არაფრისგან შექმნილი ტელევარსკვლავები

არაფრისგან შექმნილი ტელევარსკვლავები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ს დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საინტერესო ადამიანი იყო. მან გაზარდა ტელეჟურნალისტების ახალი თაობა, რომლებიც შემდეგ მისი დემონიზებით დაკავდნენ. ბევრი, ჩვენი კოლეგა, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები კიწმარიშვილმა შექმნა და სახე გახადა. კიწმარიშვილი გულისტიკივილით ამბობდა, რომ ტელეკომპანიიდან მისი წასვლის შემდეგ, ის მიატოვეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც მან არაფრისგან შექმნა და გზაზე დააყენა.

კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მისივე შექმნილი ტელესახეები გამოჩნდნენ, ისინი კიწმარიშვილის დამსახურებაზე და გეგმებზე ალაპარაკდნენ. როდის იყვნენ ისინი გულწრფელები, მაშინ, როდესაც კიწმარიშვილის დემონიზებით იყვნენ დაკავებულნი, თუ სიკვდილიდან რამდენიმე საათში, როდესაც მაყურებელს მის დამსახურებაზე უყვებოდნენ, ამას მაყურებელი და მკითხველი თავად შეაფასებს. ალბათ სიკვდილი გაიძულებს, რომ ადამიანებს სხვა კუთხიდან შეხედო.

ეროსი კიწმარიშვილი „დიდ ავიაციაში“ დაბრუნებას რომ აპირებდა, ამას არ მალავდა, თუმცა აქვე ხაზგასმით ამბობდა, რომ დიდი ავიაციაში ის ადმიანები არ იქნებოდნენ, რომელიც მან არაფრისგან შემქნა და რომლებმაც ზურგი აქციეს. „თქვენ არ იცით, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული როგორც „რუსთავი 2“-ის, ასევე „მაესტროს“ ჟურნალისტებისთვის. ერთხელაც არ გავხსენებივარ ამ ადამიანებს, არ უკითხავთ რას ვფიქრობდი როდესაც ჩემი შავი პიარის აგორებით იყვნენ დაკავებულნი“, - ეს ეროსი კიწმარიშვილის ფრაზებია.

კიწმარიშვილის შავი პიარი ტელესივრცეში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც მან საქართველოს ხელისუფლება სამაჩაბლოში ომის დაწყების პროვოცირებაში დაადანაშაულა. პაატა დავითიას ხელმძღვანელობით შექმნილ ე.წ. კომისიის სხდომაზე, როდესაც ის ჩვენებას აძლევდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი თარგამაძემ მას კალამი ესროლა და მოღალატე უწოდა. იმ დღიდან ყოფილი მმართველი ძალა მას მოიხსენიებდა მოღალატედ, ეროსის ნაცვლად კი ერასტით მოიხსენიებდნენ. ამ კამპანიაში ხელისუფლებასთან ერთად მისივე შექმნილი ტელეკომპანიაც აქტიურად ჩაერთო.

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო ქართულ პოლიტიკაშიც და მედიაინდუსტრიაშიც. თუმცა, არ არსებობს მოვლენა, სადაც ეროსის გადამწყვეტი თუ არა ერთ-ერთი მთავარი როლი არ შეესრულებინა.

„მე „რუსთავი 2“ იმ დროიდან მახსოვს, როცა რუსთავის სასტუმროს ორ ოთახიდან მაუწყებლობდნენ. ეროსის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული მედიის ჩამოყალობებაში. დღევანდელი ტელევიზიების სრული 99 პროცენტი ზუსტად იმ სტანდარტებით და სტილით მუშობს, რაც ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა. სხვათა შორის, ეროსის კვირას, 13 ივლისს ვესაუბრე სკაიპით. ახალი ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა და ამ თემზე გვქონდა საუბარი.

მითხრა, საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ, ზუსტად ასე მითხრა, სიტყვა სიტყვით - „დიახ, პატივცემულო, ვბრუნდები დიდ ავიაციაში, საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ და შენზე მაქვს სწორება და კიდევ რამდენიმე ადამიანზეო“... ეს რამდენიმე ადამიანი ჩვენი მეგობრები ზურა კოდალაშვილი და მანანა ზნავურიანი იყვნენ ვიზეც მე და ეროსიმ ვისაუბრეთ. ზურას და მანანას ამ დღეებში დავუკავშირდები და იმედია უარს არ იტყვიანო...“

ეროსი, თუ იმ ბავშვებს დაასაქმებ, რომლებიც მე-9 არხიდან წამოსულები არიან და უმუშევრები დარჩნენ, გვერდით დაგიდგები, საინფორმაციოსაც აგაწყობინებ და მერე ბრიუსელიდანაც ვითანამშრომლებ-თქო ვუთხარი.

ალბათ, 10 წუთი ვილაპარაკეთ, ვეხუმრე კიდეც - შენი დამსახურებაა, დღეს ქართულმა ტელევზიებმა საინფორმაციო გამოშვებების სწორად გაკეთება თუ იციან-მეთქი. რა გააკეთე ასეთი ეს „რუსთავი 2“, რომ დღეს ყველა ტელეკომპანია ამ სტილით მაუწყებლობს-თქო. მითხრა - დაძველდა ეს სტილი და ახალი რომ შევთავაზო ახლოს არავინ მიკარებსო. მითხრა, რომ ზუსტად სექტემბრიდან აპირებდა ახალი არხის გაკეთებას. მჯერა, რომ მართლა ახალ სიტყვას იტყოდა ეროსი ქართულ მედიაში და ზუსტად იმ სტანდარტებს დაამკვირებდა, რა სტანდარტებითაც დღევანდელი საერთაშორისო ტელეკომპანიები მუშობენ“, - ამბობს გიორგი ფოფხაძე და ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი დღევანდელი ტელესახე, პროდუსერი და ჟურნალისტი ეროსი კიწმარიშვილის შექმნილია.

„მეც ვიზიარებ თქვენ მიერ დასმული კითხვის პათოსს და გეთანხმებით, ზუსტად იმ ხალხმა, ვინც ეროსიმ შექმნა და პოპულარულ ჟურნალისტებად აქცია, ზურგი შეაქცია ეროსის და შავი პიარიც აუგორა, თუმცა, არ მინდა, ახლა ამ თემაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო და ამ სამწუხარო ამბის ფონზე ჩემი კოლეგებისკენ ხელი გავიშვირო სათითაოდ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი ბოლო საუბრის დროს შევეხეთ ქართული ჟურნალისტიკის და ჟურნალისტების თემას. ყველაზე მეტად „მაესტროს“ ამბებზე იყო გულნატკენი. ვისი იმედიც მქონდა ზუსტად იმ ხალხმა გამყიდა „მაესტროშიო“. კონკრეტულ ჟურნალისტებზეც ვისაუბრეთ „მაესტროდან“, მაგრამ მართლა არ მინდა ახლა ეს თემა გავავრცელო. ჩემთვის ყველაზე მთავარი და სამწუხარო ისაა, რომ ეროსი აღარაა და ძალიან გაურკვეველ ვითარებაში და გაურკვევლად დაიღუპა“, - აცხადებს for.ge-სთან გიორგი ფოფხაძე.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები არ არიან გულწრფელები იმაში, რასაც დღეს ამბობენ, არ იყვნენ გულწრფელები არც მაშინ, როდესაც კომისიის სხდომაზე გივი თარგამაძის საქციელს ამართლებდნენ.

„რაც შეეხება დღეს მათ ამ პოზიციას, მესმის რატომ იქცევიან ისინი ასე. „რუსთავი 2“ არის წართემული ტელევიზია, მოპარული ტელევიზია და, თუ ამ ქვეყანაში სამართალი ოდესმე იზეიმებს, ეს გულისხმობს იმას, რომ „რუსთავი 2“ უნდა დაუბრუნდეს თავის მფლობელს და ასეთ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც პროპაგანდას ქმნიდნენ, რომლებიც სიცრუეში აცხოვრებდნენ საზოგადოებას, მათ ალბათ მოუწევთ იმ ტელევიზიიდან წასვლა. მესმის, რომ ეს არის მათ მიერ თვითგადარჩენის ინსტიქტით გამოწვეული განცხადებები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კორძაიამ.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კიწმარიშვილი მოქნილიც იყო და ბევრ რაღაცაზე წამსვლელი იყო, საბოლოო ჯამში, ის არ იყო ბოროტი.

„კიწმარიშვილთან ორი წლის წინ მქონდა შეხება, მართლა ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი იყო. ასეთი საინტერესო ადამიანი, საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს. თვითმართველობის არჩევნებამდე „საზოგადოებრივ რადიოში“ მქონდა ასეთი პროექტი - „აირჩიე ქალაქის მერი“, ჩართვები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მეკუთვნოდა არაკვალიფიციური კადრების ჩართვა, დავუკავშირდი მას, მინდოდა, რომ ჩამერთო.

როდესაც დავურეკე და შევთავაზე, იმდენად გაუხარდა, რომ მითხრა ჯიგარი ხარო. როდესაც ჩამერთო ეს ადამიანი, აი მაშინ დავიჭირე, რომ უფრო მეტს ელოდა იმ ადამიანებისგან ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, ვინც მასთან იყო ცხოვრებით და კარიერით დაკავშირებული, ვისთვისაც ბევრი ჰქონდა გაკეთებული, მათ შორის - ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც ეროსის წყალობით ფეხზე დადგნენ, თუმცა არ დავასახელებ ვისზეა ლაპარაკი.

არავის პირად განცდებში არ შევდივარ, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს. თვითონ აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ გული წყდებოდა ამ ყველაფერზე. მან ძალიან კარგად იცოდა, არაფრისგან როგორ უნდა გაეკეთებინა ტელევარსკვლავი.

იცით, მაშინ ვამბობდი კიდეც, რომ ვინც მან არაფრისგან ტელევარსკვლავად აქცია, მას სწორედ ისინი ურტყამენ-თქო. ალბათ ფიქრობდა, რომ როცა არაფერს ვარსკვლავად აქცევდა, მისგან გულწრფელობას მაინც მიიღებდა... ეროსი აქ შეცდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.