რამდენიმე დღის წინ, ლილი ანწუხელიძეს სახლში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ესტუმრა, რომელმაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ანწუხელიძის ოჯახში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „საქართველოს საამაყო დედა, გიორგი ანწუხელიძის დედა ქალბატონი ლილი ანწუხელიძე და გიორგის შვილები, პატარა ანწუხელიძეები - ჩვენ ამ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, ეს ჩვენი ვალია“, - წერს ანი ნადარეშვილი.
ნადარეიშვილის ამ სტუმრობამ ზოგიერთ მედია საშუალებაში ჰპოვა გაგრძელება - „საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს“. „გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის თქმით, მათ საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ დაუზინა, რის გამოც წვიმების დროს წყალი ოთახებში ჩადის, კედლები სველდება და ხელისუფლებამ ის ყურადღების გარეშე დატოვა“.
საქმე ისაა, რომ სტიქიამ ნამდვილად დააზარალა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ოჯახი. ლილი ანწუხელიძე ყვება, რომ 2 კვირის წინ ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის ჭერი დააზიანა. სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც ანწუხელიძეებს პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.
ახმეტის მუნიციპალაიტეტის გამაგებლის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოიცვლება ხის მასალა. რაც შეეხება სახურავის კაპიტალურ შეკეთებას, მთავრობის კანცელარიიდან გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები და მოხდება მთლიანი სახურავის შეცვლა.
თავად ლილი ანწუხელიძე თხოვნით მიმართავს ყველას, რომ მის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
„სტიქიამ დამიზიანა სახურავი, მოვიდნენ გამგეობის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ შეკეთდება მთლიანი ჭერი. მე არაფერი მითხოვია მთავრობისთვის, თვითონ მოვიდნენ. ყურადღების ქვეშ ვარ შვილო. ყველაფერს ამ მთავრობას ხომ არ გავაგებინებ, ჩემი შვილი, რომ არ დაბრუნდა ვისი რა ბრალია?!
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ირაკლი ალასანია გადაყოლილია ჩვენზე. როგორ უნდა მომიბრუნდეს ენა და ვთქვა, რომ ყურადღებას არ მაქცევენ. რა ნამუსით უნდა შევხედო თავლებში ვინმეს ეს რომ ვთქვა?! ასე როგორ შეიძლება, ვთხოვ ყველას, ტყუილს ნუ ამბობენ. ეზოდან არ გავსულვარ... არავისთვის არაფერი მითხოვია, მადლობის მეტი მართლა არაფერი მეთქმის ხელისუფლების მიმართ, 3-ჯერ საავადმყოფოშიც დამაწვინეს და მიმკურნალეს. თავდაცვის სამინისტრო მიდგას გვერდში, ამას წინათ თავდაცვის სამინისტრომ გამომიგზავნა თანხა, სარეცხის მანქანა და გაზქურა შევიძინე. ვინ რას წერს და ამბობს, არ ვიცი“, - ამბობს ლილი ანწუხელიძე.
როგორც ლილი ანწუხელიძე ამბობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე პირველად ესტუმრა მას სახლში და ფული აჩუქცა.
„პირველად ვნახე გუშინ ეს ქალბატონი, მოვიდა ბავშვებთან სურათი გადიღო, მე ფული დამიტოვა და მითხრა, რომ მხარში დაგიდგებიო, ეს როგორ სახლში გიცხოვრიაო. რა ვქნა, ქარი იყო და სეტყვამ დამინგრია. არ ვიცი რა მიზნით მოვიდა, აბა რა გითხრათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლილი ანწუხელიძემ.
რაც შეეხება გიორგი ანწუხელიძის ოჯახისთვის გაწეულ დახმარებას, თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ აგვისტოს ომის გმირ გიორგი ანწუხელიძის დედას 10 000 ლარი გადაურიცხეს.