სექტემბრიდან საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. უცხოელებს ქვეყანაში შემოსასვლელად დამატებითი დოკუმენტაცია და პროცედურები დასჭირდებათ. საქართველოში ჩამომსვლელებს ქვეყანაში ყოფნის ვადებიც მკაცრად განესაზღვრებათ. ასევე გამკაცრდება დეპორტაციაც. ზოგიერთ ქვეყანასთან კი სავიზო რეჟიმის დაწესებაა დაგეგმილი. ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა მიახლოებითი სტატისტიკაც არ არსებობს. მარტო ერთი ქვეყნიდან ვიზიტორთა ნაკადის მონიტორინგისას შსს-მ გამოავლინა, რომ სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 7 ათასზე მეტი მოქალაქე.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რეგულაციების მიღების მიზეზი ევროკავშირის ვალდებულებაა, მეორე მხრივ, ამას გვაიძულებს სტატისტიკური მონაცემები. ის, რომ საქართველო აწარმოებს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგს, გულისხმობს, რომ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადის რეგულირება კანონის მეშვეობით მოხდეს, კანონმა უნდა დაიცვას მათი უფლებები და არალეგალ მიგრანტთა გაძევებაც კანონმა უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, საქართველოშიც ისეთივე წესები ამოქმედდება, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ უკვე არსებობს. ამით არალეგალ ვიზიტორთა მხრიდან უკანონო ქმედებების ალბათობაც შემცირდება და უცხოელთა უფლებებიც დაცულ იქნება.
გარდა ამისა, დასრულების სტადიაშია უცხოელებზე გათვლილი 70-კაციანი დროებითი განთავსების ცენტრის მშენებლობა. ეს ცენტრი მათთვისაა, ვინც სავიზო რეჟიმს დაარღვევს და ქვეყნიდან იძულებით გაძევებას დაექვემდებარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კანონში შესულ ცვლილებებს იმით ხსნის, რომ ადრე საერთოდ არ არსებობდა მიგრაციის პოლიტიკა საქართველოში, ახლა კი ეს პოლიტიკა უნდა გატარდეს.
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კი აცხადებს, რომ მოქმედი კანონის რედაქციით, თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო უვიზოდ საქართველოში შემოსვლა. ამიერიდან კი ამ ნუსხას განსაზღვრავს მთავრობის დადგენილება, ხოლო არალეგალთა გამოვლენისა და შემდეგ გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი შსს იქნება. გაძევების გადაწყვეტილებას, ასევე, მიიღებს სასამართლო.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია კვიციანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიგრანტთა ძირითადი ნაკადი ერაყიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ეგვიპტიდან მატულობს. საქართველო გახდა არა მარტო ტრანზიტული, ანუ მიგრანტების სხვა ქვეყანაში გამშვები ქვეყანა, არამედ მათი მიმღები ქვეყანაც. ეს ხალხი უმეტესად შემოდის ლეგალურად, სამგზავრო დოკუმენტების საფუძველზე, მაგრამ მათი ნაწილი რჩება, გარკვეული ნაწილი ილექება, შეიძლება მოხდეს მათი საქართველოში ყოფნის გადავადება და ქვეყანაში დარჩენის პერიოდის დარღვევა.
„გარკვეული ქვეყნებიდან მიგრაციის ფაქტებმა იმატა. ეს სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. შესაძლოა, ერაყიდან წამოსულ მიგრანტთა შემთხვევაში, ეს თავშესაფრის მოთხოვნით ყოფილიყო განპირობებული, შეიძლება ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხებით შემოსულიყვნენ, ან კიდევ- სასწავლებლად და სამუშაოდ. ეს სფერო კარგად რეგულირებული არ იყო და რეგულაციას ითხოვდა, რაზეც რეაგირება მოახდინა სახელმწიფომ. სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, როგორც ზოგიერთები უწოდებენ ამ პროცესს, სინამდვილეში, ამ სფეროს რეგულაციას ემსახურება. კრიმინოგენურ სიტუაციაში მონაწილეობას მაინცდამაინც მიგრანტებს ვერ დავაბრალებთ. ასეთი პრეზუმპცია, ალბათ, სწორი არ იქნება, რადგან დისკრიმინაციის შესაძლებლობას ბადებს. უბრალოდ, რეგულაცია საჭიროა იმიტომაც, რომ საქართველოში მყოფი მიგრანტების უფლებებიც იყოს დაცული, მათი ცხოვრების, შრომის, სწავლის უფლებები. დასავლეთის ყველა ქვეყანას მსგავსი რეგულაციები გააჩნია. ჩვენთან კი იმიტომ არ კონტროლდებოდნენ შემომსვლელები, რომ ამას თავისი გარკვეული ლოგიკა ჰქონდა - ინვესტიციების შემოდინება, ტურიზმი და სხვა“, - აცხადებს ნათია კვიციანი.
For.ge-სთან საუბარში დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე მიესალმება საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრებას. მისი აზრით, ეს ერთ-ერთი საშიში ფაქტორია, რამაც საქართველო უკვე შაგრენის ტყავს დაამსგავსა და ტერიტორიების 20% დააკარგინა.
„არალეგალ ვიზიტორთა მეშვეობით ნაციონალებს ბიუჯეტში მეტი თანხის შეტანა უნდოდათ, მაგრამ უცხოელთა ინვესტიციებსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ამ გაყიდვამ ზიანის გარდა არაფერი მოიტანა, მიწები ჩალის ფასად გაიყიდა. ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, ჩვენთან საუკეთესო მიწები უცხო ჩამოთესლილთა ხელშიაო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაფერი გაყიდული იყო, გაძვალტყავებული ქართველი თავადაზნაურობა ყველაფერს ყიდდა. ოქტომბრის რევოლუციამ თითქოს სულზე მოგვისწრო და გაყიდული ქონება ისევ ქართველებს დაუბრუნდათ. ახლა ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან უამრავი ადამიანი სწორედ ჩვენი მიწის საყიდლად ჩამოდის. სამხრეთ აფრიკაში ეთნიკური კონფლიქტებია თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის. ამდენად, შიშის ფაქტორის გამო მოდიან საქართველოში, გარდა ამისა, სამყაროში ეკოლოგია იცვლება და ასეულობით მილიონ ადამიანს სუფთა წყალი არ აქვს. ამიტომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად მოაშურებენ. ისინი იცდილობენ, დამკვიდრდნენ საქართველოში, აქაური მოქალაქეები გახდნენ, ქართველი ქალი შეირთონ ცოლად. სწორედ ამიტომ ფიქტიური ქორწინებები ხშირად ხდებოდა. მარტო 2011 წელს 1347 ქართველი ქალი გათხოვდა უცხოელზე, რაც დიდი რიცხვია ჩვენისთანა რთული დემოგრაფიული ვითარების მქონე ქვეყნისთვის. დანაშაულს უცხოელებიც სჩადიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათ გამო კრიმინალის ფაქტებმა იმატა. დანაშაულის ჩადენას ისინი მაინც უფრთხიან“, - გვითხრა ანზორ თოთაძემ.
მისი თქმით, სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ფულიან ხალხს სხვაგვარად სურს სამყაროს მოწყობა, მათთვის მთავარია, მიწა ათვისებულ იქნას და გლობალურ სამყაროში ქართველი დაამუშავებს თავის მიწას თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. დემოგრაფის აზრით, თუ ასე გაგრძელდა, მალე ადამიანებიც გადაგვარდებიან, ერები აღარ იქნებიან, მოსაწყენი გახდება მსოფლიო და ერთიანი ცხოვრების წესი დამკვიდრდება.