ფრენები სვანეთში - რეალური საფრთხე თუ სპეკულაცია

ფრენები სვანეთში - რეალური საფრთხე თუ სპეკულაცია

თბილისიდან სვანეთში ჩასვლა 7-8 საათის ნაცვლად 45 წუთში იქნება შესაძლებელი. მესტიის მიმართულებით ფრენები 18 ივლისიდან განახლდება. ავიარეისს - „თბილისი-მესტია-თბილისი“ ქართული ავიაკომპანია "სერვის ეირი" შეასრულებს, რომელმაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია რეისებს ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. მგზავრებისთვის თბილისსა და ნატახტარს შორის მიმოსვლა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით უფასო იქნება. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 65 ლარი იქნება. ავიაკომპანიას, ერთი მგზავრის გადაყვანა, რეალურად გაცილებით ძვირი უჯდება. ბილეთის ფასი ამგვარად სახელმწიფო სუბსიდირების შედეგად ჩამოყალიბდა. სახელმწიფო ავიაფრენებს სუბსიდიით 3 წლის განმავლობაში წაახალისებს.

მესტიის მიმართულებით ავიარეისების აღდგენა ტურიზმის განვითარების ერთგვარი ხელშეწყობაცაა და გადაწყვეტილებას ბევრი ამ ფაქტორის გამოც მიესალმება. თუმცა ფრენების ადგენასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ნატახტარის აეროდრომზე გამართულ პრეზენტაციას კრიტიკული გამოხმაურებებიც მოჰყვა. მთავარი კრიტიკა ხელისუფლების ოპონენტებისგან მოდის და ავიარეისისთვის შერჩეული ჩეხური თვითმფრინავის L410-ის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.

კრიტიკა კარბელაშვილისგან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი, „საქაერონავიგაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი მიიჩნევს, რომ L 410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. კარბელაშვილს L 410-თან დაკავშირებულ უბედური შემთხვევების სტატისტიკაც მოჰყავს. მისი თქმით, მესტიის აეროპორტი ურთულესი აეროპორტია და, სწორედ, იმიტომ თქვა წინა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი L 410 ტიპის თვითმფრინავების საქართველოში ფრენაზე, რადგან ის წარმატებული თვითმფრინავი არ არის. კარბელაშვილის მთავრობაში ყოფნის პერიოდში თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრენებს კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air-ი ასრულებდა.

გიორგი კარბელაშვილის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“. უწყებაში განმარტავენ, რომ ოპონენტების მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებები უსაფუძვლოა - მისი მიზანი მნიშვნელოვანი პროექტის გამხორციელებაში ხელის შეშლა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

„საჰაერო ხომალდი L 410, რომელიც იფრენს მესტიაში არის უსაფრთხო, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო და ევრორეგულაციებზე დაყრდნობით. შესაბამისად საჰაერო ხომალდი, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებისათვის, არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამის გარანტად დგება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო“,- განმარტავენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ და აღნიშნავენ, რომ უბედური შემთხვევები თვითმფრინავის ბევრ მოდელთან არის დაკავშირებული და გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ის კანადური თვითმფრინავია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თბილისი-მესტიის ავიარეისს ახორციელებდა.

For.ge-მ აღნიშნულ კანადურ მოდელთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების სტატისტიკა მოიპოვა, რომლის თანახმადაც 1972 წლიდან მოყოლებული დღემდე 20-ზე მეტი უბედური შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე ბოლო ავიაკატსტროფა კანადურმა თვითმფრინავმა მიმდინარე წლის თებერვალში ნეპალში განიცადა, როცა უბედურ შემთხვევას 18 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ეკიპაჟიც.

„კორუფციული კავშირები“ კანადურ თვითმფრინავებთან

„საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების“ გენერალური დირექტორი ჯემალ ხახუტაიშვილი, for.ge-სთან აცხადებს, რომ უბედური შემთხვევების სტატისტიკაზე აქცენტის გაკეთება მაინცდამაინც სასურველი არ არის, რადგან ავიაკატასტროფების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს, მათ შორის ერთ-ერთი ეკიპაჟის ფაქტორიცაა.

ჯემალ ხახუტაიშვილი ჩვენთან საუბარში გიორგი კარბელაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კარბელაშვილი, ჩეხურ თვითმფრინავ L410-ის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, დიდი ალბათობით, თავადაც ვერ ერკვევა.

„კარბელაშვილი ვერ შელეულა იმას, რომ საავიაციო ხელისუფლებაში მისი გავლენა აღარ არის. მეეჭვება, მან იცოდეს, რა არის L 410 და ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ამ მოდელის ნაირსახეობა არსებობს. კანადური თვითმფრინავები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მესტიის რეისზე დაფრინავდა, იყო კორუფციის კარგი საშუალება და კარბელაშვილი და მისი დამქაშები ამ გზით იღებდნენ ფულს. მეტსაც გეტყვით, მაშინ როცა კანადურმა ეკიპაჟებმა იცოდნენ, რომ მესტიაში ცუდი ამინდი იყო, რომ ჩათვლოდათ რეისის შესრულება, თბილისში აფრინდებოდნენ და მალევე უკან სხდებოდნენ ცარიელები. ცრუ რეისებს აწარმოებდნენ“, - აცხადებს ხახუტაიშვილი და აღნიშნავს, რომ კანადური თვითმფრინავები ეკონომიკის იმდროინდელ მინისტრთან ვერა ქობალიასთან იყო დაკავშირებული.

L410 - ნეპალის გამოცდილება და მესტიის გამოწვევა

„საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების“ გენერალური დირექტორი ახლახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეულ ჩეხურ თვითმფრინავზეც დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ თვითმფრინავს ევროპული სერთიფიკატები კი აქვს, მაგრამ ევროპაში სვანეთის მსგავსი მთები და კლიმატური პირობები არ არის.

„L410 არის ძალიან კარგი თვითმფრინავი, კომფორტულია, პრაქტიკულად პატარა ჩიტია, რომელსაც დაჰყავს მგზავრები. ამ თვითმფრინავის ორი მოდელი არსებობს - L410 UVP და L410 UVPE. საქართველოში ჩამოყვანილ მოდელს - L410 UVP-ს აქვს გაცილებით ნაკლები სიმძლავრე და მაღალმთიან აეროპორტებში მისი ექსპლოატაცია კატეგორიულად არ შეიძლება. ეს თვითმფრინავი არის არაჰერმეტული. ჩემი აზრით, ექსპერტებმა, რომლებმაც ამ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს, საკითხი არასათანადოდ შეაფასეს. მაღალმთიან რაიონებში სხვა ტიპის თვითმფრინავებმა უნდა იფრინოს, ან უნდა იყოს L410 UVPE, რომელსაც აქვს 5 ფრთა - ხუთფრთიანი ძრავა და არა სამფრთიანი, რომელიც აქვს მეორე მოდელს“,- აცხადებს ჯემალ ხახუტაიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელის თვითმფრინავი 2004 წელს მის ერთ-ერთ კომპანიასაც ჰყავდა და ბათუმი-თბილისის რეისზე ფრენის დროსაც შეფერხებები ჰქონდა.

„ერთ-ერთი ექსპლოატანტი კომპანიის გენერალური დირექტორი ვიყავი 2004-2005 წლებში და ჩვენ ბათუმში გვყავდა ასეთი პატარა თვითმფრინავი. დიდი პრობლემები ახლდა ჩვენს ფრენას ბათუმი-თბილისის რეისზეც კი, იმიტომ რომ თბილისი-ბათუმს შორის არსებული მთა არის გადასაფრენი. ეს თვითმფრინავი არ არის მიზანშეწონილი მთიან რეგიონში“,- აცხადებს ხახუტაიშვილი და აღნიშნავს, რომ მესტიის სპეციფიკისთვის გაცილებით უმჯობესი კანადური თვითმფრინავის მოდელი იყო.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ კი განმარტავენ, რომ მესტიის ავიარეისისთის შერჩეული ჩეხური თვითმფრინავი უსაფრთხოა და ამას ის სატესტო ფრენებიც ადასტურებს, რომელიც 24-26 ივნისს განხორციელდა.

განმარტებებს აკეთებენ თავად თვითმფრინავების მწარმოებელ ჩეხურ კომპანიაშიც. კომპანიის წარმომადგენლმა „კომერსანტ.ჯი”-სთან ექსკლუზიური საუბრისას განაცხადა, რომ ახლახან თვითმფრინავის მოდელის მოდიფიცირება განხორციელდა და ის უფრო მძლავრი ძრავით არის წარმოდგენილი. კომპანიის წარმომადგენელ ირჟი ვიორალს თვითმფრინავის მახასიათებლებზე საუბრისას ნეპალის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე ლუკლაზე ფრენის გამოცდილება მოჰყავს. მისი თქმით, ეს არის მთა, სადაც თვითმფრინავს აეროდრომზე დასაჯდომად მხოლოდ ერთი მცდელობის განხორციელება შეუძლია.