სასულიერო პირები ანაკლიისკენ ლიტანიობით მსვლელობას აპირებენ. მამა დავით ქვლივიძე მიიჩნევს, რომ ფესტივალი, რომელსაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ეძახიან, სინამდვილეში, სოდომ-გომორის ცხოვრების წესის აღდგენაა საქართველოში. მისი თქმით, იქ ენით აუწერელი რამ ხდება, შესვლისას პირდაპირ ხელს აწერ შეთანხმებაზე, რომ ყველას ყველაფერზე დაეთნხმები და არავის არაფერზე უარს არ ეტყვი.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირები იმედოვნებენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ასეთი უმსგავსობის მოწყობას ხელისუფლება არ დაუშვებს, რადგან ეს 17 მაისის აღლუმზე უარესია, 17 მაისი ერთ კონკრეტულ დღეს ჩატარდა, კაზანტიპი კი ერთი კვირის მანძილზე უზნეობის ზეიმია.
თუ როგორი კანონები იმოქმედებს კაზანტიპის რესპუბლიკაში, ამის შესახებ განმარტებას კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი აკეთებს. იგი ირწმუნება, რომ არცერთი სახის ნარკოტიკს არ დაუშვებს, რადგან ფესტივალი საქართველოს ყოფას მოარგეს. მისი თქმით, კაზანტიპელები მასპინძელი საქართველოს კანონმდებლობას და ტრადიციებს პატივს სცემენ, ამიტომ ანაკლიაში ნარკოტოკები არ იქნება. უფრო მეტიც, იგი მზადაა, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ტესტი ჩაიტაროს და ამით ქართველების ეჭვები გაფანტოს.
მარშუნოკი არ მალავს, რომ „კაზანტიპის“ საქართველოში ჩატარებას ამ ქვეყნისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად, არასდროს განიხილავდა. თუმცა მოვლენები მოულოდნელობით განვითარდა და „კაზანტიპის“ საქართველოში ჩატარების ინიციატორად ქართველი პიროვნება გამოვიდა, მისი ვინაობა ყველამ იცის და მას მთელი საქართველო იცნობს, მაგრამ მარშუნოკი მას არ ასახელებს.
კაზანტიპის პრემიერ-მინისტრის არტიონ ხარჩენკოს თქმით, ეს პროექტი საქართველოსთვის მომგებიანი იქნება, რადგან ყირიმის მივარდნილი სოფელი პოპოვკა მათ ისეთ ქალაქად აქციეს, სადაც დღეს 220 კერძო სასტუმროა და ვიზიტორთა ნაკადი არ წყდება.
„კაზანტიპის“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროექტში მონაწილეობის მიღება ქართველი და უკრაინელი გოგონებისთვის უფასო იქნება. ამისთვის მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირება და ვიზის აღებაა საჭირო. რაც შეეხება ვიზის ფასს, მისი ღირებულება წელს 175-დან 262 დოლარამდე მერყეობს.
ქართველების ნაწილი ამ ღონისძიებას გარყვნილების ფესტივალს უწოდებს და საქართველოში მისი ჩატარების შესახებ ინფორმაციას უარყოფითად აფასებს. რაც შეეხება თავად ანაკლიის მოსახლეობას, ისინიც ქართულ მენტალობაზე საუბრობენ და არ მალავენ, რომ ამ ფესტივალის გამო სინდისის ქენჯნას განიცდიან, თუმცა ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ასეთ კომპრომისზე მიდიან.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან კავშირი არ აქვთ და, უბრალოდ, ფესტივალის მხარდამჭერები არიან.
რაც შეეხება კაზანტიპის წესდებას, აღსანიშნავია, რომ კაზანტიპის დახურულ ტერიტორიაზე ჰყავთ ე.წ. მინისტრები (ბედნიერების, მუსიკის, ცეკვის მინისტრები, ხილული და წარმოსახვითი მინისტრები).
აქ იმართება ქორწილის ცერემონიალები და კვირაში ერთხელ შეიძლება დაქორწინება. აღნიშნულ ქორწინებას მხოლოდ კაზანტიპის რესპუბლიკა ცნობს და ეს მექორწილეებს არ აფრთხობთ. აქვე ირჩევენ კაზანტიპის დედოფალს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მართავს „რესპუბლიკას“. იქაურები არ მალავენ, რომ კაზანტიპი - ეს კულტია.
For.ge მამა დავით ქვლივიძეს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ „კაზანტიპი“ საქართველოსთვის უბედურების მომტანი იქნება. რას გულისხმობთ?
- ამ ქალაქს შემოსაზღვრული აქვს ტერიტორია, ქალაქ-სახელმწიფოსავით არის მოწყობილი, თავისი „მინისტრები, სამინისტროები“ აქვთ, იმ სამინისტროების სახელები უნდა ნახოთ, რაც არის. ჰყავთ მეფე, სასულიერო პირი და ვითომ ჯვრისწერებს აღასრულებენ. ყველაზე მთავარი, აქ მიდის სიდომ-გომორის მსგავსი გარყვნილი პედოფილია, ზოოფილია. წარმოიდგინეთ, ვინც შედის ამ ე.წ. ქალაქში, დებს ხელშეკრულებას, რომ არავის არაფერზე უარს არ ეტყვის. ასეთმა გარყვნილმა ცხოვრებამ უკრაინელებს დააკარგინა ყირიმი, ასეთი გარყვნილი ცხოვრების გამო სოდომი და გომორი განადგურდა, ასეთი გარყვნილების მიზეზი იყო წარღვნა, ასეთი გარყვნილება გახდება დედამიწაზე მეორედ მოსვლის მიზეზი, საუბარია იმ პერიოდზე, როცა მასიური გარყვნილება დაიწყება დედამიწაზე. ტაილანდი ცნობილი იყო თავისი კურორტებით და ამ კურორტებზე პედოფილიის ტურიზმით. ოფიციალურად ეწყობოდა პედოფილიისა და მამათმავლობის ტურები, ერთი კუნძული ჰქონდათ, რომელსაც დაცინვით სამოთხეს ეძახდნენ, ოკეანეში იყო ეს კუნძული და სულ შიშვლები დადიოდნენ ქალები და კაცები, იძახდნენ, რომ როგორც ადამი და ევა სამოთხეში შიშვლები იყვნენ, ჩვენც ასე ვართო. დღეს ეს კუნძული აღარ არსებობს, ეს მოხდა ცუნამის შემდეგ და ამ ცუნამმა რაც დაატეხა ტაილანდს, ყველამ კარგად იცის. 400 ათასი კაცი დაიღუპა. საქართველოში ფესტივალის დაწყებას 20 აგვისტოს აპირებენ, მარიამობის მარხვაში. ეს აღლუმზე უარესია, ის ერთხელ ჩაივლის, ეს კი ათი დღე გრძელდება. სახელმწიფომ ამას ხელი არ უნდა შეუწყოს, ასეთი რამ შაჰ-აბასს არ უკადრებია. „ქართლის ცხოვრებაში“ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს განადგურების მიზეზი იყო ლაშა-გიორგის მიერ გარყვნილი ცხოვრების წესის შემოტანა, ამის გამო დაეცაო საქართველო და კარგა ხანს ვეღარ გაიმართა. ლაშა-გიორგიმ თამარისდროინდელი დაბრძენებული, ღვთისმოშიში ხალხი ჩამოიშორა, ვისაც თამარ მეფე ჭკუას ეკითხებოდა და გარშემო ქარაფშუტა ახალგაზრდები შემოიკრიბა. ის დაუკავშირდა რინდებს. მათთან ერთად დაიწყო ღრეობა, სიმღერები. რინდები თანამედროვე ლიბერალების მსგავსი ადამიანები იყვნენ. რინდები ღვინოს სვამდნენ, თვრებოდნენ, ქალებში დადიოდნენ. არადა, რაინდებისთვის, როგორც მუსლიმანებისთვის ღვინო არ შეიძლებოდა. ლაშა-გიორგის საქციელს მიბაძა მთელმა ერმა. ამის გამო ჩვენი ქვეყანა დაისაჯა, ჯალალედინი შემოგვესია სასჯელად. სწორედ ასე წერია „ქართლის ცხოვრებაში“. მერე მოხდა მიწისძვრა, ვარძიის 2/3 დაინგრა, ამის შემდეგ ცოტა გონს მოვიდნენ ქართველები, რასაც მოჰყვა გიორგი ბრწყინვალის პერიოდი.
როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებმა ფესტივალის ჩასატარებლად რატომ აირჩიეს მაინცდამაინც საქართველო?
- რატომ აგვირჩიეს მაინცდამაინც ჩვენ? ბიბლიაში არის ასეთი ეპიზოდი, როდესაც ებრაელები ეგვიპტელთა მონობისაგან გამოვიდნენ, მათ ადგილობრივ ტომებთან ბრძოლა მოუხდათ. მოაბის მეფე ბალაკმა გადაწყვიტა, ისრაელიანებთან ბრძოლა, ამისთვის დაუძახა ცნობილ მოგვს, ჯადოქარს - ბალაამს და უთხრა, დაწყევლე ებრაელები, რათა მათ ბრძოლაში მოვუგოთო. ჯადოქარმა ეს ვერ გაკეთა, ესენი ღმერთის ხალხია და ღმერთი ფარავსო. თქვენ თუ გინდათ, ისრაელიანებს მოუგოთ, ისინი ცოდვაში უნდა ჩააგდოთ, ამით ღმერთს დასცილდებიან და უღმერთოდ დარჩენილებს დავამარცხებთო. მართლაც, მისი რჩევით, ისრაელიანთა ბანაკში შეგზავნეს მეძავი ქალები, ებრაელებმა იმრუშეს, დაეცნენ და სასტიკად დამარცხდნენ. ბიბლია ასე მოგვითხრობს, ჩვენთვის ბიბლია სამაგიდო წიგნია და ძველი აღთქმა მარტო ჩვენი არ არის, ამ ძველ აღთქმას ეყრდნობიან იუდეველებიც და მუსლიმანებიც. ეს ყველამ კარგად იცის, რომ სიკვდილის მიზეზი არის ცოდვა. მეშინია, რომ ასეთი მოქმედებებით სამეგრელო არ ჩამოსცილდეს საქართველოს და ღვთის რისხვა არ დაატყდეს თავს.
ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვევლობაშია. იქაური მართლმადიდებლები ფიქრობენ, რომ სულიერი თვალსაზრისით, ეს მათთვის ზიანის მომტანი იქნება, მაგრამ ტურიზმიდან შემოსულ თანხებსაც ვერ ელევიან.
- ტურიზმიდან აღებული ორი გროშით ვინც რაღაცას შეჭამს, ეს არ იქნება ამის საპირწონე. ეკლესია მათ აუცილებლად აუხსნის და უკვე იწყება იმის ახსნა, მათ ამისთვის რა ელოდებათ. წარმოიდგინეთ, 12 ათასი მეძავი ქალი ჩამოჰყავთ უკრაინიდან, კატასტროფის მასშტაბები ძალზე დიდია და წამოვიდგინოთ, ჩვენი დოყლაპია პატარა ბიჭები რა დღეში იქნებიან, ჯერ უამრავი ვენერიული დაავადება გავრცელდება, ეს დაღუპავს ქვეყანას.
აქამდე რატომ არ მოხდა ამის განმარტება და საპატრიარქოს პოზიცია რატომ არ ჩანდა?
- ეკლესია აპირებს იქ ლოცვით და ლიტანიობით სიარულს. ჩემი პოზიცია უკვე იცით, ეპისკოპოსების პოზიციაც იცით, მეტი როგორ ავკრძალოთ? დანარჩენი ის იქნება, რომ, ალბათ, ლიტანიობა მოეწყობა, კურთხევა და თხოვნა-ვედრება იქნება, რომ ღმერთმა ეს არ დაუშვას.
კაზანტიპის ფესტივალის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ტრადიციებს პატივს სცემენ, ისიც კარგად ესმით, რომ აქ ნარკოტიკების მიღება იკრძალება. ამდენად, არანაირ ნარკოტიკს არ დაუშვებენ. როგორ ფიქრობთ, ორგანიზატორები შეასრულებენ დანაპირებს?
- ამის პასუხი ერთადერთია, შედით ინტერნეტში და ნახეთ, რა ხდება ამ ფესტივალის ირგვლივ - ლესბოსელობა, მამათმავლობა, პედოფილია... პატარა, ათი წლის გოგოებს პლაკატები უჭირავთ, სახელწოდებით - „კაზანტიპი“. ეს ბავშვთა გარყვნა არ არის? ჩვენი ქვეყნის მტრებმა იციან, რომ ჩვენი სიძლიერე ღმერთთან ერთობაშია. როგორც ებრაელები უნდოდა, დაეცილებინა მეფე ბალაკს ღმერთისთვის, ზუსტად ასევე იქცევიან ჩვენთან მიმართებით. გარყვნილი ხალხი ღმერთის წინააღმდეგ მიდის. ისინი პირდაპირ ღმერთს აგინებენ და გარყვნილებისაკენ პატარა ბავშვებს მოუწოდებენ.
***
ცნობისთვის, „კაზანტიპის“ 5-მილიონიანი პროექტი 20 აგვისტოს დაიწყება. კაზანტიპის ფესტივალი 1992 წლიდან ეწყობა უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მან საქართველოში გადმოინაცვლა. ფესტივალი ზაფხულის განმავლობაში, 5-6 კვირა გრძელდება და მას ყოველწლიურად 150 000 ადამიანი, ე. წ. „paradizers“-ი სტუმრობს. ფესტივალთან ასოცირებულია ნარინჯისფერებში გადაწყვეტილი მოდისა და ჩემოდნების კულტი.
ფესტივალს სახელი ეწოდა კაზანტიპის კონცხისგან, რომლის სიახლოვესაც ის 1995–1999 წლებში ტარდებოდა. თავიდან ფესტივალი ძალზე მოკრძალებული იყო და მხოლოდ სერფინგის მოყვარულთა ყრილობად ითვლებოდა, რომლებიც მომქანცველი დღის შემდეგ საღამოობით დროს ატარებდნენ. ფესტივალის პრეზიდენტი, შემქმნელი და ინიციატორია ნიკიტა პირველი (ნამდვილი სახელი ნიკიტა მარშუნოკი).