მაია ნიკოლეიშვილი: „კრიმინალისტმა ყველა ნიმუში ჩემს თვალწინ აიღო“

მაია ნიკოლეიშვილი: „კრიმინალისტმა ყველა ნიმუში ჩემს თვალწინ აიღო“

როდის გასაჯაროვდება სახელმწიფო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა - ამ დრომდე უნცობია. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეროსი კიწმარიშვილის ცხედარს რამდენიმე სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის თხოვნით, ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. როგორც for.ge-სთან საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში მიბჯენით ნასროლი ჭრილობა აქვს. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ „სროლა განხორციელებულია ნულოვანი დისტანციიდან, მიბჯენით. გვამის დათვალიერების ფოტომასალას კი დღის ბოლომდე გაავრცელებს.

მაია ნიკოლეიშვილმა For.ge-ს კითხვებს უპასუხა.

თქვენ ამბობთ, რომ ნასროლი არის მიბჯენით, ოჯახი ამბობს, რომ ეს იყო მკვლელობა. მიბჯენით განხორციელებული სროლა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თუ არა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა?

მაია ნიკოლეიშვილი: არა, არანაირად. არანაირად არ გამოირიცხება, როგორც საკუთარი, ისე - სხვისი ხელით. მიბჯენა ნამდვილად არის. პირდაპირ აღბეჭდილია ლულის ანაბეჭდი, ფოტოებს დავბეჭდავ და ყველა ნახავს, მაგრამ იყო ეს საკუთარი ხელით, თუ სხვისი ხელით, ამის მტკიცება მე არ შემიძლია. ეს გამოძიების საქმეა. ფაქტიურად, დახატული არის ლულის ანაბეჭდი. ზომები მთლიანად აღბეჭდილია. ამიტომ, ვამბობ, რომ სროლა განხორციელებულია უმანძილო დისტანციიდან, ანუ მიბჯენით.

თქვენი პრაქტიკიდან თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ სხეულზე კვალის ასე გამოსახვა არის მასური შემთხვევა?

- ლულის ანაბეჭდის არსებობა გასაკვირი არაა, როდესაც არის უმანძილო დისტანციიდან მიბჯენა. ასეთ შემთხვევაში ლულის ანაბეჭდი არის, ზოგჯერ არის ნაწილობრივი, ზოგჯერ - კუთხით, მაგრამ აქ არის იდეალურად დახატული ზომები და აბსოლუტური ზომები. გვამი რომ ნახოთ, იფიქრებთ, რომ დახატულიაო, იმდენად არის ასახული, მაგრამ ასე იდეალურად დახატული, მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდეც. მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს, ჩვეულებრივი რამ არის უმანძილო დისტანციის დროსაც. ზუსტად არის მიდებული.

რადგან,ზუსტად არის მიდებული იარაღი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მკვლელი მას ადგილზე დახვდა?

- ვერ გეტყვით. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი უმანძილო დისტანციიდან საკუთარი ხელითაც ზუსტად ისე ხდება, როგორც მიბჯენით. სხვა ზონა რომ იყოს, მაშინ გეტყოდით საკუთარი ხელით მისაწვდომია თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად თანაბრად საკუთარი ხელითაც მისაწვდომია და სხვა ხელითაც.

შეგიძლიათ გვითხრათ, რა იარაღიდან აქვს მას ნასროლი?

- ვერ გეტყვით... ეს თვითონ გამოძიებამ უნდა თქვას. ხომ გეუბნებით - იმდენად დახატულია ყველაფერი, რომ მაშინ პირადაპირ ზომა-ზომაზე უნდა დაჯდეს ის იარაღი, რაც იქ იყო, და იარაღი, რომელსაც გამოძიება წარმოადგენს. ანაბეჭდი მთლიანად შედარდება იმ იარაღთან. შემიძლია ვთქვა, რომ ჭრილობა ძალიან მძლავრი იარაღით აქვს მიყენებული, თავის ქალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს, ძვლები პრაქტიკულად დასხვრეულია. ფაქტია, რომ ძლიერი იარაღია, საკმაოდ ძლიერი ჰიდროდინამიკური მოქმედება ჰქონდა.

ალბათ, იარაღს ჩაუტარდებოდა ექსპერტიზა... იარაღიდან თუ არის შესაძლებელი დადგინდეს ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

- ჩემს თვალწინ აიღო კრიმინალისტმა ყველა ნიმუში. კვლევა ჩაუტარდება, როგორც ავტომობილს, ასევე - შემთხვევის ადგილს. დილის 6 საათზე მოვედი სახლში და სხვა დეტალები არ ვიცი. დღეს ოჯახის ადვოკატთან შევჯერდებით და გავარკვევთ დანარჩენ დეტალებს.

რომ დავაზუსტოთ... ის, რომ სროლა განხორციელებულია მიბჯენით, არ გამორიცხვას როგორც თვითმკვლელობას და ასევე მკვლელობას...

- არათუ არ გამოირიცება, არამედ ეს თანაბრად შეიძება იყოს, როგორც საკუთარი ხელით, ისე - სხვისი ხელით გაკეთებული.

დათვალიერების დროს აღენიშნებოდა ისეთი დაზიანება, რამაც შეიძლება ეჭვი გააჩინოს?

- აბსოლუტურად არაფერი. არის მხოლოდ ერთი ნიშანი ხელზე, რომელსაც არანაირი კავშირი ამ ფაქტთან არ აქვს.

როდის გახდება ექსპერტიზის შედეგები ცნობილი?

- პრაქტიკულად, უკვე გითხარით, რასაც ვფიქრობ. დაიბეჭდება ფოტოები და ამასაც გავასაჯაროებ. სახელმწიფო სამედიცინო ექსპეტიზა რას დაწერს... ვერ წარმომიდგენია, რომ რაიმე სხვა დაწერონ. ვერსიებში ვერ შევდივარ, ეს უკვე სასამართლოს საქმეა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპეტრიზამ დადო დასკვნა, რომ ეს არის მკვლელობა და გამორიცხა, მკვლელობის ვერსია, ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი არგუმენტი?

- ვერ დაწერენ, რომ თვითმკვლელობაა, ეს არაა მათი კომპეტენცია. რაც ვნახეთ, თუ ის არ დაიწერება, ფოტოგრაფირებული მაქვს ყველაფერი, გამოვაქვეყნებ და ჩემსას ვიტყვი. იმდენად თვალსაჩინო იყო ყველაფერი, რომ წინააღმდეგობა არ მქონია.