ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ეროსი ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა, სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ის არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას. ამასთან, ზურაბ კიწმარიშვილი, რომელიც პირადად ესწრებოდა გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილის დათვალიერების პროცესს, for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული, სისხლის კვალი არ იყო.
For.ge ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.
თქვენ ესწრებოდით შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ნახეთ იარაღიც, რომელიც იქნა ამოღებული და რომელსაც არ ჰქონდა სისხლის კვალი. უშვებთ ვერსიას, რომ სისხლის კვალი ვერ შეგემჩნიათ?
- როდესაც ხდებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ადგილზე ვიყავი. ჩემს თვალწინ მოხდა ნივთების ამოღების პროცესი. თავიდან ითქვა, რომ იარაღი არის მანქანაში, რაც ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. მერე, როდესაც ამოიღეს იარაღი, ხელში ეკავა ექსპერტს, რომელიც აღწერდა ამოღებულ ნივთებს, ძალიან ახლოს ვიყავი. თან მახლდა ჩემი ახლობელი, დავაკვირდი და მას ვუთხარი დააკვირდი-თქო, ჩვენ იარაღზე სისხლის კვალი ვერ დავინახეთ, რაც ძალიან უცნაურად მეჩვენა.
როგორც ამბობენ, იარაღი მიბჯენით იყო გამოყენებული, გამჭოლი ჭრილობა იყო, სისხლი მოდიოდა ორივე მხარეს, მანქანაშიც არის სისხლის წვეთები და ამ დროს იარაღზე სისხლი ვერ დავინახეთ. ეს გამომძიებელსაც ვუთხარი. ექსპერტიზა ჩაუატარდება და ვნახოთ რა იქნება. იარაღი, რომელიც იქნა ამოღებული მუქი ფერისაა, შეიძლება იყოს მიკრო შხეფები, რომელიც შეიძლება გარედან ვერ დავინახეთ.
დაახლოებით რა მანძილიდან აკვირდებოდით იარაღს?
- დაახლოებით ნახევარი მეტრის მანძილიდან. ერთი შეხედვით სისხლის კვალი ჩვენ ვერ დავინახეთ, თუმცა ამასაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ახსნა - ვნახოთ.
მანქანა, რომელშიც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ფარები ანთებული იყო?
- კი. ეროსი მძღოლის ადგილზე იჯდა, პიჯაკი ეცვა, ღვედი ეკეთა და მანქანის ფარები ანთებული იყო. მძღოლის გვერდზე სკამი იყო სისხლიანი. ოჯახის სახელით გაკეთდა გასაგები განცხადება, რომელიც არ ეთანხმებოდა თვითმკვლელობის ვერსიას. აპელირება მოვახდინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეროსის ბოლოდროინდელი აქტიური ცხოვრება და გეგმები უკავშირდებოდა რაღაცა წინაპერიოდის პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების ჩამოყალიბებას. მათ შორის ჩემთანაც ჰქნოდა რაღაცა პროექტი, ამ ამბიდან 3 დღით ადრე დამირეკა და მითხრა, რომ ხომ ხედავ ვმოქმედებ და დროზე ამოძრავდი, საქმე გავაკეთოთო. ეს გვაფიქრებინებს, რომ ასეთი ფსიქოტიპის ადამიანი წარმოუდგენელია თავს იკლავდეს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დეპრესული პერიოდებიც ჰქონდა...
- არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანი ძალიან მძიმდება, რაღაცა დეპრესიები ეწყება, მაგრამ ეს მომენტი ჩემს ძმაში არ ყოფილა. არა თუ ბოლო პერიოდში, არამედ მას მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს არ ჰქონია დეპრესიული მომენტები. გეთანხმებით, რომ ჰქონდა პრობლემატური პერიოდები, არ აკლდა პრობლემები, ეს თქვენც კარაგად იცით, მაგრამ ამ პრობლემებს უფრო მეტი ენერგიით და შემართებით უდგებოდა. ასეთ დროს მთაში მიდიოდა, ენერგიას მოიკრეფდა... ახლაც, არჩევნების შემდეგ, მას ჰქონდა ერთკვირიანი მომენტი, როდესაც არანაირი აქტივობა არ ჰქონდა, დაისვენა, მაგრამ შემდეგ ჩაერთო ისევ თავის საქმეში, დაიწყო მოქმედებები და უცებ ხდება ეს ამბავი. აქედან გამომდინარე, ვერანაიარად ვერ ვუშვებთ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მითუმეტეს მისი ხასიათიდან, მოქმედებებიდან და იმ გეგმებიდან გამომდინარე, რაც მას ჰქონდა.
თქვენ იცით რა გეგმები ჰქონდა მას და რამდენად შორსმიმავალი იყო ეს გეგმები?
- იყო გეგმები, რომელიც მართლაც იყო ძალიან საინტერესო და შორსმიმავალი, რომელსაც სჭირდებოდა ამ წუთიდან საფუძველის ჩაყრა. მე ვიცი, რომ აქცენტი გაკეთებული ჰქონდა მედიასაშუალებებზე. არც იმას გამორიცხავდა, რომ შემდგომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
რითი ახსნით იმას, რომ ბოლოს მან „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი? მანამდე მას ჰქონდა მცდელობა ივანიშვილთან შეხვედრის, მაგრამ ივანიშვილმა ის არ მიიღო...
- მას ჰქონდა სურვილი, რომ რაღაცა ფორმით ჩართულიყო რუსთავში პროექტების განხორციელებაში, რომ ჰქონოდა ღია დერეფანი. ძალიან უყვარდა რუსთავი და ეს საყოველთაოდ ცნობილია. ის ამბობდა, რომ ამის ერთადერთი ვარიანტი იყო, რომ ამ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში იღებდა გარანტიას, რომ განახორციელებდა იმ საარჩევნო დაპირებას, რაც მას ჰქონდა. ეს იყო დასაქმება და ინვესტორების ჩამოყვანა.
ჰყავდა ძველი პარტნიორები და მათგან ჰქონდა გარანტიები, რომ ისინი რუსთავის განვითარებისთვის ფულს დახარჯავდნენ. ეს დიდი გეგმა იყო მისი განხორციელების მთავარი მიზანი.
ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი გეგმა ჰქონდა. მას არ შეეძლო უფუნქციოდ გაჩერება, სულ რაღაცა უნდა ეკეთებინა. ყოველთვის უნდოდა რუსთავში ისეთის გაკეთება, რაც ამ ქალაქისთვის საჭირო იყო, მაგრამ ყოველთვის ჩაკეტილი იყო მისთვის ეს დერეფანი.
თქვენ თუ იცოდით თქვენი ძმისგან, რომ საჩუქრად იარაღი გიყიდათ?
- ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით. ლოგიკურად, საჩუქარის შესახებ ადამიანებს წინასწარ არ ეუბნებიან. ივნისში მქონდა დაბადების დღე. პომპეზურობა არ უყვარდა, დამირეკავდა, რომ შენი საჩუქარი იქ არის და აიღე, ან გამოიარე რაღაცა უნდა დაგახვედროო. სურპრიზებს მიკეთბდა ხოლმე. ადრე ვიყავი აქტიური მონადირე, მქონდა იარაღები, ახლაც მაქვს შენახული, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ საქმით არ ვარ დაკავებული. არაა გამორიცხული, რომ რაღაცა საჩუქარს მიმზადებდა. ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ.
მჯერა იმ ადამიანების ვინც მოისმინა მისგან, რომ იარაღი ჩემთვის უნდოდა. არის რამდენიმე ადამიანი, ვინც მითხრა, რომ ასე ამბობდაო, ნამდვილად ვერ შევიტან ეჭვს მათში, აბსოლუტურად დაუკავშირებელი პიროვნებები არიან, ერთმაც და მეორემაც იგივე მითხრა.
არის სამი ვერსია - იარაღი იყიდა საჩუქრად, თავის მოსაკლავად და თავის დასაცავად. თავის მოსაკლავად იარაღის ყიდვის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აფექტური მდგომარეობა, რაც ეროსის არ ჰქონდა.
სათვალთვალო კამერას თუ შეეძლო დაეფიქსირება ის პერიმეტრი, სადაც მანქანა იდგა, ფაქტია, რომ კამერა არის მიბრუნებილი და ეს ნათითურებით დასტურდება...
- რა პოზიციაშიც დამხვდა იქ კამერა, ის მანქანას ვერ დააფიქსირებდა. არ ვიცი რამდენად ხარისხიანი კამერა იყო, მაგრამ შესაძლებელია, მანქანის წინ, ანუ საითკენაც იყო მიტრიალებული კამერა, ანარეკლზე სილუეტები გამოჩნდეს, მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის კამერა, რომელიც ადგილზე დავათვალიერე, გამორთული იყო.
როგორ ფიქრობთ, კამერა რატომ შეიძლება ყოფილიყო მოტრიალებული და მეტიც, გამორთული?
- ეჭვი შეიძლება მქონდეს, მაგრამ შეიძლება მარტივი ახსნა ჰქონდეს ამ ყველაფერს - შესაძლებელია ეს კამერა მიბრუნებული იმიტომ იყო, რომ ვიღაცის მანქანა იდგა და მას უნდოდა მისი მანქანა ყოფილიყო დაფიქსირებული. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. გეტყვით, რომ ოჯახის პოზიცია არ შეცვლილა. ამის უარსაყოფად სხვა ფაქტები არ გვაქვს.
მისი მოულოდნელი გარდაცვალება, უკავშირდება „რუსთავი 2“-ს და ასევე „მაესტროს“ საკითხებს? ეროსი ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად და დეტალურად საუბრობდა კოტე გოგელიას და რუსულ გავლენაზე „მაესტროზე“...
- გოგელია, „რუსთავი 2“, არჩევნები, არის ის დეტალები, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი. აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით ნებისმიერი ვერსია არის საინტერესო. დანარჩენი, ამ წუთისთვის გამოკვეთილი ვერსია არ მაქვს. არის ეს კითხვის ნიშნები და იმედია, რაღაცეები გამოირიცხება და რაღაცეები კიდევ შეიძლება გამოიკვეთოს. ვნახოთ, დაველოდები გამოძიების დამთავრებას.
ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ გასროლა განხორციელებულია მიბჯენით. ის ამბობს, რომ იარაღის ლულა პრაქტიკულად მიხატული აქვს, არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს როგორც მისი ხელით, ასევე სხვისი ხელით...
- მე ვენდობი ექსპერტის განცხადებას. ის ამბობს, რომ მიბჯენით მოხდა გასროლა, მაგრამ მე მაეჭვებს სისხლის კვალის არარსებობა.
ვის შეეძლო მოეკლა ეროსი კიწმარიშვილი?
- იმას, ვისაც არ აწყობდა ცოცხალი. თუ ეს არის მკვლელობა, ეს არის იმის ხელით ან შეკვეთით გაკეთებული, ვისაც არ უნდოდა ცოცხალი დარჩენილიყო, ეს არის ყველაზე ლოგიკური დასკვნა. მე მაქვს გამოძიების იმედი, რომ კითხვები არ დარჩება.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვთ გამოძიების იმედი?
- „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ადამიანი ხომ არაა, თუ აქვთ მათ საერთო პოზიცია ამასთან დაკავშირებით... არ მინდა რაღაცეებს წინ გავასწრო. ჩემი მიზანია, რომ გაიარკვეს სიმართლე. ვერანაირად ვერ დავიწყებთ ხმალაობას, რომ ასე ან ისე იყო. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვიმედოვნებ, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩება.