იარაღზე, რომლითაც გასროლა მოხდა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ სისხლის კვალი ვერ აღმოაჩინა. ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ახლა უკვე დნმ-ის ანალიზის პასუხის მოლოდინშია. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ექსპერტიზისთვის კიდევ რამდენიმე დეტალი, მათ შორის - არის თუ არა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი „ჩეზეს“ ტიპის იარაღი, რომლითც გასროლა მოხდა.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც იარაღის ექსპერტიზას ესწრებოდა, ამბობს, რომ იარაღზე, როგორც გარედან, ასევე ლულაში სისხლის კვალი არ იქნა აღმოჩენილი. მისი თქმით, სისხლის შხეფები და ლაქები ნანახი იქნა მარჯვენა სავარძლის მიდამოში, რაც გამორიცხავს, რომ წინა სალონში მარჯვენა მხარეზე გარეშე პირი მჯდარიყო. ეროსი კიწმარიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება თავის არეში, ტრაექტორიით მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ქვევიდან ზევით.
პარალელურად, კიწმარიშვილი სახოვრებელ სახლთან ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა რა სახის საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ საუბრობს. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ თუ გამოძიების პერიოდში გამოიკვეთება სხვა ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნები, მოხდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადაკვალიფიცირება.
ამასთან, როგორც პროკურატურის სპიკერი, კოკა კაციტაძე აცხადებს, ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომლის შენახვაც მოხერხდა. მისი თქმით, არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, რადგან მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე.
For.ge-სთან საუაბრისას კიწმარიშვილი ოჯახის ადავოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე გარემობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი თავთმკვლელობას არ აპირებდა.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც იარაღის ექსპერტიზას ესწრებოდა, ამბობს, რომ იარაღზე, როგორც გარედან, ასევე ლულაში სისხლის კვალი არ იქნა აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ალბათობა, რომ 115-ე მუხლი გადაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით?
- ობიექტური გამოძიების ჩატარების პირობებში, შანსი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, არსებობს. კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება თავიდანვე დაწყებულიყო არა 115-ე მუხლით, არამედ 108-ე მუხლით და იგივე წარმატებით გადაკვალიფიცირდებოდა თუ დადგინდებოდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა.
გამოძიებას ჯერ შესაფასებელი აქვს მტკიცებულებები, როგორიც არის ექსპერტიზის პასუხები. დაველოდოთ მოვლენების გავითარებას. გამოძიება მონდომებულია, ამ ეტაპზე ასე ჩანს, რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით. მისმა თანაგუნდელებმა ისაუბრეს, რომ ისინი ეროსისთან შეხვედრას აპირებდნენ. მას ჰქონდა დღის წესრიგი დაგეგმილი. ასევე, ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილებას აპირებდა, მომზადებული იყო დასაქოქად.
რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, როგორ ხსნით იმას, რომ ეროსი პიჯაკის გარეშეა გადაღებული, ხოლო შემთხვევის დროს მას პიჯაკი აცვია?
- ეს შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ პიჯაკი ავტომობილში ჰქონოდა. თუმცა მას ღვედი ჰქონდა შეკრული, ანთებული იყო ავტომობილის ფარები, ანუ აპირებდა ავტომობილით გადაადგილებას, თუმცა ვერ შეძლო.
იარაღზე არარსებული სისხლის კვალი, ანთებული ფარები, მიბრუნებული და გამორთული სათვალთვალო კამერა, მესმის, ამ ეტაპზე რთულია რამე კონკრეტულზე საუბარი, მაგრამ ეს ფაქტები არის თუ არა ის დეტალები, რაც 115-ე მუხლის გადაკვლიფიცირების აუცილებლობაზე მეტყველებს?
- თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა ეს გარემობა არის გასათვალისწინებელი და გასაანალიზებელი. გეთანხმებით, დღეის მდგომარეობით ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. როგორც პიროვნება დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა. ის ფაქტი, რომ ადამიანს სამაგრი ე.წ. ღვედი ეკეთა, გასაღები იყო მანქანაში და ფაქტობრივად მანქანა მომზადებული იყო დასაქოქად, ანთებული ფარები - ეს დეტალები თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ პიროვნება ავტომანქანით გასვლას აპირებდა.
ის, რომ კამერა მიბრუნებულია, ეს ძალიან ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება შეეცდება არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. დაცვის მხარე ვმუშაობთ მტკიცებულების მოპოვებაზე, ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ სრულყოფილი სურათი უახლეს მომავალში დადგინდება.
რაც შეეხება კამერას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მკვლელი მივიდა შემთხვევის ადგილზე, მან შემოატრიალა კამერა, შემდეგ გათიშა?
- ეს ყველაფერი არის დასაშვები. ფაქტი არის ის, რომ კამერა მიბრუნებული იყო. არსებობს ვერსიები - მუშაობდა თუ არა ეს კამერა, რატომ არის შემობრუნებული, მაგრამ ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დაცვაც ცდილობს გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას. ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულმა პიროვნებამ სპეციალურად გააკეთა.
ჩემი ინფორმაციით, არსებობს ვიდეო მასალები, რომელიც აქვს გამოძიებას. იმედს ვიტოვებ, რომ თანამშრომლობა დაცვის მხარესა და გამოძიებას შორის გაგრძელდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა - ვერ დავიჯერებ, რომ ამ პიროვნებამ თვითმკლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუნდაც იმის გამო, რომ საკმაოდ დიდი გეგმები ჰქონდა მომავალში განსახორციელებელი.
თუ კი მივყვებით ვერსიას, რომ ეს არაა თვითმკვლელობა, მაშინ გამოდის, რომ მკვლელი მას დიდი ხნის მანძილძე უთვალთვალებდა, იცოდა იარაღის შეძენის ფაქტიც და დროც, რადგან იარაღის შეძენიდან მეორე დღეს ის გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სავარაუდო მკვლელი იცნობდა კიწმარიშვილს?
- არც ერთი ვერსია და მათ შორის ეს ვერსიაც არაა გამორიცხული. შესაძლებელია და დიდი ალბათობით ეს ეჭვი არსებობს. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ იარაღი შეეძინა იმიტომ, რომ თავი მოეკლა. ეს არის ის შემთხვევა, რომლის დაჯერება არა მარტო მე, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას უჭირს. არის ძალიან დიდი კითხის ნიშანი. ამ კითხვას პასუხი, რომ გაეცეს, აუცილებელია სწორი მიმართულებით გამოძიების წარმართვა.