ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია(პირველი ნაწილი)

ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია(პირველი ნაწილი)

წერილი პირველი: დეინდუსტრიალიზაციის კრიზისი და დღევანდელი ქართული პოლიტიკა

ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში ეპოქალური კრიზისი მძვინვრებს. ეს დეინდუსტრიალიზაციის კრიზისია: საბჭოთა კავშირის ნგრევასთან ერთად  სოციალისტური ინდუსტრიალიზმიც დასამარდა. გაქრა გეგმიური ეკონომიკა, მისი მართვის „ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემა“ და მათთან ერთად ინდუსტრიული წარმოებაც. საბჭოური ინდუსტრიალიზმის ტრანსფორმირება, მისი გადაყვანა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე შეუძლებელი აღმოჩნდა. დაუსრულებელი გარდამავლობის პირობებში ვერ მოხერხდა კაპიტალის, საქონლის და სამუშაო ძალის ეროვნული ბაზრის შექმნა. ვერ ჩამოყალიბდა მესაკუთრეთა და მეწარმეთა  სოციალური კლასი; დაინგრა ინდუსტრიის საწაარმოო ბაზა; გაპარტახდა და ჯართში ჩაბარდა ფაბრიკა-ქარხნები; ნატურალურ მეურნეობამდე დაქვეითდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცის წარმოება; გაიძარცვა და განიავდა ეროვნული რესურსები. რაც ძარცვასა და გაპარტახებას  გადაურჩა - უმოწყალოდ იყიდება. უცხოელებზე ინტენსიურად სხვისდება მიწა და უძრავი ქონება; წყალი და ტყე, სასარგებლო წიაღისეული...

ე.წ. ეროვნული ეკონომიკა არა საქართველოში სასაქონლო წარმოებით გამომუშავებულ, არამედ გარეშე წყაროებიდან შემოტანილ ფულს ემყარება. ეს ფული ძირითადად ოთხი არხით მოედინება: (1) უცხოეთიდან აღებული სახელმწიფო ვალი და დახმარება; (2) უცხოური საბანკო კრედიტები; (3) ე.წ. უცხოური ინვესტიციები, რაც სინამდვილეში გასხვისებული მიწისა და უძრავი ქონების საფასურია; (4) უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების მიერ გამომუშავებული და სამშობლოში გადმოგზავნილი ფული;

უცხოური წყაროებიდან მომდინარე ამ ფულად სახსრებს „ლომის წილი“ უკავია, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობების შინაარსი ძირითადად ამ გარეშე წარმომავლობის ფულის გადანაწილებასა და მოხმარება-ხარჯვაში მდგომარეობს. იქმნება  არა შიდა ბაზარზე თავისუფალი მეწარმეობითა და შრომით მოპოვებული შემოსავლების, არამედ გარედან მიღებული კაპიტალის მოხმარებაზე ორიენტირებული პარაზიტული ეკონომიკური სისტემა.

დეინდუსტრიული საზოგადოება გარეშე ფულზე - საგარეო გრანტებზე, სესხებზე,  ე.წ. ინვესტიციებზე ისევეა დამოკიდებული, როგორც ნარკოტიკზე ნარკომომხმარებელი. არა წარმოება, არამედ მოხმარება ხდება საზოგადოებაში წარმოქმნილი პატრონ-კლიენტური სოციალური წყობის და შესაბამისად, კლიენტელური თავკერძა ეთიკის მატერიალური დასაყრდენი. 

უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რათა უცხოური ფული როგორმე ჩაენაცვლებინა, აგრთვე მხარი დაეჭირა წარმოების განვითარებისათვის. თანაინვესტირების და საპარტნიორო ფონდები, სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა და სხვ. ყოველივე ეს, მართალია, ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთო სურათს  არსებითად ვერ ცვლის.

ეკონომიკაში ინვესტირების გარეშე წყარო, რომელსაც სახელმწიფო დააფუძნებს და ბანკების მეშვეობით ან უშუალოდ გააკონტროლებს, თავისუფალი ბაზრის წარმოქმნას ვერ განაპირობებს.

ეკონომიკური წყობის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი და აქტორიც კვლავაც სახელმწიფოა. უცხოური ან არაუცხოური, მაგრამ მაინც გარეშე ფულის მთელს ამ დისტრიბუცია-ორომტრიალში წამყვან ადგილს იგი იკავებს; სახელმწიფო ხელისუფლება სრულად განაგებს უცხოეთიდან აღებული უზარმაზარი ვალებისა და დახმარებების, დღეს კი ე.წ. ფონდებისა და გაზრდილი საბიუჯეტო პროგრამების, აგრეთვე მიწისა და უძრავი ქონების მსხვილი გაყიდვებიდან აღებული ფულის გადანაწილებას;  

რაც მთავარია, ეს ფული პატრონ-კლიენტელური პრინციპებით ნაწილდება; ფულის გადანაწილებისას კი რიგითობაა ყველაზე მნიშვნელოვანი: ჯერ ხელისუფლებაში მოკალათებულ პატრონთა კარგი ცხოვრების მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფა; მერე კლიენტელის - პატრიმონიალური „პარტიული“ ბიუროკრატიის ან სახელმწიფო ჩინოვნიკების, ამ ახალი ნომენკლატურის (პირველ რიგში, ე.წ. ძალოვნების) დაქირავება-შენახავას ხმარდება: და ბოლოს, რაც დარჩება - გაღატაკებული და დეკლასირებული მოსახლეობისათვის სამოწყალოდ რიგდება; ეს რიგითობა გარანტირებულია ნებისმიერ შემთვევაში - როგორც სახელმწიფო ე.წ. ინფრასტრუქურული პროექტების, ასევე ე.წ. სოციალურად ორიენტირებული საბიუჯეტო პროექტების (ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და ა.შ.), დღს კი უკვე ე.წ. წარმოების განვითრების პროგრამების განხორციელებისას.

ამჟამად ქვეყანა თითქმის აღარაფერს აწარმოებს, ოდენ მოიხმარს. მოხმარებული საქონლის დისტრიბუციას ხელისუფლებასთან გარიგებული მონოპოლიები განაგებენ. ადგილობრივი მწარმოებლები უცხოური საქონლის იმპორტიორების კონკურენციას ვერ უძლებენ და როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სწრაფად კოტრდებიან.

ეკონომიკის არასახელმწიფო სექტორი მეორეხარისხოვან, სახელმწიფო ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ როლს თამაშობს და იგი თითქმის სრულად ე.წ. ბანკების ხელშია. მათი სავახშო კაპიტალი ასევე ძირითადად გარეშე წარმოშობისაა. ბანკები არა ეკონომიკის მიერ გამომუშავებულ, არამედ გარეშე, ძირითადად უცხოეთიდან აღებულ ფულს მოსახლეობაზე სპეკულანტურ ფასებში მამასისხლად ჰყიდიან. შედეგი თვალსაჩინოა - ასი ათასობით ადამიანი საცხოვრებელს კარგავს და ზედმეტი ადამიანების -„ჰომო საკერთა“ არმიას უერთდება. ცხადია, მოსახლეობის ასეთი უმოწყალო ძარცვის სანქცია ბანკებს ხელისუფლებისაგან აქვთ აღებული. ე.წ. საბანკო სისტემა ფულის დისტრიბუციის მავნებლური ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც პატრონ-კლიენტელური სოციალური წყობის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

რა შეიძლება იყოს ასეთი პარაზიტული, მოხმარებასა და არა შექმნაზე ორიენტირებული ეკონომიკის შედეგი? რასაკვირველია, სხვა არაფერი, თუ არა ვალების დაგროვება, ქვეყნის თანდანობით დაგირავება და საბოლოო ჯამში კი - ე.წ. ინვესტორებზე გაყიდვა.

ასეთი გამყიდველურ-ლიკვიდატორულიიპოლიტიკის შედეგია ის, რომ მწარმოებელი კლასები ქვეყანაში ვერ ყალიბდება. უარესიც: მიმდინარე სოციალური „გარდაქმენები“ საზოგადოების დეკლასირებით ხასიათდება - მოქალქეთა სულ უფრო მეტად მზარდი ფენები კარგავენ სამუშაოს, საქმეს, უნარებს, თავიანთ სოციალურ „კაპიტალსა“ და ფუნქციას; სულ უფრო იზრდება „ზედმეტ“ ადამიანთა, რომელთაც საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა კი არა, თავის გამოკვებაც აღარ შეუძლიათ, რიცხვი; ისინი თვითორგანიზების უნარს საბოლოოდ კარგავენ და მუდმივად „მზრუნველ“ პატრონს საჭიროებენ; ასეთი „ზედმეტი“ ადამიანების მასა, რომელიც მუდამ პატრონის ძიებაშია და მზად არის ლუკმა პურისათვის მის წინაშე ნებისმიერი ვალდებულება იტვირთოს, ნოყიერ ნიადაგს ქმნის პატრონ-კლიენტელური სოციალური ურთიერთობების საყოველაო გაბატონებისათვის.

დეინდუსტრიული საქართველოს დღევანდელი სოციალური წყობა პატრონ-კლიენტელიზმია. საზოგადოება სამ კასტადაა დაყოფილი: პატრონებად, მათ კლიენტელად და უპატრონო, „ზედმეტ“ ადამიანებად, „ჰომო საკერებად“ („ჰომო საკერების“ შესახებ შეგიძლიათ იხ. ირაკლი კაკაბაძის არა ერთი შესანიშნავი ბლოგი, თუნდაც ეს: „უილიამ უოკერის ტრაგედია და ჰოსო დოლორესის ეპიკური დრამა“ https://www.facebook.com/pages/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-Irakli-Kakabadze/502299793166070?fref=ts )

პატრონ-კლიენტელიზმი ძალიან წააგავს ფეოდალიზმისას არსებულ პატრონ-ყმობას. თუმცა, ფეოდალიზმისას არსებული  მიწაზე კერძო საკუთრების ნაცვლად თანამედროვე პატრონობა გარეშე წარმომავლობის ფულსა და მიტაცებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას ემყარება. პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც ფულში იოლად კონვერტირდება და პირიქით, გაბატონებული კასტის - საქართველოს პატრონთა კორპორაციული კერძო საკუთრებაა. 

საბოლოო ჯამში საქართველოში მოქმედი ერთადერთი მომგებიანი საწარმო სწორედ ის კორპორაციაა, რომელსაც პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლია აქვს აღებული. კონსტიტუცია ცრუობს! რეალურად სახელმწიფო ძალაუფლება ხალხს არ ეკუთვნის, რადგან დანაწილებული და სახელისუფლებო შტოებად ინსტიტუციონალიზებული არ არის, არც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებად არ იმიჯნება, იგი ერთიანია, მთლიანია, ტოტალურია და კორპორაციულად არის მისაკუთრებულ-ორგანიზებული.

მართალია, ტოტალური ძალუფლება, როგორც ასეთი, ინსტიტუციონალიზებული და ფორმალიზებულიც კი არ არის, მაგრამ იგი ერთგვარი „აქციათა პაკეტის“ სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ.  ტოტალური ძალაუფლების ამ მანქანას - „კორპორაცია საქართველოს“ თავისი „აქციონერები“ ჰყავს. კორპორაციის „აქცია“ მისი მფლობელისათვის მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის უფლებას და ბუნებრივია, შესაბამისი დივიდენდების - ძალაუფლებისა და ფულის მიღებას განაპირობებს.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც „ხელისუფლების დემოკრატიულ ტრანზიციად“ მოინათლა, სინამდვილეში „კორპორაცია საქართველოს“ აქციების მესაკუთრეთა ცვლას წარმოადგენდა; 1 ოქტომბრამდე ამ აქციების სრული  პაკეტი სააკაშვილს ეპყრა ხელთ, ივანიშვილმა კი თითქოს შეუძლებელი შეძლო - ამ პაკეტს, როგორც საარჩევნო ბრძოლაში გამარჯვებულის ნადავლს თავად დაეპატრონა;  ხოლო ეს „ნადავლი“ შემდგომ თავისი პირადი შეხედულებისამებრ გადაანაწილა საკუთარ კოალიციაში. ეს კოალიცია, რომელიც წვრილ-წვრილი კლიენტელებისაგან შედგება, ივანიშვილის ერთი „დიდი“ კლიენტელაა, რომელიც მან საარჩევნო ბლოკის სახით თავიდ დროზე ჩამოაყალიბა;

კოალიციაში შემავალი ე.წ. პლიტიკური ლიდერები, კორპორაცია საქართველოს ახალი   „აქციონერები“ და იმავდროულად, თავ-თავიანთი წვრილი კლიენტელების პატრონები არიან. ეს პოლიტიკური სისტემა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფეოდალურ ვასალიტეტს ძალიან გავს - ძალაუფლების პირამიდის თავში ივანიშვილია და კოალიციის ე.წ. ლიდერები მისი ვასალები არიან, ხოლო თითოეული ამ „ლიდერის“ პარტიული ამალა - ვასალის ვასალები. „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“ - ეს პრინციპი ზოგადად ჩვენს პატრონ-კლიენტურ სისტემასაც ერგება: ივანიშვილის ძალაუფლება რომელიმე პარტიის რიგით წევრსა ან თუნდაც მინისტრზეც კი უშუალო არ არის, არამედ გაშუალებული; ივანიშვილი ბიზნესმენია და კორპორციასაც „ბიზნესის წესებით“ მართავს: იგი თითქოს ყოველდღიურ მმართველობით გადაწყვეტილებებში არც ერევა, რადგან „დირექტორთა საბჭო“ -ე.წ.  საქართველოს მთავრობა და „გენერალური დირექტორი - ე.წ. პრემიერ-მინისტრი ჰყავს დანიშნული. ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი კორპორაციის „ადგილობრივ დირექტორებსაც“ - ე.წ. მერებსა და გამგებლებსაც დანიშნავენ.  

მართლია, კორპორაცია თითქოს ბიზნესის წესებით იმართება, მაგრამ დეინდუსტრიულ საქართველოში კორპორაციის „აქციებისათვის“, ფეოდალური შიდა ომების მსგავსად, რაც მიწის, როგორც ფეოდალური საზოგადოების მთავარი რესურსის დასაკუთრებისათვის იწარმოებოდა,  კლიენტელურ კლანებს შორის  გაუთავებელი, გაათრებული ბრძოლა მიმდინარეობს.

ამ კლიენტელებს „პოლიტიკურ პარტიებს“ უწოდებენ და გაუგებარია, რატომ?  ისინი ხომ ინდუსტრიალური ეპოქის პარტიებისგან არსებითად განსხვავდებიან.

კლიენტელას, ინდუსტრიალიზმის დროინდელი, კლასიკური  პარტიისაგან განსხვავებით არავითარი კლასობრივ-სოციალური დასაყრდენი არ გააჩნია და დეინდუსტრიულ, დეკლასირებულ საზოგადოებაში არც შეიძლება გააჩნდეს. თანამედროვე „პარტიებად“ წოდებული კლიენტელები რომელიმე სოციალური კლასის ინტრესებს კი არ ასახავენ და გამოხატავენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტული პატრონებისას, რომელთა გარშემოც არიან შემოკრებილი. პატრონების ძირითადი ინტერესი „კორპორაცია საქართველოს“ რაც შეიძლება მეტი „აქციის“ მითვისებაა. კლიენტელაც აქედან ელის სარგებელს - პატრონის მიერ კორპორაციის „აქციების“ ფლობა კლიენტისთვისაც შემოსავლის ერთადერთი  წყაროა; „აქციებისგან“ მიღებულ დივიდენდებს - ძალაუფლებასა და ფულს, პატრონი კლიენტელას გადაუნაწილებს, ცხადია, ერთგული სამსახურის პირობით. კლიენტელას შიგნით ურთიერთობები პატრონისადმი პირადი ერთგულებით „იზომება“ და ფასდება; დივიდენდების განაწილებისას უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ ერთგულების გამოხატვა და შესაბამისად, პატრონის კმაყოფილების ხარისხია.

დღეს საქართველოში 200-ზე მეტი (!) რეგისტრირებული ე.წ. პარტიაა, თუმცა, ბუნებრივია, ყველა ასეთი კლიენტელის პატრონი როდია „კორპორაცია საქართველოს“ „აქციონერი“. კორპორაციის „აქციები“ თავისუფალ ბაზარზე სულაც არ იყიდება, „კორპორაცია საქართველო“ არც „აქციების“ ემისიას და საფონდო ბირჟებზე მათ განთავსებას, რასაკვირველია, არ ეწევა; ეს „აქციები“ ძალაუფლებისათვის გააფთრებულ ბრძოლაში ისევე მოიპოვება, როგორც ნადავლი ან ჯილდო;  „აქციონერობის“ პატივი კი მხოლოდ რჩეულ პატრონთა ხვედრია.

ფორმალურად არჩევნებში მიღებული ხმები განსაზღვრავენ „აქციათა პაკეტის“ რაოდენობრივ მოცულობას. მაგრამ ყველამ იცის, რომ რეალური ძალაუფლება მხოლოდ ფორმალიზდება,იურიდიულად ფორმდება ამ ე.წ. არჩევნებით; კორპორაცია, რომელიც ყველაზე მსხვილი კლიენტელათა-კლიენტელაა, ბუნებრივია, ყველა დონის არჩევნებს იოლად იგებს. სინამდვილეში, ძალაუფლება ერთიანი, ტოტალურია და ინსტიტუციებს შორის დანაწილებული სულაც არ არის. ამიტომ, სანამ კორპორციის აქციათა საკონტროლო პაკეტს, როგორც ნადავლს, არ მოიპოვებ, არჩევნების მეშვეობით ძალაუფლების რეალურ გადანაწილებაზე ფიქრი ოდენ ფუჭი ოცნებაა.

დეინდუსტრიული საქართველოს პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც საზოგადოების დეკლასირების შედეგად წარმოქმნილ პატრონ-კლიენტელურ კასტურ დაყოფას ემყარება, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობის და უზურპატორულიპოლიტიკურისისტემის უმთავრესი საფუძველთაგანია.

თუკი საქართველოს განვითარება სურს, მან ეს პატრონ-კლიენტელიზმი და კლიენტელური პარტიკულარიზმი აუცილებლად უნდა დაძლიოს. მაგრამ როგორ?

ყველანი კარგად ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს „მოდერნიზების“, ანუ მისი რე-ინდუსტრიალიზაციის გზას არსაით მივყავართ. თანამედროვე საინფორმაციო, პოსტ-ინდუსტრიულ ერაში, როცა განვითარების მთავარი რესურსი არა კაპიტალი, წარმოების საშუალებები ან სამუშაო ძალა, არამედ ინფორმაცია და ცოდნაა, ინდუსტრიული კლასების - ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის თავიდან შექმნა ტექნოლოგიურად არის გამორიცხული. ასევე, შეუძლებელია მე-19 საუკუნის მოდელის  „სამოქალაქო საზოგადოების“ ფორმირებაც.

დღეს განვითარების ერთდერთი გზა ინდუსტრიალიზმის პარადიგმის გადალახვა და მომავლის საზოგადოებაში ნახტომია, არა „სამოქალაქო“, არამედ უკვე „საინფორმაციო საზოგადოების“ შექმნაა.

„საინფორმაციო საზოგადოებას“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არნახულ პროგრესს უკავშირებენ. აქ სიტყვა „ტექნოლოგია“  უფრო ფართო მნიშვლეობით არის გასააზრებელი, ვიდრე მისი წმინდა ტექნიკური ასპექტია.

„ტექნოლოგია“, მისი ფართო მნიშვნელობით, ცხოვრების წესი და განვითარების პარადიგმაა. ინდუსტრიალიზმის „ტენოლოგიის“ სახე მანქანაა, თავდაპირველად ორთქლის მანქანა - ორქთმავალი. ინდუსტრიალიზმის პარადიგმით დღეს მოქმედება, ე.ი. რე-ინდუსტრიალიზაცია, მე-19 საუკუნის „ერი-სახელმწიფოს“ ანდაც „სამოქალაქო საზოგადოების“  „აღმშენებლობა“  ორთქმავლის გამოგონება-აწყობას წააგავს: ტექნოლოგიურად ჩვენ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე სწორედ ორთქმავლის გამოგონებას ვეწვალებით და  რასაკვირველია, არ გამოგვდის; ძალიან რომ მოვინდომოთ, უფრო მეტი რომ ვიწვალოთ, იქნებ გამოგვივიდეს კიდეც, მაგრამ რისთვის ან ვისთვის? ორთქმავლით დღეს ხომ არავინ დადის, ის არავის სჭირდება, გარდა მუზეუმისა.

საქართველოს პრობლემა დღესაც უვარგის ტენოლოგიებშია; ისევე, როგორც ეს დიდი ილიას „მგზავრის წერილებშია“, სადაც „პოვოზკაა“ რუსული ტექნოლოგიების სახედ ნაჩვენები: „მთელი რუსეთი ამით დადის და იმიტომაც არის შორს წასულიო“...

დღევანდელი ჩვენი „სოციალური ტექნოლოგიების“ სახე ჩვენი ასო-ები (არასამთავრობო ორგანიზაციების) და პარტიებად წოდებული კლიენტელებია. სწორედ ეს არის ის საშენი მასალა, რაზეც პოლიტიკური ორგანიზაცია - კორპორციულ-ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემაა აშნებული. საქართველოს პატრონთა კორპორაცია ამ კლიენტელების მეშვეობით ძალაუფლების სრულ უზურპირებას ახდენს და ე.წ. არჩევნების გზით კი უკვე მოპოვებულ ხელისუფლებათა იურიდიულ გაფორმებას.

მოდით, მართლაც ვიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ვცხოვრობთ მომავლის საქართველოში. ისეთ საქართველოში, სადაც სახელმწიფო თითოეუ მოქალაქე ეკუთვნის და არა კორპორაციის აქციონერებს; სადაც ერთი მოქალაქე - ერთი ხმაა, სადაც ხმები ითვლება და იწონება  კიდეც; სადაც აღარ არის საჭირო ყალბი წარმომადგენლობითობა ხალხის ძლაუფლების განსახორციელებლად; სადაც აღარც დღევანდელი პატრონ-კლიენტელიზმია, არც ტოტალური ძალაუფლების კორპორაციაა, აღარც ე.წ. პარტიები და არც ასო-თა, ე.წ. სამოქალაქო სექტორი.

როგორი შეიძლება იყოს ასეთი მომავლის საქართველო? ვცადოთ და წარმოვიდგინოთ მომავლის ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია.

მაგრამ ეს უკვე შემდგომი წერილის თემაა...