არჩილ კბილაშვილის „საფრთხე“ საყდრისისთვის

არჩილ კბილაშვილის „საფრთხე“ საყდრისისთვის

RMG gold-ს ახალი მენეჯმენტი და ახალი ვექილი ჰყავს. საყდრისის ოქროს საბადოს საკითხზე კომპანიის ინტერესებს სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორი, ხელისუფლებიდან არასამთავრობო სექტორში გადასული არჩილ კბილაშვილი იცავს. იგი ამ ეტაპზე საქმის შესწავლას განაგრძობს. ამ მიზნით, უკვე შეხვდა საყდრისის გადარჩენისთვის მებრძოლ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლებს. რას შეცვლის საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორის ჩართვა და რა მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომლებიც საყდრისის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის, გადასარჩენად თვეებია სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან.

For.ge „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ესაუბრა. იგი კბილაშვილთან გამართული დახურული ფორმატის შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

ირაკლი მამალაძე: ვადასტურებ, რომ შედგა შეხვედრა არჩილ კბილაშვილთან. მიწვეული ვიყავი პირადად მე. დადასტურდა ღიად, რომ კომპანია RMG gold-ის იურიდიული კონსულტანტი არის არჩილ კბილაშვილი. გავიგეთ ისიც, რომ შეიცვალა მენეჯმენტი. ვერ გავიგეთ ზუსტად, რა უნდოდათ ჩვენგან და რა მოლოდინი იყო ამ შეხვედრისგან. თუმცა, დაისვა კონკრეტული კითხვები, რომლებზეც ვერ ვისაუბრებ, რადგან დასაწყისშივე ითქვა, რომ დახურული იყო შეხვედრა და კონკრეტული საკითხები არ უნდა გახმაურებულიყო.

თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტი და მასთან მიერთებული ორგანიზაციები - „მწვანე ალტერნატივა“, საია - ვართ ერთ აზრზე, ვამბობთ, რომ საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ძეგლი. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ კომპანიამ ძეგლის დაზიანების სანაცვლოდ რამე კონკრეტული სამუშაოები განახორციელოს. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კვლევები. ამ დროისთვის კვლევები ტერიტორიის მხოლოდ 1/3-ზეა ჩატარებული. კვლევები უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, რადგან ეს მნიშველოვანია ქვეყნისთვის და კაცობრიობისთვის.

უკვე ერთი წელია, რაც გრძელდება „საყდრისის ტყვეობა“ და ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს მივაღწიეთ იმის გარდა, რომ ერთმანეთს მივაყენეთ შეურაცხყოფა, იყო გამოსვლები და პროტესტი... ამ ერთი წლით კარგად ისარგებლეს უცხოელებმა, ადამიანებმა, ვინც კარგად იცის საყდრისის ფასი. ცნობილმა მეცნიერმა შტონერმა, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული, განაცხადა, რომ უამრავმა დამწყებმა მეცნიერმა დაიცვა ევროპაში ხარისხი საყდრისის თემაზე. სახელმწიფო კი RMG gold-თან ერთად ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ ჩამოერთმია საყდრისისთვის ძეგლის სტატუსი და დაენგრია იგი.

კბილაშვილთან შეხვედრაზე პირადად მე დავადასტურე პატივისცემა კბილაშვილის მიმართ. ვთქვი, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ჩემი თაობის ჟურნალისტებს, პრაქტიკულად, აჩვენა პროკურატურის გამჭვირვალობა და გახსნა ეს ორგანო. იმედი მაქვს, ასევე ღიად და გამჭვირვალედ იმუშავებს საყდრისის საკითხზეც. აქამდე გაურკვეველია, ვინ დგას ამ კომპანიის უკან, ვისი ლობი მოქმედებს, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში წიაღისეულს მოიპოვებენ და სანაცვლოდ დანგრეულ კულტურულ მემკვიდრეობას და გადაჭრილ მთებს გვიტოვებენ.

რა ეტაპზეა ამჟამად RMG gold-თან წარმოებული იურიდიული დავა და კონკრეტულად რისი დაცვა მოუწევს არჩილ კბილაშვილს?

- ამ ეტპზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შეჩერდა საყდრისში სამუშაოები. ახლა უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. მეორე სარჩელით, რომელიც „მწვანე ალტერნატივამ“ მოამზადა, სასამართლომ საყდრისს აღუდგინა ძეგლის სტატუსი, რომელიც კულტურის მინისტრმა ბატონმა ოდიშარიამ წაართვა.

ჩვენ არ გვაქვს საქმე კერძო კომპანიასთან, ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომლის ვალდებულებაა, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა.

არჩილ კბილაშვილზე, როგორც პროფესიონალ ადვოკატზე თუ ვისაუბრებთ, მისი უმთავრესი მიზანი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ, RMG gold-ის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა, რაც თქვენს მიზანს ეწინააღმდეგება. თანაც, კბილაშვილი მაღალ თანამდებობას ფლობდა ხელისუფლებაში და, სავარაუდოდ, გარკვეული ტიპის გავლენებს კვლავ ინარჩუნებს. არ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტორები თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს?

- საყდრისის საკითხზე სახელმწიფომ ორი პროცესი წააგო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ცუდი იურისტები ჰყავდა. ასევე გაგრძელდება - იმიტომ, რომ აქ არის უამრავი კანონდარღვევა, ამას ვერც კბილაშვილი უშველის და ვერც ვერავინ. ფაქტია, შავით თეთრზე წერია, რომ საყდრისი არის უძველესი მაღარო, მას უკანონოდ ჩამოართვეს ძეგლის სტატუსი, შემდეგ ისევ მიანიჭეს, შემდეგ ისევ წაართვეს... ვნახოთ, რა მოხდება, თუ ეს კომპანია დაიწყებს ახალი ფურცლიდან მოქმედებას და შეძლებს, რომ გადაარჩინოს კულუტურული მემკვიდრეობაც და გააგრძელოს ოქროს მომპოვებითი სამუშაოები, მისასალმებელი იქნება. ჩვენ ვამბობთ: უნდა შენარჩუნდეს საყდრისი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის.

რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის ფაქტორს, ძალიან კარგად ვიცით, რომ იგი, ფაქტობრივად, არის ნომერი მეორე „მოქალაქე“, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციას საკუთარი ორგანიზაციით შეუერთდა, ვიცით, რომ ყოფილ პრემიერთან დაახლოებული პირია, მაგრამ, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში საქმეში ჩართულია, როგორც ადვოკატი და მის უკან არ დგას სახელმწიფო მანქანა ან ისეთი ძლიერი მხარე, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ვფიქრობ, ის კეთილსინდისიერად იმოქმედებს და იმოღვაწევებს ამ სფეროში.

კბილაშვილთან საყდრისის დამცველთა ჯგუფის წევრების შეხვედრის ინიციატივა ვის ეკუთვნოდა?

- ბატონმა არჩილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამ ეტაპზე ეცნობა საყდრისის თემას და სურს, ღრმად შეისწავლოს ეს საკითხი. აღნიშნა, რომ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩაერთვებოდა თუ არა ამ პროცესში. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ამ თემაზე ინფორმაცია ყველა დაინტერსებულ პირს და მხარეს. ინიციატივა მათი მხრიდან წამოვიდა, ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ. არც ერთი წუთით არ მივატოვებთ საყდრისს, დავიცავთ ბოლომდე, რის ფასადაც უნდა დაგვიჯდეს ეს. ეს შეხვედრა ჩვენ პოზიციას ვერანაირად ვერ შეგვაცვლევინებს. გაწერილი გეგმა გვაქვს და მის მიხედვით ვმოქმედებთ.

კონკრეტულად რას ითვალისწინებს თქვენი გეგმა - საზოგადოებრივი აქტივობების და სხვადასხვა ტიპის აქციების გაგრძელებას?

- უახლოეს მომავალში იგეგმება მხატვრების აქცია საყდრისში. ცნობილი ქართველი მხატვრები ჩავლენ ადგილზე და გააპროტესტებენ იმას, რომ უკვე ერთი წელია გრძელდება კულტურული ძეგლის ტყვეობა. მოთხოვნა იქნება ძეგლის ტყვეობიდან გათავისუფლება. მხატვრები დახატავენ საყდრისს და ასე გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. იმედი მაქვს, სახელმწიფო და საზოგადოება შეთანხმდება საყდრისის გადარჩენაზე. ეს კულტურული ძეგლი არ უნდა დარჩეს მხოლოდ კადრებში, ფოტოებსა და ნახატებზე. მხატვრები აქციის ფარგლებში დახატავენ საყდრისს ისეთს როგორიც არის დღეს - მესამე ათასწლეულის დროს.

რომელი მხატვრები მონაწილეობენ ამ აქციაში?

- მოლაპარაკება ბევრთან წარმოებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ აქციაში ჩაერთვება გია ბუღაძე, დოდო თაყაიშვილი, უშანგი ჯამარაშვილი და ბევრი სხვა მხატვარი. მინიმუმ 20 მხატვარი. საყდრისის თემაზე ნამუშევრების შექმნას და საქართველოში გამოგზავნას გეგმავენ საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვრებიც. მერე ეს ნამუშევრები შეიკრიბება და გამოფენას მოვაწყობთ.