მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? შსს-ს მიერ ნაადარევად გავრცელებულმა განცხადებამ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, საკამოდ ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში, სწორედ იმ საზოგადოებაში, რომელსაც დღემდე არ სჯერა თავის დროზე, შსს-ს და პროკურატურის ერთობლივი განცხადების ზურაბ ჟვანიას უბედური შემთხვევის გამო დაღუპვასთან დაკავშირებით.
ეროსი კიწმარიშვილი, ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე, მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვეს. გამოძების წინასწარი ინფორმაციით ადგილი აქვს თვითმკვლელობას, ადგილზე ნაპოვნია იარაღი, რომლითაც კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. კიწმარიშვილის ახლობლები კი აცხადებენ, რომ მას იარაღი არასოდეს ჰქონია და ის იარაღით არ დადიოდა.
კიწმარიშვილის პრესსამსახურისთვის უცნობია თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა კიწმარიშვილი ან როდის მოხდა შემთხვევა. მისი პრეს-სამსახური ამბობს, რომ ის ჩაცხრილეს. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქემეზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
საზოგადოებას კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შესაბამისად, პროკურატურას მოუწევს მყარი და დასაბუთებული მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. კიწმარიშვილის ოჯახის ახლობლებს არ სჯერათ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მეზობლების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისსავე ავტოფარეხში სადარბაზოს დაცვის უფროსმა აღმოაჩინა, რომელმაც მომხდარის შესახებ კიწმარიშვილის დაცვის უფროსს შეატყობინა. პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და კორპუსში არავის უშვებენ. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ.
რა მოხდა სინამშვილეში, უცნობია, თავისთავად ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომლემაც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც საკუთარი გეგმები ჰქონდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „მაესტროსთან“ დაკავშირებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი გამორიცხავს შსს-ს ვერსიას იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, რომ კიწმარიშვილს დღეს 2 საათზე ელაპარაკა.
„არასამთავრობო აქტიურობაზე მელაპარაკებოდა, ტელევიზიის გახსნაზე ლაპარაკობდა. ეს გეგმები იყო გუშინ. დღეს ველაპარაკე 2 საათზე. ჩვეულებრივი ლაპარაკი გვქონდა მოკითხვით. თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მომავალ გეგმებზე ლაპარაკობდა - ხვალ რა გაეკეთებინა, ზეგ რა გაეკეთებინა, ამაზე იყო ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს თვითმკვლელობას გამორიცხავს“, - აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.
ფაქტი, რომ კიწმარიშვილი საკაბელო ტელევიზიის შექმნას გეგმავდა, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძეც ადასტურებს.
„ორი დღის უკან დამირეკა, საკებელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ, დიდ ავიაციაში ვბრუნდები, ჩემს გვერდით ხომ იქნებიო“, - წერს გიორგი ფოფხაძე და აქვე წერს, რომ ახალი არხის დაკომპლექტება მე-9 არხის ყოფილი ჟურნაისტებით უნდოდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება, რათა დადგინდეს რა მოხდა რეალურად.
„ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ეს მტკიცებულებით უნდა დადგინდეს და იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო უწყება ამას გაუმკლავდება. გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად, გამჭვირვალედ, ეფექტურად და უნდა დადგინდეს მიზეზები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძემ.
უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას არა აქვს საგამოძიებო სტრუქტურების იმედი, რომ საქმეზე ობექტური ჭეშმარიტება დაადგინონ.
„ბუნებრივია მისი არა მხოლოდ ბოლოდროინედილი, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკასთან კავშირებს გაფიქრებინებს“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
სამსაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ავტორი ეროსი კიწმარიშვილი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. 2002 -04 წლებში გაზეთი „24 საათის“, გამომცემელი; 2004 წელს საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; 2004-07 წლებში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში ( ნიუ იორკი, აშშ); 2008 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2009 წელს „ფონდ 2020“-ის პრეზიდენტი. 2009-11 წწ ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი. 2010-12 წწ პოლიტიკური მოძრაობის „ქართული პარტია“ დამფუძნებელი და პოლიტიკური მდივანი.
კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს. „ჩვენი საქართველოს“ რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მამუკა ჩიქოვანის სასარგებლო არჩევანი გაეკეთებინა. კიწმარიშვილმა ყოფილ მმართველ ჯგუფს, რომელსაც წლების განმავლობაში ოპოზიციაში ედგა, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოუცხადა მხარდაჭერა.
ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მენეჯმენტის მართვის სათავეში, ისევ ეროსი კიწმარიშვილი უნდა ჩადგომოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილმა ეს შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღო. ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა კიწმარიშვილი-სააკაშვილის შეხვედრა კიევში. კიწმარიშვილის ტელეკომპანიაში დაბრუნებას არც ადასტურებდა და არც უარყოფდა „რუსთავი 2“ -ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი.
„კიწმარიშვილთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ კიწმარიშვილი რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ჩართვაზე იყო მოსული „რუსთავი 2“-ში. რამდენიმე ფოტო გადაიღო ჟურნალისტებთან ერთად, ალბათ აქიდან მოდის ეს ჭორები, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვმუშაობთ ისე, როგორც ვმუშაობთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ლაფერაშვილმა.
უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე არ გამორიცხავდა, რომ მსგავსი შეთავაზება კიწმარიშვილს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართლაც მიეღო. მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გზა არ ჰქოდა, რომ გარიგებოდნენ ეროსი კიწმარიშვილს და რამენაირად მისი რესურსი გამოეყენებინათ.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყველას წინასწარი სპეკულაციებისგან თავის შეიკავებას ურჩევს.
„ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუკი ეს არის თვითმკვლელობა, როგორც ამას ამბობენ. ამ წუთში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მე ყველას ვურჩევდი წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, რადგან ყველა დაინტერესებულია ჭეშმარიტება დადგინდეს. აქედან გამომდინარე, ზომიერება არ გვაწყენდა ყველას, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის სიკვდილის მიზეზების დადგენასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს თეა წულუკიანი.