ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულა

ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს“ ტოვებენ. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს. ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იხურება კოალიციის სამხედრო ბაზები და მცირდება კონტინგენტის რაოდენობა. 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები  გადაიბარებენ.  

23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა „ლეზერნეკზე“ საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ბატალიონის სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს პირადად ჩააბარა საქართველოს დროშა. ღონისძიებას „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ბრიგადის გენერალი დანიელ იო, ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი დაესწრნენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში მსახურობდა ბაზა „ლეზერნეკზე“. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს.

ISAF-ის მისიის ფარგლებში, 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბოლო დავალება წარმატებით შეასრულეს. პატრულირებიდან დაბრუნებულ ქვედანაყოფს ბაზა „ორბზე“ პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი წარმომადგენელი ISAF-ის მისიაში პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს მისიის უდანაკარგოდ დასრულება მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება იყო.