რომან გოცირიძე: „ვენდობი გამოძიებას“

რომან გოცირიძე: „ვენდობი გამოძიებას“

„ეროსიმ თავისი სიცოცხლით „რუსთავი 2“ შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა! მოკლეს, თავი მოიკლა, გაუვარდა! - სამივე ვერსიას ეყოლება თავისი მიმდევრები და ვერასდროს მოხდება ერთზე შეთანხმება, ისევე, როგორც ყველა წინა უბედურ შემთხვევებში. ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა დაიწყო ინტრიგების ხლართვა „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. წინა ხელისუფლება "იმედში" შეჭრის დღეს დამთავრდა. დანარჩენი დროის საკითხი იყო. ამ ხელისუფლების მესაფლავე „რუსთავი 2“ გახდებოდა. ეროსის სიკვდილმა არა მარტო „რუსთავი 2“ გადაარჩინა, არამედ ხელისუფლებაც. რა თქმა უნდა, თუ ამდენი ჭკუა ეყოთ!“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საკითხს. გოცირიძის მოსაზრებამ სოციალურ ქსელში ფართო ინტერესი გამოიწვია. გაჩნდა კონკრეტული კითხვებიც, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები - „რუსთავი2“-ის გადარჩენა“, ან რა გამოწვევა აქვს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას და როგორ უნდა „გადაირჩინოს მან თავი“.

For.ge რომან გოცირიძეს დაუკავშირდა.

ბატონო რომან, „ფეისბუქშიწერთ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა საკუთარი სიკვდილითრუსთავი 2“ გადაარჩინა? - რომ განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ კონკრეტულად?

- უფრო მეტს გეტყვით - ქვეყანა გადაარჩინა სერიოზულ დესტაბილიზაციას. გადარჩნენ ისინიც, ვისაც ეგონა, ისე მოსუქდნენ, რომ ამ ტელევიზიის „ჩაყლაპვას“ და „მონელებას“ შეძლებდნენ. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების მცდელობა - „მაესტროს“ პარალიზება რომ გადაწყვიტა და ამაში, სამწუხაროდ, ეროსიც გამოიყენეს. მაგრამ, ვერ შეძლეს, არ ეყოთ რესურსი. თანაც ვის - ყველანაირი, მათ შორის გამართული რეპრესიული აპარატის მქონე ხელისუფლებას. სახელისუფლო გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმის ამ საფრთხის შესახებ და არიან ისეთები, რომლებსაც არც სათანადო პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, არც პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და ჰგონიათ, რომ ამ და სხვა მსგავსი საკითხების სათავისოდ მოგვარება ადმინისტრაციული რესურსებით შეიძლება.

მიიჩნევთ, რომ ბატონი ეროსის სიკვდილით ხელისუფლების გადარჩენაც შესაძლებელია, თუ ხელისუფლებას ამდენი ჭკუა ეყოფა... რა საფრთხეზე საუბრობთ და როგორ გესახებათ ხელისუფლების გადარჩენის გზა?

- მედიასთან თამაში ძალიან სახიფათოა. ვინც ამას ვერ მიხვდა, ყველამ წააგო. შევარდნაძის რეჟიმის კრიზისი „რუსთავი 2“-ში უშიშროების შესვლამაც გაამწვავა, წინა ხელისუფლება, ფაქტობრივად, „იმედში“ შეჭრით დამთავრდა. ამ ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის ჩამორთმევა გადაიყოლებდა, თანაც, არ მგონია, ეს არჩევნების გზით მომხდარიყო. ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნისას უჩნდებათ ყოვლისშემძლეობის ილუზია. ეს ღუპავს ყველა ხელისუფლებას. არ იციან ზღვარი, სადაც უნდა გაჩერდნენ.

საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საკითხის მიმართ. ამიტომაც არის რომ, უკვე არსებობს გარდაცვალების რამდენიმე ვერსია. თქვენ რომელი ვერსია მიგაჩნიათ უფრო სარწმუნოდ და რატომ?

- ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერსიებზე საუბარი არასერიოზულია. აქ უკვე რწმენის საკითხია. თუ გავითვალიწინებთ როგორც პოლიტიკურ, ასევე ყოფით საკითხებს, ნაკლებად მჯერა თვითმკვლელობის ვერსიის, კიდევ უფრო ნაკლებად - მკვლელობის. უფრო დამაჯერებლად მეჩვენება უბედური შემთხვევის ვერსია - ახლად ნაყიდი პისტოლეტის შემოწმების სურვილი.

თუ მკვლელობის ვერსიაზე თეორიულად ვისაუბრებთ, როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება აძლევდეს დღეს ხელს ეროსი კიწმარიშვილის ჩამოშორება - პოლიტიკურ ჯგუფებს (ხელისუფლება, ოპოზიცია), ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, თუ ვინმე სხვას?

- ყველა აკეთებს ისეთ დასკვნას, რომელსაც ის ემხრობა თავისი ინფორმირებულობის ხარისხით, პოლიტიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, წარსული გამოცდილებით და ასე შემდეგ. მე კი ასე მჯერა. შეიძლება ვცდებოდე.

ენდობით თუ არა გამოძიებას და გაქვთ თუ არა კითხვები იმის გამო, რომ საქმეთვითმკვლელობამდე მიყვანისმუხლით არის აღძრული?

- ვენდობი. საქართველოში არაფერი იმალება საბოლოოდ და ძნელია, ვინმემ მითითება გასცეს ხელისუფლების მიერ წინასწარ განსაზღვრული ვერსიის დასასაბუთებლად. რა უნდა იყოს ამის მოტივი, პირველ რიგში, რიგითი გამომძიებლებისათვის? მე გამოვრიცხავ გაყალბებას. რაც შეეხება მათ პროფესიონალიზმს, ეს სხვა საკითხია. თუმცა, არ უნდა იყოს ეს განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა. იქ უამრავი კამერაა. სამედიცინო ექსპერტებიც არიან, ალბათ, ასე თუ ისე ნორმალური კვალიფიკაციის.

თუმცა, ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში. საზოგადოებრივი აზრი რადიკალურად განსხვავებულია და როგორიც არ უნდა იყოს გამოძიების დაკვნა, არსებითად არ შეიცვლება. დიდწილად ამ აზრს პოლიტიკური შეხედულებებიც განაპირობებს. მთავარი მკვებავი წყარო კი, ზოგადად, ხელისუფლებისადმი უნდობლობაა - ხშირ შემთხვევაში, ამერიკული ფილმებით ნასაზრდოები.