გახდება თუ არა სამხატვრო აკადემიის რექტორი გერმანიაში მოღვაწე ხელოვანი გია ეძგვერაძე, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, სტუდენტების გარკვეული ნაწილი რექტორად გია ეძგვერაძის კანდიდატურას ითხოვს. ამისთვის მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და მთავრობასაც მიმართეს.
როგორც ირკვევა, თავად გია ეძგვერაძეც არ არის უარზე, გახდეს აკადემიის რექტორი. აცხადებს, რომ დასავლეთის საუკეთესო აკადემიებში პედაგოგობის დიდმა გამოცდილებამ იგი ამ გადაწყვეტილებაზე დააფიქრა. თუმცა მისთვის პრობლემაა აკადემიის დებულება, რომელიც კრძალავს რექტორის არჩევნებში მონაწილეობას, თუკი აკადემიის პროფესორი არ ხარ. გია ეძგვერაძის აზრით, ეს უკიდურესად არადემოკრატიული და ინცესტუოზურია. ამიტომ დებულება უნდა შეიცვალოს.
თუ გია ეძგვერაძის ბიოგრაფიას გადავხედავთ, აშკარაა, რომ მას ეპატაჟური გამოწვევები ახასიათებს და ზოგჯერ მისი საქციელი არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს. მართალია, ზოგიერთი ხელოვანი მისი არტისტობით მოხიბლულია, მაგრამ მაინც მიიჩნევს, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტრუქტურა შესწავლას მოითხოვს და ის სულაც არ ჰგავს დიუსელდორფის ან მიუნხენის აკადემიებს, ჩვენი აკადემია უნივერსიტეტის დონეზეა.
ზოგისთვის კი გია ეძგვერაძე ნამდვილად არ წარმოადგენს აკადემიური სტილის მიმდევარს. ასე რომ, მისი ადგილი აკადემიაში ნაკლებად ეგულებათ.
ერთგვარ სკანდალად აღიქმებოდა, როცა რამდენიმე თვის წინ გია ეძგვერაძე საპატრიარქოს ტელევიზიისგან კომპენსაციის სახით 100 ნიგვზიანი ჩურჩხელის დიუსელდორფში გაგზავნას ითხოვდა. იგი აცხადებდა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მისი საავტორო უფლებები დაარღვია და სატელევიზიო გადაცემა მის მიერ გამართულ ლექციაზე დაყრდნობით გააკეთა. „ომში ქართველ მეომრებს ჩურჩხელებს ატანდნენ - ომში ვარ 23 წელია. საქართველოს მამელუქი გერმანიაში მოღვაწე გია ეძგვერაძე“,- წერდა მხატვარი ფეისბუქზე.
უფრო ადრე, მის ეპატაჟურ საქციელად აღიქვეს ის ფაქტი, რომ გერმანიაში მოწყობილი მისი გამოფენის აფიშას კაბაში გამოწყობილი გია ეძგვერაძის ფოტო ამშვენებდა.
ამის მიუხედავად, გია ეძგვერაძის მომხრე სტუდენტები მიიჩნევენ, რომ აკადემიაში შემოქმედებითი თავისუფლება არ არის, არ ისწავლება თანამედროვე ხელოვნება, ამიტომ მომავალი რექტორი აკადემიურმა პერსონალმა არ უნდა შეარჩიოს, რადგან ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ ოთხი წლის განმავლობაში აკადემიას სრული სტაგნაცია ელის. ამიტომაც სტუდენტების ნაწილი მომხრეა, სამინისტრომ რექტორად გია ეძგვერაძე დაუნიშნოს.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ის ვერ ერევა სამხატვრო აკადემიის ავტონომიურობაში, არადა, დრო არ ითმენს და რექტორის არჩევნები სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს.
მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ცისანა მჭედლიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აკადემიის თანამშრომლების მისაღებია, მაგრამ, პირადად მისთვის მხატვრობაში გია ეძგვერაძის მიმართულება მიუღებელია, ასევე შეიძლება ითქვას მისი ნამუშევრების, მისი აზროვნების შესახებ. მეტიც, ცისანა მჭედლიძის აზრით, სამხატვრო აკადემიაში აკადემიურ აზროვნებას უნდა ეზიაროს მომავალი მხატვარი.
„ახალგაზრდები ფურთხებით არ უნდა ამთავრებდნენ სამხატვრო აკადემიას. ხოლო როცა მხატვარი დაამთავრებს აკადემიას, როგორი თამამი ნაბიჯიც უნდა, ისეთი გადადგას, თუნდაც შიშველმა ირბინოს. გია ეძგვერაძესთან მიმართებით სტუდენტთა აზრი იყოფა. როგორც ვიცი, სტუდენტთა მხოლოდ მცირე ჯგუფი უჭერს მას მხარს, ამ ჯგუფს თავისი ინტერესები აქვთ. ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან სტუდენტები, რომლებსაც ხატვის სწავლა არ სურთ, უნდათ ლექციების გაცდენა და არც იციან ხატვა. სამწუხაროდ, აკადემიაში მისაღები გამოცდები ძალზე გაიოლდა, ჩვენს დროს რვა გამოცდა ჩავაბარეთ, ესენი კი ფერწერაში კი არა, ფანქარში დახატულ ნატურმორტსაც ვერ ხატავენ, ე.ი. არ იციან ხატვა. პიკასოს რომ ბაძავენ და მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდის ნამუშევრებს აიდეალებენ, რატომ ავიწყდებათ, რომ პიკასო მანამდე ფანტასტიკურად ხატავდა. თუ გენიოსები არიან, მაშინ რაღად უნდათ აკადემიაში ჩაბარება?“ - აინტერესებს ცისანა მჭედლიძეს, რომლის აზრითაც, სამწუხაროა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელ თინათინ კლდიაშვილს არ სურს სამომავლოდ რექტორობა, თორემ მისი კანდიდატურა აკადემიისთვის კარგი იქნებოდა. კლდიაშვილი არა მარტო კარგი მხატვარია, არამედ აკადემიური ხატვის სწავლებისთვის იღწვის.
სამხატვრო აკადემიის ვიცე-კანცლერი გივი ყიფიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები რექტორის კანდიდატების არჩევაში არ ერევიან, მაგრამ საკითხი სხვა კუთხითაა საინტერესო, თუ როგორი ფორმით აირჩევენ რექტორს - უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში თუ სამინისტროს მიერ დანიშვნის შედეგად. მისი თქმით, სტუდენტთა ნაწილი მართლაც აგროვებდა ხელმოწერებს სამხატვრო აკადემიაში რექტორის არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისა და არჩევნების გამარტივებისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, მათ შუამდგომლობით მიმართეს მთავრობას, რექტორად გია ეძგვერაძე დაენიშნათ.
„აღმოჩნდა, რომ მათი „გამჭვირვალეობის“ მიღმა ეძგვერაძის რექტორად დანიშვნა იმალებოდა. რაც არ უნდა კარგი ადამიანი დაგვინიშნოს სამინისტრომ, ის მაინც მისი დამნიშნავი მინისტრის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული. რექტორობის მსურველებს ჯერჯერობით განაცხადი არ შემოუტანიათ, პროფესორთა კონკურსი ახლა გამოცხადდა და მხოლოდ სრული პროფესორი შეიძლება გახდეს რექტორობის კანდიდატი. ამიტომ რექტორობის მსურველმა პროფესორთა კონკურსი უნდა გაიაროს“, - აცხადებს გივი ყიფიანი.
***
და ბოლოს, გია ეძგვერაძე ერთგან იხსენებდა, „ერთხელ ლონდონში ახალგაზრდა წყვილმა რესტორანში დამპატიჟა. სასიამოვნო საღამო გავატარეთ. ჩემს ხელოვნებას ორივე კარგად იცნობდა, ნახვით კი ქალს მანამადე არასდროს ვენახე. სადილის ბოლოს მან შემომხედა და მითხრა: „თქვენთან დაკავშირებით, სულ რაღაც გიჟობებს ვხედავდი და მესმოდა. რა დასანანია - თქვენ ისეთი ნორმალური ყოფილხართ“.