დავით კირკიტაძის წყალობით, შესაძლოა, სკანდალში მორიგი ებრაელი ბიზნესმენი გაეხვეს

დავით კირკიტაძის წყალობით, შესაძლოა, სკანდალში მორიგი ებრაელი ბიზნესმენი გაეხვეს

რუსთავში ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტის “სტამბულის ბაზრის” გასხვისებას, ერთკვირიანი აქციები მოყვა. მას შემდეგ, რაც რუსთავის თვითმმართველობამ ბაზრის 85% ებრაელ ბიზნესმენ, მოშიაკ იაკობს მიყიდა, ბაზრის მოვაჭრეებს პრობლემები დაეწყოთ.

საქმე იმაშია, რომ წლების წინ, როდესაც აღნიშნული ბაზარი კეთდებოდა, მის გადახურვაზე, დახლების გაკეთებასა და სხვა სახის სამუშაოებზე მოვაჭრეებმა თავად იზრუნეს.

“მე ჩემი ადგილისთვის 1 200 დოლარი მაქვს გადახდილი. ამის გარდა, ძველი ბაზრის ადმინისტრაციას ყოველ დღე 2 ლარს ვუხდიდი. ახლა ახალი ინვესტორი მოდის და მეუბნება, რომ მე არ ვარ მეპატრონე და რა პირობებსაც გთავაზობთ, ის მიიღეთო.  მაინტერესებს, ეს ბაზარი, რომელიც აქ წლების მანძილზე მდგომი ხალხის ფულით გაკეთდა, ჩვენი თანხმობის გარეშე რატომ გაყიდა რუსთავის მერიამ?! “ – ამბობს სტამბულის ბაზრის მოვაჭრე ნაზი ომიაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ომიაძის მსგავსად, ბაზარში წლების წინ საკუთარი დახლის ყიდვაზე სხვა მოვაჭრეებიც საუბრობენ, რეალურად მათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ აქვთ, ხოლო ახალ მეპატრონეს თავისი ანგარიში აქვს გასასწორებელი - ის ერთი მილიონი ლარი აქვს ამოსაღები, რომელიც ბაზრის ყიდვისთვის ოფიციალურად გადაიხადა.

მოშიაკ იაკობმა ერთი კვირის წინ მოვაჭრეებს საკუთარი ხელშეკრულების ვარიანტი დაურიგა, სადაც ისინი დახლის მეპატრონეებად არ მოიხსენია. სწორედ ამას მოყვა მოვაჭრეების თითქმის ერთკვირიანი გაფიცვა. 4 დღის განმავლობაში ისინი მუშაობაზე უარს აცხადებდნენ და საკუთარ დახლებზე გასაყიდ საქონელს არ დებდნენ. აქცია “სახალხო წარმომადგენლობითი კრებისა” და “ქართული პარტიის” მონაწილეობით ბაზრის ადმინისტრაციის წინ  მიმდინარეობდა. 

“მე აქ ორი დღის წინ ვარ მოსული. შემოდით და მითხარით, ჩემთან ვის რა პრობლემა გაქვთ. ვინმეს რამე დაგიშალეთ?!  თუ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ გინდათ, მაშინ დახლის ყოველ 80 სანტიმეტრზე დღიურად 2 ლარს გადაიხდით” – ეუბნებოდა გაფიცულებს მოშიაკ იაკობი.

საბოლოოდ, გაფიცვა შეწყდა და ახლა ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამადე კი, ყოველი მოვაჭრე თავისი დახლისთვის დღეში 2 ლარს იხდის. მათ უმრავლესობას ეშინია, ახალმა მეპატრონენ გადასახადი თვითნებურად არ მოუმატოს, ან ერთ დღესაც არ ჩათვალოს, რომ მას აღნიშნული ადგილი ბაზრად საერთოდ არ სჭიდება და ყველა გარეთ არ გაყაროს.

ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ამ მოვლენებიში ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების როლია.

“სტამბულის ბაზრის” მოვაჭრეების გაფიცვის დაწყებიდან დამთავრებამდე, ისინი გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალყურს მოვლენებს. სამოქალაქო ფორმაში გადაცმულები, ხან მოქალაქეთა ერთ ჯგუფს ჩამოუდგებოდნენ გვერდით და ხან -მეორეს. მათ სიმრავლეს ბაზრის მოვაჭრეები ახალი მფლობელის სიტყვებს უკავშირებენ. მათი თქმით, ერთ-ერთი შეხვედრისას, მოშიაკ იაკობმა გუბერნატორ კირკიტაძესთან მეგობრობით დაიტრაბახა და განაცხადა, რომ მას რეალურად არა ერთი მილიონი არამდე სამი მილიონი აქვს ბაზრისთვის გადახდილი.

თუ ეს ასეა, ანუ ბაზრის ახალმა მფლობელმა მართლაც სამი მილიონი გადაიხადა, ჩნდება კითხვა, ვის ჯიბეში დაილექა 2 მილიონი, რომელიც ინვესტორს  ოფიციალურად სახელმწიფოსთვის არ გადაუხდია?!

ის, რომ მთავრობა გაფიუცულთა მხარეს არ იყო და სიტუაციაში ამ კუთხით არ გეგმავდა ჩარევას, პირველივე დღეს გახდა ცნობილი. მათ ნაცვლად გაფიცულ მოვაჭრეებს “ყურადღებას არ აკლებდნენ” ადგილობრივი პოლიციელები. 11 მარტს, როდესაც ბაზრის თანამშრომლებმა მორიგი აქცია მოაწყვეს, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიციელბსა და ადგილობრივი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა.

მოვაჭრეების განცხადებით “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” ოპერატორმა გადაიღო სამოქალქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები, რომლებიც მანქანიდან ხალხს სურათებს უღებდნენ.

“როგორც თვითმხილველმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ქვემო ქართლის ტელევზიის ჟურნალისტებისთვის კასეტის წართმევას შეეცადნენ. ოპერატორიც და ჟურნალისტი გოგო – ლილაც ძალიან შეშინებულები იყვნენ. კასეტის წარმთმევა იმ სამმა ახალგაზრდამ დაუპირა, რომლებიც მთელი აქციის განმავლობაში ჩვენ გარშემი ტრიალებდნენ. როგორც მერე გავიგეთ, კუდ-ის თანამშრომელები ყოფილან. ყველანი ჩავერიეთ და ბავშვები გამოვტაცეთ ხელიდან. მერე ეს ბიჭები მივიდნენ და ტელევიზიის მანქანასთან დადგნენ. რა გვექნა, არ ვიცოდით. ჟურნალისტი ვეღარ ბრუნდებოდა ტელევიზიაში. დავურეკეთ სახალხო კრებას და მათ წაიყვანეს ეს ბავშვები. ვერ გავიგე, ეს მთავრობა ვის მხარესაა. იმის მაგივრად, რომ თავისი ხალხი დაიცვას ჩვენ გვერჩის” – გვითხრა ”სტამბულის ბაზრის” მოვაჭრემ, მზია თეზელაშვილმა.

თეზელაშვილის მსგავსად იხსენებს აღნიშნულ ინციდენტს ”სტამბულის ბაზრის” კიდევ ერთი თანამშრომელი, ნანა სარიაშვილი: “ეს ინციდენტი უცბად მოხდა. ბიჭები მანქანიდან გამოცვიდნენ და ჟურნალისტს მივარდნენ. ეუბნებოდნენ, მერიის თანამშრომლები ვართ და კასეტა მოგვეციო. ჩემ გარდა ეს ინციდენტი კიდევ ოცმა კაცმა ნახა”.

ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიაში”. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაკა შველიძე ამბობს, რომ ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში თავად ისაუბრებდა ამაზე. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ეჭვები მაინც რჩება. თავად აღნიშნული ტელევიზიის ძირითადი შემოსავალის წყარო კი  ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტია. თვითმმართველობას 2011 წელს ტელევიზიის 60 000 ლარის  საეთერო დრო აქვს შეძენილი.

ტელევიზიის გადამღებ ჯფუფსა და გადაცმულ ძალოვანებს შორის დაპირისპირებაზე მოვაჭრეების გარდა “სახალხო წარმომადგენლობითი კრებაც” საუბრობს. მათი თქმით, “ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” გადამღები ჯგუფი ბაზრის ტერიტორიიდან თავად გამოიყვანეს.

“ჩვენ თბილისან მოვდიოდით, როცა ბაზრიდან დარეკეს და თქვეს, რომ ჟურნალისტებს პრობლემა შეექმნათ. ადგილზე მისულებს დაგვხდა ადგილობრივი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი - ოპერატორი და ორი ჟურნალისტი გოგონა. მათ მანქანასთან უცხო პირები იდგნენ. ჟურნალისტებმა გვთხოვეს, არ დაგვეტოვებინა ისინი მარტო და ჩვენი მანქანით წამოვიყვანეთ. გზად ოპერატორმა გადაღებული მასალა გვაჩვენა, სადაც ჩანდნენ ის პირები, რომლებიც კასეტის მიცემას ითხოვდნენ. კადრებში ჩანდა მათი მანქანაც – წითელი ”ჰონდა სივიკი”. საწუხაროდ, მოგვიანებით ტელევიზიამ ეს გადაღებული მასალა ეთერში არ გაუშვა და კასეტის გადმოცემაზე ჩვენც უარი გვითხრა“ - ამბობს ”სახალხო წარმომადგენლობითი კრების რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ვასო ბალახაძე. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, ”გადაღებული კადრების ეთერში არგაშვებით თავად გუბერნატორი, დავით კირკიტაძე  იყო დაინტერესებული და დაუმოჩილებლობის შემთხვევაში ტელევიზიის დალეწვით და ჟურნალისტების დაწიოკებით იმუქრებოდა”.

აღნიშნულ არაოფიციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენ ბ-ნ დავითს კომენტარი ვერ ვთხოვეთ, რადგან მისი პრეს-სამსახური პრესაგე.ტვ-სთან არ თანამშრომლობს. იმედია, ბ-ნი კირკიტაძის პრეს-სამსახური ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც დაგვიკავშირდება და ან დაადასტურებს და ანაც უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც შესაძლოა მორიგი სკანდალის მიზეზი გახდეს.