„რუსთავი2-ის“ ყოფილი მფლობელის და ქალაქ რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზად ამ დროისთვის რამდენიმე ვერსია სახელდება. „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ გამოძიების მიერ დასახელებული ოფიციალური სამუშაო ვერსიაა, თუმცა, პროკურატურაში განმარტავენ, რომ მოწმდება და განიხილება სხვა ვარიანტებიც.
კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არასარწმუნოდ მიიჩნევენ და ყურადღებას ეროსი კიწმარიშვილის ხასიათის სიძლიერეზე ამახვილებენ. ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებს დღის ბოლოს ახალი კითხვები დაემატა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემთხვევის ადგილზე, ავტოფარეხში ნაპოვნი იარაღი ეროსი კიწმარიშვილის სახელზეა გაფორმებული და მისი რეგისტრაციის თარიღი არც მეტი და არც ნაკლები - 15 ივლისია.
ბადრი ნანიტაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ადამიანია, ვინც ეროსი კიწმარიშვილს ესაუბრა, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ასეთ ფაქტს იხსენებს: უახლოეს დღეებში ეროსის ძმის დაბადების დღე მოდიოდა და მისთვის საჩუქრად იარაღის ყიდვა უნდოდა. ნანიტაშვილმა „რუსთავი2-თან“ საუბარში აღნიშნა, რომ ამის შესახებ კიწმარიშვილმა მას 14 ივლისს შეხვედრის დროს უთხრა. წინასწარი ცნობით, კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზი, სწორედ, ამ იარაღიდან გავარდნილი ტყვია გახდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში აქვს.
კიწმარიშვილს იარაღის, როგორც საჩუქრის შეძენაზე და მის გაფორმებაზე არაფერი უთქვამს მისი თანაშემწის თიკო ბეჟაშვილისთვის.
„იარაღის გაფორმებაზეც არაფერი უთქვამს. საჭირო ცნობებზე, რა თქმა უნდა, მე დავდიოდი და მე ვიღებდი. ასეთ საქმეს ვაკეთებდი 17 წლის განმავლობაში და არ მგონია, ერთ დღეში გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელმაც შეაგროვა ეს საბუთები და გაუფორმა კიდეც, ეს წარმოუდგენელია“,- განაცხადა „რუსთავი2-ის“ პირდაპირ ეთერში თიკო ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროსი კიწმარიშვილს სატელეფონო ზარების მეშვეობით არავინ ემუქრებოდა.
ბადრი ნანიტაშვილს for.ge „რუსთავი2-ის“ პირდაპირ ეთერში ჩართვამდე ესაუბრა. მაშინ ნანიტაშვილს იარაღის საკითხი არ უხსენებია. მისი განცხადებით, 14 ივლისს, ძირითადად, სამომავლო გეგმებსა და პარტნიორობაზე ისაუბრეს. 15 ივლისს კი მცირე სატელეფონო საუბარიც ჰქონდათ.
„3-ის 15 წუთი იქნებოდა, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვეულებრივი კილო, განწყობა ჰქონდა, უცნაური და ყურადღების მისაქცევი არაფერი შემინიშნავს. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მას თავი მოეკლა“,- განუცხადა for.ge-ს ბადრი ნანიტაშვილმა.
თვითმკვლელობის ვერსიის ასევე არ სჯერა ეროსი კიწმარიშვილის ახლობლებისა და ნაცნობების უმეტესობას. ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების დროს, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მრავლად იყვნენ „რუსთავი 2-ის“ ე.წ. პირველი თაობის ჟურნალისტებიც, რომლებიც კიწმარიშვილის სახლთან ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება გამახსენდა და ანალოგიური განცდა გამიჩნდა. ასე უცებ, როგორ დაასკვნეს, რომ მან თავი მოიკლა? იარაღიანი კაცი შეიძლება იპოვო, ჩამომხრჩვალი შეიძლება იპოვო, მაგრამ მაშინვე დასკვნა არ უნდა გააკეთო. ამას არაპროფესიონალიც მიხვდება. მით უმეტეს, მსგავს შეცდომას არ უნდა უშვებდეს პროფესიონალი. თუ ეს არ არის შეგნებული შეცდომა“, - განაცხადა „რუსთავი2-ის“ ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე ოჯახის ახლობლის სტატუსით მივიდა.
„რუსთავი2-ის“ კიდევ ერთი სახე დავით კიკალიშვილი, ფიქრობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა, ეროსი კიწმარიშვილის მიერ განვლილი რთული ცხოვრებისეული პერიოდები თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრის საფუძველს არც მას აძლევს.
„ვერავინ ვერაფერს გამორიცხავს ამ ცხოვრებაში. მაგრამ, ვინც მას იცნობდა, ყველა იტყვის, რომ ის იყო ოპტიმიზმით, მჩქეფარე ენერგიით სავსე ადამიანი, რომელიც ამ ნაბიჯზე არ წავიდოდა. მით უფრო, რომ ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდები აქვს გამოვლილი ამ ადამიანს. ვერავინ ვერაფერს იტყვის, ვიდრე ექსპერტრიზის დასკვნა არ იქნება. ჩემი კარიერის ყველაზე საუკეთესო წლები მაქვს მასთან გატარებული. ძალიან ენერგიული და ნიჭიერი ადამიანი იყო. შექმნა ტელევიზია, რომელიც დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა“, - განუცხადა for.ge-ს დავით კიკალიშვილმა.
გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი კი ფიქრობს, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადოდ გამოძიება ნაკლებად სავარაუდოა.
„არც ერთი გახმაურებული მკვლელობა გამოძიებული არ არის. შესაბამისად, რატომღაც მგონია, რომ ეს ფაქტიც გამოუძიებელი დარჩება. შევეცდები, ჟურნალისტური გამოძიება ჩავატაროთ ამ საკითხზე. ეროსი კიწმარიშვილი არ იყო უბრალო ადამიანი. ის იყო უნიჭიერესი პიროვნება, უდიდესი ტელევიზიის შემქმნელი, მის სახელს უკავშირდება მეორე ტელევიზიის - „მაესტროს“ შექმნაც. დიდი როლი მიუძღვის მთელი რიგი პროცესების განვითრებაში, როგორიც იყო, მაგალითად, „ვარდების რევოლუცია“, - აცხადებს მალხაზ გულაშვილი.
ეროსი კიწმარიშვილის ბოლო აქტივობებს იხსენებს მისი პარტიის საარჩევნო შტაბის თანამშრომელი ანი ხოშტარია.
„არ მჯერა, რომ ვეღარ ვნახავ ამ ადამიანს. წინასაარჩევნო პერიოდში მთელი დღეების განმავლობაში მის გვერდით ვიყავი. ყველა შეხვედრის დროს იგრძნობოდა ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ, ყველა პატივს სცემდა, ყველასგან სითბო მოდიოდა. კონფლიქტი და უკმაყოფილება არავისთან ჰქონდა. მას ჰქონდა დიდი გეგმები, შეიძლება, ეს არ აწყობდა ვიღაცას და ამიტომ მოიშორეს“, - ამბობს ხოშტარია.
„საზარელი მკვლელობა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - ეს საქართველოს პრეზიდენტის შეფასებაა. გიორგი მარგველაშვილმა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ჟურნალისტებთან ბათუმში ისაუბრა.
შეიცვლება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის კვალიფიკაცია - ჩანაცვლდება თუ არა „თვითმკვლელობის მცდელობა“ „მკვლელობის“ ვერსიით, ეს გამოძიებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასადგენია.
ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მანამდე კი შემთხვევის ადგილზე გვამის პირველადი დათვალიერების პროცესს მისი ძმა ესწრებოდა.