სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს თანამშრომლები უპირისპირდებიან

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს თანამშრომლები უპირისპირდებიან

ასაკობრივ პენსიაზე დაბალი ხელფასი, დატვირთული სამუშაო დღე და არასათანადო სამუშაო გარემო. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები უწყების დირექტორს, ირაკლი ღარიბაშვილს უპირისპირდებიან. ბიბლიოთეკარები ამტკიცებენ, რომ პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ნაცვლად, ხელმძღვანელი მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს და სამსახურიდან გაშვებითაც ემუქრება.

„ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 6 საათამდე, შესვენების გარეშე ვმუშაობთ, შაბათს - 15:00 საათამდე. მკაცრი სამუშაო პირობები გვაქვს და 142 ლარს ვიღებთ ანაზღაურებას. არიან თანამშრომლები, ვისაც კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი აქვს. დაფასებასაც ვერ ვგრძნობთ, ხელმძღვანელობა შეურაცხყოფას გვაყენებს. „ნახირსა“ და „ხროვასაც“ გვეძახიან“,- განუცხადა for.ge-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც რედაქციაში საკუთარ კოლეგებთან ერთად გვესტუმრა და მათი საკითხით დაინტერესება გვთხოვა.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები გვიყვებიან, რომ უწყებაში მძიმე პირობებში მომუშავე თანამშრომლების პარალელურად ე.წ. პრივილეგირებულთა კასტა არსებობს - ხელმძღვანელობას, რომელიც უცხოეთში ვიზიტებს არ იკლებს, ფავორიტი თანამშრომლებიც ჰყავს.

„სხვებს უმატებს ხელფასებს. ვაკანსიებიც გამოაცხადა. ჩვენ კი კატეგორიულად გვიცხადებენ, რომ ხელფასს არ მოგვიმატებენ. თუ არ მოგწონთ, წადითო. ისიც გვითხრეს, თუ თქვენით არ წახვალთ, სექტემბრიდან ისეც გაგათავისუფლებთ, ატესტაციას ჩაგიტარებთ, ან ისე გაგიშვებთ სახლებშიო“, - აცხადებს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი.

მათივე თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილს სხვადასხვა განყოფილებებში ახალი თანამშრომლების აყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამ მიზნით კონკურსიც გამოაცხადა, რომლის მიზანიც 2 თვის ვადით სტაჟიორების აყვანაა.

„18 ივლისს დასრულდა ეს კონკურსი. ამბობენ, გრძელფეხება, კარგი ვიზუალის მქონე გოგონები უნდა ავიყვანოთ სტაჟიორებადო. ორი თვის შემდეგ, ალბათ, ვისაც აიყვანენ დაასაქმებენ. დაგვემუქრნენ, სექტემბრიდან გაგიშვებთო, ანუ ზუსტად ორ თვეში. ჩვენთვის თუ არ აქვთ ხელფასის მომატების საშუალება, საინტერესოა, იმათ როგორ უნდა გადაუხადონ მაღალი ხელფასი? ახალ თაობას გამოცდილ თანამშრომლებზე მეტი მოთხოვნები აქვს, 142 ლარზე არ იმუშავებენ, ჩვენ კი მხოლოდ 200-ლარიან ხელფასს ვითხოვთ. 200 ლარამდე რომ გაგვიზარდონ, აღარც მძიმე პირობებზე ამოვიღებდით ხმას“,- გვითხრა ბიბლიოთეკის საკმაოდ ახალგაზრდა თანამშრომელმა, რომელიც საბიბლიოთეკო სფეროში საკუთარ გამოცდილებებზეც გვესაუბრა.

მისივე თქმით, თანამშრომლების ნაწილი უკვე დაითხოვეს და მათ ნაცვლად ახალი კადრები მიიყვანეს.

„დირექტორმა პიარის სამსახურში ირანელი ეროვნების თანამშრომელი მოიყვანა, მისი წარმომავლობა, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, მაგრამ არც ქართული იცის, არც რუსული და ქართულენოვან უწყებაში, ბიბლიოთეკაში როგორ უნდა იმუშაოს? როცა ეს კითხვა დავუსვით ხელმძღვანელს, გვიპასუხა თქვენ არავინ გეკითხებათ, მე მჭირდება და უნდა იმუშაოსო“,- ამბობს ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც სახელ-გვარს იმიტომ არ ამხელს, რომ მწირი ხელფასის დაკარგვის ეშინია.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან უკვე გათავისუფლებული მზევინარ ხუციშვილი კი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, გვიყვება, რომ ბიბლიოთეკაში უკეთესი პირობების შესაქმნელად საკუთარ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობდა კონკრეტულ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, რადგან ბიბლიოთეკის დირექტორი საკითხით სათანადოდ არ ინტერესდებოდა.

„ვმუშაობდით საინტერესო გეგმებზე, დეტალურად ვწერდით ყველაფერს და იმედი გვქონდა, რომ განვახორციელებდით კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ყველა პროექტი იშლებოდა. ხელოვნურად აფერხებს განვითარებას, კონკრეტული გეგმები არაერთხელ შევიმუშავეთ. უარი რომ ეთქვა, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან - რას. მეგობრებით და ოჯახის წევრებით აავსო ბიბლიოთეკა. ყველას უყვება, ბიბლიოთეკა დახურვას გადავარჩინეო. სინამდვილეში, ამ საქმეში დიდი წვლილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს მიუძღვის“,- ამბობს მზევინარ ხუციშვილი.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია თავად დირექტორთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გადავამოწმეთ. იგი თანამშრომლების პრეტენზიებს საფუძვლიანს უწოდებს და for.ge-სთან ადასტურებს, რომ ბიბლიოთეკაში მწირი ხელფასი და მძიმე სამუშაო პირობებია.

„ნამდვილად ასეა, ძალიან დაბალი ხელფასები და გაუსაძლისი პირობები აქვთ ჩვენს თანამშრომლებს. ზამთარში გათბობის სისტემა არ გვაქვს მოწესრიგებული, ზაფხულშიც კონდიციონრები არ გვაქვს საკმარისი და ამიტომ ცხელა. ჩვენი ბიუჯეტი წელიწადში 357 ათასი ლარია. 2009 წლიდან ასეა. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, საერთოდ, რამეს რომ ვახერხებთ კიდევ საკვირველია. საბედნიეროდ, ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ და კმაყოფილი ვარ თანამშრომლების კარგი მუშაობით, მეორე მხრივ, მეცოდებიან იმ გაგებით, რომ მცირე ხელფასს ვუხდი და მძიმე პირობები აქვთ“,- გვითხრა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიბლიოთეკის ბიუჯეტი მართლაც მწირია, თუმცა საყურადღებოა ერთი ფაქტი. For.ge-ს ინფორმაციით, 2013 წელს ბიბლიოთეკამ სახელმწიფო სახსრები სრულად ვერ აითვისა და 357 ათასი ლარიდან 10%-ზე მეტი - 40 ათასი ლარი წლის ბოლოს ხაზინაში დააბრუნა. ამიტომ, ერთგვარად გაუგებარია იმის მტკიცება, რომ ბიბლიოთეკის განვითარებას და თანამშრომლებისთვის პირობების გაუმჯობესებას ხელს მხოლოდ ბიუჯეტი უშლის. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ ვერ აითვისა კუთვნილი თანხა ბიბლიოთეკამ, ირაკლი ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„იმიტომ, რომ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ზოგიერთი შესყიდვების განხორციელება. მაგალითად, კომპიუტერების, გათბობის საშუალებების. ამ თანხის გამოყენებას კი ვაპირებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, უნივერსიტეტმა ისე დაუბრუნა ფინანსთა სამინისტროს, ჩვენთან არ შეათანხმა.“

პრობლემა, რომელზეც ბიბლიოთეკის დირექტორი მიანიშნებს, ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. ნაციონალური ხელისუფლების დროს განხორციელებული „რეფორმის“ შედეგად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მსგავსად რეორგანიზაცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაშიც განხორციელდა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და მისი დაქვემდებარებული უწყება გახდა.

„როგორც ჩანს, წინა მთავრობის მიერ იგეგმებოდა ბიბლიოთეკის დახურვა. ჩემი მთავარსარდლობით გადავარჩინეთ მაშინ. შესაბამისად, იმ დროს, საუბარი არ იყო ხელფასების მომატებასა და პირობების გაუმჯობესებაზე, რადგან მთავარი საკითხი ბიბლიოთეკის გადარჩენა იყო. ახალი მთავრობის წინაშე დავსვით საკითხი, რომ საჭიროა ამ ბიბლიოთეკის გამოცოცხლება და უნივერსიტეტიდან გამოყოფა. დარწმუნებულები ვართ, რომ უნივერსიტეტიდან გამოყოფილი ბიბლიოთეკა უფრო გამოადგება საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს უნიკალური სერვისები, რომელიც არ აქვს სხვა ბიბლიოთეკებს“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნავს რომ საკუთარი ხედვა დაწერილი და გადაცემული აქვს განათლების სამინისტროსთვის და სამინისტროდანაც არსებობს მზაობა, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკითხი მოგვარდეს.

კერძოდ, საუბარია მთავრობის მიერ შემუშავებულ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ახალ სტრატეგიაზე, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა დამტკიცდეს. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ კი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიუჯეტის და მისი თანამშრომლების ხელფასების საკითხიც გაირკვევა.

მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას ბიბლიოთეკიდან თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის გაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა, არ უარყოფს, რომ დათხოვნა ცალკეულ თანამშრომლებს, შესაძლოა, მართლაც შეეხოს.

„ყველას არ გავათავისუფლებთ. საჭიროების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას - თუ ვინმე საკუთარ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს, იმათ შევამცირებთ. ჯერ არ ვიცი, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი. მასობრივ შემცირებას ნამდვილად არ ვგეგმავთ“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

იგი ადასტურებს, რომ სტაჟიორების შესარჩევი კონკურსი ნამდვილად გამოაცხადა და მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ანუ სექტემბერში გაირკვევა, რამდენი სტაჟიორი შეძლებს ბიბლიოთეკაში დასაქმებას.

„ამ წუთში ვაკანსიები არ გვაქვს. სტაჟირება გამოვაცხადეთ. გამოჩნდება ამ ორი თვის განმავლობაში, ვის დავასაქმებთ და ვის არა. ისე, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მოქმედი თანამშრომლების მასობრივ შემცირებას არ ვაპირებ“,- განმარტავს ბიბლიოთეკის დირექტორი.