ნაციონალები ხელისუფლების მხრიდან „რუსთავი 2“-ზე ზეწოლას აანონსებენ

ნაციონალები ხელისუფლების მხრიდან „რუსთავი 2“-ზე ზეწოლას აანონსებენ

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, ხელისუფლება ზეწოლას სასამართლოზე და მედიაზე განახორციელებს, განსაკუთრებით კი „რუსთავი-2“ზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ უგულავას ვერსია მყარია. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ამის დადსტურებაა, ყოფილი პრემიერის განცხადება, როდესაც თქვა, რომ მას არ აწყობს „რუსთავი 2“-ის ასეთი მდგომარეობა.

„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და თინა ხიდაშელით დამთავრებული, მიუთითებენ, რომ „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მდგომარეობა და დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკა მათ ხელს არ აძლევს. მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფარი უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი აპირებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია კიდევ უფრო მოახდინოს, ოღონდ უკვე ნებისმიერი მეთოდით, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

როგორც ჩანს, შემდგომი ეტაპი იქნება მედიაზე შეტევა. ამას თვითონაც არ მალავდა ივანიშვილი, სხვადასხვა ფორმით თვითონ გამოხატავდა ჟურნალისტების გაკიცხვით, ხან ჩხუბით და ხან ასეთი ფორმით. ივანიშვილს ახასიათებს, რომ რაც არ უნდა აბსურდულ გეგმებს სახავდეს, ღიად ამბობს ამის შესახებ. ბატონ ივანიშვილს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ მას არ აწყობს „რუსთავი 2“-ის ასეთი მდგომარეობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ბარამიძე.

გიგი უგულავას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს უმრავალესობა და ყოფილ მერს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მედიაზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტულ მაგალითებს ახსენებს. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ და თავად ტელეკომპანიამ გამოიყენოს 2014 წლის 6 მაისს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ში პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადება, როგორც ზეწოლის ფაქტი.

საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიების დეტალები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისთვის უცნობია. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებას, ლაფერაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან არ ღირს კომენტარის გაკეთება.

„ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ვმუშაობთ და ეს მაყურებელმა განსაჯოს. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

„რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ კოვზიაშვილი, რომელიც სამსახურიდან 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, გამოძიებას მისცა ჩვენება და ასევე მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

მისივე განცხადებით, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ისინი სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა.

მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან სცადა ნიკა გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია, ხოლო შედეგად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარებს და დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგ, თითქოს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„არაა გამორცხული, რომ შექმნან აჟიოტაჟი, თითქოს „რუსთავი 2“-ზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლებისგან და ხელისუფლება გამოიყვანონ ისე, თითქოს, ავტორიტალურ რეჟიმს ამკვიდრებს. მათი ეს ჩანაფიქრი გათვლილი არაა შიდა მოხმარებაზე, ეს უფრო გათვლილია დასავლეთზე. თუმცა, დასავლეთშიც ძალიან კარაგად იციან, რომ ძალიან სერიოზულ დანაშაულებებთან ჰქონდათ კავშირი ამ ადამიანებს და პასუხი უნდა აგონ.

მათ ახასიათებთ რასაც თვითონ ჩადიოდნენ, ზუსტად ის ჩვენ დაგვაბრალონ, რაც ღიმილის მომგვრელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებდა ყველა მედია საშუალებას და რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ, როგორ მოექცნენ ვიცით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.