ყოფილი ხელისუფლება შესაძლოა ახალ სკანდალში გაეხვას. საქმე ეხება 2008 წლეს რუსეთ-საქართველოს ომის დროს აშშ-დან დაჭრილი სამხედროებისთვის სპეციალურად გამოგზავნილ მორფინს. გიორგი ბადაშვილის უწყება 2008 წელს უგზო-უკლოდ დაკარგული მორფინის საკითხს იკვლევს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ამ საკითხით ამერიკული მხარეა დაინტერესებული. „ტელეგრაფისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაშინგტონის ერთ-ერთი ონკოლოგიური საავადმყოფოდან სამედიცინო ტვირთი საქართველოში ოფიციალურად თბილისის მერიის სახელზე გამოიგზავნა.
გამოცემასთან საუბრისას ამჟამად აშშ-ში მცხოვრები პირი საუბრობს, რომ სამედიცინო ტვირთი ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან ომის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოიგზავნა. ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მორფინი, რომელსაც, როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ. რაც შეეხება სამედიცინო ტვირთის რაოდენობას, ის ერთი კონტეინერი იყო.
„აქ იყო მთელი კომპლექტი - საინექციო საშუალებები, ბამბა, სპირტი. ყველაფერი ყუთებში იყო მოთავსებული. საკმაოდ დიდი რაოდენობის მორფინის ადრესატი თბილისის მერია იმიტომ გახდა, რომ ომის პერიოდში ამერიკის სახელმწიფოს მისი სხვა ფორმით გამოგზავნა გაუჭირდა, რაღაც სამართლებრივი პრობლემა შეიქმნა და მორფინი დედაქალაქის მმართველობის სახელზე გამოიგზავნა.
ეს ტვირთი მერიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მოხდა. სად წავიდა 1 კონტეინერი მორფინი, ამ საკითხით თავად ამერიკული მხარეც არის დაინტერესებული“, - აღნიშნა „ტელეგრაფთან“ საუბრისას რესპონდენტმა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
როგორც ირკვევა, ამ სკანდალურ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია მთავარი პროკურატურა და შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ. For.ge შეეცადა ამ საკითხთან დამატებითი მასალის მოპოვებას, თუ რა ეტაპზეა საქმე და ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოკვეთოს, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა თავს იკავებს დეტალების დაკონკრეტებისგან.
ჩვენ ასევე ინფორმაცია გადავამოწმეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, იყო თუ არა 2008 წელს აშშ-დან საქართველოში შემოსული სამედიცინო ტვირთი აღრიცხული ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა, როგორც პრეს-სამსახურში გვითხრეს, სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.
ინფორმაციას არ ფლობს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გიგი წერეთელი. დეპუტატი ამბობს, რომ 2008 წლის ომის დროს, სხვადასხვა სახის დახმარებები იგზავნებოდა, მათ შორის ამერიკიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ამ ტვირთებში იყო თუ არა მორფინი, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია.
„რა იგზავნებოდა და როგორ, ბუნებრივია ეს ჩემს ხელში არ გადიოდა, მაგრამ მახსოვს, რომ რაღაცა ტიპის დახმარებები შემოვიდა აშშ-დან. საერთოდ პირველად გავიგე, რომ მორფინზე იყო ლაპარაკი, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, როცა საომარი მოქმედებებია ნარკოტიკული ანალგეტიკები შესაძლებელია იყო პაკეტში, ეს ლეგალურ ბრუნვაში არის, ამას სამედიცინო დაწესებულებები მოიხმარენ და მითუმეტეს ეს აქტუალური არის საომარი მოქმედების დროს.
ამიტომ, თეორიულად შეიძლება არსებობდეს ეს პაკეტში, ამაზე არის ყოველთვის მკაცრი აღრიცვა და არის პასუხისმგებელი პირი, ვინც იცის სად მიდის და როგორ მიდის. ვინ ანაწილებდა მედიკამენტებს, ამაზე ჩანაწერები იქნებოდა. თუ მოკვლევა დაიწყეს, ალბათ რაღაცას იტყვიან“, - აცხადებს წერეთელი.
აშშ-დან საქართველოში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გამოგზავნილი მორფინის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
„მთელი უბედურება ისაა, რომ ვერ ვიგებ რატომ უნდა ჰქონოდა შეხება ამ მორფინთან უგულავას, მითუმეტეს ომის დროს ყველაფერს თავისი წესი აქვს. მთელი უბედურება ის იყო, რომ ამ ომის დროს ვინ იძლეოდა განკარგულებას, ვის ექვემდებარებოდა სამხედრო ძალები, ეს იყო გაუგებარი.
სერიოზული და ძალიან სკანდალური ფაქტია და ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული. ვისაც ეკუთვნის ამ საკითხის გარაკვევა, დარწმუნებული ვარ, რომ გაარკვევენ და შესაბამისი პირებიც მიეცემიან პასუხისგებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძემ.
For.ge შეეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისგან მიეღო, თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ირაკლი სესიაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.