდე მიაცილა შემთვრალი სტუმარი, დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა.

დილით, გაიღვიძა თურმე იმ კაცმა და რას ხედავს - ავთოს მოხატული კარი მის კარებთან არ არის აყუდებული?! გადარეულა. თქვენ წარმოიდგინეთ, ავთო ვარაზი მიხვდა, რომ ის კაცი დაინტერესდა მისი ხელოვნებით, მოეწონა მოხატული კარი და ვერ გაუბედა თქმა. უცნობს ასეთი ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა, თავად კი უკაროდ დარჩა.

წინა კვირას შორეულ ბრაზილიაში ფეხბურთელთა მორიგი მსოფლიო პირველობა დასრულდა. დღევანდელ მოგონებებზე მუშაობის პროცესში ქალბატონ ნანა მჭედლიძეს ერთ ინტერვიუს გადავაწყდი, სადაც ეს უკანასკნელი ფილმი „პირველი მერცხალის“ გადაღების ისტორიას ყვებოდა.

„როცა ამ ფილმს მოვკიდე ხელი, ყველა დამცინოდა - კაცი რეჟისორები დაილიაო? თუმცა, რეზო ჩხეიძეს ჩემი დიდი იმედი ჰქონდა.

სურათზე მუშაობა 1974 წელს დავიწყე. დირექცია ძალიან მონდომებული იყო და ყველაფერში ხელს მიწყობდა. რაც არ უნდა მიმეტანა, ჩემგან ყველაფერს იღებდნენ. ფილმი ირანში, საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. მე და დოდო აბაშიძე ვისხედით და ვუცდიდით, როდის გამოგვიძახებდნენ. პრიზი რომ გადმოეცათ. დოდომ მითხრა, შაჰის ცოლს უნდა ვაკოცოო. ეს წარმოუდგენელი იყო. ვიფიქრე, გაგიჟდა, მართლა არ აკოცოს-მეთქი, შიშისგან სულ მაცახცახებდა. გამოგვაცხადეს. დოდო გავიდა. კოცნით არ უკოცნია, მაგრამ, ხელი რომ მოჰკიდა ხელზე, აღარ უშვებდა. იმ ქალს კი უხერხულობისგან ეცინებოდა“.

ალბათ დრო მოვიდა ქალბატონი ნანული სარაჯიშვილიც წარმოგიდგინოთ.

„გარიგების“ პირველი და მეორე ნაწილიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. ყველაფერი მეგობრულ ვითარებაში დაიწყო. ზაზა კოლელიშვილს ახალი დამთავრებული ჰქონდა კინოსარეჟისორო. ისე, საუბარში მითხრა, ასეთი და ასეთი ფილმის გადაღებას ვაპირებო და შინაარსი მიამბო.

გამიხარდა, რა კარგია-მეთქი, მაგრამ ამ ფილმში თამაშზე არ მიფიქრია, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი შემოუთავაზებია. მერე, მაროს როლზე ვიღაცეები გასინჯა. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება: ჩემოდნები ჩაალაგე, კახეთში მივდივართო. რა ჩემოდანი, რა კახეთი-მეთქი, დავიბენი. მაროს როლზე დაგამტკიცეო. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. მერე სულ ვეკითხებოდი: იმათ რა დაუწუნე, ვინც გასინჯე, რა მოხდა-მეთქი? მინდოდა, ის შეცდომები გამეთვალისწინებინა. აი, კახელი რომ კახელის თამაშს დაიწყებს, ის უკვე აღარ ვარგაო, - მითხრა.

სულ ხუმრობ-ხუმრობაში გადავიღეთ ფილმი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს არწივით“ დამაჯილდოვეს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და ქონებაც, რაც გამაჩნია. მეკითხებიან ხოლმე, ქმარს არ იბრუნებო. ძალიან უნდოდათ, მიტო დამებრუნებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფილმის მეორე ნაწილშიც ვერ დავიბრუნე“.

რასაკვირველია ქალბატონი ნანულის შემდეგ გვერდს ვერც ზაზა კოლელიშვილს ავუვლით.

„კინომსახიობობა ყოველთვის მიტაცებდა. მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებდნენ „ბიჭი და ძაღლი“. დედაჩემთან მოვიდა ბიძაჩემი, გია მატარიძე და უთხრა, თორმეტი წლის ბიჭს ეძებენ. მეც მთხოვეს, იქნებ ვინმე გყავს და გაიკითხოო. წამიყვანეს სინჯებზე, მაგრამ დამიწუნეს, ძალიან სუსტი ბავშვიაო.

პირველი, რაც ვნახე, ეს იყო ჩარლი ჩაპლინის ფილმი. იქიდან მოყოლებული, ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. უკვე გარდატეხის ასაკში ღიად ვსაუბრობდით ოჯახში იმ დროისთვის დაფარულ, სექსუალურ თემებზე. ვუყურებდი ისეთ ფილმებს, სადაც საკმაოდ თამამი სცენები იყო. ამით ერთგვარი კომპლექსი მოხსნილი მქონდა. თელავში პირველი ჯინსები მე მეცვა. გია მატარაძის პირველი ცოლი მაშინ „სუხიშვილებში“ ცეკვავდა და უცხოეთიდან ჯინსის შარვალი და პერანგი ჩამომიტანა. წარმოიდგინეთ, ჯინსები მაცვია, „ბიტლების“ სტილში მაქვს ვარცხნილობა, „ვბლატაობ“, ჭკუაზე არ ვარ... მერე დირექტორმა დამიჭირა და ამკორტნა თმა.

მეექვსე კლასიდან შევედი ხატვაზე. ხატვის გარდა მიყვარდა გრაფიკა და ქანდაკება. მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი და ოჯახშიც ხელს მიწყობდნენ, მაგრამ კინოზე ჭკუა გადამეკეტა. ერთი წელი ვისწავლე სამხატვრო აკადემიაში. მერე რაღაც ინციდენტი მოხდა და გამოვედი. ჩავაბარე თელავში, ფილოლოგიურზე. ჩემს კურსზე იყო ოცდაათი გოგო და ერთი ბიჭი ვიყავი. პარალელურად, თეატრში ვმუშაობდი - თან ვმსახიობობდი, თან, სპექტაკლებს ვაფორმებდი.

ერთ დღეს ინსტიტუტში ვარ. კინოსტუდიიდან მოვიდნენ, ბიჭებს არჩევდნენ. შემოვიდნენ სულიკო გაბისონია და ვახო კაჭირაშვილი ფოტოგრაფთან ერთად. სურათები გადაგვიღეს. ამ დროს, თურმე, ჩემს სახლში მიდის მზადება. ბიძაჩემი გია მატარაძე თენგიზ აბულაძის ჯგუფში იყო პრაქტიკებზე. კახეთში ჩამოჰყვა „ნატვრის ხის“  ნატურის ასარჩევად და ჩვენთან დაპატიჟა.

მივედი, ვხედავ, სუფრასთან სხედან. რომ შევედი, ბიძაჩემმა თქვა: ბატონო თენგიზ, გაიცანით, ეს ჩემი დისშვილიაო. მერე მეორემ უთხრა: ბატონო თენგიზ, რომ გითხარით, ერთი ბიჭი ძალიან მოგვეწონა შეთეს როლისთვისო, აი, ეს არისო. თბილისში დამიბარეს, უამრავი სინჯი გადამიღეს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გადაღების პერიოდში თითქმის არსად წავსულვარ, სულ ერთ ადგილას ვიყავი. კამერის შიში არ მქონია იმ დღიდან, რაც კამერებთან დავდექი. სხვა შიში უფრო მქონდა – ვაითუ, არ მოეწონოთ-მეთქი. ქუჩაში რომ გავდიოდი, მეგონა, უკვე ყველას უნდა ვეცნე, იმდენად მქონდა სიამაყის განცდა.

მეოთხე კურსზე რომ ვიყავი ფილოლოგიურზე, მივატოვე და თეატრალურში ჩავაბარე. ამ დროს გია დანელია იყო ჩამოსული და „მიმინოს“ ერთ-ერთ ეპიზოდში გადამიღო. მერე ჩემი ფული გამიჩნდა და აქ წავიდა ბოჰემა“.